სახელმწიფო შეძლებს ერთ თვეში ჩამოართვას ქონება მესაკუთრეს
თუ თქვენი კერძო საკუთრება საზოგადოებრივი საჭიროებისათვის მნიშვნელოვან ადგილას მდებარეობს, სახელმწიფოს შეუძლია გამარტივებული წესით ჩამოგართვათ ის.
ასე მოხდება, თუკი პარლამენტი მიიღებს ახალ საკანონმდებლო პაკეტს, რომლის ინიციატორი საქართველოს მთავრობაა.
სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტებისთვის კერძო საკუთრების ჩამორთმევა, კანონის მიხედვით, დღესაც შესაძლებელია, თუმცა ახალი რეგულაციებით, ეს წესი კიდევ უფრო გამარტივდება.
შემოდის იძულებითი განსახლების წესი, რომელიც გულისხმობს მესაკუთრის ქონების ექსპროპრიაციას (ექსპროპრიაცია-აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის სათანადო კომპენსაციის გადახდით საკუთრების ჩამორთმევის ერთჯერადი უფლება_JAMnews) სასამართლოს გადაწყვეტილებით. “კომპენსაციის წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პირობით”, – წერია მთავრობის განმარტებით ბარათში.
თუმცა, ამ ჩანაწერის მიუხედავად, კანონპროექტის თანახმად, პრივილეგირებულ მდგომარეობაში აშკარად სახელმწიფო გამოდის. სახელმწიფოს შეუძლია სასამართლოს პირველივე ინსტანციის გადაწყვეტილების საფუძველზე, პოლიციის ძალების გამოყენებით, ერთი თვის ვადაში გაასახლოს საკუთარი სახლიდან და მიწის ნაკვეთიდან მოქალაქე და ჩამოართვას მას ქონება კომპენსაციის სანაცვლოდ. ხოლო თუ მიწის ნაკვეთზე სახლი არ დგას, მოქალაქისთვის მისი ჩამორთმევა კიდევ უფრო მალე – ორ კვირაში შეიძლება.
მოგვიანებით, პირს, რომელსაც ქონება ჩამოართვეს, სასამართლოს სხვა ინსტანციებში ჩივილის უფლება კი აქვს, მაგრამ მას შეუძლია მხოლოდ კომპენსაციის ოდენობაზე იდავოს. ძველ ქონებას მას არავინ დაუბრუნებს.
განმარტებით ბარათში, რომელიც პარლამენტში გაგზავნილ კანონპროექტს ახლავს, აღნიშნულია, რომ ამგვარი რეგულაციების მიღების საჭიროება იმიტომ დადგა, რომ დღევანდელ კანონში არსებული სამართლებრივი ხარვეზები ძალიან აბრკოლებს ექსპროპრიაციის პროცესს და ხელს უშლის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის პროექტებისა და სამუშაოების დაგეგმილ ვადებში განხორციელებას.
არასამთავრობო ორგანიზაციებისა და იურისტების ნაწილი მიიჩნევს, რომ აღნიშნული კანონპროექტი მოქალაქეების კონსტიტუციურ უფლებებს არღვევს.
ჯერჯერობით პარლამენტში ამ კანონპროექტზე მუშაობა არ დაუწყიათ და აქვთ თუ არა შენიშვნები დეპუტატებს, უცნობია. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ კანონი მთავრობის მიერაა ინიცირებული, პარლამენტში კი სახელისუფლებო გუნდი საკონსტიტუციო უმრავლესობითაა წარმოდგენილი, მისი მიღება არ უნდა გაჭირდეს.
თუ პარლამენტმა ეს კანონი მიიღო, სავარაუდოდ, მნიშვნელოვანი ძვრები მოხდება ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული პროექტის – ხუდონ ჰესის მშენებლობის პროცესშიც. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ამ კანონპროექტის ყველაზე მკაცრი და სადავო რეგულაციები სწორედ ხუდონის მშენებლობას უკავშირდება.
დასავლეთ საქართველოში, მდინარე ენგურზე $1-მილიარდიანი ელექტროსადგურის მშენებლობას უკვე 5 წელია უშედეგოდ ცდილობს კომპანია “ტრანსელექტრიკა”. ამ კომპანიას ჰესის მშენებლობა ჯერ კიდევ 2014 წელს უნდა დაეწყო, თუმცა ადგილობრივ მოსახლეობასთან შექმნილი პრობლემებისა და დაფინანსებაში არსებული პრობლემების გამო პროექტი განხორციელება ვერ ხერხდება. იმისთვის, რომ ჰესი აშენდეს, მთლიანად წყლის ქვეშ უნდა აღმოჩნდეს ხაიშის თემის სოფლები. ახალი კანონი კი სახელმწიფოს მოსახლეობის იძულებით გასახლების შესაძლებლობას მისცემს.