ის უკვე აღარავის სჭირდება და ეს ცუდი არ არის " />

ფოტო ბაქოს მიტოვებული აბანოდან არაერთმნიშვნელოვანი ისტორიით

ის უკვე აღარავის სჭირდება და ეს ცუდი არ არის

 

ბაქოში, კინოთეატრ „მეგობრობასთან“ ახლოს, აბანოს მიტოვებული შენობაა. აბანო – ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან შენობათა შორის, რომელიც საბჭოთა დროს აშენებულ კვარტალში გადარჩა. მაგრამ განსაკუთრებით არავინ აღიქვამს მის ისტორიულ ღირებულებას. 

 

 

ეს ტრადიციული აზერბაიჯანული ჰამამი არ არის, შენობა გვიანი საბჭოთა კონსტრუქტივიზმის სტილშია – დაახლოებით, მე-20 საუკუნის 20-30-იანი წლების.

 

 

ასე აშენებდნენ სხვადასხვა კლუბებსა და „სპორტის სახლებს“ – არანაირი არქიტექტურული „ზედმეტობები“, უბრალო გეომეტრიული ფიგურები, რკინა-ბეტონი და მინა. ყველაფერი, რათა საბჭოთა მოქალაქეებს სწრაფად ბანაობა და სამუშაოზე დაბრუნება შეძლებოდათ. იმ დროს იყო იდეა – აბანოების ირგვლივ სახლებისგან შექმნილიყო კვარტალ-კომუნები.

 

 

შენობებში, რომლებიც იმავე პერიოდში აშენდა აბანოსთან, ხშირად არ იყო სააბაზანო ოთახები, ასე რომ, თავიდან აბანოთი სარგებლობაზე დიდი მოთხოვნა იყო. ასევე, აქ ბანაობდნენ ჯარისკაცები ახლოს მდებარე სამხედრო ბაზიდან. მეზობლის ბავშვები კი საწყობიდან საპონს იპარავდნენ.

 

 

ნომერ 21-ე აბანოს პოპულარობის პიკი 90-იან წლებზე მოდის, როდესაც ბაქოში წყალმომარაგების პრობლემები შეიქმნა.

„აქ ოთხმოცდაათიანებში ვბანაობდი, სხვაგან წასასვლელი არსად მქონდა. ფეხებთან ტარაკნები დარბოდნენ, ხანდახან ვირთხაც შეიძლებოდა გენახა“, – გვიყვება სამირი.

 

 

შემდეგ, წყალმომარაგების საკითხი მოგვარდა, ძველი სახლების დანგრევა დაიწყეს, მათ ადგილას კი თანამედროვე მაღალსართულიანი კორპუსები ააშენეს. აბანო აღარავის დასჭირდა და დაიხურა. შესაძლოა, კიდევ იმიტომ, რომ ის მაინც ვერ გახდა სოციალური სივრცე. როგორც, მაგალითად, ბაქოს ისტორიულ ცენტრში არსებული ძველი აბანოები, სადაც მეზობლები უძველესი დროიდან ერთმანეთთან ურთიერთობისთვის, ჩაის სმის ფონზე ფილოსოფიური საუბრებისა და, საერთოდ, დასვენების მიზნით დადიოდნენ.

 


ასევე წაიკითხეთ