ხუთდღიანი არდადეგები აზერბაიჯანის მოსახლეობისთვის - რამაზანი და ეროვნული გადარჩენის დღე
რელიგიური დღესასწაული რამაზანი წელს 15 და16 ივნისს არის, რაც კიდევ ერთ ოფიციალურ დღესასწაულს დაემთხვა – ეროვნული გადარჩენის დღეს, რომელიც 15 ივნისს აღინიშნება. ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ 15 ივნისი – შაბათია, შრომის კოდექსის თანახმად, 18 და 19 ივნისიც არასამუშაო დღეებად არის მიჩნეული. ასე რომ, აზერბაიჯანის მაცხოვრებლები ხუთ დღეს დაისვენებენ.
რამაზანი – მუსლიმებისთვის აუცილებელი მარხვის თვეა. ამ თვის განმავლობაში მართლმორწმუნე მუსლიმები დაბნელებამდე საკვების და სასმელის მიღებისგან, ასევე მოწევისა და ინტიმური სიახლოვისგანაც თავს იკავებენ. ჭამა და სმა მხოლოდ გათენებამდე და დაბნელების შემდეგ არის ნებადართული.
ამ მარხვას მუდმივი თარიღი არ გააჩნია, და ის ყოველწლიურად ოდნავ უკან იწევს. კავკასიის მუსლიმთა სამმართველო და შემაჰინის ასტროფიზიკური ლაბორატორია რამაზანის კალენდარს ყოველწლიურად ადგენს.
მარხვა იმავე სახელწოდების დღესასწაულით სრულდება. მარხვის მიზანია – „ამქვეყნიურ“ საჭიროებებზე სრული უარის თქმა, რაც საკუთარი რწმენის ძალის გამოვლენისა და ინსტიქტებისა და ვნებების დათრგუნვის საშუალებას იძლევა. ფიზიოლოგიური მოთხოვნების შეზღუდვის გარდა, ამ თვეში საჭიროა ცუდი აზრებისა და ქმედებებისგან თავშეკავებაც. მიიჩნევა, რომ მარხვის დაცვა ადამიანს სულის გასუფთავებაში ეხმარება და ის ამით ალაჰის მოწონებას იმსახურებს.
სახელმწიფოებრივ დონეზე აზერბაიჯანში ეს დღესასწაული 1993 წლიდან აღინიშნება, სსრკ-ს შემადგენლობიდან ქვეყნის გამოსვლისა, და შესაბამისად, ათეისტური იდეოლოგიის გაუქმების შემდეგ.
მომარხულეთა რიცხვი ყოველწლიურად მატულობს, თუმცა მუდმივად მიმდინარეობს იმაზე დავა, თუ როგორ უნდა დაიცვან მარხვა, და რა ქმედებებს შეუძლია მისი დარღვევა.
ეროვნული გადარჩენის დღე – ეს არის დღესასწაული, რომელიც 1993 წლის 15 ივნისს აზერბაიჯანის ყოფილი პრეზიდენტის (და ახლანდელი პრეზიდენტის მამის) ჰეიდარ ალიევის ხელისუფლებაში დაბრუნებას უკავშირდება. ის ქვეყანას ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში მართავდა, 1969-დან 1982 წლამდე – და აზერბაიჯანის სსრ-ის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივნის თანამდებობა ეკავა.
1993 წელს, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, აზერბაიჯანში სახელისუფლებო კრიზისი გაჩნდა (ყველა სხვა შესაძლო კრიზისისა და სომხეთთან ომის ფონზე). მიიჩნევა, რომ სწორედ ამ კრიზისიდან თავის დაღწევად იქცა ჰეიდარ ალიევის დაბრუნება, რომელიც შემდეგ ქვეყნის პრეზიდენტის თანამდებობას 2003 წელს მის გარდაცვალებამდე იკავებდა.
ამ დღესასწაულმა სახელმწიფო დღესასწაულის სტატუსი 1998 წელს (ჰეიდარ ალიევის სიცოცხლეშივე) შეიძინა.
ხანგრძლივ დღესასწაულებთან დაკავშირებით რკინიგზა მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადავიდა – დედაქალაქის ბევრი მაცხოვრებელი ამ დღეებში ბუნების წიაღში გადის ან მეზობელ თბილისში მიემგზავრება.