საქართველომ სტამბოლის კონვენციის რატიფიკაციის შესახებ ოფიციალურად განაცხადა " />

საქართველო ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის კრიმინალიზაციის ვალდებულებას იღებს

საქართველომ სტამბოლის კონვენციის რატიფიკაციის შესახებ ოფიციალურად განაცხადა

საქართველო ევროპის საბჭოს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ კონვენციას ოფიციალურად შეუერთდა. ამის შესახებ დღეს 19 მაისს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაზე გაკეთდა განცხადება.

დოკუმენტი ძალაში 2017 წლის პირველი სექტემბრიდან შედის. ეს იმას ნიშნავს, რომ ნაკისრი ვალდებულებებით საქართველომ უნდა დაიწყოს იმ ქმედებების კრიმინალიზაცია, რაც ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობასთან არის დაკავშირებული.

კონვენციის მიხედვით, უნდა მოხდეს ისეთი ქმედებების კრიმინალიზაცია, როგორებიცაა: ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობა, სექსუალური ძალადობა და გაუპატიურება, ადევნება, სასქესო ორგანოების დასახიჩრება, იძულებით ქორწინება, იძულებითი აბორტი და სტერილიზაცია.

საქართველო 23-ე ქვეყანაა, რომელმაც ამ კონვენციის რატიფიცირება მოახდინა. კონვენციის მხარეები ძალადობის პრევენციისა და დაზარალებულთა დაცვის ვალდებულებას იღებენ. ეს სამართლებრივი ინსტრუმენტი ქალთა მიმართ ძალადობის ყველა ფორმას განსაზღვრავს და მათ სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ადგენს.

ხელმომწერმა მხარეებმა ძალადობის პრევენციისას უნდა უზრუნველყონ, რომ კულტურა, ტრადიციები ან ე.წ. “ღირსება” ძალადობის გამამართლებელ ფაქტორად არ ჩაითვალოს. დაუყოვნებლივი საფრთხის შემთხვევაში შესაძლოა პოლიციელს მიეცეს უფლება დამნაშავე სახლიდან გაიყვანოს. კონვენციის ხელმომწერმა ქვეყანამ ადვილად ხელმისაწვდომი უნდა გახადოს თავშესაფრებისა და კრიზისის რეფერალური ცენტრები და უნდა უზრუნველყოს 24 საათიანი ცხელი ხაზის არსებობა.

ქალებისა და გოგონების დაცვასთან ერთად კონვენცია ოჯახში ძალადობის მსხვერპლ მამაკაცებისა და ბიჭების მიმართ დამცავი ჩარჩოს გამოყენებასაც გულისხმობს.

ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხი საქართველოში განსაკუთრებით მწვავედ დგას. მხოლოდ გასულ 2016 წელს 13 ქალი მოკლეს ოჯახში ძალადობის პირობებში. ჯანმრთელობის დაზიანებების რიცხვმა კი 2000-ს გადააჭარბა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2016 წელს 2 ათას 877 შემაკავებელი ორდერი გამოიცა, 2017 წლის აპრილის ჩათვლით კი უკვე 752 ორდერია გაცემული.


ასევე წაიკითხეთ