აზერბაიჯანელი პოლიტემიგრანტი სამშობლოში ჩასვლის შემდეგ დააპატიმრეს
ოპოზიციური პარტია „მუსავათის“ აქტივისტი აზად გასანოვი ბაქოში ლიტვიდან ჩავიდა და ის მაშინვე ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის ბრალდებით დააპატიმრეს. მისი თანაპარტიელები ამას პოლიტიკურ პატიმრობად მიიჩნევენ.
აზად გასანოვი 2003 წლიდან აქტიურად მონაწილეობდა „მუსავათის“ საქმიანობაში, ის რამდენჯერმე პოლიციამაც დააკავა, 2014 კი მან ლიტვაში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო. 2018 წლის 10 ოქტომბერს ის აზერბაიჯანში დაბრუნდა, რათა მძიმედ ავადმყოფი მამა მოენახულებინა. ის საზღვარზე მშვიდობიანად გაატარეს, მან მამა მოინახულა, მომდევნო დღეს კი ნამაზის შესასრულებლად მეჩეთში წავიდა.
მეჩეთიდან გამოსული გაზანოვი რამდენიმე საერო ტანსაცმელში ჩაცმულმა ადამიანმა შეიპყრო, რომლებმაც ის მანქანაში ჩააგდეს და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს. მხოლოდ მეორე დღეს გაირკვა, რომ ის დაპატიმრებული იყო. ბრალდების მხარე ამტკიცებს, რომ გასანოვს ოთხი გრამი ჰეროინი აღმოუჩინეს, რაც 5-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ადვოკატი ოსმან კიაზიმოვი აცხადებს, რომ ეს ძალიან საეჭვო ბრლადებაა, და თან, დაკავების დროს გასანოვის უფლებები დაცული არ იყო. მაგალითად, მას უფლება არ მისცეს, რომ ნათესავებს დაკავშირებოდა.
ხატაინის რაიონულ სასამართლოში გასანოვის დაპატიმრება დაადასტურეს. შინაგან საქმეთ სამინისტროს პრეს-სამსახურში ამ დაპატიმრების კომენტირებაზე უარს აცხადებენ და ინფორმაციის უქონლობას იმიზეზებენ.
აზად გასანოვის ცოლის თქმით, ლიტვაში ცხოვრების დროს ის თავის ოპოზიციურ საქმიანობას აგრძელებდა.
„ბაქოში მამის სანახავად რომ მიემგზავრებოდა, მან მხოლოდ ერთი მიმართულების ბილეთი იყიდა. ასე თქვა, – იქნებ უკან აღარ გამომიშვანო. ვფიქრობ, ამ დაპატიმრების შესახებ მას გული უგრძნობდა“ , – ჰყვება ტარანა გასანოვა და დასძენს, რომ აპირებს, დასახმარებლად ლიტვის სახელმწიფო სტრუქტურებს მიმართოს.
პირველად არ ხდება, რომ აზერბაიჯანში ოპოზიციონერ აქტივისტებს ნარკოტიკებით ვაჭრობისთვის აპატიმრებენ. ყველაზე გახმაურებული შემთხვევა იყო გიას იბრაგიმოვისა და ბაირამ მამედოვის დაპატიმრება, რომლებსაც 2016 წელს ანალოგიური ბრალდებით 10-10 წელი მიესაჯათ.
მათმა დედებმა JAMnews-ს უამბეს, თუ როგორ მოხდა ეს: