აზერბაიჯანში ჟურნალისტ აფგან მუხტარლის სასამართლო დაიწყო
30 ნოემბერს აზერბაიჯანის ბელოკანსკის რაიონში ოპოზიციონერი ჟურნალისტის, აფგან მუხტარლის სასამართლო დაიწყო. მუხტარლის აზერბაიჯანი-საქართველოს საზღვრის უკანონო გადაკვეთა და ქვეყანაში ნაღდი ფულით, ათი ათასი ევროს სახით, კონტრაბანდის შეტანა ედება ბრალად.
ბელოკანსკის რაიონი ბაქოდან ჩრდილო-დასავლეთით, 440 კილომეტრში მდებარეობს. სასამართლოსთვის ასეთი მოშორებული ადგილი იმის გამო აირჩიეს, რომ აფგან მუხტარლის ოფიციალური საცხოვრებელი ადგილია – საქართველოსთან მოსაზღვრე აზერბაიჯანის რაიონი ზაქათალა.
„საქმეში არ არის სარწმუნო მტკიცებულებები იმის დასადასტურებლად, რომ მუხტარლიმ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარი უკანონოდ თავად გადაკვეთა და ფული გადიტანა. ყველაფერი გამოძიების დაუსაბუთებელ ბრალდებებს ეყრდნობა“, – განაცხადა ადვოკატმა ნემატ კერიმლიმ. წინასწარ სასამართლო სხდომაზე ადვოკატმა სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ დააყენა შუამდგომლობა.
აფგან მუხტარლი, რომელიც ბოლო სამი წლის განმავლობაში საქართველოში ცხოვრობდა, 2017 წლის 29 მაისს თბილისში გაუჩინარდა. მეორე დღეს ჟურნალისტმა თავის ადვოკატს აცნობა, რომ ის ბაქოში ძალით ჩაიყვანეს. 31 მაისს აზერბაიჯანის სასამართლომ მუხტარლის დაპატიმრების გადაწყვეტილება მიიღო. ჟურნალისტი უარყოფს მისთვის წაყენებულ ყველა ბრალდებას – საზღვრის გადაკვეთას, კონტრაბანდასა და მესაზღვრისთვის წინააღმდეგობის გაწევას. კოლეგები დარწმუნებულნი არიან, რომ ის აზერბაიჯანის ხელისუფლების მაღალ ეშელონებში არსებული კორუფციის თაობაზე გამოქვეყნებული თავისი პუბლიკაციების გამო იდევნება.
დაცვა ასევე ითხოვდა, ვითომდა ჟურნალისტისგან ამოღებული ფულის კუპიურებისთვის ექსპერტიზის ჩატარებას – „ექსპერტიზამ, შესაძლოა, ფულის კუპიურებზე საბაჟოს თანამშრომლების თითის ანაბეჭდები გამოავლინოს“, – უთხრა ადვოკატმა სააგენტო Turan-ის კორესპონდენტს.
ის ასევე შუამდგომლობდა, რომ გამოეთხოვათ სათვალთვალო კამერის კადრები როგორც ოფიციალური გასასვლელიდან, ისე სამხედრო ნაწილიდან, სადაც მუხტარლი ჩაიყვანეს.
„ჟურნალისტი ოფიციალური სასაზღვრო-გამშვები პუნქტიდან გაიყვანეს და ის ავტომობილი ჩანაწერში უნდა მოხვედრილიყო“, – აღნიშნა ადვოკატმა.
სასამართლოს წინასწარ სხდომაზე სასამართლომ დაცვის ყველა შუამდგომლობა დაუკმაყოფილებელი დატოვა, გარდა მუხტარლისთვის თავის ადვოკატების გვერდით ჯდომის უფლების მიცემისა.
სასამართლომ საქმე წარმოებაში მიიღო და არსებითი განხილვა 14 დეკემბერს 10.30 დანიშნა.