პროკურატურის სტატისტიკის მიხედვით, 2017 წელს ოჯახური დანაშაულის ფაქტზე 1986 საქმე აღიძრა რაც სამჯერ მეტია 2014 წელთან შედარებით " />

საქართველოში ოჯახში ძალადობის შესახებ კანონმდებლობა მკაცრდება

პროკურატურის სტატისტიკის მიხედვით, 2017 წელს ოჯახური დანაშაულის ფაქტზე 1986 საქმე აღიძრა რაც სამჯერ მეტია 2014 წელთან შედარებით

საქართველოში მკაცრდება კანონმდებლობა, რომელიც ოჯახში ძალადობის ფაქტებს ეხება.

კონკრეტულად კი, ოჯახში ძალადობის ფაქტზე გამოძიების დაწყებისთანავე, პოლიცია ვალდებულია გამოსცეს შემაკავებელი ორდერი და ასევე გამოძიებაში მყოფ პირს იარაღით სარგებლობის უფლება შეუზღუდოს.

შესაბამისი ცვლილებები “ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონში იგეგმება.

შემაკავებელი ორდერი ნიშნავს მოძალადისთვის გარკვეული ქმედებების აკრძალვას – მაგალითად, მას შეიძლება აეკრძალოს მსხვერპლის სამსახურთან და საცხოვრებელ ადგილთან მიახლოება, ან სატელეფონო ზარები. თუ ამ შეზღუდვებიდან რომელიმე დაირღვა, მსხვერპლმა შესაბამის ორგანოს უნდა აცნობოს.

მოქმედი კანონით, შემაკავებელი ორდერის გამოცემა პოლიციელის უფლებამოსილებაა და ამ ორდერს პოლიციელი გამოსცემს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საჭიროდ ჩათვლის საქმის გარემოებებიდან გამომდინარე; ხოლო ახალი კანონმდებლობით, ეს ღონისძიება სავალდებულო ხდება და პოლიციელის პასუხისმგებლობაზე აღარ იქნება დამოკიდებული.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში მოყვანილია საქართველოს მთავარი პროკურორის 2017 წლის ანგარიში. ამ ანგარიშში ჩანს, რომ ბოლო წლებში ოჯახური ძალადობის გამო პოლიციას სულ უფრო მეტი ადამიანი მიმართავს.

სტატისტიკის მიხედვით, 2014 წელს ოჯახური დანაშაულის ფაქტზე 550 პირის მიმართ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, 2015 წელს – 1066, 2016 წელს – 1356, ხოლო 2017 წელს – 1986 პირის მიმართ.

კანონპროექტი საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ მოამზადა, მთავრობამ კი უკვე გადაუგზავნა პარლამენტს. ცვლილებათა პაკეტი კომენტარებისა და მოსაზრებებისთვის გააცნეს გაეროს ქალთა ორგანიზაციასაც. დასკვნები დადებითია. არ არის გამორიცხული, კანონპროექტი განსახილველად 21 მარტის პლენარულს სხდომაზე გავიდეს.


ასევე წაიკითხეთ