რატომ უჭირთ საქართველოში მცხოვრებ სომხებს  მშობლიურ ენაზე განათლების მიღება?" />

საქართველოში სომხური სკოლების 5 ძირითადი პრობლემა

რატომ უჭირთ საქართველოში მცხოვრებ სომხებს  მშობლიურ ენაზე განათლების მიღება?

მასწავლებლების არარსებობა

რეგიონში სომხური ენისა და ლიტერატურის მასწავლებლების არასაკმარისი რაოდენობაა. მაგალითად, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ყველაზე დიდ, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში “ნამდვილი” (ანუ უმაღლესი პედაგოგიური განათლების მქონე) მასწავლებლები პედაგოგების საერთო რაოდენობის მხოლოდ 30 პროცენტს შეადგენენ. 

ენისა და ლიტერატურის გაკვეთილებს ხშირად სულ სხვა საგნის მასწავლებლები ატარებენ. ახალქალაქში მოსახლეობის 95 პროცენტი ეთნიკურად სომეხია, ნინოწმინდაში კი სომხები მოსახლეობის 98 პროცენტს შეადგენენ. ამის მიუხედავად, ზემოაღნიშნულ მუნიციპალიტეტებში ძალიან ჭირს იმ ადამიანების პოვნა, ვინც სათანადოდ ფლობს თანამედროვე ლიტერატურულ სომხურ ენას და სკოლაში სწავლების უნარი შესწევს.

 

 

სახელმძღვანელოების არქონა



სომხური სკოლები საქართველოს განათლების სისტემის ნაწილია და, შესაბამისად, ამ სასწავლებლებისთვის განკუთვნილი თითქმის ყველა წიგნი საქართველოში იწერება და ითარგმნება. მასწავლებლები წიგნების ხარისხს უჩივიან. მათი თქმით, სახელმძღვანელოებში არამხოლოდ მექანიკური, არამედ ფაქტობრივი შეცდომაც ბევრია. ადგილობრივი პედაგოგები განათლების სამინისტროს მონიტორინგის ჩატარებასა და შეცდომების გასწორებას სთხოვენ.

ამასთან, მასწავლებლების თქმით, უპრიანი იქნება, თუკი განათლების სისტემის მესვეურები არ შეცვლიან სახელმძღვანელოებს, აღმოჩენილ შეცდომებს კი წიგნებისთვის დართულ დამატებებში მიუთითებენ.

“ამის გაკეთება ბევრად უფრო სწრაფად შეიძლება, თუკი საქმეში სომხური სკოლის მასწავლებლებიც ჩაერთვებიან; მათ ზეპირად ახსოვთ, რომელ გვერდზე რა შეცდომაა გაპარული,” – აცხადებს სედა მელქუმიანი, რომელიც ხელმძღვანელობს ორგანიზაციას “სამოქალაქო განათლება სამართლებრივი სახელმწიფოსთვის”.
 ძალიან უსიამოვნო მდგომარეობა შეიქმნა სომხური ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელოებთან დაკავშირებით, რომლებიც ერევნიდან იგზავნებოდა ხოლმე. წიგნები რამდენიმე თვის განმავლობაში გადიოდა საბაჟო შემოწმებას; შედეგად კი, გასულ წელს აღნიშნული სახელმძღვანელოები ზოგიერთ სკოლაში ვერ მოხვდა. ჟურნალისტებთან საუბრისას საბაჟო უწყებისა და განათლების სამინისტროს წარმომადგენლებმა ვერ განმარტეს ამ დაყოვნების მიზეზი.

