ამ პროცესებმა განაახლა დისკუსია ეკლესიის როლზე ქვეყნის ცხოვრებაში. საპატრიარქოს კვლავ შემაშფოთებლად დიდი გავლენა აქვს ხელისუფლებაზე, მიიჩნევენ ექსპერტები" />

ქეთევან დედოფლის ნეშტის ნაწილები სამებაშია. მორწმუნეთა რიგს სამხედროები იცავენ

ამ პროცესებმა განაახლა დისკუსია ეკლესიის როლზე ქვეყნის ცხოვრებაში. საპატრიარქოს კვლავ შემაშფოთებლად დიდი გავლენა აქვს ხელისუფლებაზე, მიიჩნევენ ექსპერტები

ქართული ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხული ქეთევან დედოფლის ნეშთის ნაწილები ინდორთიდან საქართველოში გასული კვირის ბოლოს ჩამოიტანეს. ქეთევან დედოფლის ძვლები 6 თვე იქნება საქართველოში და ამ ხნის განმავლობაში დიდი მოგზაურობა ელის.

24 სექტემბერს ნეშთი სამების საკათედრო ტაძარში დაასვენეს. ნაწილებთან მიახლოების მსურველები დილიდან ჩადგნენ რიგში. ხალხმრავლობისა და ჭყლეტის გამო, ეკლესიაში სამხედროების დახმარებაც კი გახდა საჭირო.

სამხედროები სამი საათის განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდნენ რიგში წესრიგის დაცვას, რადგან ყველას წინა ადგილის დაკავება უნდოდა, რომ რაც შეიძლება მალე მიახლოებოდა დედოფლის ძვლებს.

საკვირაო ლოცვაზე მისულ მრევლს საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ მიმართა და „ეს დიდებული დღე“ მიულოცა. განსაკუთრებული მადლობა მან კულტურის მინისტრს მიხეილ გიორგაძეს გადაუხადა, რომელიც აქტიურად იყო ჩართული ინდოეთიდან ქეთევან დედოფლის ნაწილების ჩამოსვენების საქმეში. პატრიარქმა გიორგაძეს ღვთისმშობლის ხატი აჩუქა.

ქეთევან დედოფალი გოადან

პირველი ცნობა იმის შესახებ, რომ ინდოეთში, გოაზე მდებარე ეკლესიის ნანგრევებში, სავარაუდოდ, ქეთევან დედოფლის ძვლებია აღმოჩენილი, 2013 წელს გაჩნდა. სამეცნიერო-პოპულარულმა ჟურნალმა ARCHEOLOGY–მ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქვის სარკოფაგში ნაპოვნი მკლავის ნაწილი დიდი ალბათობით არა ინდური, არამედ ქართული წარმომავლობისაა, რაც დნმ-ის ანალიზმა დაადასტურა და შესაძლოა, ის საქართველოს დედოფალს ქეთევანს ეკუთვნოდეს.

ისტორიული წყაროების თანახმად, მე–17 საუკუნეში, კერძოდ, 1613 წელს შაჰ–აბასის ლაშქრობის დროს ქეთევან დედოფალი სპარსელებმა ტყვედ აიყვანეს – იმის გამო, რომ მან უარი განაცხადა შეეცვალა სარწმუნოება და გამხდარიყო შაჰის ჰარამხანის წევრი, ის წამებით მოკლეს, მისი ნაწილები კი, შემდგომ ქრისტიანმა მორწმუნეებმა მთელი მსოფლიოს მასშტაბით მიმოფანტეს.

ქეთევან დედოფალი საქართველოს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა და ქეთევან წამებულის სახელით მოიხსენიებს.

20 სექტემბერს ქეთევან დედოფლის ნაწილები საქართველოში 6 თვით ჩამოიტანეს, შემდეგ კი ისევ გოაზე დააბრუნებენ.

თბილისში, სამების ტაძარში დასვენების შემდეგ, დაგეგმილია რომ ნეშტის ნაწილებს საქართველოს სხვა რეგიონებშიც ჩაიტანენ. ეროვნულ მუზეუმში კი გამოფენა და საერთაშორისო კონფერენცია მოეწყობა.

ფული ბიუჯეტიდან

ინდოეთიდან ქეთევან დედოფლის ნეშთის ნაწილების გადმოსვენებისა და საქართველოს მასშტაბით მოგზაურობისთვის საჭირო თანხები, მთლიანად სახელმწიფომ გაიღო.

