ყველაფერი უფრო წარმატებულად იქნებოდა თუ არარატის ხეობის სოფლებში აგრონომები გამოჩნდებოდნენ" />

ტარხუნა, როგორც ქართულ-სომხური ბიზნესი

ყველაფერი უფრო წარმატებულად იქნებოდა თუ არარატის ხეობის სოფლებში აგრონომები გამოჩნდებოდნენ

არარატის ველის სოფლები თანდათანობით გადადიან განსაზღვრული კულტურების მოყვანაზე – ანუ ყველა სოფელში მხოლოდ რომელიმე კონკრეტულ კულტურას ახარებენ. კულტურის არჩევისას სოფლის მოსახლეობა, პროფესიონალური კონსულტაციის გარეშე, თავადვე აფასებს მოთხოვნას, მწარმოებლურობასა და შემოსავლიანობას.

სოფელი არაგაწი ბაღჩეული კულტურების, კერძოდ კი ტარხუნის (“ესტრაგონის”) მოყვანაზეა გადასული. ჯერ კიდევ 10 წლის წინათ სოფელ არაგაწში ტარხუნის მოყვანა დამატებითი შემოსავლის მიღების საშუალებად ითვლებოდა, და ამით ყველა არ იყო დაკავებული. თუმცა, გაჩნდა მოთხოვნა, და ტარხუნის ნათესების ფართობი თანდათანობით გაიზარდა. საქმე იქამდე მივიდა, რომ სოფლის მოსახლეებმა, ერთმანეთის მიბაძვით, სხვა კულტურების მოყვანაზე უარი თქვეს და დაიწყეს მხოლოდ ტარხუნის გახარება.

შედეგად, სოფლის დამუშავებული მიწების ფართობის 90% ტარხუნამ დაიკავა, რამაც ის გამოიწვია, რომ მიწოდებამ მოთხოვნას გადააჭარბა და დარღვეული ბალანსის აღდგენა მხოლოდ საფასო პოლიტიკის შეცვლით (მეწარმის საზიანოდ) გახდა შესაძლებელი.

ტარხუნის დამუშავება და მოსავლის აღება

არაგაწში და რამდენიმე მეზობელ თემში ტარხუნას სათბურებში ახარებენ და წელიწადში ორჯერ იღებენ მოსავალს, რომელიც დათესვიდან ორი თვის შემდეგ მიიღება. მოსავალს 60-70 დღის განმავლობაში, ხუთ დღეში ერთხელ იღებენ. დროულად თუ არ მოიკრიფა, ტარხუნა მაგრდება და გამოყენებისათვის უვარგისი ხდება.

არაგაწის მკვიდრი ლევა ამბარცუმიანი, უკვე 20 წელია, ტარხუნის მოყვანითაა დაკავებული. მისი თქმით, როდესაც მწვანილს მცირე ოდენობით თესავდნენ, რეალიზაციის პრობლემა არ დგებოდა. მოსავალს ადგილობრივ ბაზარზე, კერძოდ კი დედაქალაქში ყიდდნენ. ტარხუნის ერთი კონა 150-200 დრამი ღირდა. მას შემდეგ, რაც მთელმა სოფელმა დაიწყო ამ კულტურის მოყვანა, ფასები მკვეთრად შემცირდა.

გლეხების გათვლები

არაგაწის მცხოვრების, სურენ მათევოსიანის გათვლებით, 1000 კვადრატული მეტრის ფასრთობის ნაკვეთიდან, საუკეთესო შემთხვევაში, ტარხუნის 30 ათასი კონა შეიძლება მოვიდეს. სასათბურე მეურნეობის მშენებლობასთან დაკავშირებული ხარჯების, თესვის, სასუქებით უზრუნველყოფის, მიწის დამუშავების, მწვანილის კრეფისა და კონებად შეკვრის გათვალისწინებით, ერთი კონის თვითღირებულება დაახლოებით 10 დრამია.

თუკი ერთ კონა 25 დრამად გაიყიდება, მეწარმის მოგება თითო კონიდან 15 დრამი იქნება. ამდენად, მთლიანობაში ის მოგების სახით 500 ათას დრამს (ათას დოლარზე ოდნავ მეტს) მიიღებს. და ეს მთელი ოჯახის ფიზიკური შრომის გაუთვალისწინებლად. ტარხუნის 25 დრამზე იაფად გაყიდვას გლეხები სარგებლის მომტანად არ მიიჩნევენ.

