ისტორიკოსის კომენტარები: რა ემართებოდათ პრობლემური ფსიქიკის მმართველებს " />

ტრამპი: მონარქი თუ შეშლილი?

ისტორიკოსის კომენტარები: რა ემართებოდათ პრობლემური ფსიქიკის მმართველებს

პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, ფოტო:  Cheriss May/NurPhoto via Getty Images

სულ უფრო ხშირად და დაჟინებით გაისმის მათი ხმა, ვინც აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ექსტრავაგანტულ ქცევას მისი ფსიქიკური პრობლემების შედეგად მიიჩნევს. ამის შესახებ ლაპარაკობენ და წერენ ჟურნალისტები, პოლიტიკოსები და პროფესიონალი ფსიქიატრები.

რას ამბობს ისტორია – რა ემართებოდათ იმ მმართველებს, ვის ფსიქიკურ ჯანმრთელობაშიც ეჭვი შეჰქონდათ? ამის შესახებ ჟურნალ Foreign Policy-ს ცნობილი ინგლისელი ისტორიკოსი რიჩარდ ევანსი ესაუბრა.

დონ ჯულიუს სეზარ დ’ოსტრია

ეს არის ძლევამოსილი რომის იმპერიის იმპერატორის რუდოლფ მეორის ვაჟი, რომელმაც სახელი იმით გაითქვა, რომ საკუთარ მსახურებს ესხმოდა თავს, ამტვრევდა ავეჯს, გამოდიოდა გრძელი და უაზრო სიტყვებით, საბოლოოდ კი წამებით მოკლა თავისი საყვარელი, და შემდეგ რამდენიმე დღე მის სისხლში ამოთხვრილი დადიოდა. ამან მამის მოთმინების ფიალა აავსო, და რუდოლფ მეორემ შვილის დახრჩობის ბრძანება გასცა.

ავსტრო-უნგრეთის იმპერატორი ფერდინანდ პირველი

ფერდინანდ პირველის პორტრეტი. WikiArt

ბავშვობიდან ორი თვისებით გამოირჩეოდა – შენელებული განვითარებით და გაუკონტროლებელი სიბრაზის შეტევებით. თანამედროვე მკვლევარები ამას სამედიცინო გარემოებებით ხსნიან: მისი მშობლები ერთმანეთის ახლო ნათესავები იყვნენ – ბიძაშვილები.

როდესაც 1835 წელს ის ტახტზე ავიდა, შეიქმნა ქვეყნის მართვის საგანგებო საბჭო, რადგან აშკარა იყო, რომ ამ საქმის ფერდინანდ პირველისთვის მინდობა არ შეიძლებოდა. თუმცა, ამან ხელი ვერ შეუშალა ავსტრო-უნგრეთში 1948 წელს რევოლუციის დაწყებას.

მე-19 საუკუნის დასაწყისის ბრიტანელი მონრქები 

აქ ამ ყველაფერს სათავე დაუდო გეორგ მესამემ. მის უცნაურობებს ერთხანს ეგუებოდნენ, მაგრამ როდესაც მან ხეებთან ლაპარაკი დაიწყო, სამეფო კარმა გადაწყვიტა, რომ ეს უკვე მეტისმეტი იყო, და მას რეგენტად (მეურვედ) საკუთარი ვაჟი დაუნიშნეს, რომელიც შემდგომ გეორგ მეოთხე გახდა.

ბევრად უკეთესი არც ის აღმოჩნდა, რადგან ერთადერთი, რაც მას აინტერესებდა, – ოპიუმი, ალკოჰოლი და საჭმელი იყო (სიცოცხლის ბოლოს 140 კილოგრამს იწონიდა).

მეფე გეორგ IV-ს პორტრეტი,  ავტორი Thomas Lawrence, WikiArt

არც მისი შემცვლელი უილიამ მეოთხე უქნია ღმერთს. მას შეეძლო საათობით ეხეტიალა მთელ ოლქში, და შემთხვევითი გამვლელებისთვის ერთი ფრაზა ემეორებინა: „რომ იცოდეთ, მე მეფე ვარ“.

ისტორიკოსებს მიაჩნიათ, რომ ბრიტანეთის მონარქიამ ამ პერიოდს მხოლოდ იმიტომ გაუძლო, რომ ამ მომენტისთვის ინგლისის მეფეები რეალურ ძალაუფლებას უკვე აღარ ფლობდნენ.

ბავარიის მეფე ოტტო

19-ე საუკუნის შუა წლებში ხელისუფლებაში მოსვლისთანავე მან დეპრესიაში ჩავარდნაზე უკეთესი ვერაფერი მოახერხა, უკანასკნელი წლები კი დამბლადაცემულმა გაატარა (სავარაუდო მიზეზი – სიფილისი).

ამ შემთხვევის შემდეგ ევროპულ ქვეყნებში ისეთი კანონები მიიღეს, რომლებიც მონარქების ადვილად შეცვლის საშუალებას იძლეოდა, თუკი აუცილობლობის შემთხვევაში რაიმე ეჭვი გაჩნდებოდა.

ამიტომ, 1936 წელს, როდესაც ინგლისელმა მეფემ ედვარდ მერვემ ტრადიციის დარღვევა ისურვა და ამერიკელი ქალი (თანაც ქმარს გაშერებული) ითხოვა, ტახტზე მის ნაცვლად მაშინვე აიყვანეს მისი ძმა, ახლანდელი დედოფლის მამა.

რიჩარდ ევანსი წერს, რომ დონალდ ტრამპმა არაერთხელ გამოავლინა გამოკვეთილი ფსიქოლოგიური უცნაურობები, კერძოდ:

  • ის ძალიან ხშირად ვერ აკონტროლებს საკუთარ ემოციებს;
  • ასევე ვერ აკონტროლებს საკუთარ ვერც ზეპისიტყვიერ და ვერც წერილობით გამონათქვამებს;
  • პერიოდულად უცნაურად რეაგირებს გარემომცველ ადამიანებზე;
  • მხოლოდ ნათესავებისა და მრჩეველების ვიწრო წრეს ენდობა;
  • ურევს სახელებს, გვარებს, თარიღებსა და გეოგრაფიულ სახელწოდებებს.

აშშ-ის 45-ე პრეზიდენტს უნდა ახსოვდეს, თუ სადამდე მიიყვანა ანალოგიურმა ისტორიებმა რიგი ევროპელი მონარქი, – წერს რიჩარდ ევანსი.


ასევე წაიკითხეთ