რას სთავაზობს საქართველო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას. ინტერვიუ ქეთევან ციხელაშვილთან " />

როგორ მოხვდება აფხაზური აჯიკა თბილისის სუპერმარკეტებში?

რას სთავაზობს საქართველო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას. ინტერვიუ ქეთევან ციხელაშვილთან

ბაზარი სოხუმში. ფოტო: აგნიეშკა ზიელონკა, JAMnews

ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს ჯერ წინა, შემდეგ ახლანდელმა ხელისუფლებამ კონფლიქტების მოგვარების არაერთი კონცეფცია თუ სტრატეგია შეიმუშავა. 2010 წელს ამოქმედდა სტრატეგია „ჩართულობა თანამშრომლობის გზით“ . გასულ წელს სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილმა დოკუმენტი სახელწოდებით „მინისტრის ხედვა“ გამოაქვეყნა, რომელშიც სამშვიდობო პოლიტიკის რვა ამოცანა ჩამოაყალიბა. ბოლო დროის მთავარი სიახლე კი ამ მხრივ გახდა დოკუმენტი სახელწოდებით „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ , რომელიც გასულ თვეში საქართველოს მთავრობამ წარმოადგინა და რომელიც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობისთვის ახალ შეთავაზებებს ითვალისწინებს. ამჟამად შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილების პაკეტს პარლამენტი განიხილავს. ახალი ინიციატივის შესახებ JAMnews-ი სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილს ესაუბრა.

 – რა არის მთავრობის ახალი ინიციატივის მთავარი მიზნები?

დღეს ისეთი ვითარებაა შექმნილი, რომელიც არც ქართველების, არც აფხაზების, არც ოსების და იქ მცხოვრები არცერთი ადამიანის ინტერესებს არ შეესაბამება. მეტიც, ყველას განვითარების პერსპექტივის საწინააღმდეგოა.

თუკი გვექნება მზაობა, სრულიად შესაძლებელია ამ ვითარების შეცვლა დავიწყოთ პატარა ნაბიჯებით, რომელიც კომპლექსურად მთელი პრობლემის გადაწყვეტას არ მოითხოვს. ინიციატივები, რომლებიც ჩვენ აპრილში წარვადგინეთ, ზუსტად იმაზეა გათვლილი, რომ ორი მთავარი ამოცანა შევასრულოთ – დავეხმაროთ მოსახლეობას, რომელიც კონფლიქტით ყოველდღიურად ზარალდება; და წავახალისოთ თანამშრომლობა იმ ინტერესების გარშემო, რომელიც ხალხს აერთიანებს და მოიტანს მეტ მშვიდობას, მეტ განვითარებას. მეტ ნდობას და საბოლოო ჯამში შერიგებას.

თუმცა, მეორე მხრიდან თბილისის ამ ინიციატივას დიდი აღფრთოვანება არ მოჰყოლია. მოვისმინეთ, რომ ეს იყო პიარი, რომ იქ არ იყო გათვალისწინებული ის მოთხოვნები, რაც აფხაზ და ოს ხალხს აქვს. როდესაც ეს დოკუმენტი მზადდებოდა, მიდიოდა თუ არაუშაობა იმაზე, რომ მეორე მხარის მოთხოვნები უფრო დეტალურად გაგვეგო? აისახა თუ არა ეს მუშაობა დოკუმენტში და როგორ აპირებთ აფხაზებისთვის და ოსებისთვის იმის ახსნას, რომ ეს მათთვის სასარგებლოა?

დიახ, მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ გვქონოდა კომუნიკაცია და პროცესში ჩართულიყო საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენელი. გვსურდა, ეს ერთობლივად მომხდარიყო და ამისთვის მზაობა და ღიაობა გვქონდა. თუმცა, ყველა შემთხვევაში, ის ინტერესები, რაც არსებობს, დოკუმენტში გათვალისწინებულია. ბევრი კონკრეტული ინიციატივა გაიტესტა კიდეც სხვადასხვა ფორმატში. ყველაფერზე ღიად ვერ ვისაუბრებ. თუმცა, შემიძლია გითხრათ, ცალმხრივ რეჟიმში რომ გვემოქმედა, ამ ინიციატივის გასაჯაროება მინიმუმ ერთი წლის წინ შეიძლებოდა. მაგრამ ჩვენ მისი მომზადების დროს მეტი აქტიურობა და მცდელობა ვამჯობინეთ. გვქონდა სხვადასხვა კონსულტაციები და ეს ინტერესები (დოკუმენტში) ასახულია.