 

 უსტატუსობა



სამცხე-ჯავახეთში 77 სომხური სკოლაა. იმ ბავშვებისთვის, ვინც ამ სკოლებში სწავლობს, სომხური მშობლიური ენაა. სომხური სკოლების მოსწავლეთა უმრავლესობამ სხვა ენა არ იცის. ამასთან, საქართველოს განათლების სისტემა, ფაქტობრივად, უგულვებელყოფს სომხურ ენასა და ლიტერატურას, როგორც ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის საგანს.
’სომხურ ენას სტატუსი არ გააჩნია; ამდენად, აბიტურიენტები მშობლიური, ანუ სომხური ენისა და ლიტერატურის გამოცდებს არ აბარებენ. შესაბამისად, არავინ ზრუნავს სომხური ენისა და ლიტერატურის მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლებაზე. სხვა საგნების მასწავლებლებისთვის გათვალისწინებულია ტესტირება და სერტიფიკაცია, ხოლო მათთვის, ვინც სომხურს ასწავლის – არა”,_ აცხადებს “სამოქალაქო განათლების ცენტრის” ხელმძღვანელი ანაიდა ჟამკოჩიანი.


 

საკითხის არაადეკვატურად აღქმა



წინა წლებში ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში ქართული ენის სწავლების საკითხი არ იყო სათანადოდ დასმული, რის გამოც, ჯავახეთში ქართული ენის მცოდნე სკოლადამთავრებულების რიცხვი ძალიან მცირე იყო. სახელმწიფო ენის სწავლებასთან დაკავშირებული პრობლემების აღმოსაფხვრელად ათიოდე წლის წინათ რამდენიმე სახელმწიფო პროგრამა ამოქმედდა. ზემოაღნიშნულმა პროექტებმა ძალიან მალე მოიტანა შედეგი. თუმცა, რეფორმატორებმა გადაწყვიტეს, მიღწეულით არ დაკმაყოფილებულიყვნენ და ყველა არაქართულ სკოლაში ბილინგვური სისტემის დანერგვა დაიწყეს.


გეგმის მიხედვით, თითოეული გაკვეთილისთვის გამოყოფილი დროის 30% ქართულ ენაზე საუბარს უნდა დათმობოდა, დანარჩენი დროის განმავლობაში კი მასწავლებლები და მოსწავლეები ეთნიკური უმცირესობების მშობლიურ (ძირითადად, სომხურ, აზერბაიჯანულ და რუსულ) ენებზე ისაუბრებდნენ. მალევე გაირკვა, რომ ამ გეგმის განხორციელება არც ისე მარტივია. ყველა საგნისთვის საჭირო გახდა ორი მასწავლებელი; ერთს ქართულად უნდა აეხსნა მასალა, მეორეს კი – სომხურად. მაგრამ ყველა საგანს ამჟამადაც თითო მასწავლებელი უძღვება, რომელიც, როგორც წესი, გაკვეთილის “ქართულ” ნაწილს “უგულებელყოფს”.

“გამოდის, რომ მოსწავლე წიგნის მხოლოდ 70 %-ს ეცნობა, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, გაკვეთილის მხოლოდ ნაწილი იცის”, – აცხადებს სედა მელქუმიანი.

 

 


უპერსპექტივობა 



მთლიანობაში, სამცხე-ჯავახეთის სომხურ სკოლებში არსებული მდგომარეობა არც ქართული განათლების სიტემას შეესაბამება, და არც – სომხურს, რაც სკოლადამთავრებულებისთვის დიდ პრობლემას წარმოადგენს.

ერთი მხრივ, ძალიან ძნელია ქართულ უმაღლეს სასწავლებლებში ჩაბარება, რადგან როგორც წესი,  ქართულის არცოდნა მთავარი დაბრკოლება ხდება. ხოლო ერევანში ჩაბარება ისევე რთულია, როგორც თბილისში.

საქართველოში და სომხეთში უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვისა და სწავლების განსხვავებული წესები მოქმედებს. საქართველოს ხელისუფლება იმედოვნებს, რომ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებით დასახლებულ რეგიონებიდან მიგრაციას შეამცირებს. ამ მიზნის მისაღწევად ეთნიკური უმცირესობებისათვის სპეციალური საშეღავათო პროგრამაც შემუშავდა. მეტწილად სწორედ ამ პროგრამის დამსახურებაა, რომ, ყველა სირთულის მიუხედავად, ჯავახეთის მკვიდრ სკოლადამთავრებულთა შორის განუხრელად იზრდება იმ აბიტურიენტების რიცხვი, რომლებიც თბილისის უმაღლეს სასწავლებლებში ირიცხებიან.


ასევე წაიკითხეთ