აზერბაიჯანი ჰეპატიტის აფეთქებას მოუმზადებელი შეხვდა" />

სამარცხვინო დაავადება

აზერბაიჯანი ჰეპატიტის აფეთქებას მოუმზადებელი შეხვდა

აზერბაიჯანში ჰეპატიტი ჯერ კიდევ “სამარცხვინო” დაავადებებს განეკუთვნება. და მის შესახებ უფრო ხშირად შემთხვევით იგებენ ხოლმე.

ჰეპატიტი ხშირად სიმპტომების გარეშე მიმდინარეობს, და მას მხოლოდ მაშინ აღმოაჩენენ, როდესაც უკვე ძალიან დაგვიანებულია. აზერბაიჯანში, ოფიციალური მონაცემებით, დაავადებულია 2900 ადამიანი. მაგრამ ეს სტატისტიკა მიღებულია კლინიკებიდან  ცენტრალიზებული წესით, და ის ძირითადად ასახავს ქრონიკულად დაავადებული ადამიანების რაოდენობას, ან ძალიან შორს წასული ჰეპატიტის შემთხვევებს. სინამდვილეში რამდენი ადამიანია ქვეყანაში  დაავადებული, ამის დადგენა შეუძლებელია.

ჰეპატიტის შესახებ სტატიისთვის გმირის პოვნა არცთუ იოლი სამე აღმოჩნდა. ნაცნობები წამდაუწუმ მწერდნენ  შეთქმულებივით პირადი ფოსტით: “მყავს ერთი ჰეპატიტიანი ნაცნობი კაცი/ქალი, მაგრამ ხომ გესმის, საქვეყნოდ მოყოლას არ დაიწყებს”. 

ელდარი. ჰეპატიტი C

მე და ელდარი ერთმანეთს გზისპირა დუქანში ვხვდებით – აი ისეთში, გზადადგზა რომ შეირბენ, ერთი ფინჯანი ცხელი ჩაით რომ გათბები  და უბრალო “შინაურულ” საჭმელს რომ შეჭამ. წინ პატარა ჭიქით არაყი და წვენი უდგას მისაყოლებლად.  ხელებს ნერვიულად ამოძრავებს. ჰყვება დინჯად, სიტყვებ ეძებს.  

 “რვა წლის წინათ კიბიდან ჩამოვვარდი და ხელი მოვიტეხე. ტრავმატოლოგიურში მივედი. იქ ანალიზები ამიღეს და С ჰეპატიტი აღმომაჩნდა. მაშინვე ჩემი ცოლ-შვილიც შეამოწმეს, მაგრამ მათ არ აღმოაჩნდათ. ახლა ვფიქრობ, მაშინ გავიგე,რომ ეს დაავადება მქონდა, მაგრამ რამდენი წლის წინათ დავავადდი ვინ იცის”?

იმავე ტრავმატოლოგიურ საავადმყოფოში ექიმმა მკურნალობა შემომთავაზა: “რაღაც პრეპარატების ყიდვას მაძალებდა, ამბობდა, თურქეთიდან ჩამოაქვთ, თითო ექვსი ათასი ღირს, და თან ვერანაირ გარანტიას ვერ მოგცემო. დავპირდი, რომ მოვიფიქრებდი.

მაგრამ ღვიძლი კარგად მიმუშავებდა, მართალია, თავიდან ცოტა შევშინდი, ცხრე, შემწვარი საჭმელი და სპირტიანი სასმელი რაციონიდან ამოვიღე. პოლიკლინიკის მედდამ მეუბნებოდა: “რა განერვიულებს, ისე იცხოვრე, თითქოს არც არაფერ გჭირსო”.

რამდენიმე წელიწადში ელდარს გართულებები დაეწყო – მუცლის ღრუში სითხე უგროვდებოდა. “დედამ შემამჩნია, მითხრა, მუცელი გეზრდებაო. თავიდან ვეხუმრებოდი, ვეუბნებოდი, ვბერდები და მუცელს ვუშვებ-მეთქი”.

