აზერბაიჯანში მოქალაქეებს პრობლემური სესხების ნაწილს დაუფარავენ
აზერბაიჯანში სახელმწიფო მოქალაქეთა სესხების იმ ნაწილს დაფარავს, რაც დევალვაციის გამო გაიზარდა, – წერს Trend. თუმცა, კომპენსირების მექანიზმი ჯერჯერობით ბოლომდე გასაგები არ არის.
• დეტალურად აზერბაიჯანში პრობლემური სესხების შესახებ
2018 წლის ნოემბერში ოპოზიციურმა პარტიამ „რესპუბლიკური ალტერნატივა“ სახელმწიფოს მხრიდან სესხების ნაწილის კომპენსირების წინადადებაზე ხელის მოწერების შეგროვება დაიწყო.
სულ რაღაც ერთი საათით ადრე, ვიდრე პრეზიდენტი ამ განკარგულებას ხელს მოაწერდა, „რეალ“-მა განაცხადა, რომ წინადადების მხარდამჭერთა 41 658 ხელმოწერა შეაგროვა და პარლამენტისთვის ამის პროექტად წარდგენას აპირებს.
კრედიტები „დოლარში“
პრობლემა სესხებთან დაკავშირებით 2015 წელს მომხდარი მანათის ორი დევალვაციის შემდეგ წარმოიშვა. ბევრს ბანკებთან დადებულ კონტრაქტებში სესხის პროცენტები დოლარის კურსთან ჰქონდა მიბმული. იმის გამო, რომ დოლარი დაახლოებით ორნახევარჯერ გაძვირდა, ადამიანებს პროცენტების გადახდა სესხების მიხედვით – მანათებით, ორჯერ უფრო ძვირად მოუხდათ, ვიდრე დევალვაციამდე.
ეკონომისტ ნატიკ ჯაფარლის გამოთვლებით, ასეთი კრედიტები დაახლოებით 700 ათას ადამიანს (მთელი მოსახლეობის თითქმის 7%) აქვს.
გასული წლის ნოემბერში პარტია „რეალ“- მა სამი წინადადების ქვეშ დაიწყო ხელმოწერების შეგროვება: დოლარით აღებული სესხები სახელმწიფოს ხარჯზე კომპენსირდეს, უმაღლესი განათლება სრულიად უფასო გახდეს და მერის თანამდებობა არჩევითი იყოს.
აზერბაიჯანის კონსტიტუციის თანახმად, იმისთვის, რომ ეს კანონპროექტი პარლამენტს წარდგენოდა, საჭირო იყო 40 ათასი მოქალაქის ხმის შეგროვება.
25 თებერვალს ეკონომიკური და სოციალური საკითხებისადმი მიძღვნილ თათბირზე პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ უკვე ორ თვეზე მეტია, რაც პრობლემური სესხებით საგანგებო სამუშაო ჯგუფია დაკავებული.
28 თებერვალს „რეალ“-მა ჩაატარა პრეს-კონფერენცია, რომელზეც პარტიის ხელმძღვანელმა ილგარ მამედოვმა განაცხადა, რომ აუცილებელი ხმები შეგროვებულია, და კანონპროექტი მალე პარლამენტს წარედგინება.
ამ პრეს-კონფერენციიდან ერთ საათში პრეზიდენტის განკარგულების შესახებ გახდა ცნობილი.
პარტია „რეალ“-ის ლიდერმა ილგარ მამედოვმა თავის Facebook -ის გვერდზე დაწერა, რომ პრეზიდენტის განკარგულება სრული სიზუსტით იმეორებს მათ კანონპროექტში აღწერილ სქემას. თუმცა, ნაკლებად სამართლიანი და ეფექტიანია, რადგან, მაგალითად, მხოლოდ ფიზიკურ პირებზე ვრცელდება.
სხვა მოთხოვნები
ქალაქ ბაქოს მერის თანამდებობა არჩევითი გახდეს. ჯერჯერობით ბაქო – ერთადერთი ევროპული დედაქალაქია, სადაც მერს პრეზიდენტი ნიშნავს;
– ქვეყანაში უმაღლესი განათლება სრულიად უფასო გახდეს. ამჟამად სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში არსებობს ფასიანი და უფასო განყოფილებები. უფასოდ ის სტუდენტები სწავლობენ, რომლებმაც მისაღებ გამოცდებზე ყველაზე მაღალი ქულები დააგროვეს.