ნატოსა და ევროკავშირის მომხრეთა რაოდენობა ასეთი მაღალი მხოლოდ 2013 წელს იყო" />

საქართველოში NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეთა რაოდენობა გაიზარდა

ნატოსა და ევროკავშირის მომხრეთა რაოდენობა ასეთი მაღალი მხოლოდ 2013 წელს იყო

საქართველოს NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანებას უფრო მეტი ადამიანი უჭერს მხარს, ვიდრე გასულ წლებში. ამის შესახებ საუბარია ეროვნულ-დემორკატიული ინსტიტუტის საზოგადოებრივი აზრის კვლევაში, რომელიც 23 ივნისიდან 8 ივლისამდე პერიოდში ჩატარდა.

NATO-ში გაწევრიანებას მოქალაქეთა 75 პროცენტი, ევროკავშირში გაწევრიანებას კი 81 პროცენტი ემხრობა.გასულ წელთან შედარებით NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეთა რაოდენობა დაახლოებით 10 პროცენტითაა გაზრდილი. ასეთი მაღალი მხარდაჭერა მხოლოდ 2013 წელს იყო.

გარდა საგარეო პოლიტიკისა კვლევა ეხება ისეთ საკითხებს, როგორიცაა საქართველოში მიმდინარე მოვლენები, ბიუჯეტის პრიორიტეტები, დემოკრატია, გარემოს დაცვა.

პოლიტიკური განწყობები

გამოკითხულთა უმრავლესობა ამბობს, რომ მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს არც ერთი პოლიტიკური პარტია არ დგას

კითხვაზე, ხვალ რომ საპრეზიდენტო არჩევნები ტარდებოდეს, გადაწყვეტილი გაქვთ თუ არა ვის მისცემდით ხმას, წინა კვლევებისგან განსხვავებით ყველაზე მეტი მოქალაქეთა 74 პროცენტი აღნიშნავს, რომ არ იცის ვის მისცემს ხმას. ამასთან, მოსახლეობის ძალიან მცირე ნაწილი ასახელებს კონკრეტულ პარტიას, როგორც მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს მყოფს. მოქალაქეების 18 პროცენტი ასეთ პარტიად “ქართულ ოცნებას” ასახელებს, 10 პროცენტი – “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”, ხოლო 3 პროცენტი – “ლეიბორისტულ პარტიას”. ყველა სხვა პარტია რესპონდენტთა 3 პროცენტზე ნაკლებმა დაასახელა.

უმუშევრობა

ამ გამოკითხვაშიც მთავარ პრობლემებად სიღარიბე და უმუშევრობაა დასახელებული. გამოკითხულთა 59-მა პროცენტმა განაცხადა, რომ  გასულ თვეში არცერთი ანაზღაურებადი დღე არ უმუშავია.

კითხვაზე, “გასულ თვეში გიმუშავიათ თუ არა ერთი ანაზღაურებადი დღე მაინც”, დადებითად 39-მა პროცენტმა უპასუხა. მათი 83 პროცენტი მოელის, რომ მომდევნო თვეშიც ექნება იმავე რაოდენობის სამუშაო დღეები, ხოლო 11 პროცენტი – არ მოელის. ვინც წინა თვეში იმუშავა, მათმა 6 პროცენტმა არ იცის, მომდევნო თვეშიც ექნება სამუშაო თუ არა.

საინტერესოა, რომ მოსახლეობის ნახევარზე მეტი არ არის ინფორმირებული საპენსიო რეფორმის შესახებ, რომელიც 40 წლამდე დასაქმებული მოქალაქეებისთვის საპენსიო ფონდში 2-2 პროცენტიან შენატანს გულისხმობს დასაქმებულის, დამსაქმებლის და სახელმწიფოს მხრიდან.

გარემოს დაცვა

საქართველოს მოსახლეობა გარემოს დაცვის კუთხით არსებულ მდგომარეობას კრიტიკულად აფასებს. მოქალაქეების დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ საქართველოში ძალიან პრობლემატურია ჰაერის დაბინძურება, საკვების უსაფრთხოება, დაუმუშავებელი ნარჩენები, მიწისა და წყლის დაბინძურება.

თბილისში მცხოვრებთა 90 პროცენტი მხარს უჭერს გარემოს დაცვის კუთხით ისეთი ზომების გატარებას, როგორიცაა: მანქანების ტექნიკური დათვალიერება, ნაგვის სავალდებულო დახარისხება, საკვები პროდუქტის რეგულარული შემოწმება, პოლიეთილენის პარკებისა და კონტეინერების აკრძალვა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაუმჯობესება.

მოქალაქეთა დიდი ნაწილი ასევე მიიჩნევს, რომ მთავრობამ უნდა შეინარჩუნოს და გააფართოოს არსებული პარკები და გამწვანებული სივრცეები, აკრძალოს მშენებლობა, რომელიც არ შეესაბამება გარემოს დაცვის სტანდარტებს, გააუქმოს პარკებში მშენებლობებზე გაცემული ნებართვები, შეზღუდოს პარკებსა და მწვანე სივრცეებში სავალ ნაწილში ბეტონისა და ასფალტის გამოყენება.

ბიუჯეტის პრიორიტეტები

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი გარემოს დაცვის საკითხებს პრობლემურად მიიჩნევს, მათთვის გარემოს დაცვა იმ პრიორიტეტულ სფეროებში არ შედის, რომლებსაც დაფინანსება უნდა გაეზარდოთ. გამოკითხულთა მხოლოდ 15 პროცენტი თვლის, რომ გარემოს დაცვა პრიორიტეტულია.

უფრო პრიორიტეტულ სფეროებად, რომლებსაც დაფინანსება უნდა გაეზარდოს დასახელებულია განათლება, ჯანდაცვა, პენსიები და სოციალური დახმარებები. ნაკლებად პრიორიტეტულ სფეროებად მოქალაქეები მიიჩნევენ დიპლომატიის, საგარეო ურთიერთობების და პოლიციის დაფინანსებას, ასევე – პატარა და საშუალო ბიზნესების ხელშეწყობას.


ასევე წაიკითხეთ