ულტრახმოვანი გამოკვლევის შემდეგ ექიმმა ელდარს უთხრა, რომ ღვიძლის გადარჩენა ჯერ კიდევ შეიძლებოდა.

მაგარამ სერიოზულად მკურნალობა არ გამოდიოდა: “სმისთვის თავი უნდა დამენებებინა, არადა არ შემეძლო. პოლიკლინიკიდან გამოვედი თუ არა, მაშინვე მაღაზიაში შევედი და არაყი ვიყიდე”.

ახლახან ელდარს დანტისტი დაჭირდა, და მიაკითხა ირანელ ექიმს, რომელიც ნაცნობებმა ურჩიეს. “ერთხელ ვიყავი მასთან და მეორედ რომ მივედი, მეუბნება: “რატომ არ მითხარი, ჰეპატიტი თუ გქონდა?” თურმე რაღაც ინსტრუმენტი აქვთ პაციენტების შესამოწმებლად. 

ძალიან მეწყინა. ვეუბნები: “თავიდანვე უნდა გეკითხა, ავად ვიყავი თუ არა”. მან მითხრა: “არა, შენ თვითონ უნდა გაგეფრთხილებინეო”. მე კიდევ ვუპასუხე: “რა, ყველას გასაგონად უნდა მეყვირა? იქნებ სახელოზე დავითის ვარსკვლავიც მივიმაგრო”? 

აიტიანი. ჰეპატიტი B

საუბრის დროს აიტიანი თან ბავშვს აჭმევს – ყურმილში ბავშვის ტიტინი ისმის, ინტერვიუზე სიამონებით დათანხმდა, თავის დაავადებას საიდუმლოდ არ ინახავს.

“В ჰეპატიტით თერთმეტი წლის ასაკში დავავადდი, – ჰყვება  აიტიანი, – საერთოდ ვერ ვხვდები, ეს როგორ უნდა მომხდარიყო. ოპერაციები არ გადამიტანია, კბილი ექიმთან არ ვყოფილვარ. შეიძლება, სადმე ეზოში რაიმე გავიჭერი და რაღაც ამდაგვარი იყო”.

დაავადების შესახებ შემთხვევით შეიტყო. “თავიდან საერთო სისუსტე მქონდა, გული რევის შეგრძნება, ჩეულებრივი მოწამვლის მსგავსი. შემდეგ დედამ შენიშნა, რომ თვალის გუგები გამიყვითლდა. მაშინვე ექიმს მივმართეთ და ანალიზები ამიღეს. ღვიძლი გადიდებული იყო, როგორც გვითხრეს საავადმყოფოში ორი კვირით უნდა დავწოლილიყავი”.

აიტიანისთვის ეს დაავადება რაიმე “სამარცვინოს” არ ნიშნავდა: “ვფიქრობდი, – ჰეპატიტია და იყოს, იგივეა, რაც სხვა დანარჩენი – გრიპი იქნება თუ სხვა ამდაგვარი-მეთქი. თანაც ჩემს ირგვლივ სხვა ადამიანებსაც ჰქონდათ ეს დაავადება”.

და მაინც, მისმა ახლანდელმა მეგობრებმა მისი დაავადების შესახებ არაფერი იციან, არც – ქმრის ოჯახმა. “ქმარმაც მხოლოდ მაშინ გაიგო, როდესაც ბავშვის გაჩენისთვის ვემზადებოდით და ყველა ანალიზს ვაბარებდით”, – ამბობს ის. მისი თქმით, ის სრულიად ჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვრობს, რომელიც სხვა ჯანმრთელი ადამიანების ცხოვრებისგან არაფრით განსხვავდება. “ერთადერთი გამონაკლისი ისაა, რომ მე არ შემიძლის სისხლი დონორი ვიყო.” დროდადრო ის ყოველ შემთხვევისთვის მაინც აბარებს ანალიზებს. 

