როგორ ცხოვრობენ აზერბაიჯანში დიაბეტიანი ადამიანები: ისტორიები, პრობლემები, მითები
მართალია, აზერბაიჯანში დიაბეტით დაავადებულთა პროცენტი მსოფლიოში არსებულ სიტუაციას შეეფერება, მთავარი პრობლემა ის არის, რომ სახელმწიფო არ უზრუნველყოფს ასეთი პაციენტების საჭირო ხარისხითა და საჭირო რაოდენობით დახმარებას. პრობლემაა ექიმის მიერ გამოწერილი პრეპარატის შეძენა, სისხლში შაქრის შემცველობის შემოწმება და ხშირად პოლიკლინიკიდან „სახელმწიფო“ ინსულინის მიღებაც ვერ ხერხდება.
ბოლო ოფიციალური მონაცემების თანახმად, აზერბაიჯანში 263 ათასი ადამიანია დიაბეტით დაავადებული. სხვა რიცხვს ასახელებს დიაბეტის საერთაშორისო ფედერაცია – დაახლოებით 485 ათას ზრდასრულ ადამიანს – ანუ სრულწლოვანი მოსახლეობის 7 პროცენტს. ეს მაჩვენებელი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მთლიანად მსოფლიოში – 5,2 პროცენტია.
როგორ ცხოვრობენ დიაბეტით დაავადებული ადამიანები და რაში სჭირდებათ დახმარება
„დიაბეტი – ეს ცხოვრების წესია“
ს
ადილის შემდეგ ბაბამ სიცილით გვაცნობა, რომ ნემსი უნდა გაიკეთოს, ამოიღო შპრიცი, რომელიც ფლომასტერს ჰგავდა და წავიდა.
ბაბა დიაბეტით 6 წლის ასაკში დაავადდა – ბაქოში 2000 წელს მომხდარი მიწისძვრის შემდეგ, როგორც ჩანს, სტრესისგან. ბაქოელი ექიმები ამბობენ, რომ ეს პერიოდი იყო ბავშვების დიაბეტით დაავადების აფეთქება.
ახლა ბაბა 25 წლისაა. ის საკუთარ თავს ავადმყოფად ან ინვალიდად არ მიიჩნევს. თუმცა, ბავშვობაში ავადმყოფობას მალავდა, რადგან არ უყვარდა, როდესაც ვინმეს ეცოდებოდა.
„შესაძლოა გულდასაწყვეტი იყო, როდესაც ბავშვს არ შემეძლო შოკოლადის ჭამა, მაგრამ ახლა კომფორტული და სრულყოფილი ცხოვრებით ვცხოვრობ“.
ბაბა ხვდება მეგობრებს, გოგონას და ბარში ბასგიტარაზეც უკრავს. მაგრამ, ამასთან, ემორჩილება მკაცრს გრაფიკს: ყოველდღიურად იზომავს სისხლში შაქრის შემცველობას, იცავს დიეტას და რეგულარულად იკეთებს ინსულინის ნემსს. ინსულინის ნემსი მას თითქმის ყოველთვის ჯიბეში უდევს.
„ერთხელ ინსულინიანი შპრიცი მომპარეს. მას სპეციალური ჩასადებით ვატარებ, რომელიც საფულეს ჰგავს. იმედი მაქვს, მან, ვინც ის მომპარა, არ გაიკეთა მაინც. თუკი ჯანმრთელი ადამიანი შეიყვანს ორგანიზმში ინსულინს, ის ან მოკვდება, ან დიაბეტით დაავადდება“.
შაქრიანი დიაბეტი – ქრონიკული დაავადებაა, რომლის დროსაც სისხლში შაქრის შემცველობა ყოველთვის მომატებულია ინსულინის – პანკრეასის ჰორმონის – დეფიციტის გამო. ამას შედეგად მოჰყვება ნივთიერებათა ცვლის დარღვევა, სისხლძარღვების, ნერვიული სისტემისა და შინაგანი ორგანოების დაზიანება. საშიში გართულებები.
