აზერბაიჯანის ხელისუფლებას საალიმენტო ფონდის შექმნას სთავაზობენ
ალიმენტებისთვის თავის არიდების პრობლემის გადასაჭრელად აზერბაიჯანში უკვე მეორედ სთავაზობენ სახელმწიფო საალიმენტო ფონდის შექმნას და ალიმენტების იქიდან გადახდას. ამ დღეებში ეს იდეა ოჯახის, ქალთა და ბავშვთა პრობლემების სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარემ ჰიჯრან გუსეინოვამ გამოთქვა.
რისთვის არის საჭირო საალიმენტო ფონდი
აზერბაიჯანში გაყრების რიცხვი ყოველწლიურად მატულობს. 2019 წლის იანვრიდან სექტემბრამდე ქვეყანაში 12 ათასზე მეტი წყვილი დაშორდა – თითქმის 15%-ით მეტი, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში.
კანონით, გაყრის შემდეგ მამაკაცმა ყოფილ ცოლს ბავშვების სარჩენად ოფიციალური ხელფასის 25%-ის ოდენობის ალიმენტი უნდა გადაუხადოს. პრობლემა ისაა, რომ აზერბაიჯანში ბევრი მეწარმე საბუღალტრო ანგარიშში ხელფასის თანხას ძლიერ ამცირებს, რათა ნაკლები გადასახადი გადაიხადოს. ასეთ დროს ადამიანის რეალური შემოსავალი არსად ფიქსირდება და იმ ალიმენტების თანხა, რაც სახელმწიფომ უნდა მოითხოვოს, ძალიან მცირეა.
ზოგიერთი ყოფილი ქმარი კი უბრალოდ სხვა ქვეყანაში მიემგზავრება და ალიმენტების გადახდას თავს ამით არიდებს.
ასეთ შემთხვევებში, ქალი, რომელსაც სამსახური, განათლება ან ოჯახისგან დახმარება არ გააჩნია, უაღრესად გაჭირვებულ მდგომარეობაში რჩება.
ამიტომ, ქალების და ბავშვების პრობლემებით დაკავებული უფლებადამცავები და ექსპერტები, უკვე რამდენიმე წელიწადია, საალიმენტო ფონდის შექმნას მოითხოვენ.
როგორ მუშაობს საალიმენტო ფონდი
საალიმენტო ფონდი – ეს არის ერთგვარი სახელმწიფო ყულაბა, რომელშიც ბიუჯეტიდან თანხები ირიცხება. ამ ყულაბიდან ალიმენტებს იმ ქალებს უხდიან, რომელთა ყოფილი ქმრები ამას თავად არ აკეთებენ. შემდეგ კი ფონდი არგადამხდელს თავად ეძებს, და მისგან ვალის ამოღებას ახდენს.