ბოლო ოცი წელია, მეწამორის "სიმბოლოდ" საშინელი სიმყრალე იქცა" />

ფანჯრებს ნუ გამოაღებთ!

ბოლო ოცი წელია, მეწამორის "სიმბოლოდ" საშინელი სიმყრალე იქცა

სუფთა ჰაერს მოკლებულნი

უკვე დაახლოებით 20 წელია, მეწამორისა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების ჯანმრთელობა საფრთხის ქვეშაა. პრობლემამ თავი იჩინა მას შემდეგ, რაც ამ ადგილებში საშინელი სუნი გაჩნდა და ეს სიმყრალე დღემდე ნარჩუნდება.

მეწამორის მკვიდრს, კარინე ოგანესიანს აღარც კი ახსოვს, ბოლოს როდის სუნთქავდა სუფთა ჰაერს – კანალიზაციის სუნი ქალაქის ყველა კუნჭულში აღწევს. კარინეს თქმით, მეწამორის მაცხოვრებლებს დიდი ხნის წინათ დაავიწყდათ, რას ნიშნავს ფანჯრების გაღება და ბინის განიავება – განსაკუთრებით ზაფხულის თვეებში.

აქ არც საღამოს გასეირნებაა პოპულარული. ადამიანებს ურჩევნიათ, სახლებში ისხდნენ და ეზოში არ გავიდნენ – საკუთარი ქალაქის “არომატი” რომ არ ჩაისუნთქონ. მხოლოდ ცივ ამინდში თუ ახერხებენ სეირნობას.

რა ყარს ასე საშინლად

თავიდან ქალაქის მოსახლეობა ფიქრობდა, რომ სიმყრალის მიზეზი შორიახლოს მდებარე ჭაობები იყო, მაგრამ მოგვიანებით თავისებურმა სუნმა ყველაფერს ნათელი მოჰფინა – ჭაობებში საკანალიზაციო წყალი ჩაედინება.

საქმე ისაა, რომ არმავირისა და მეწამორის საკანალიზაციო სისტემების გამწმენდი სადგურები ერთმანეთის მეზობლად მდებარეობს. ამ ორი ქალაქის საკანალიზაციო სისტემის მილები დაზიანდა და კანალიზაციის წყალი იმ ტერიტორიაზე მდებარე წყალსატევებში ჩაიღვარა.

საკანალიზაციო სისტემის აღდგენა თავის დროზე სააქციო საზოგადოება “არმწყალკანალს” სურდა, თუმცა როდესაც გაირკვა, თუ რა თანხებთან იყო ეს ყველაფერი დაკავშირებული, ამ საქმეს თავი ანება. გარკეული დროის შემდეგ გამწმენდი სადგურიც დაზიანდა.

დაბინძურებულ წყალსატევების სიახლოვეს საქონელიც ბალახობს, ხოლო მეზობელი სოფლები ამავე წყალსატევებიდან იღებენ სარწყავ წყალს.

შექმნილი მდგომარეობის გამო, 1998 წელს სოფელ ზარტნოკში ქოლერის ეპიდემია გაჩნდა. დაავადების ზოგიერთი შემთხვევა ლეტალური შედეგით დასრულდა. მართალია, რომ ეს ფაქტი ოფიციალურად არ უღიარებიათ, თუმცა რეგიონში კარანტინი დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში შენარჩუნდა.

ვინ არის პასუხისმგებელი?

ძალიან რთულია იმის განსაზღვრა, თუ ვის მიუძღვის ბრალი შექმნილ მდგომარეობაში. კომპანია “არმწყალკანალის” კუთვნილი გამწმენდი სადგური გაუქმდა. 2003 წელს “არმწყალკანალის” ბაზაზე შეიქმნა კომპანია “ნორ აკუნქი”, რომლის ბალანსზე გამწმენდი სადგური აღარ ირიცხებოდა.

კომპანია “ნორ აკუნქში”, რომელიც ქალაქ მეწამორისა და ქალაქ არმავირის (ასევე ათამდე მიმდებარე სოფლის) წყალგაყვანილობისა და საკანალიზაციო სისტემებს ემსახურებოდა, განაცხადეს, რომ გამწმენდ სადგურს არ ფლობენ და, შესაბამისად, მის რეკონსტრუქციას მიზნად არ ისახავენ.

ხანგრძლივი განხილვის, მოლაპარაკებებისა და მოსახლეობის საჩივრების შემდეგ სომხეთის მთავრობამ პრობლემის მოსაგვარებლად საჭირო ფინანსური რესურსების მოძიების პირობა დადო. ჩატარდა კვლევები, რომელთა შედეგების მიხედვით, აშკარა გახდა, რომ გამწმენდი სადგურის რემონტს აზრი არ აქვს. ახალი უნდა აშენდეს.

გაუგებარი მიზეზების გამო, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში პრობლემის გადაწყვეტას მეწამორის მიმდებარე ტერიტორიაზე ატომური სადგურის ახალი ენერგობლოკის აშენებას უკავშირებდნენ. ენერგობლოკის მშენებლობა არ დაწყებულა და, შესაბამისად, გამწმენდი სადგურის საკითხიც ცაში გამოეკიდა.

2013 წელს სააქციო საზოგადოება “ნორ აკუნქი” ფრანგების დაქვემდებარებაში გადავიდა, რომელთაც მთლიანად გადაეცათ კომპანია “არმწყალკანალის” მმართველობა. გამწმენდი სადგურის მომავალი სომხეთის ხელისუფლების დღის წესრიგში რჩება, თუმცა საქმე ადგილიდან არ იძვრის. საფრთხე კი ყოველდღიურად იზრდება.