როგორც წესი, აზერბაიჯანში ადამიანებმა ცოტა იციან იმის შესახებ, თუ რა არის დიაბეტი და მიდრეკილები არიან მისი მითოლოგიზაციისკენ. მაგალითად, მიაჩნიათ სახიფათო სასიკვდილო დაავადებად ან ფიქრობენ, რომ დიაბეტი შესაძლოა ბევრი ტკბილეულის ჭამით დაგემართოს. ენდოკრინოლოგიის პროფესორი, დიაბეტის მსოფლიო ორგანიზაციის წევრი, ვალეხ მირზაზადე გვიყვება:
„არის შემთხვევები, როდესაც დაავადებულს უნიშნავენ ინსულინს გარკვეული დროის განმავლობაში, მისი ახლობლები და თვითონ კი ფიქრობენ, რომ ეს სამუდამოა. ასევე, საბჭოთა კავშირში დაბადებულთა შორის არსებობს არასწორი ილუზიები წიწიბურის ან კარტოფილის საჭიროების შესახებ“.
ვალეხ მირზაზადე ამბობს, რომ გენეტიკა შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს დიაბეტის განვითარებისთვის, მაგრამ ყველაფერი დამოკიდებულია გარემოზე: საზიანოა სტრესი, არასწორი კვება, ცხოვრების ნაკლებად მოძრავი სტილი.
19 წლის განმავლობაში ბაბას დაავადებასთან დაკავშირებული არანაირი გართულება არ ჰქონია. თუმცა, რამდენჯერმე დიაბეტური კომის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა, რომელიც შესაძლოა გამოიწვიოს შაქრის მომატებულმა და დაბალმა შემცველობამ:
[su_pullquote align=”right”]დიაბეტის სახეობები:
- ინსულინზედამოკიდებული დიაბეტი (პირველი ჯგუფის დიაბეტი) – ძირითადად ბავშვობასა და ახალგაზრდულ ასაკში ვითარდება, ყველაზე ხშირად, ძლიერი სტრესის შედეგად. ინსულინის ინექციის გარეშე ამ ტიპის დიაბეტით დაავადებულ ადამიანს სამ დღეზე მეტხანს ცხოვრება არ შეუძლია.
- ინსულინზე არდამოკიდებული დიაბეტი (დიაბეტის მეორე ჯგუფი) – როგორც წესი, 40 წელს გადაცილებულ ჭარბწონიან ადამიანებს ემართებათ. დაავადების ყველაზე გავრცელებული სახეობა – შემთხვევების 80-85 პროცენტი. ამ ტიპის დიაბეტით დაავადებულ ადამიანებს არ სჭირდებათ ინექცია, სისხლში შაქრის შემცველობა აბებით კონტროლდება. [/su_pullquote]
„ერთხელ ღამით მეგობართან დავრჩი და თან არ წავიღე „ხანგრძლივი ნემსი“ (მოქმედებს 24 საათის განმავლობაში). როგორც წესი, მას ძილის წინ ვიკეთებ ხოლმე. დილით ძალიან ცუდად ვიყავი, მტკიოდა ძვლები და სახსრები. თავდაპირველად ვერც კი მივხვდი, რაში იყო საქმე, მაგრამ როდესაც საავადმყოფოში მივედი, შაქარი უკვე ოთხჯერ აჭარბებდა დაშვებულ ნორმას. კლინიკაში ორი დღე გავატარე. მაშინ ვმუშაობდი და სამედიცინო დაზღვევა მქონდა, მაგრამ ანაზღაურებაზე უარი მითხრეს, როდესაც გაირკვა, რომ საავადმყოფოში დიაბეტის გამო აღმოვჩნდი. იმიტომ რომ, „დიაბეტი დაავადება კი არა, ცხოვრების წესია“.
ამ გამოთქმით ხვდებიან, რომ დაავადების კონტროლი შესაძლებელია უბრალოდ წესების დაცვით და, შესაბამისად, არც ისეთი სახიფათოა.
