სომხეთსა და საქართველოს ახალ ბაზრებზე გასვლის და კარგი შემოსავლის მიღების საუკეთესო შესაძლებლობები აქვთ, თუმცა ამას ორი პირობა აფერხებს" />

სომხეთი და საქართველო: თანამშრომლობის 5 მიზეზი

სომხეთსა და საქართველოს ახალ ბაზრებზე გასვლის და კარგი შემოსავლის მიღების საუკეთესო შესაძლებლობები აქვთ, თუმცა ამას ორი პირობა აფერხებს

ფოტო : დიანა პეტრიაშვილი

როდესაც სომხეთი ევრაზიულ კავშირს შეუერთდა, თავიდან ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, თითქოს სამხრეთ კავკასიაში პოლიტიკური რეალობა ერთმნიშვნელოვნად და შეუქცევადად შეიცვალა და ყველა ეკონომიკური პერსპექტივა საბოლოოდ დასამარდა. თუმცა, შეთანხმების დადებიდან დრო გავიდა, და ახლა ბევრი მოდის იმ დასკვნამდე, რომ განსხვავებული ვექტორების მქონე კავკასიის ქვეყნებს არც ისე უპერსპექტივო მომავალი აქვთ, როგორც ამას წინათ სახავდნენ.

გთავაზობთ ხუთ არგუმენტს, რომლებიც ამტკიცებს, რომ პოლიტიკური და სტრატეგიული განსხვავებულობის მიუხედავად, სომხეთი და საქართველო მაინც ითანამშრომლებენ. არგუმენტების ავტორები – გიორგი თარხან-მოურავი, საზოგადოებრივი პოლიტიკის ინსტიტუტის თანადირექტორი (თბილისი) და დავით ჰოვანესიანი, ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის ცივილიზაციისა და კულტურის კვლევის ცენტრის დირექტორი (ერევანი).


პირველი არგუმენტი


ყველაზე კარგი ამბავი ისაა, რომ სომხეთი და საქართველო ურთიერთობის გაფუჭებისთვის ‘კატეგორიულად არ არიან მზად.’ ‘ისტორია გვიჩვენებს, რომ სხვადასხვა ეტაპზე არსებული გარკვეული რყევების მიუხედავად, საქართველო და სომხეთი მაინც ერთი მიმართულებით მიდიან; და ეს მიმართულება დასავლური ცივილიზაციაა,’ – განაცხადა საზოგადოებრივი პოლიტიკის ინსტიტუტის ერთ-ერთმა დირექტორმა, გიორგი თარხან-მოურავმა.


მეორე არგუმენტი
 


‘ჩვენს ქვეყნებს თანაცხოვრებისა და თანამშრომლობის მრავალსაუკუნოვანი გამოცდილება აქვს, რომელსაც დროდადრო სიგიჟის შეტევებიც სდევდა თან,’ – ასე შეაფასა ეს ისტორიული თანამშრომლობა ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის ცივილიზაციისა და კულტურის კვლევის ცენტრის დირექტორმა, დავიდ ოვანრსიანმა. მისი აზრით, სომხეთი და საქართველო ერთმანეთთან ურთიერთობისას ყოველთვის მაქსიმალურ სიფრთხილეს იჩენენ და ამ მხრივ ნებისმიერი ხელისუფლება ‘არდაშავების პრინციპით’ ხელმძღვანელობს. ‘ამ საფუძველზე შესაძლებელია უფრო პროდუქტიული, სერიოზული, გრძელვადიანი და ურთიერთშემავსებელი ურთიერთობების აგება,’ – ამბობს დავიდ ოვანესიანი.


მესამე არგუმენტი
 
 


სხვათა შორის, საქართველოსა და სომხეთის განსხვავებული პოლიტიკური არჩევანი სხვა სფეროებში მათ თანამშრომლობას არ გამორიცხავს. მაგალითად, 1995 წლიდან ჩვენს ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება მოქმედებს.

ამას გარდა, სომხეთი დასავლეთთან ურთიერთობაზე ერთმნიშვნელოვნად უარს არ ამბობს: ‘ჩვენ ინტენსიური ურთიერთობა გვაქვს ნატოს-თან. სომხეთი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის რამდენიმე პროგრამაში მონაწილეობს, რაც რუსეთს ერთგვარად აშფოთებს. თუმცა, ეს ის შესაძლებლობაა, რომელიც ჩვენ აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ,’ – თქვა დავიდ ოვანესიანმა.


მეოთხე არგუმენტი
 



სომხეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობა ერთგვარად ასიმეტრიულია. სომხეთი საქართველოთი გაცილებით მეტადაა დაინტერესებული, რადგან მისთვის საქართველო მნიშვნელოვანი სატრანზიტო ქვეყანაა, და ასევე ფრიად მიმზიდველია შავი ზღვის კურორტებიც. საქართველოსთვის სომხეთი ნაკლებად საინტერესოა, მაგრამ თანამშრომლობის პოტენციალი იმდენად კარგია, რომ ადრე თუ გვიან ამ ‘ასიმეტრიას’ ბოლო მოეღება.

არსებობს სფეროები, რომლებშიც სომხეთმა გარკვეულ წარმატებებს მიაღწია – მაგალითად, საინფორმაციო ტექნოლოგიები; საქართველოში კი ეს დარგები ოდნავ მოიკოჭლებს. ამდენად, თანამშრომლობის პერსპექტივები რეალურია და შეიძლება ორივე ქვეყნისთვის დიდ სარგებლის მომტანი გახდეს.


მეხუთე არგუმენტი
 


უფრო დაწვრილებით მოსალოდნელი სარგებლის შესახებ უნდა ითქვას ის, რომ სომხებსა და ქართველებს კოოპერაციის დიდი შესაძლებლობები აქვთ, რაც საერთო საწარმოების შექმნითა და ახალ ბაზრებზე შესვლით დიდი შემოსავლების მიღების ალბათობას გულისხმობს. თუმცა, ამ თანამშრომლობისთვის საჭიროა ორი მნიშვნელოვანი ფაქტორი – ნება და ინტერესი. ადამიანები უნდა ცდილობდნენ, რაც შეიძლება მეტი გაიგონ ერთმანეთის შესახებ. ერთმანეთის ისტორიაც უნდა ვიცოდეთ, და დღევანდელი მდგომარეობაც.

‘დღეს საქართველოში ერთი სახელმძღვანელოც კი არ არსებობს, რომელიც დაინტერესებულ ადამიანებს დღევანდელი სომხეთის შესახებ ინფორმაციას მიაწვდიდა. გარდა ამისა, სომხებს და ქართველებს ისტორიის განსხვავებული ხედვა აქვთ. თუკი რაიმე უსიამოვნო შეხვდებათ, ისტორიკოსები დუმილს ამჯობინებენ.

მაგალითად, არავინ ლაპარაკობს 1918 წელს საქართველოსა და სომხეთს შორის მომხდარ ომზე. რატომ ადევს ამ თემას ტაბუ? თუ ზუსტად ვერ განვსაზღვრავთ, რატომ მოხდა ეს დაპირისპირება, ერთმანეთისადმი ნდობას ვერასდროს მოვიპოვებთ,’- განაცხადა გიორგი თარხან-მოურავმა’.

 

ვიდეო: ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი

 


ასევე წაიკითხეთ