სევდა. ჰეპატიტი  С

სევდამ დაავადების შესახებ შემთხვევით შეიტყო. “ისე მოხდა, რომ მე და ჩემმა ქმარმა ბევრი წლის განმავლობაში ვერ შევძელით შვილი გაჩენა, და შვილად აყვანის კომიტეტს მივმართეთ. პროცედურის თანახმად, იქ, სხვა მრავალ შემოწმებასთან ერთად, უამრავი ანალიზის ჩაბარებაც არის საჭირო. ასე გავიგე, რომ  С ჰეპატიტი მქონდა.

“ჩემთვის არავის არაფრის ახსნა არ უნდოდა, მხოლოდ მაშინებდნენ. ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომელმა ქალმა, რომელიც საბუთებს იბარებდა, ისიც კი მითხრა: “შვილო, ბავშვზე ფიქრს მოეშვი, წადი, იმკურნალე, თორემ ახალგაზრდა ასაკაში მოკვდები”. ქალი დაარწმუნეს, რომ  უკურნებელი სენი სჭირდა.

სევდამ ცნობილ ექიმ-ჰემატოლოგს მიმართა. ექიმი სულაც არ დააბნია იმან, რომ ეს დიაგნოზი მთლად მისი სფეროდან არ იყო, და ქალს ულტრაბგერითი გამოკვლევის მიმართვა მისცა.   

 “მთლიანი თანხა, რამდენადაც მახსოვს, 360 მანათს (დაახლოებით $230) შეადგენდა. მაგრამ ის ექიმი, რომელთანაც სულ დავდივარ ულტრაბგერით გამოკვლევაზე, გაოცდა და თქვა, რომ ულტრაბგერითი გამოკვლევით ღვიძლის მდგომარეობა რომ დადგინდეს, ის პრაქტიკულად დაშლილი უნდა იყოს ჰეპატიტისგან”. სევდა დაეჭვდა, რომ შესაძლოა, არ დანარჩენი ანალიზები იყო ასეთი აუცილებელი.

საბოლოოდ, სევდამ გაზეთში შემთხვევით წაკითხული ინტერვიუს შედეგად მიაგნო ჰეპატოლოგს. “ის მთელ ჩემს ანალიზებს გაეცნო, და მითხრა: “შენ ავად არ ხარ. აი, იმ პროდუქტების ჩამონათვალი, რომლების ჭამაც შენთვის შეიძლება. მკაცრად დაიცავი დიეტა, რომ ვირუსი არ გააქტიურდეს”. თავის მხრივ, სამინისტროს თანამშრომლები მაფრთხილებდნენ: “ეგ ყველას ასე ეუბნება, უნდა იმკურნალო, ეს ძალიან სერიოზული რამ არისო”. აღარ ვიცოდი რა მექნა”.

სევდა ირწმუნება, რომ ადამიანებს ჰეპატიტის შესახებ მწირი ინფორმაცია აქვთ  და ჯანდაცვის მუშაკები ამას ხშირად ბოროტად იყენებენ. “დარწმუნებული ვარ, პატიოსანი ექიმებიც არსებობენ, მაგრამ სისტემა ისე მუშაობს, რომ ადამიანები დააშინოს და რაც შეიძლება მეტი ფული დაახარჯინოს უსარგებლო ანალიზებსა და წამლებში”.

 

თერაპევტი-ჰეპატოლოგი ზაურ ორუჯევი:

 “ჰეპატიტი აზერბაიჯანში სამარცხვინო ავადმყოფობად მიაჩნიათ, რადგან წინათ ეს დაავდება უფრო ხშირად ნარკომანებს ემართებოდათ. ერთჯერადმა შპრიცებმა სიტუაცია შეცვალა. მაგრამ ადამიანები ამ დაავადებას მაინც მალავენ, ხშირად მისი გადადების გზებზე არასწორი წარმოდგენის გამო.