უფასო ინსულინი
აზერბაიჯანში აპირებენ, სავალდებულო სამედიცინო დაზღვევა შემოიღონ, მაგრამ ჯერჯერობით უცნობია, როგორ იქნება გათვალისწინებული დიაბეტით დაავადებული ადამიანების ინტერესები.
სახელმწიფო პროგრამები, რომლებიც მათ ინსულინით უზრუნველყოფს, აღარ გაგრძელდება. ჯერჯერობით კი უფასო ინსულინი პოლიკლინიკებში გაიცემა საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ადამიანები იქ რეცეპტისთვის მიდიან, საიდანაც ამ პოლიკლინიკაზე მიმაგრებულ აფთიაქში გადაინაცვლებენ ხოლმე. ინსულინს ყოველი თვის ხუთ რიცხვში გასცემენ და ამ დღეს პოლიკლინიკებში გრძელი რიგები დგება.
ჩვენ გამოვკითხეთ დიაბეტით დაავადებული ადამიანები და აღმოჩნდა, რომ სახელმწიფო დახმარების ძირითადი პრობლემები ასეთია:
- ხანდახან ხდება ხოლმე, რომ პოლიკლინიკებს ინსულინი „არ ჰყოფნით“, არადა, ყველა დაავადებული დარეგისტრირებულია და გათვალისწინებული.
- ინსულინის შემცველი პრეპარატები განსხვავებულია და ხშირად, უფრო შესაფერისი წამლის შეძენა, რომელიც ექიმმა გამოწერა, პაციენტებს თვითონ უხდებათ, ეს კი ძალიან ძვირია. იაფფასიანი პრეპარატის გამოყენება კი, რომელსაც სახელმწიფო ყიდულობს, ასეთი პაციენტებისთვის სახიფათოა.
- სასურველია, მიიღონ უფასოდ არა მხოლოდ წამლები, ასევე, სისხლში შაქრის შემცველობის გასაზომი ტესტები.
აზერბაიჯანის ბიუჯეტიდან საშუალოდ 120 მანათია (დაახლოებით 70 დოლარი) გამოყოფილი ოფიციალურად დარეგისტრირებულ დიაბეტით დაავადებულ ერთ ადამიანზე. 18 წლამდე ასაკის პაციენტები სპეციალურ პენსიას იღებენ – ასევე 120 მანათს. შემდეგ ისინი სამედიცინო შემოწმებას გადიან და კომისია განსაზღვრავს „ინვალიდობის ხარისხს“, რომელზეც არის დამოკიდებული პენსია – 110-დან 150 მანათამდე თვეში (65-დან 88 დოლარამდე). შედარებისთვის, პრეპარატ ტრისიბას ერთი 24-საათიანი ინექცია 50 მანათი ღირს, კერძო კლინიკაში გამოკვლევა კი – დაახლოებით 300 მანათი (დაახლოებით 175 დოლარი).
„დიაბეტის სკოლები“ პატარა ქალაქებში – რა მოხდა?
ა
ზერბაიჯანის დიაბეტის საზოგადოება ბაქოში 1995 წლიდან მუშაობს. საზოგადოება მომირატ ომაროვას წყალობით შეიქმნა, დიაბეტით დაავადებული გოგონას დედის. ქალბატონი მომინატი ამბობს, რომ 1980-იან წლებში დიაბეტით დაავადებულთა ცხოვრება გაცილებით რთული იყო, ვიდრე ახლა.
„იმ დროს ინსულინთან დაკავშირებით დიდი პრობლემები გვქონდა, არ იყო თანამედროვე გლიკომეტრები. ხანდახან აფე ცუდად ხდებოდა, მე კი არ ვიცოდი, ეს შაქრის მაღალი დონის ბრალი იყო თუ დაბალის. როდესაც მეკითხებოდნენ, როგორ მქონდა საქმეები, შეუჩერებლად მომდიოდა ცრემლი“.
მომინატ ომაროვა, როგორც უცხო ენების ინსტიტუტის დოცენტი, სტაჟირებაზე დიდ ბრიტანეთში წავიდა. იქ მან ბევრი საინტერესო რამ შეიტყო ბრიტანეთის დიაბეტის ასოციაციის მუშაობის შესახებ, დაბრუნებულმა კი ბაქოში შექმნა დიაბეტის საზოგადოება.
