აზერბაიჯანელი მომთაბარე მწყემსები: 25 ფოტო იმ ხალხის შესახებ, რომელთათვისაც საუკუნეების მანძილზე არაფერი იცვლება.
თერექემეები მომომთაბარე მწყემსები არიან. აზერბაიჯანელი თერექემეები „ეთნიკურ ჯგუფად“ მიიჩნევიან, მაგრამ რეალურად ეს ტერმინი არა ეთნიკურობისა თუ პროფესიის, არამედ ცხოვრების განსაკუთრებული წესის აღმნიშვნელია.
ისინი ცხვრებისა და თხების მოშენებით არიან დაკავებულნი და წელიწადში ორჯერ იცვლიან სადგომს – მაისში საზაფხულო საძოვრებზე გადადიან, სექტემბერ-ოქტომბერში კი საზამთრო ბინებს უბრუნდებიან. მათი საზამთრო საძოვრები ქიზისა და შემახის რაიონებში მდებარეობს. სწორედ ამ რეგიონებშია გადაღებული ეს ფოტოები.
თერექემეებს ორ-ორი სახლი აქვთ – საზამთრო და საზაფხულო. ისინი აგურის პატარა სახლებს აშენებენ, რომლებშიც მაქსიმუმ სამი ოთახია. შენობის მასშტაბები ოჯახის სიდიდეზეა დაფუძნებული.
უკვე ოცდაათი წელია, რაც რაჯაბოვების ოჯახის უფროსი, არასტუნ რაჯაბოვი მომთაბარე ცხოვრებას ეწევა. არასტუნის თქმით, მას ძალიან სურს, რომ მის შვილთაგან ერთ-ერთმა მისი საქმე გააგრძელოს.
ორშვილიანი ოჯახის ყოველდღიური საზრუნავი მხოლოდ საქონლის საძოვარზე გარეკვით არ შემოიფარგლება. უფროსებმა ბავშვები სკოლაში უნდა ატარონ. არადა უნდა ითქვას, რომ სკოლა საზამთრო სადგომიდან 10-15 კილომეტრში მდებარეობს. თვეში ერთხელ თერექემელები უახლოეს ქალაქში ჩადიან და მაკარონს, ფქვილს, ასანთსა და სხვა პროდუქტებს ყიდულობენ. ისინი ამ აქტივობას „რაიონში ჩასვლას“ უწოდებენ.
თერექემელები სოფლებში არ ცხოვრობენ. ისინი მცირე ჯგუფებად მომთაბარეობენ. მაგალითად, ქიზიში სულ 6-7 მომთაბარე ოჯახი ცხოვრობს, შემახაში კი მხოლოდ ერთი ასეთი ჯგუფი ვიპოვეთ. ბუნებრივია, მომთაბარეებს მჭიდრო დასახლებებად ცხოვრება არ სურთ, იმიტომ რომ წვრილფეხა საქონლისთვის მაქსიმალურად დიდი საძოვრებია საჭირო.
ყველზე ადრე მწყემსები იღვიძებენ, რომლებიც ცხვრის ფარას საძოვრებზე მიერეკებიან, და სანამ მამაკაცები საქონელს მწყემსავენ, მათი ცოლები საშინაო საქმით არიან დაკავებულნი. მოწველილი რძით კარაქს, რძესა და სხვა პროდუქტებს ამზადებენ, ფრინველს აპურებენ და სულ მცირე, ორ დღეში ერთხელ ძველებური წესით ამზადებენ პურს – ცომს ზელენ, აბრტყელებენ და გაცხელებულ საჯზე ლავაშს აცხობენ. საჯი ლითონის ერთგვარი ფირფიტაა, რომელიც ქვებზე იდება. ამ ჭურჭელს ცეცხლს უნთებენ და მასზე საჭმელს ამზადებენ ხოლმე.