აზერბაიჯანში მოქმედებს სახელმწიფო პროგრამა, რომლის ფარგლებშიც, სამშობიარო სახლებში ყველა ახალშობილს უკეთდება В ჰეპატიტის საწინააღმდეგო აცრა, თუმცა მშობლებს აცრას არ აიძულებენ, და არც ბავშვებს უკეთებენ რევაქცინაციას.

С ჰეპატიტისგან შესაძლებელია სრულად განკურნება. არსებობს მკურნალობის ისეთი მეთოდებიც, რასაც ძლიერი გვერდითი ეფექტები არ ახლავს. ეს მკურნალობა ერთ წელიწადს კი არ გრძელდება (როგორც ადრე), არამედ 3 თვეს და 3000 მანათი (1720 დოლარი) ღირს.

დაავადების შესახებ ინფორმირებულობა სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. ჰეპატიტით დაავადებულები თავს, ავადმყოფებს კი არა, “ვირუსის მატარებლებს” ეძახიან და ამ ფორმულირებას ბევრი ექიმიც იყენებს. C ჰეპატიტის შემთხვევაში სტადია “მატარებელი” არ არსებობს, ხოლო  В-ს დროს დიაგნოზი “მატარებელი” ხშირად არასწორად ისმება, შესაბამისი ანალიზების ჩატარების გარეშე.

ამ პრობლემასთან ბრძოლას ცდილობს Facebook-ზე  ჯგუფი “Медпросвет“, რომელიც ექიმების ინიციატივით შეიქმნა. აქ შესაძლებელია უფასო კონსულტაციის მიღება, დროდადრო კი ტარდება გამოკვლევის აქციებიც – ფასდაკლებით ან უფასოდ.

სამედიცინო მომსახურეობის სიძვირის გამო, აზერბაიჯანში ჯანმრთელობის საპროფილაქტიკო შემოწმება გავრცელებული არ არის, და ამიტომ ადამიანები ჰეპატიტის შესახებ გვიანდელ, საშიშ სტადიებზე იგებენ.

ასევე ბევრისთვის ხელმიუწვდომელია ჰეპატიტის მკურნალობა. ჰეპატიტის სახელმწიფო პროგრამები იყენებს მოძველებულ ინტერფერონის პრეპარატს, და რიბოვერინს, რომელთა ეფექტურობა 15-20%-ია. თანამედროვე პრეპარატებით მკურნალობა კი, ჯერ კიდევ დაურეგისტრირებელი პრეპარატების პრობლემას აწყდება, და პაციენტებს მათი მოძიება თავადვე უწევთ უცხოეთში”.

აზერბაიჯანის ჰეპატოლოგთა ასოციაციის თავმჯდომარე გიულნარა აგაევა:

2010-2011 წლებში ბაქოსა და რვა რაიონში ჩატარებულმა სკრინინგ-ტესტებმა გამოავლინა მოსახლეობის 6-8%-ის В და С ჰეპატიტებით დაავადება, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. ძირითადად, ეს ის რაიონებია, სადაც აქტიურია ნარკოტრაფიკი – რუსეთის საზღვარი, სამხრეთი რაიონები – მასალი, ლენქორანი. საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია დიდ ქალაქებშიც – განჯასა და მინგეჩევირში. მაგრამ, დაავადების საშუალო პრცენტია – 4%.

ჰეპატიტის სივერაგე ისაა, რომ ღვიძლს არფერი ემჩნევა სულ  ბოლო სტადიამდე, როცა უკვე ძალიან დაგვიანებულია ხოლმე. დღევანდელი ცხოვრების რიტმში ცოტა ადამიანი თუ მიაქცევს ყურადღებას ისეთ სიმპტომებს, როგორიცაა ადვილად დაღლა და ჭამის შემდეგ კუჭში სიმძიმის შეგრძნება. ამიტომ, რეკომენდებულია, რომ ყველა ადამინი, ასაკისა და სქესის განურჩევლად, წელიწადში ერთხელ გაესინჯოს ჰეპატიტზე. ისევე, როგორც ავტომობილს უტარდება ტექდათავლიერება.

 

გამოქვეყნებულია: 16.12.2015

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