ფსიქოლოგის ნაამბობი " />

შვიდი მითი ფსიქოთერაპიის შესახებ, რომლებიც აზერბაიჯანშია გავრცელებული

ფსიქოლოგის ნაამბობი

«სიმართლე გითხრათ, უკვე დიდი ხანია, რაც თქვენთან ვაპირებდი მოსვლას, – თქვა მეთერთმეტე კლასელმა და დამნაშავის იერით გაიღიმა, – მაგრამ მეშინოდა, რადგან ყველა იფიქრებს, რომ გიჟი ვარ».

ვამხნევებ. ვეუბნები, რომ სიმამაცე გამოიჩინა და ოდნავ გმირიც კია. და ეს მართლაც ასეა. მან სულიერი დაავადების მქონე ადამიანის იარლიყის შიში დაძლია და ფსიქოთერაპევტთან მოვიდა. ახლა მოზარდი ბევრად უფრო მარტივად გაუმკლავდება თავის პრობლემას – მას ძლიერი სტრესი აქვს იმის გამო, რომ გამოსაშვები და მისაღები გამოცდების ჩაბარება უწევს.

ამავდროულად, მასზე უფროს და მასზე გამოცდილ ბევრ ადამიანს ფსიქოლოგის კაბინეტის ზღურბლის გადაკვეთის შიში აქვს და ეს ადამიანები საკუთარ პრობლემებთან პირისპირ რჩებიან.

იმიტომ რომ არსებობს:

მითი № 1: ფსიქოლოგია გიჟებისთვისაა

ფსიქიკური დაავადებების მქონე ადამიანებზე ფსიქიატრია ზრუნავს. ფსიქოლოგია კი ფსიქიკურად ჯანმრთელ ადამიანს ეხმარება. ადამიანს, რომელსაც პრობლემები აქვს და ამ სირთულეებს დამოუკიდებლად ვერ უმკლავდება.

მითი № 2: ძლიერი ადამიანი თავად უმკლავდება პრობლემებს. მას დახმარება არ სჭირდება

რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის. იმიტომ რომ პრობლემის დამოუკიდებლად გადასაწყვეტად განსაკუთრებული მოხერხებულობაა საჭირო. ადამიანს საკუთარი თავის იმედიც უნდა ჰქონდეს და დახმარების მიღებაც უნდა შეეძლოს. ის ვინც დახმარებას არ ითხოვს, განსაკუთრებული სიძლიერით გამოირჩევა – შეიძლება ითქვას, რომ ასეთ ადამიანს ხისტი ბუნება აქვს და, ამდენად, მეტისმეტად მოწყვლადია.

მოდით, მეტაფორას მივმართოთ. ძალოსანს შეუძლია მთელი ველი გადახნას, მაგრამ იმისათვის, რათა მისი შრომა სასარგებლო იყოს მიწისათვის, ის სოფლის მეურნეობაში უნდა ერკვეოდეს. უნდა იცოდეს, როგორ მართოს ტრაქტორი, რა სიღრმეზე ხნას, როგორ იმუშაოს ისე, რომ არც მცენარეთა ფესვები დააზიანოს და არც უახლოესი ნაკადული დააბინძუროს. და, ბოლოს და ბოლოს, როგორ მოხნას მიწა ისე, რომ ძალიან არ გადაიღალოს.

სხვა შემთხვევაში მისი ყველა ქმედება ფუჭი, ან საზიანო იქნება.

იგივე შეიძლება ითქვას ფსიქოთერაპიის შემთხვევაშიც. პრობლემების დამოუკიდებლად მოგვარებისთვის მზადყოფნა და ამ მიზნისთვის საკმარისი ძალების ქონა საკმარისი არ არის. როდესაც ადამიანს პრობლემები აქვს, მას სირთულეებთან ბრძოლის საუკეთესო გზის გამონახვა უნდა შეეძლოს; სწორი კითხვების დასმა და საკუთარი მოტივების სწორად განსაზღვრა და აღიარება უნდა იცოდეს. ძლიერი და სუსტი მხარეები უნდა გაითვალისწინოს და ძალები უნდა გათვალოს; საკუთარ თავის „საყრდენიც“ უნდა იყოს, და სხვების დახმარების იმედიც უნდა ჰქონდეს. ხშირად თერაპიის პროცესში ისეთი ინსტრუმენტების ჩართვაა საჭირო, რომლებიც გაცნობიერებულობისა და თვითშეფასების დონეს ამაღლებს და რთულ გრძნობებთან გამკლავების უნარს ავითარებს .