ეს ორგანიზაცია დიაბეტით დაავადებული ადამიანების უფლებების დაცვით არის დაკავებული, აწარმოებს საგანმანათლებლო პროგრამებს, ბეჭდავს სპეციალურ სახელმძღვანელოებს. ხანდახან – იბრძვის ჯანდაცვის სამინისტროსთან, რათა დაუმტკიცოს, რომ დიაბეტით დაავადებულთათვის გამოყოფილი ბიუჯეტის შემცირება არ შეიძლება.
სწორედ ამ ორგანიზაციამ მოახერხა დიაბეტთან დაკავშირებული კანონის მიღება და ინსულინით უზრუნველყოფის პროგრამების გაჩენა.
ომაროვას თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს აზერბაიჯანის დიაბეტის ორგანიზაციის დახმარება ესაჭიროება, იმდენად, რამდენადაც, ხშირად ვერ ახერხებენ მიღებული გადაწყვეტილების ადგილებზე, რეგიონებში შემოწმებას – მაგალითად, იყო შემთხვევა, როდესაც დაავადებულ ბავშვს საჭირო პრეპარატი მხოლოდ მას შემდეგ მისცეს, რაც სამინისტროში დარეკვით დაემუქრნენ:
„ჩინოვნიკებს მოკლევადიანი სარგებელი ესაჭიროებათ, ისინი არ ფიქრობენ, შემდეგ როგორ ურტყამს ქვეყნის ეკონომიკას გართულებულ მდგომარეობაში მყოფი ბევრი ადამიანი. 2018 წელს ბევრი წერილის დაწერა დამჭირდა მოთხოვნით, რომ აზერბაიჯანში შეწყვეტილიყო უკრაინული ინსულინის მწარმოებელი ქარხნის მშენებლობა, რადგან ინსულინ „ინდარს“ არ ჰქონდა გავლილი ხარისხის შემოწმება. საბოლოოდ, ჩვენ მივაღწიეთ, რომ ქარხანა სხვა პრეპარატებს აწარმოებს.
ჩვენ ბაქოსა და ექვს რეგიონში „დიაბეტის სკოლა“ გავხსენით. „სკოლები“ არის პოლიკლინიკებსა და საავადმყოფოებში არსებული ოთახი, სადაც ექიმებსა და ექთნებს ასწავლიან. სამწუხაროდ, დროთა განმავლობაში თითქმის ყველა ასეთი კაბინეტი რეგიონში გაანიავეს.
მაგალითად, სუმგაიტში ჩავედი ერთ-ერთი საავადმყოფოს შესამოწმებლად. აღმოჩნდა, რომ ექიმი იქიდან წავიდა, კაბინეტში კი, რომელიც ჩვენ გავხსენით, მისი ოფთალმოლოგი და მუშაობს, კარადა აღარ დგას, კომპიუტერი კი მთავარი ექიმის კაბინეტშია“.
ახლა, აზერბაიჯანის დიაბეტის ორგანიზაციას ამ პერიფერიული პროექტების დახურვა მოუწია და არა მხოლოდ იმიტომ, რომ სპეციალურ ტექნიკას იპარავენ, არამედ იმიტომაც, რომ აზერბაიჯანული კანონმდებლობა ძალიან ურთულებს მუშაობას არასამთავრობო ორგანიზაციებს.
ამ საქმის კიდევ ერთი სირთულე – ძნელია, ასწავლო ადამიანებს ე.წ. დიაბეტური დისციპლინა, მაგალითად, დიეტის დაცვა და ექიმის მიერ გაწერილი გეგმის შესრულება.
„როგორ ინსულინსაც აძლევენ, ისეთს იკეთებენ, – წუხს მომინატ ომაროვა, – ექიმების კუთხით კი, მას შემდეგ, რაც რეგიონებში განვითარების კურსები ჩავატარეთ, სიტუაცია საგრძნობლად გაუმჯობესდა“.