როგორ აპროტესტებდნენ რუსეთში უკრაინის ომს " />

„სიტყვა „მშვიდობის“ გაგონებაზე ხელი პისტოლეტისკენ მიმაქვს“

როგორ აპროტესტებდნენ რუსეთში უკრაინის ომს

“ნოვაია გაზეტას“  ავტორი იან შეკმანი  რუსული ანტისაომარი  მოძრაობის ისტორიას იხსენებს – უკრაინის კონფლიქტის დაწყებიდან დღემდე:

მოსკოვში ომის საწინააღმდეგო  აქციები ჯერ კიდევ აქტიურ საომარ მოქმედებებამდე დაიწყო – ყირიმის რეფერენდუმამდეც კი. პირველი 2014 წლის 2 მარტის შეუთანხმებელი მიტინგი იყო. აქტივისტები არიგებდნენ ფურცლებს „არა ინტერვენციას!“ – აქციაზე ორმოცდაათამდე პლაკატებიანი და უპლაკატებო ადამიანი მივიდა. სპეცდანიშნულების რაზმელები სამჯერ მეტნი მაინც იყვენენ.

უკვე მაშინ პაციფისტური ქმედებები ხალხში პროუკრაინულად აღიქმებოდა – „ეს უკრაინის მხარდამჭერი მიტინგია!“  – ამბობდნენ წარბშეჭმუხნული გამვლელები. არა ომის საწინააღმდეგო, არამედ სხვა ქვეყნის მხარდამჭერი. და ისევ სპეცდანიშნულების რაზმი  გამოჩნდა.

იმავე დღეს ომის საწინააღმდეგო მიტინგი პიტერშიც ჩატარდა. იქ დაახლოებით 400 ადამიანი მივიდა.  სრულიად რუსეთის მომცველ მრავალათასიან მარშებამდე კიდევ ნახევარი წელი რჩებოდა. პირველი მარში მხოლოდ სექტემბერში გაიმართა.

მაშინვე დაიწყო ანტისაომარი მოძრაობაც. ამ ამომენტიდან ნებისმიერ პაციფისტურ აქციას ახლდა  პირქუში ადამიანების ჯგუფი პლაკატებზე წარწერებით  – „მშვიდობის  მარში – მკვლელების ხელისშემწყობთა მარში“ – და ასე შემდეგ.  ისინი უფრო ცოტანი არიან, მაგრამ პაციფისტებისგან განსხვავებით, მათ სერიოზული საჩხუბარი განწყობა აქვთ.

ომის შეჩერების და ჯარის გაყვანის მოთხოვნა  ყველა საპროტესტო მიტინგის თანმხლები იყო.  ომის საწინააღმდეგო მასობრივი მოძრაობა იქცა საპროტესტო მოძრაობის ნაწილად, რომელმაც ის საბოლოოდ შთანთქა კიდეც. დღესდღეობით, ხელისუფლების შეცვლის მოთხოვნის ფონზე, ომის შეწყვეტის მოთხოვნა გაფერმკთალებულია.

რუსეთში, განსაკუთრებით ახლა, მშვიდობაზე არ ფიქრობენ. როდესაც საპროპაგანდო ომის აქტიური ფაზა დასრულდა, უმცირესობამ მკაფიო პროუკრაინული პოზიცია დაიკავა, ამას წინ აღუდგნენ ურა-პატრიოტები, ხოლო უმრავლესობისთვის სულ ერთია. ბევრმა ისიც კი არ იცის, რომ ომი მიმდინარეობს.

სამწელიწადნახევრის განმავლობაში  ყველა პაციფისტური აქცია სინამდვილეში ომის წინააღმდეგ კი არ იყო მიმართული, არამედ ურთიერთსიძულვილის წინააღმდეგ.  მთავარი თეზისი ასეთია: ჩვენ ჯარის გამოყვანა არ შეგვიძლია, მაგრამ შეგვიძლია ერთმანეთსადმი უკეთესი დამოკიდებულება გვქონდეს და ურთიერთობა გავაგრძელოთ, სიძულვილი კი ომს მხოლოდ აღვივებს – ეს  უაღრესად გულუბყვრილო, არაგმირული თეზისია.

გულუბყვრილო იყო „ნოვაია გაზეტას“  მიერ 2014 წლის დეკემბერში გამართული აქციაც  „მილოცვები იქიდან აქეთ“. მაშინ ორივე ქვეყნის 30-მა მუსიკოსმა ერთმანეთს ახალი წელი მიულოცა და თბილი სიტყვები უთხრა. შევჩუკი, სკრიპკა, სურგანოვა, ჯამალა… იყო ბევრი ნახვები, ამის შესახებ, როგორც პირველ რუსულ-უკრაინულ ანტისაომარ პროექტზე, ყველა მასობრივმა საინფორმაციო საშუალებამ დაწერა.

უკვირდათ, რომ ასეთი რამ საერთოდ შესაძლებელი იყო: ისინი ისვრიან, ჩვენ კი ვსაუბრობთ.

არც 2015-ში, და არც 2016-ში ამ გამოცდილების განმეორება არ მოხერხდა. დიდსულოვნება ორივე მხრიდან ამოიწურა, თუმცა ჩვენს აქციას ათობით სხვა დიალოგის ინიციატივა მოჰყვა.

ვარია დარევსკაია ალბათ ერთადერთი ადამიანია, რომელმაც, თუნდაც მცირე მასშტაბებით, მაგრამ  მაინც შეძლო დიალოგის მოგვარება. 2015 წლიდან ის ყუთობით ეზიდება წერილებს მოსკოვიდან დონეცკში, ლუგანსკიდან კიევში, კიევიდან გორლოვკაში… ადამიანები, რომლებსაც ერთმანეთი თითქოს სასტიკად უნდა სძულდეთ, წერენ : „საყვარლებო, ძვირფასებო, გვაპატიეთ, ჩვენ მშვიდობა გვინდა!“ – მან ხმა უკრაინის მასობრივ საინფორმაციო საშუალებებამდეც მიაწვდინა, წერილები ნაწილობრივ გაზეთებში ქვეყნდებოდა. ფაქტობრივად ეს სამშვიდობო ფოსტაა.  

ამ ყველაფერზე პოლიციის ზეწოლა ხორციელდება. კიევში ასეთი ხუმრობაც მოვისმინე: „სიტყვა „მშვიდობის“ გაგონებაზე ხელი პისტოლეტისკენ მიმაქვს“ .

ახლა ყველა აქცია სასამართლო დარბაზზე დამიზნებით უნდა დაიგეგმოს. 2016 წლის გაზაფხულზე პოლიციის ავტობუსები მოსკოვის ცენტრში მოძრავ გამოფენას „არა მშვიდობა“-ს დასდევდნენ. ასე ტერორისტებსა და აჯანყებულებზე ნადირობენ, არადა ისინი მხოლოდ პაციფისტი მხატვრები იყვნენ. ისინი მეხუთე კოლონაც კი არ არიან – არავის არაფერს სთხოვდნენ და არავის ადანაშაულებდნენ.

ასეთია დღეისთვის ომის საწინააღმდეგო მოძრაობა: დაჭერები, პოლიტიკური ანგაჟირებულობა, წარუმატებლობების სერია, გაუგებრობის ზღვა და ადამიანების ჯგუფი, რომელიც  დანაწევრებული სივრცის შეერთებას მთელი ძალით ცდილობს.

„ნოვაია გაზეტას“ მასალების მიხედვით       


ასევე წაიკითხეთ