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის სპეციალური განკარგულების თანახმად, ამ ღონისძიებებისთვის 343 ათას 310 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა გამოიყოს – პრემიერმა შესაბამის უწყებებს ბიუჯეტიდან საჭირო თანხის მოძიება დაავალა.

საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ წმინდანის ნეშტის ნაწილების გადმოსვენებისთვის ხარჯები მთავრობას არ უნდა გაეღო – პირველ რიგში, იმიტომ, რომ ეკლესია თავადაც ძალიან მდიდარი ორგანიზაციაა და ამ თანხის მოძიება არ გაუჭირდებოდა [ეკლესია ყოველწლიურად ცენტრალური ბიუჯეტიდან 25 მილიონ ლარს იღებს]; და მეორეც – ამ ფაქტით ირღვევა სახელმწიფოს მხრიდან ეკლესიის მიმართ ნეიტრალობის, სეკულარობის პრინციპი, რადგან ქვეყნის ბიუჯეტი არა მხოლოდ მართლმადიდებლების, არამედ სხვადასხვა რელიგიური კონფესიების წარმომადგენლების მიერ ივსება.

ეკლესიისა და ხელისუფლების წარმომადგენლები კი მიიჩნევენ, რომ ქეთევან დედოფლის ნეშთის საქართველოში ჩამოსვენება ისტორიული მომენტია, როგორც რელიგიური, ისე ეროვნული თვალსაზრისით, ამიტომ არც დაფინანსებაშია არაფერი უცნაური.

“სახელწმიფო ეხმარება ეკლესიას და ეს მნიშვნელოვანია მისი სამოქალაქო პოზიციის გამყარებისა და ეროვნული კონსოლიდაციისთვისაც”, – ამბობს საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის მდივანი, მიქაელ ბოტკოველი JAMnews-თან საუბარში.

ნეშტისა და წმინდა ნაწილების მიმართ თაყვანისცემის ფენომენში ბექა მინდიაშვილი სხვა მნიშვნელოვან პრობლემებსაც ხედავს.

მისი თქმით, ეს მოვლენა თეოლოგიური თვალსაზრისითაც არასწორია და ქრისტიანულ, სახარებისეულ ცოდნას ეწინააღმდეგება. გარდა ამისა, მინდიაშვილი მთავრობის ჩართულობაში პოლიტიკურ მოტივს ხედავს.

“ეს არის თეატრალიზებული, წინასაარჩევნოდ გააქტიურებული მართლმადიდებლობის მორიგ აქტი ხელისუფლების მხრიდან,” ამბობს ის.

მისი თქმით, მრავალწილიანი პოლიტიკური ტრადიცია არც ამჯერად დაირღვა და ხელისუფლება წინასაარჩევნოდ მრევლის გულის მოგებას რელიგიურ გრძნობებზე თამაშით ცდილობს. [21 ოქტომბერს საქართველოში თვითმართველობის არჩევნებია_JAMnews]

“წინასაარჩევნოდ მუდმივად ასე ხდება – ხელისუფლების წარმომადგენლები იწყებენ მტკიცებას, თუ რამდენად დიდი მართლმადიდებლები არიან, რამდენად ერთგულები ეკლესიის მიმართ… იწყებენ საჯაროდ, მედიის თანდასწრებით ლოცვას”, – ამბობს მინდიაშვილი.

ხელისუფლების მხრიდან რელიგიური ღონისძიებების დაფინანსება არავის უნდა გაუკვირდეს, რადგან “მართლმადიდებლები საქართველოში უმრავლესობას წარმოადგენენ, ამიტომ, სახელმწიფო რესუსრების გამოყოფა სწორი ნაბიჯია”, – ფიქრობს ბოტკოველი.

რელიგიური ფანატიზმი?

წმინდანად შერაცხულთა საფლავებისა და ნეშთის ნაწილების მიმართ თაყვანისცემის ფენომენი საქართველოში ახალი არ არის.

ამ თვალსაზრისით ყველაზე მასშტაბური და დასამახსოვრებელი ამბები სამი წლის წინ, ბერი გაბრიელის საფლავთან განვითარდა.

2014 წელს, მრევლში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მცხეთის სამთავროს დედათა მონასტერის ერთ-ერთ მონაზონს, დედა პარასკევას გამოცხადება ჰქონდა. თითქოს მონაზონს გამოეცხადა ბერი გაბრიელი, რომელმაც უთხრა, რომ ყველას, ვინც შობამდე მცხეთაში მის საფლავთან მივიდოდა, ორი სურვილი შეუსრულდებოდა.

