აზერბაიჯანის მუსლიმური მოძრაობის ლიდერმა ციხეში შიმშილობა გამოაცხადა
მოძრაობის „მუსლიმური ერთობა“ ლიდერ ტალეხ ბაგირზადესთან, რომელმაც ციხეში შიმშილობა გამოაცხადა, ადვოკატს არ უშვებენ, ოჯახი მისი ბედის გამო წუხს. ამის შესახებ ბაგირზადეს ცოლის სიტყვებზე დაყრდნობით ვებგვერდი „კავკაზსკი უზელი“ წერს.
• აზერბაიჯანში მუსლიმი ქალები დისკრიმინაციას უჩივიან
• იდევნება თუ არა რელიგია აზერბაიჯანში?
რატომ მოხვდა ტალეხ ბაგირზადე ციხეში
2015 წლის ნოემბერში ბაქოს მახლობლად, დაბა ნარდარანში, რომელიც თავსი რელიგიურობით არის ცნობილი, ძალოვანებმა სპეცოპერაცია ჩაატარეს და დილის ლოცვის დროს „მუსლიმური ერთობის“ წევრების დაკავება სცადეს. გაიმართა სროლა, რომლის შედეგადაც ექვსი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის – ორი პოლიციელი. ოფიციალური ვერსიით, პოლიციამ ამ გზით გააუვნებელყო ექსტრემისტები, რომლებიც აზერბაიჯანში საკონსტიტუციო წყობის დამხობას აპირებდნენ.
2017 წლის დასაწყისში ტალეხ ბაგირზადესა და მის 17 თანამოაზრეს სასამართლომ, განზრახ მკვლელობის, არეულობის მოწყობისა და ექსტრემიზმის ბრალდებით, 10-დან 20- წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მსჯავრდებულები თავიანთ ბრალს არ აღიარებდნენ და, თავის მხრივ, წამების შესახებ ჩიოდნენ. აზერბაიჯანელი უფლებადამცველები მათ პოლიტპატიმრებად მიიჩნევენ.
შიმშილობის მიზეზები
ჯერ კიდევ იანვრის ბოლოს „მუსლიმურმა ერთობამ“ განაცხადა, რომ ტალექს ბაგირზადე და ამ მოძრაობის სხვა წევრები ბოლო ხანს „მანამდე არნახულ ზეწოლას“ წააწყდნენ.
მაგალითად, ბაგირზადეს საკანში მოათავსეს მსჯავრდებული, რომელმაც მანამდე ყოფილი თანამოსაკნეს საწოლში დაწვა სცადა. მოძრაობის ორ სხვა წევრს – აბგას გუსეინოვსა და ჯაბარ ჯაბაროვს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ.
4 თებერვალს აბას გუსეინოვმა სახლში დარეკა და მოჰყვა, რომ 3 თებერვალს მან შიმშილობა გამოაცხადა, ტალეხ ბაგირზადე 31 იანვრიდან შიმშილობს.
ადვოკატის ნაამბობი, ოფიციალური რეაქცია
ამჟამად ტალეხ ბაგირზადეს ცოლი ჰყვება, რომ უკვე ორი კვირაა, მის ქმარს სახლში არ დაურეკავს, და მისგან არავითარი ცნობა არ არის.
ბახრუზ ბაირამოვის ადვოკატის თქმით, ბოლო კვირის განმავლობაში მას ტალეხ ბაგირზადესთან შეხვედრაზე უარი ორჯერ უთხრეს, და ამის მიზეზად იმას ასახელებდნენ, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი შეხვედრაზე უარს თავად ამბობდა.
„მე მითხრეს, რომ ის „მოშიმშილეს არ ჰგავს“, – ამბობს ადვოკატი, რომელიც ამგვარ ფორმულირებას დაუშვებლად და არადამაჯერებლად მიიჩნევს.
აბას გუსეინოვის დედა ამბობს, რომ 4 თებერვალს განხორციელებული იმ ზარის შემდეგ მას თავის ვაჟთან არავითარი კავშირი არ აქვს, და ადვოკატს არც მასთან უშვებენ.
პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელმა შიმშილობის და პატიმრების წამების შესახებ ცნობა უარყო.