ყველაზე მოწყვლად რელიგიურ ჯგუფს საქართველოში ათეისტები წარმოადგენენ" />

როგორ შედის მართლმადიდებლობა სკოლებში

ყველაზე მოწყვლად რელიგიურ ჯგუფს საქართველოში ათეისტები წარმოადგენენ

მიუხედავად იმისა, რომ საგანი “რელიგია” ჯერ კიდევ არ შესულა გაკვეთილების ცხრილში, საქართველოში მოქმედი საჯარო სკოლები “მართლმადიდებლურ აღზრდას” საკმაოდ დიდ დროს უთმობენ. უნდა აღინიშნოს, რომ სულის ხსნასთან დაკავშირებული საუბრები ყოველთვის ნებაყოფლობითი არ არის, და თან, ხშირად იმ მოსწავლეებსაც ესაუბრებიან მართლმადიდებლობაზე, რომლებიც ამ აღმსარებლობას არ იზიარებენ.

ბევრ სკოლაში მიღებულია საჯარო ლოცვისა და სასულიერო პირთან საუბრის პრაქტიკა. საქართველოს არაერთ საჯარო სკოლაში, მათ შორის – თბილისშიც, სპეციალური სამლოცველოებიცაა მოწყობილი. იქ, მშობლების განცხადებით, ყოველთვის ბევრი ხალხია. 

ის ბავშვები, რომლებიც საკუთარ თავებს რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლებად მიიჩნევენ, აცხადებენ, რომ მუდმივ ზეწოლას განიცდიან. კვლევის მიხედვით დგინდება, რომ ყველაზე ხშირად იეჰოვას მოწმეები და მუსლიმები იდევნებიან. აღსანიშნავია, რომ ისლამის მიმდევრების განცხადებით, ზოგიერთი მასწავლებელი მათი აღმსარებლობის მიმართ დაუფარავ სიძულვილს გამოხატავს და შეურაცხყოფს ისლამს. ასეთი შემთხვევები ისეთ სკოლებშიც კი ხდება, სადაც მოსწავლეთა უმრავლესობა მუსლიმია.


ბათუმის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში არსებული სალოცავი. ფოტო: ნეტგაზეთი 

საჯარო სკოლებში რელიგიის სწავლება 2005 წელს იმდროინდელი ხელისუფლების გადაწყვეტილებით შეწყდა. იმავე წელს აიკრძალა სკოლაში რელიგიური სიმბოლოების გამოყენებაც. ამ რეფორმის რეკომენდაცია საქართველოს მაშინდელმა, უფრო პროდასავლურმა მთავრობამ ეუთოსგან მიიღო.


აკრძალვის მიუხედავად, სკოლების მესვეურები სასწავლო დაწესებულებების ხატებითა და ჯვრებით მორთვაზე უარს არ ამბობდნენ.

თუმცა, შედეგი ძალიან მალე დადგა. ერთი მხრივ, საგრძნობლად შემცირდა ზეწოლა იმ მოსწავლეებზე, რომლებიც რელიგიურ უმცირესობებს წარმოადგენდნენ, ხოლო მეორე მხრივ, ამ გადაწყვეტილებამ ძალიან გააღიზიანა რადიკალური რელიგიური ორგანიზაციები.

2012 წელს, ხელისუფლების შეცვლასთან და ეკლესიის რადიკალიზაციასთან ერთად, ისევ გააქტიურდა სკოლებში რელიგიის სწავლების საკითხი. ამ თემამ ბევრი კამათი გამოიწვია. ყველასთვის მოულოდნელად, საპატრიარქო მართლმადიდებლური აღზრდის საჯარო სკოლებში დანერგვის იდეის მოწინააღმდეგეთა შორის აღმოჩნდა. 

სამეგრელოში მომუშავე ტელეკომპანია “ოდიშის” ტელესიუჟეტი

თუმცა, რელიგიური აღზრდის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებისგან გამიჯვნის წინადადება ლიტონ სიტყვებად რჩება, რადგან სამღვდელოების წარმომადგენლები ყოველთვის მზად არიან, მიიღონ სკოლების დირექტორების მიწვევა და “მოსწავლეებს ღმერთზე ესაუბრონ”. აღსანიშნავია სკოლის ადმინისტრაციისა და მშობლების დიდი ნაწილის კეთილგანწყობა ასეთი შეხვედრების მიმართ.

გასული სასწავლო წლის დასაწყისში განათლების სამინისტრომ განაცხადა, რომ სკოლებში რელიგიის ცალკე საგნად სწავლება არ იყო დაგეგმილი. რელიგიისა და სახელმწიფოს საკითხებს კი იმ საგნის ფარგლებში განიხილავდნენ, რომელსაც “მე და საზოგადოება” ჰქვია.


დამკვირვებლები ამ საგანს კრიტიკულად უყურებენ. კერძოდ, აღნიშნავენ, რომ კანონმდებლობა არ ითვალისწინებს კონტროლის რაიმე მექანიზმის დაწესებას. შეიძლება ითქვას, რომ განათლების სამინისტროს არ აქვს საშუალება, თვალი ადევნოს, თუ რა ფორმით მიაწვდიან მოსწავლეებს ამ საგანს. ხშირად მსოფლიო რელიგიებისა და საქართველოში გავრცელებული რელიგიური მოძღვრებების ისტორიის გაკვეთილებს ბიბლიის კითხვითა და მრავალრიცხოვანი ქართველი დიდმოწამეების ბიოგრაფიების განხილვით ანაცვლებენ ხოლმე.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი თბილისი პირველი საჯარო სკოლის სამლოცველოში. ფოტო: პრეზიდენტის პრეს-სამსახური

“ყოველთვის ვეკითხები მშობლებს, სურთ თუ არა, რომ მათმა შვილებმა იცოდნენ ლოცვები; უარის შემთხვევაში, მათ შვილებს არ ვასწავლით ლოცვებს”, – განაცხადა დაწყებითი საჯარო სკოლის მასწავლებელმა, – ყველაფერი ნებაყოფლობითია და არაფერია ცუდი იმაში, თუკი არამართლმადიდებლების შვილები მოისმენენ, რა არის კარგი, და რა არა.”

სკოლის მოსწავლეებთან საუბრისას გავიგე, რომ გაკვეთილებზე რელიგიაზე საუბრისას ყველაზე ხშირად მშობლების მიმართ კრძალვასა და პატივისცემაზე ესაუბრებიან მასწავლებლები, თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში (განსაკუთრებით, უფროს კლასებში), “სასიყვარულო ურთიერთობებსაც” ახსენებენ ხოლმე. საუბარი ეხება “არასწორ სასიყვარულო ურთიერთობებსაც” (უფრო ზუსტად, ჰომოსექსუალობას). გარდა ამისა, ბავშვებს აქტიურად მოუწოდებენ, დაიცვან მარხვა, ხშირად ჩააბარონ აღსარება და ეზიარონ.

მოსახლეობის აღწერას თუ ვენდობით, საქართველოს მოქალაქეების 80% მართლმადიდებლად მიიჩნევს თავს. გაურკვეველი მიზეზების გამო, მკვლევრები ჯერ არ დაინტერესებულან, რამდენი ათეისტია საქართველოში. თუმცა, აღწერის მიხედვით, მოსახლეობის 0.7 აღნიშნავს, რომ არ მიეკუთვნება რომელიმე კონფესიას. როგორც ჩანს, სწორედ ამ კატეგორიაში უნდა შედიოდნენ ათეისტები. ზემოაღნიშნულიდან კარგად ჩანს, თუ რამდენად მცირეა მათი რაოდენობა.


ასევე წაიკითხეთ