755 შემთხვევა - სახალხო დამცველის თქმით, კვლავ მაღალია ბავშვთა მიმართ ძალადობის შემთხვევები" />

2016 წელს საქართველოში ბავშვთა მიმართ სექსუალური, ან სხვაგვარი ქმედების მუხლით 250 საქმეზე დაიწყო გამოძება

755 შემთხვევა - სახალხო დამცველის თქმით, კვლავ მაღალია ბავშვთა მიმართ ძალადობის შემთხვევები

ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვები, საბაზო განათლების ხელმიუწვდომლობა, ბავშვთა სიკვდილიანობა, ბავშვთა მიმართ ძალადობა, სიღარიბე და ცხოვრების არასათანადო პირობები – ეს პრობლემები მხოლოდ მცირე ნაწილია იმ საკითხებისა, რაზეც საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშშია საუბარი.

„ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ“ – ასე ჰქვია დოკუმენტს, სადაც 2016 წლის მონაცემებია განხილული. 

ანგარიშის მიხედვით, საკმაოდ მაღალია ბავშვთა მიმართ ძალადობის შემთხვევები. 2016 წელს ასეთი 755 ფაქტი გამოვლინდა. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით ყველაზე მაღალი მაჩვენებელი არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირის, ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედების მუხლით (სისხლის სამართლის 140-ე მუხლი) გამოიკვეთა. მსგავს 250 ფაქტზე დაიწყო გამოძება 2016 წელს, მათგან 189 არასრულწოვანს კი – დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა. ამასთან ერთად ადგილი ჰქონდა როგორც არასრულწლოვანთა ცემას, ისე ფსიქოლოგიურ ძალადობას, მიტოვებას, ინტერნეტბულინგს და სხვა ტიპის დანაშაულებებს.

ბავშვთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრისთვის მნიშვნელოვანი პრობლემაა სოციალურ მუშაკთა და ფსიქოლოგთა მცირე რაოდენობა, სოციალური მომსახურების სააგენტოში, ქვეყნის მასშტაბით, მხოლოდ 11 ფსიქოლოგია დასაქმებული.

გასული წლების მსგავსად, კვლავ მაღალია 5 წლამდე გარდაცვლილ ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი. 2016 წელს გარდაიცვალა 0–დან 1 წლამდე ასაკის 511 ბავშვი, ხოლო 1–დან 5 წლამდე ასაკის – 93 მცირეწლოვანი.

სახალხო დამცველი ბავშვთა განთავსების ინსტიტუციებში ჯანდაცვის, წყლის, კვების ორგანიზაციული წესების, სანიტარიისა და ჰიგიენის დაცვის პრობლემებზე მიუთითებს. მისი თქმით, ამ სფეროში არსებული მდგომარეობა არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და ეწინააღმდეგება გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის ძირითად პრინციპებს.

სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ კვლავ ხშირია არასრულწლოვანთა მიერ სკოლის მიტოვების შემთხვევები. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით 2016 წელს სხვადასხვა მიზეზით საბაზო საფეხურის (9 კლასის) დასრულებამდე სწავლა შეწყვიტა 3 ათას 556-მა არასწრულწლოვანმა, ხოლო საბაზო საფეხურის დასრულების შემდეგ 6 ათას 449 არასრულწლოვანმა. მათგან მუშაობის გამო სწავლა შეწყვიტა ათას 165-მა მოსწავლემ.

განსაკუთრებულად მწვავეა ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობა. სახელმწიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯების მიუხედავად, კვლავ პრობლემურია განათლებაზე, ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა და მათი საზოგადოებაში ინტეგრაცია.

“პრობლემურია საპატრულო პოლიციის დამოკიდებულება და ცნობიერების დონე ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების საკითხებთან დაკავშირებით. ხშირად მათ არ აქვთ ინფორმაცია, თუ ვის მიმართონ ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების აღმოჩენის შემთხვევაში. არ აქვთ სათანადო ინფორმაცია არც მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის ფარგლებში არსებული მომსახურების შესახებ. შს სამინისტროს ინფორმაციით, 2016 წლის განმავლობაში ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების საკითხებთან დაკავშირებით გადამზადების კურსებზე ან ტრენინგებზე საპატრულო პოლიციის თანამშრომლები წარდგენილი არ ყოფილან”, – აღნიშნულია ანგარიშში.

საანგარიშო პერიოდში ასევე მნიშვნელოვანი იყო არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კუთხით არსებული მდგომარეობა. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი, არასრულწლოვანთა მიმართ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეთა შესწავლის მიზნით, გაეცნო საქართველოს უზენაესი სასამართლოდან მოპოვებულ რვა სისხლის სამართლის საქმეს. კვლევის შედეგად გამოვლინდა გარკვეული ხარვეზები, მათ შორის, დაკავების პროცედურების, საგამოძიებო მოქმედების ოქმების სრულყოფილად შედგენის, ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის დროულად მომზადების პრობლემები და სხვა მიმართულებების კუთხით.


ასევე წაიკითხეთ