ტარხუნის ძირითადი მყიდველები ამჟამად ქართველები არიან

ქართველი შემსყიდველი ურიცხვი რაოდენობის ტარხუნის ექსპორტირებას ეწევა. უკვე 10 წელია, რაც სურენ მატევოსიანის ტარხუნას ქართველები ყიდულობენ. მისი თქმით, ქართველებმა კარგად იციან, რომ მწვანილს მოსავლის აღებასა და გაყიდვას შეზღუდული ვადები აქვს, და ხშირად სოფლის მოსახლეობას საკუთარ პირობებს კარნახობენ. ეს პირობები ზოგჯერ გონივრულობის ფარგლებს სცდება.

მაგალითად, როდესაც გლეხები უარს ამბობენ მწვანილის დაკლებულ ფასად გაყიდვაზე, მყიდველები, ერთმანეთთან შეთანხმებით, რამდენიმე დღე საერთოდ არ ყიდულობენ ტარხუნას და როდესაც მწვანილის ვარგისიანობა საფრთხის წინაშე დგება, გადამყიდველები კიდევ უფრო დაბალ ფასს სთავაზობენ – მაგალითად 17 დრამს ერთ კონაზე. სურენი ამბობს, რომ იყო დრო, როდესაც ტარხუნის ფასი 12 დრამს არ აღემატებოდა.

ქართველი შემსყიდველების გათვლები

ქართველი შემსყიდველი, ემზარ არხამაია, რომელიც უკვე 20 წელია, არაგაწიდან საქონლის გატანით არის დაკავებული, ამბობს, რომ მწვანილი საქართველოშიც არაა იაფი და 30-40 დრამად ყიდიან. ფასი მოთხოვნაზეა დამოკიდებული. ემზარის თქმით, ფასს, რომელსაც ისინი სომეხ გლეხებს სთავაზობენ, ქართულ ბაზარზე დამკვიდრებული მწვანილის ფასი განაპირობებს.

გარდა ამისა, მათ მიერ შესყიდული საქონელი ქართულ ბაზარზე მოხვედრამდე კიდევ რამდენიმე (სულ ცოტა სამი) გადამყიდველის ხელში ხვდება.

თავად ტარხუნის ფასის გარდა, მყიდველს მისი ტრანსპორტირებისათვის საჭირო თანხისა და საგზაო გადასახადის გადახდაც უწევს; ასევე, საჭიროა ყინულის ყიდვა, რომ საქონელი ტრასპორტირებამდე შესაბამის ჭურჭელში დაფასოვდეს და გასაყიდად ნორმალურ მდგომარეობაში ჩაიტანონ ადგილამდე.

მთავარი პრობლემა კორდინაციის არარსებობაა

არაგაწის მცხოვრებებს ქართველი მომხმარებლების გაწბილება არ სურთ. მოსავლის შიდა ბაზარზე რეალიზაცია შეუძლებელია, ქართველებს კი სოფლიდან ყოველდღიურად 6 ტონა ტარხუნა გააქვთ.

არაგაწის მამასახლისი, აშოტ კამავოსიანი დარწმუნებულია, რომ სოფელში, ბაღჩეული კულტურის მოყვანის მხრივ, მთავარი პრობლემაა დაგეგმვისა და კოორდინაციის არარსებობა, რის გამოც, ზოგჯერ საქონლის რეალიზაცია ყოვნდება და პროდუქტი ფუჭდება.

ლევონ ამბარცუმიანმა კი უკვე გადაწყვიტა, რომ ივლისში, ტარხუნის მოსავლის აღების შემდეგ საშუალო სიმწიფის კარტოფილს დათესავს. ამბობს, რომ თანასოფლელებმა საკუთარი მიწები უნდა დაყონ და სხვადასხვა კულტურის მოყვანა დაიწყონ. ასე თესლბრუნვაც მოხდება, და ტარხუნის ნათესების ფართობიც შემცირდება. შესაბამისად, გაიზრდება მისი ფასი და, მასთან ერთად, შემოსავალიც.

ამბარცუმიანის თქმით, თუ სოფლებში აგრონომები და კონსულტანტები ეყოლებათ, სწორი გათვლების საშუალება მიეცემათ და სხვადასხვა კულტურის მოყვანისათვის შესაბამისი ნაკვეთების განაწილებაც შესაძლებელი გახდება. ხოლო, სანამ სოფლებში მსგავსი სამსახური არ არსებობს, გლეხი მეზობლის მიბაძვას გააგრძელებს, ისევ იგივე კულტურას მოიყვანს და შემდეგ მოსავლის გასაღების პრობლემა დაუდგება.


ასევე წაიკითხეთ