ასე რომ ძალა არ არის მთავარი. ყველაზე მნიშვნელოვანია, ზუსტად განსაზღვროთ, თუ როგორ ეპყრობით საკუთარ თავს. განცნობიერებულობის დონე კი მაშინ იზრდება, როდესაც ადამიანი ფსიქოთერაპევტს მიმართავს. თავიდან ყველაფერს ერთად აკეთებთ, შემდეგ კი სათანადო უნარ-ჩვევები გივითარდებათ იმისათვის, რათა პრობლემებს დამოუკიდებლად გაუმკლავდეთ.

მითი № 3: «მეგობრები მყავს და ფსიქოთერაპევტი არ მჭირდება»

სამეგობრო წრე ძალიან მნიშვნელოვანი რესურსია! როდესაც თავი, ან მუცელი გტკივათ, მეგობრები გვერდიდან არ მოგშორდებიან – ფანჯარას გააღებენ, აფთიაქიდან აქტივირებულ ნახშირს მოიტანენ, წყალს მოგაწვდიან… მაგრამ თუკი თავის ტკივილი სამი დღის მანძილზე არ გეშვებათ, მუცელში წარმოქმნილი დისკომფორტი კი ძლიერი შეტევებითა და გულისრევებით შეიცვალა, ან „სასწრაფოში“ რეკავთ, ან მკურნალ ექიმს უკავშირდებით. რატომ? იმიტომ რომ მეგობრების ცოდნისა და დახმარების უნარის დონე შეზღუდულია. როგორც წესი, ასეთ შემთხვევებში პასუხისმგებლობას სპეციალისტთან იზიარებენ ხოლმე.

იგივე შეიძლება ითქვას ფსიქოთერაპიის შესახებ.

მითი № 4: «ფსიქოლოგი განგებ, ან უნებლიეთ გათქვამს ჩემს პრობლემებს »

ფსიქოლოგები და ფსიქოთერაპევტები საკუთარ კლიენტებს კონფიდენციალურობის გარანტიას აძლევენ. ესაა ერთ-ერთი საბაზისო წესი, რომელსაც სპეციალისტები პირველივე შეხვედრაზე ახსენებენ ხოლმე.

თქვენი დაქალი აღშფოთებულია იმის გამო, რომ მისი ფსიქოლოგი სხვა კლიენტების პრობლემებზე ესაუბრება?

კარგი იქნება, თუკი იკითხავთ, შემთხვევით თქვენი დაქალი თვითგამოცხადებულ გურუსთან, ან შარლატანთან ხომ არ დადის. ან იქნებ ფსიქოლოგ-პარაფსიქოლოგ-ასტროლოგ-მანუალისტ-ოკულტისტის არასერიოზული სერტიფიკატის მქონე „სპეციალისტს“ დაუკავშირდა? როგორ იპოვა ეს „სპეციალისტი“ და ვისი რეკომენდაციით გადაწყვიტა მასთან მისვლა?

საკმაოდ დაბალია იმისი შანსი, რომ საიმედო არხებით ნაპოვნ, კანონიერი გზით სერტიფიცირებულ სპეციალისტებს შორის არაკეთილსინდისიერ ადამიანებს გადააწყდებით. პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ ფსიქოლოგები თავადაც გადიან ინდივიდუალურ ფსიქოთერაპიას და კარგად იციან, თუ რა მნიშვნელობა აქვს კონფიდენციალურობას. ამას გარდა, მათთვის რეპუტაციაც მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ მათი რენომე მათ შემოსავალს განსაზღვრავს.

მითი ნომერი 5: «ინფორმაციას.ჩემი პრობლემების შესახებ ინტერნეტში გავეცნობი. ფსიქოლოგიას კი წიგნებით შევისწავლი. ფსიქოლოგი ახალს არაფერს მეტყვის. ჩემ შესახებ ისედაც ყველაფერი ვიცი »

ჩემს სანაცნობო წრეში ბევრს უყვარს ფსიქოლოგიური ტერმინებით მანიპულირება და მათი აზრით მარტივი „ფსიქოლოგიური პროცესების“ „თაროებზე დალაგება“. როგორც წესი, ეს მსჯელობა იარლიყების მიწებებისა და ზედაპირული დასკვნების დონეს არ სცდება.