ეს ინფორმაცია, რომელიც ბევრმა მედია-საშუალებამაც გაავრცელა, ათასობით ადამიანისთვის დამაჯერებელი აღმჩნდა. დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში მცხეთაში, ბერი გაბრიელის საფლავთან ათასობით ადამიანი ჩავიდა, რომლებიც საფლავთან მიახლოების ჯერს უზარმაზარ რიგში ელოდნენ.

ერთი კვირის განმავლობაში, მცხეთისკენ მიმავალ გზაზე საცობში საათობით გაჭედილ ავტოტრანსპორტს ბოლო არ უჩანდა. სიტუაციას ვერც მობილიზებული საპატრულო პოლიცია შველოდა. ყინვასა და სიცივეში მოქალაქეები ჩვილ ბავშვებთან ერთადაც იდგნენ.

საპატრიარქომ მრევლი სპეციალური განცხადებით დაამშვიდა, სადაც აღნიშნული იყო, რომ მამა გაბრიელი შობის შემდეგაც შეეწეოდა მორწმუნეებს. ხოლო დედა პარასკევამ მოგვიანებით განაცხადა, რომ არც ხილვა და არც გამოცხადება არ ჰქონია.

ქეთევან დედოფლის ნეშთის ნაწილების ჩამოსვენებასთან დაკავშირებულმა პროცესებმა კვლავ განაახლა დისკუსია ეკლესიის როლზე ქვეყნის ცხოვრებაში. საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ მოსახლეობის უმრავლესობა ადვილად ექცევა რელიგიური ფანატიზმის ზეგავლენის ქვეშ, რაც ხშირად სახიფათო ზღვარს უახლოვდება; საპატრიარქოს კი, კვლავ შემაშფოთებლად დიდი გავლენა აქვს ხელისუფლებაზე.

ქართული ეკლესია ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ინსტიტუტია საქართველოში, სადაც მოსახლეობის 83,5 პროცენტი თავს მართლმადიდებელ ქრისტიანად მიიჩნევს [2014 წელს ჩატარებული მოსახლეობის აღწერის მონაცემები]. ხოლო ეკლესიის წინამძღოლი, კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე ყველა სოციოლოგიური კვლევის თანახმად, ყველაზე დიდი ნდობით აღჭურვილი საჯარო ფიგურაა.

“გარდაცვლილი ადამიანებისადმი, მოწამეებისადმი ან სხეულის ნაწილებისადმი ამ ტიპის დამოკიდებულება ტრადიციულ, კონსერვატიულ რელიგიურ ჯგუფებს ახასიათებს,” – ამბობს ბექა მინდიაშვილი.

მისი თქმით, იქ სადაც განათლების დონე დაბალია, მატერიალური ნივთების მიმართ თაყვანისცემის ფენომენი ჩნდება და ამ მდგომარეობას სათავისოდ იყენებს მთავრობა:

“იქ, სადაც ლიბერალურ-დემოკრატიული პოლიტიკური კულტურის ნაკლებობაა და დამახინჯებული პოლიტიკური  პროცესები მიდის, ხელისუფლებას დამატებითი მობილიზაციის რესურსი სჭირდება. ამისთვის საუკეთესო საშუალება კი, რელიგია და ადამიანებით მანიპულირებაა“.

ეკლესიაში ფიქრობენ, რომ წმინდა ნაწილების თაყვანისცემა ნორმალური მოვლენაა და მორწმუნეების კრიტიკა მათ რელიგიურ გრძნობებს შეურაცხყოფს:

”ჩვენ წმინდა ნაწილებს თაყვანს ვცემთ – საწინააღმდეგო აზრი კი გადაგვარებული აზროვნების ბრალია. ეს მიზანმიმართული კამპანიაა ეკლესიის წინააღმდეგ და ამ ინსტიტუციის დასუსტებას ემსახურება”, – ამბობს პატრიარქის მდივანი, მიხეილ ბოტკოველი

ქეთევან დედოფლის ნეშთის ნაწილებს სამების საკათედრო ტაძარიდან ჯერ კახეთში – ალავერდში გადაასვენებენ, შემდეგ კი საქართველოს სხვა რეგიონებშიც.

 


ასევე წაიკითხეთ