ფოტოისტორია: „სურიკას ტბა“ - ახალი „ღირსშესანიშნაობა“ სომხეთის სამხრეთში
სომხეთის სამხრეთში, ქალაქ კაპანისკენ მიმავალი გზიდან მარცხნივ, ცოტა ხნის წინ გაჩნდა ხის მანიშნებელი – „სურიკას ტბა“, ისრით, რომელიც ხეობის მიმართულებას უჩვენებს.
ერთი შეხედვით, მითითებული გზა სახიფათოდ გამოიყურება და, მიუხედავად ამისა, მაინც ბევრ ტურისტს იზიდავს.
ხეობა მრავალი წლის განმავლობაში ცნობილი იყო, როგორც „ქარაჰუნჯის ბაღები“. ამ ადგილის, სოფელ ქარაჰუნჯის მცხოვრებლები აშენებდნენ ბაღებს და დაკავებული იყვნენ მეღვინეობით. ხეობაში შენარჩუნებულია ღვინის დასამზადებელი ძველი ადგილები და სარდაფები.
აქვე არის სომხეთის უკიდურესი სამხრეთით მდებარე სიუნიქის პროვინცია, სადაც კლდეში გამოკვეთილი გამოქვაბულებია. იქ ადრე ადამიანები ცხოვრობდნენ.
უკანასკნელი წლების განმავლობაში, ქარაჰუნჯის მცხოვრებლებმა შეწყვიტეს მიწის დამუშავება, მიატოვეს თავიანთი ბაღები და დატოვეს ეს ადგილი – სწორედ ცუდი გზის გამო. ძველ დროში მას ვირებით გადიოდნენ. ადგილობრივ ახალგაზრდებს ეს არ მოსწონდათ და მათ უბრალოდ თავი დაანებეს აქაურ ბაღებს. გარკვეული დროის განმავლობაში, ქარაჰუნჯის უფროსი თაობა პატრონობდა მათ, რადგან ვერ წყდებოდნენ ამ ადგილებს.
მაგრამ 1990-იანი წლებიდან მოყოლებული აქ არავინ გამოჩენილა. და სწორედ ამ დროს დასახლდა ხეობაში ქარაჰუნჯის მცხოვრები სურენ არუთუნიანი. ახლა აქ მხოლოდ მისი ოჯახი ცხოვრობს.
სურენი და მისი მეუღლე ამუშავებენ მიწას, გააშენეს ბაღები და მოაშენეს ნახირი. მათ ექვსი შვილი ჰყავთ – საზრუნავი ყოველთვის საკმარისი ჰქონდათ.
სურენის თქით, ის ბუნების დიდი მოყვარულია და სწორედ ამიტომ, ოჯახზე ზრუნვასთან ერთად, შემოგარენის შესწავლაც დაიწყო.
მრავალი წლის განმავლობაში მან და მისმა მეუღლემ გათხარეს წყლის წყაროები და ააშენეს თვითდინებადი წყლის მიწოდების არხები, საბოლოოდ, მათ შეძლეს ელექტროენერგიის მიღება და ხელოვნური ტბის შექმნა. სწორედ ის გახდა ადგილობრივი „ღირსშესანიშნაობა“, რომელსაც ამ მხარეში მისი სახელით მოიხსენიებენ – „სურიკას ტბა“.
მეუღლე ბუნების მოყვარულია, აინუში ყოველთვის ქმრის გვერდითაა და ყველაფერში მხარს უჭერს:
„ჩემთვის არ არსებობს ქალისა და მამაკაცის საქმე. მაშინაც კი, როდესაც ტბისთვის ტერიტორიას ვამზადებდით, სპეციალურ ტექნიკას არ ვიყენებდით – ვთხრიდით ორნი, საკუთარი ხელებით. ვაკეთებ ყველაფერს, რომ შვილები ყველანაირი საჭიროებით უზრუნველვყო. ადგილზეც ვმუშაობ და არაყსაც ვამზადებ, ლეღვსაც ვაგროვებ და ვყიდი, სახლის საქმეებსაც ვაგვარებ და სტუმრების მიღებასაც ვასწრებ – ტურისტების, რომლებიც ჩვენს მხარეში ჩამოდიან“.
სურენას მიზანია – ეს ადგილი სახელგანთქმულად აქციოს. ამისათვის, მან უახლოეს ხეობაში ერთ-ერთი ღვინის დასამზადებელი ადგილი აღადგინა და მას პირვანდელი სახე შეუნარჩუნა. ახლა, თავის ღვინოს სურენა სწორედ აქ ამზადებს. ის აგროვებს ყურძენს, ათავსებს ძველ საწნახელში, წურავს და ღვინოს დოქებში ინახავს – როგორც ადრე აკეთებდნენ.
ამ მხარეში ჩამოსულ ტურისტებს სურენი აუცილებლად უჩვენებს ღვინის დასამზადებელ ადგილსა და საწნახელს, უყვება ღვინის დამზადების ტრადიციებს და შემდეგ საკუთარი ღვინით უმასპინძლდება.
ტბის გარშემო, სურენმა, როგორც მუზეუმში, თავისი აღმოჩენები განათავსა – ძველი ნივთები, რომლებიც აქ ცხოვრების წლების განმავლობაში იპოვა.
აქ ხაჩქარებიც არის – თარგმანში „ქვაჯვრები“, რომლებიც წარმოადგენს ქვის ფილებს, სადაც გამოსახულია სხვადასხვანაირი ჯვრები.
ხეობაში ყველაფერი გათვლილია, რომ „სტუმრები“ მიიზიდოს, როგორც მათ სურენი ეძახის. ბევრი მათგანი – უცხოელია, რომელთაც ლაშქრობები და კარვებით დასვენება უყვართ.
„როდესაც მივხვდით, რომ ტურისტები ინტერესდებიან ჩვენი კულტურითა და ყოფით, გადავწყვიტეთ, შესაბამისად აღგვეჭურვა კლდეში გამოკვეთილი ერთ-ერთი გამოქვაბული და გადაგვექცია ტურისტების ოთახად, სადაც მათ ღამის გათევა შეეძლებოდათ. საკუთარ თავს დავუსახე მიზანი, რომ კიდევ რამდენიმე გამოქვაბული აღვადგინო“, – გვიყვება სურენი.
მაგრამ საუბარი ტურისტებისთვის ფასიანი მომსახურების გაწევაზე, მისთვის ძალიან უსიამოვნოა.
„ამ ყველაფერს ვაკეთებ, რომ მსოფლიოს ჩვენი კულტურული ფასეულობები ვაჩვენო და არა იმიტომ, რომ ფული გამოვიმუშაო. მაგრამ იძულებული ვარ, გამოვიმუშაო კიდეც. ჩემი შვილები იზრდებიან და მათ ყოველდღიურად უფრო მეტი მოთხოვნილება აქვთ. და მაინც, არასოდეს არავის ვეუბნები რაიმეს ფასს. ვისაც რამდენი შეუძლია, იმდენს იხდის. სტუმარი, რომელიც ამ მხარეში მოვიდა, არასოდეს არ უნდა წავიდეს აქედან ფასის გამო“, – ამტკიცებს სურენი.