თვითგანათლება ყოველთვის მისასალმებელია იმ შემთხვევაში, თუკი პროფესიული დახმარების ჩანაცვლებას არ ისახავს მიზნად. სასარგებლოა იმის ცოდნა, რომ კბილი ემალის, დენტინისა და პულპისგან შედგება. კარგია, როდესაც შეგიძლია განსაზღვრო, თუ რა იწვევს ტკივილს. მაგრამ კბილს სტომატოლოგმა უნდა უმკურნალოს. ასე არ არის?

ფსიქოთერაპია, ისევე, როგორც პროფესიული დახმარების ნებისმიერი სხვა სახეობა, ნაკლებადაა ორიენტირებული პრობლემის განსაზღვრის სისწრაფეზე. თერაპიის კურსის მთავარი მიზანია, ადამიანს საკუთარი ბუნების საიდუმლოებები გააცნოს, საკუთარ თავთან მეგობრობა ასწავლოს და სირთულეებთან გამკლავებისათვის საჭირო უნარები შესძინოს.

მითების ზეგავლენას ის ადამიანებიც განიცდიან, რომლებმაც ფსიქოთერაპევტის კაბინეტს მიაღწიეს.

მითი № 6: «ფსიქოლოგმა ყველაფერი იცის იმის შესახებ, თუ როგორ უნდა იცხოვროს ადამიანმა. რამდენიმე რჩევას მომცემს და იდეალური გავხდები »

მზა რეცეპტები არ არსებობს. ისევე როგორც ცხოვრებისა და იდეალური ადამიანების უნიკალური სქემები. ფსიქოთერაპევტი თითოეულ კლიენტის მიმართ განსაკუთრებულ მიდგომას იყენებს. ისინი ერთად პოულობენ ახალ საშუალებებს იმისთვის, რომ კლიენტი საკუთარი თავის უკეთეს ვერსიად იქცეს. ის, რაც ერთს უხდება, შესაძლოა, საერთოდ არ შეესაბამებოდეს მეორეს. შეიძლება ითქვას, რომ ფსიქოლოგი არც იძლევა რჩევებს. იგი გეხმარებათ, თავად იპოვოთ პასუხები იმ შეკითხვებზე, რომლებიც გაგიჩნდათ.

მითი № 7: «ფსიქოლოგის მიერ ჩატარებული სამუშაოების შემდეგ პრობლემები სამუდამოდ მოგვარდება. ან ამ პრობლემების მიმართ გულგრილი ვიქნები»

პრობლემები არ ქრება. და ვერც მადამ ტიუსოს თოჯინად გადაიქცევით

თქვენ იქცევით ადამიანად, რომელსაც პრობლემების გადაწყვეტის უნარი ექნება. და ამისათვის ყველაზე მისაღებ მეთოდებს გამოიყენებს. დამოუკიდებელი კლიენტი ფსიქოლოგის მუშაობის საუკეთესო შედეგია და ეს მიღწევა მისთვის სიამაყის საგანს წარმოადგენს.

მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ აღარასდროს იგრძნობთ ტკივილსა და შიშს.

ასეთი მითები არსებობს აზერბაიჯანში ფსიქოთერაპიის შესახებ.

ბონუსის სახით კიდევ ერთ, ყველაზე გავრცელებულ მითს გაგიზიარებთ:

«აზერბაიჯანში ფსიქოლოგებთან არავინ დადის»

კვალიფიციური სპეციალისტების „ონლაინ“ და „ოფლაინ“ დრო საათობრივადაა გაწერილი. მათ დახმარებას ის ადამიანები ელოდებიან, რომლებიც საკუთარი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას საჭიროებენ.

მათ დიდ ნაწილს რეგიონებში მცხოვრები ადამიანები წარმოადგენენ.

« ბოლო დროს ხშირად ვჩხუბობთ და სექსის საკითხშიც პრობლემები გვაქვს», – შეშფოთებით აღნიშნავს წყვილი, რომელიც შემახიდან ჩამოვიდა. შეხვედრაზე მოსასვლელად ცოლ-ქმარმა შვილები ნათესავებს დაუტოვა და გამთენიისას ბაქოსკენ გამოეშურა.

ასე რომ ამ შემთხვევაში კარგი იქნება, თუკი გავიხსენებთ ანდაზას „ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის“.


ასევე წაიკითხეთ