აზერბაიჯანში მოსახლეობის აღწერა სრულდება
აზერბაიჯანში მოსახლეობის აღწერა მიმდინარეობს. ის ხვალ უკვე დასრულდება, მაგრამ სოციალური ქსელებში ჩატარებული გამოკითხვების მიხედვით, აღმწერები უმრავლესობასთან ჯერაც არ მისულან.
• ქართველები აზერბაიჯანში: თვითმყოფადობასა და გაუცხოებას შორის
დეტალები
აზერბაიჯანში მოსახლეობის აღწერა ყოველ 10 წელიწადში ერთხელ ტარდება. ახლანდელი აღწერა – ქვეყნის მიერ დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ რიგით მესამეა. ის 2019 წლის 1 ოქტომბრიდან დაიწყო.
ამ საქმისთვის ბიუჯეტიდან 21 მილიონ მანათზე მეტი [12 მილიონ დოლარზე მეტი] გამოიყო. მოამზადეს 52 შეკითხვა, რომელიც ასაკს, განათლებას, ეროვნებას და ბევრ სხვა საკითხს ეხება. მოძებნეს თითქმის 34 ათასი მოხალისე გამომკითხველი, რათა მათ მთელ აზერბაიჯანში ყველა სახლი შემოევლოთ, ბინადრები გამოეკითხათ, და მონაცემები ჩაეწერათ.
აღწერა 10 ოქტომბრამდე უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა შემდეგ „დედლაინი“ 15 ოქტომბრისთვის გადაიტანეს.
მაგრამ, ბაქოს ბევრი მაცხოვრებელი ამბობს, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში მათთან არავინ მისულა, არ დაურეკავთ, და არავითარი შეკითხვა არ დაუსვამთ.
80 პროცენტი არ დაუთვლიათ
სოციალურ ქსელებში ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, გამოკითხულთა დაახლოებით 80% აღწერის მიღმა დარჩა. პროვინციებში კი ბევრმა საერთოდ არ იცოდა, რომ ის ტარდებოდა. ერთ-ერთი ასეთი „აღწერის გარეშე დარჩენილი“ იყო ეკონომისტი თორღულ მაშალი. მას შემდეგ, რაც მან ამის შესახებ Facebook-ზე სტატუსი დაწერა და სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტი „დათაგა“, მასთან აღმწერი მაინც გაგზავნეს.
„არსი ის კი არ არის, რომ მაინცდამაინც მე აღმწერონ. პირველ რიგში, ეს ნდობის საკითხია. მე, სხვა ეკონომისტების მსგავსად, კომიტეტის ვებგვერდით თითქმის ყოველდღიურად ვსარგებლობ, არადა გამოდის, რომ მათ შეუძლიათ უტიფრად იცრუონ, და მათი მონაცემების ნდობა არ შეიძლება. სწორედ ასეთი აღწერის გამოა, რომ ჩვენთან სოციალური პოლიტიკაც და დასაქმების პოლიტიკაც არასწორად ტარდება, რადგან ჩვენ რეალურ მონაცემებს არ ვფლობთ“, – წერს მაშალი.
ამ საკითხისადმი სხვა ნაკლებად პრინციპული ადამიანები უბრალოდ ფაქტის კონსტატაციას ახდენენ და დავობენ, საერთოდ საჭიროა თუ არა აღწერა:
„სადარბაზოსთან კედელზე მიაკრეს [განცხადება], რომ ჩვენს დათვლას იწყებენ, მაგრამ არავინ მოსულა, არ დაურეკავთ, და არ მოფრენილან“;
„სამართლებრივ სახელმწიფოში მაკონტროლებელი ორგანო გამოძიებას ჩაატარებდა, თუ სად დაიხარჯა საბიუჯეტო თანხა. მაგრამ ჩვენთან ყველაფერი ისეა მიშვებული, რომ ამაზე ლაპარაკით ადამიანები მხოლოდ ნერვებს იშლიან“;
„ახლახან ვნახე, თუ როგორ მივიდა აღმწერი სამშენებლო კომპანიის ოფისში და მათ მიერ აშენებული სახლის ბინების მფლობელთა სია წაიღო. თქვა, რომ ოჯახის წევრებს, საქმიანობის რაობას, და ასაკს თავადვე ჩაწერდნენ ;
„ეს სულ ტყუილი ლაპარაკია. უბრალოდ დაადასტურებენ, რომ მოსახლეობის რაოდენობა – 10 მილიონს შეადგენს, როგორც პრეზიდენტი აცხადებს. და მორჩა“;
ჰყვებიან ისინი, ვინც „დათვალეს“
ისინი კი, ვისთანაც აღმწერები მივიდნენ, სხვებს შთაბეჭდილებებს უზიარებდნენ. და ეს შთაბეჭდილებები ძალიან განსხვავებული აღმოჩნდა:
„ჩვენთან ორი მამაკაცი მოვიდა, სახელები და დაბადების თარიღები გვკითხეს, და წავიდნენ. სხვა არავითარი შეკითხვა არ დაუსვამთ“;
„ჩვენთან ორჯერაც კი იყვნენ და ოჯახის ყველა წევრი ჩაწერეს, ჩემი დის ჩათვლით, რომელიც უკვე სხვა ქვეყნის მოქალაქეა“;
„მე აღმწერებს საერთოდ კარი არ გავუღე. მათთან ურთიერთობის ხასიათზე არ ვიყავი“.
მოკლედ, ისინიც, ვინც დათვალეს, და ისინიც, ვინც დაავიწყდათ, იმ აზრზე თანხმდებიან, რომ აღწერა არასრულფასოვნად ტარდება.
აღწერის ოფიციალური შედეგები მხოლოდ 2022 წელს შეჯამდება.