აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი გაიტაცეს და 30 დღე-ღამით პატიმრობა მიუსაჯეს
ოპოზიციური პარტია „აზერბაიჯანის სხალხო ფრონტის“ აქტივისტი რუსლან ამირლი 10 სექტემბერს გაიტაცეს, მომდევნო დღეს კი მას წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით, 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიესაჯა. მანამდე ცოტა ხნით ადრე მას დაემუქრნენ და დაჰპირდნენ, რომ პარტიის ლიდერს „მიალურსმავდნენ”.
• აზერბაიჯანელი პოლიტპატიმრები ციხეში ცხოვრების შესახებ ჰყვებიან
• წერილების სომხეთის ციხიდან: ტკბილი ოცნების სიმწარე
მოვლენების ქრონოლოგია
რუსლან ამირლი იმ „მოხალისეების“ ჯგუფში შედის, რომლებიც პარტიის ლიდერს ალი ქერიმლის იცავენ.
„რამდენიმე დღის წინათ ვინმე ფაუდ მურადოვმა რუსლანს დაურეკა და უთხრა, რომ 150-მილიმეტრიანი ლურსმნებით მე მომალურსმავდა“, – დაწერა ქერიმლიმ თავის Facebook-გვერდზე.
10 სექტემბერს დღისით პარტიულმა მეგობრებმა განაცხადეს, რომ 7-8 ადამიანმა რუსლანი პირდაპირ ქუჩაში შეიპყრო და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანა.
11 სექტემბერს შუადღეს გაირკვა, რომ ამირლიმ ღამე პოლიციის განყოფილებაში გაატარა, დილით კი ის სასამართლოში წაიყვანეს.
სახალხო ფრონტის აქტივისტები და ჟურნალისტები სასამართლოს შენობასთან მივიდნენ, მაგრამ პოლიციამ ისინი შიგნით არ შეუშვა, და შეხლა-შემოხლა მოხდა.
საბოლოოდ სასამართლომ რუსლან ამირლის, წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით, 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯა.
ოფიციალური ვერსიით, ამირლი „ქუჩაში უმისამართოდ და უცენზუროდ იგინებოდა, ხოლო როდესაც პოლიციის თანამშრომლებმა მას შენიშვნა მისცეს, ის მათ არ დამორჩილდა“.
სამირ ამირლი ამბობს, რომ ის სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულმა პირებმა უმიზეზოდ მაშინ დააკავეს, როდესაც გამოდიოდა ონკოლოგიური ცენტრის შენობიდან, სადაც მისი და მკურნალობს.
აზერბაიჯანის სახალო ფრონტის პარტიაში მიიჩნევენ, რომ ეს დაპატიმრება პოლიტიკურად არის მოტივირებული.
სახალხო ფრონტი და აზერბაიჯანის ხელისუფლება
„აზერბაიჯანის სახალხო ფრონტი“ – ეროვნულ-დემოკრატიული პარტიაა, რომელიც 1988 წლიდან არსებობს.
ამ პარტიას ხელისუფლებასთან ძალიან დაძაბული ურთიერთობა აქვს. მხოლოდ 2019 წლის განმავლობაში, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისა და ხულიგნობის ბრლადებით, „აზერბაიჯანის სახალხო ფრონტის“ რამდენიმე წევრი დააკავეს.
პარტიის ზოგიერთმა წევრმა პატიმრობა მოიხადა ან ციხეში უფრო სერიოზული ბრალდებებით იმყოფება.
• აზერბაიჯანელი სინდისის პატიმარი ხუთწლიანი პატიმრობის შემდეგ გათავისუფლდა
გარდა ამისა, ხელისუფლება პარტია „აზერბაიჯანის სახალხო ფრონტს“ მუდმივად უარს ეუბნება მიტინგების ჩატარებაზე, პოლიტიკურ ღონისძიებებზე არ იწვევენ, და საერთოდ, ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობაში ხელს უშლიან.