საკანალიზაციო წყლების მოძრაობა

საკანალიზაციო წყლები შერევის შემდეგ ხელოვნური წყალსატევების წყლები კომპანია “სევ ჯურ-ახმატარის” ტუმბოს სადგურს გადის. აღნიშნული კომპანია სოფლებს სარწყავი წყლით უზრუნველყოფს. შესაბამისად, წყალი აქედან ტუმბოების საშუალებით გადადის სარწყავ სისტემაში.

ეღეგნუტის თემის მოსახლე ჰამლეტ აკოფიანის თქმით, ის ვერც კი ხვდება, რომელი წყლით რწყავს საკუთარ ნაკვეთს – სარწყავი თუ კანალიზაციის წყლით. ამბობს, რომ მორწყვის დროს გავრცელებული სუნი მცენარეებზეც მოქმედებს – ბევრი ხმება, მოსავალს კი უცნაური გემო დაჰკრავს.

ჰამლეტი კომპანია “სევ ჯურ-ახმატარშიც” მუშაობს. ის გვიჩვენებს, თუ როგორ ხვდება წყალი წყალგაყვანილობის სისტემიდან ტუმბოს სადგურში, საიდანაც სარწყავ არხში გაედინება.

იგი ბოლო წლების განმავლობაში თავის ნაკვეთზე მხოლოდ ცოცხების სორგოს ზრდის. ამბობს, რომ საკანალიზაციო წყლით მორწყვა ცოცხს არ დააზიანებს, რასაც ვერ იტყვის ბაღჩეულ კულტურებზე. ბაღის საკანალიზაციო წყლით მორწყვა და შემდეგ იქ მოწეული მოსავლის ჭამა არანორმალურია.

მეზობელ სოფლებს სასმელი წყალი მიეწოდებათ არტეზიული წყაროებიდან, რომლებიც უთუოდ დაბინძურებულია კანალიზაციის წყლით, რადგან ხსენებული სითხე მიწაში ჟონავს და ნიადაგის სიღრმეებამდე ჩადის. სწორედ ამით ხსნიან სპეციალისტები 98 წელს გაჩენილი ქოლერის ეპიდემიას.

ასევე, მეზობელი სოფლების მოსახლეობის საქონელიც ძირითადად იმ ხელოვნური წყალსატევების წყალს სვამს, სადაც კანალიზაციის წყალი ჩაედინება.

ყველაზე მძიმე მდგომარეობაში მეწამორის მოსახლეობაა

მეწამორის მერს, რობერტ გრიგორიანს ამ საკითხის წამოწევა არაერთხელ უცხდია. მისი თქმით, იგი ხელიდან არ უშვებდა შემთხვევას, რომ ამ პრობლემის შესახებ სხვადასხვა ინსტანციაში განეცხადებინა, თუმცა, დაპირებების გარდა, ვერაფერს მიაღწია. ქალაქის ბიუჯეტით, რომელიც 209 მილიონ დრამს შეადგენს, გამწმენდი სადგურის პროექტის შეკვეთაც კი ვერ მოხერხდება.

სიტუაცია შემაშფოთებელია არმავირის ოლქის ეპიდემიოლოგიურ ცენტრშიც, მაგრამ ამ დაწესებულების თანამშრომლები ოფიციალურ განცხადებებს გაურბიან და ოლქში არსებულ საფრთხეებს მხოლოდ პირად საუბრებში განიხილავენ.

ექსპერტების გამოთვლებით, ახალი გამწმენდი სადგურის ასაშენებლად დაახლოებით 9 მილიონი ევრო იქნება საჭირო. ამ თანხის მიღება მხოლოდ საკრედიტო პროგრამებით შეიძლება.

ჯერ კიდევ 2014 წლის ნოემბერში დამტკიცდა პროექტი “წყალგაყვანილობისა და საკანალიზაციო ქსელის, აგრეთვე, სომხეთის პატარა ქალაქებისა და სოფლების ინფრასტრუქტურის აღდგენა”, რომელიც ევროპის საინვესტიციო ბანკის სახსრებით უნდა განხორციელებულიყო. ამ მიზნებისთვის 25,5 მილიონი ევროს ოდენობის კრედიტის მიღებაც იგეგმებოდა.

საკრედიტო პროგრამაში მეწამორის გამწმენდი სადგურის მშენებლობაც შედიოდა. სამუშაოები 2014 წელს, სიტუაციის შესწავლით უნდა დაწყებულიყო, 2015 წლიდან კი სამშენებლო სამუშაოებს უნდა შედგომოდნენ; თუმცა დანამდვილებით დღემდე ვერავინ ამბობს, რა ეტაპზეა ამჟამად გამწმენდი სადგურის მშენებლობის პროცესი.

კულუარულ საუბრებს თუ დავუჯერებთ, 2017 წელს ქვეყნის წყალგაყვანილობისა და კანალიზაციის მთელი სისტემა ერთ მმართველ კომპანიას გადაეცემა საკონკურსო წესით. ამავდროულად, შეიქმნება სამსახური, რომელიც ამ სფეროში დაწყებული პროგრამების რეალიზაციის კოორდინირებას ითავებს და ამ პროექტების დროულად შესრულებაზე იქნება პასუხისმგებელი. სწორედ იქ გადაწყდება მათი განხორციელების რიგითობის საკითხიც.

ოღონდ  ეს პროცესი ჯერაც მომწიფების ეტაპზეა, და ამიტომ კარინე ოგანესიანი, საუკეთესო შემთხვევაში, კიდევ 3-4 წელიწადს ვერ შეძლებს ბინაში ფანჯრების გამოღებას, ჰამლეტ აკოფიანი კი, ცოცხების სორგოს გარდა, ვერაფერს გაახარებს.

გამოქვეყნდა: 14.06.2016


ასევე წაიკითხეთ