რა თქმა უნდა, მე არ ვსაუბრობ პოლიტიკურ ინტერესებზე. ჩვენ ვერ ვისაუბრებთ სტატუსის თემაზე. მაგალითად, ვიცით, რომ განათლების საკითხი ძალიან აინტერესებთ. ჩვენ ამ შესაძლებლობებს ვქმნით მათთვის როგორც საქართველოს შიგნით, ასევე საზღვარგარეთ. მეორე საკითხი – სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა. არის თუ არა ეს პრობლემური დღეს? ამაზეც მგონი არავინ დაობს. თუკი აფხაზურ და ოსურ მხარეს ადამიანების მდგომარეობის გაუმჯობესების ინტერესი არსებობს, ასეთ, შემთხვევაში, შესაძლოა, ისინი ქართული მხარის შემოთავაზებების თანამონაწილე გახდნენ.

ეს ინიციატივა ღიაა შემხვედრი ნაბიჯებისთვის (სოხუმის და ცხინვალის მხრიდან), რაც შესაძლებლობას მოგვცემს ის უფრო დიდი მასშტაბით განვახორციელოთ. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში ის ღიაა კონკრეტული ადამიანებისთვის, ინდივიდუალური პირებისთვის – ნებისმიერს შეეძლება აწარმოოს ვაჭრობა გამყოფი ხაზების გასწვრივ, მიიღოს კარგი განათლება, გრანტი და ა. შ.

ინიციატივაში ბევრი მექანიზმია ჩადებული, რომელიც ნეიტრალურია სტატუსთან მიმართებაში, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ვცვლით სტატუსთან დაკავშირებულ პოზიციას.

საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი. ფოტო მინისტრის აპარატის ფეისბუქ გვერდიდან

– სტატუსნეიტრალური დოკუმენტები [პასპორტი და პირადობის მოწმობა, რომელზეც არ არის მითითებული მოქალაქეობა. საქართველოს მიერ გაცემული ნეიტრალური პასპორტები 10-მდე სახელმწიფომ აღიარა] ჯერ წინა ხელისუფლებამ შემოიღო. მაშინ ამ იდეის მიმართ კრიტიკა ისმოდა, თუმცა ახალმა ხელისუფლებამ ისინი ძალაში დატოვა. რამდენად წარმატებით იმუშავა თავად ატუსნეიტრალური დოკუმენტის ცნებამ? რატომ გვაქვს იმის იმედი, რომ სტატუსნეიტრალური რეგისტრაცია, რასაც ახალი შეთავაზება მოიცავს, იქნება მიმზიდველი?

სხვა თემაა, იმუშავა თუ არა სტატუსნეიტრალურმა ძველმა დოკუმენტებმა – ამ დოკუმენტებით რამდენიმე ასეულმა პირმა ისარგებლა. რადგან არსებობდა შესაძლებლობა – სხვა საქმეა როგორ იყო ეს გაკეთებული, – ის უნდა გამოგვეყენებინა. ამის გაუქმებას არავინ აპირებს. ეს ერთ-ერთი ალტერნატივა და არჩევანია. მაგრამ ეს დოკუმენტები, შესაძლოა, მასობრივად არ იყო მოწონებული [აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის მიერ – JAMnews] ძირითადად იმის გამო, რომ ამ ადამიანებს მაინც უნდა მიეღოთ დოკუმენტი საქართველოსგან, ქართული კოდით.

ჩვენ ახლა ახალი მექანიზმი, განსხვავებული ინსტრუმენტი შემოგვაქვს. პიროვნების იდენტიფიკაცია შესაძლებელი იქნება პირადი ნომრით რეგისტრაციით. ჩვენ სპეციალურად მოვიფიქრეთ ეს ინსტრუმენტი, რომელიც არ ავალდებულებს ადამიანებს აიღონ დოკუმენტი, თუნდაც ფურცელზე ცნობა. იქნება ვირტუალური იდენტიფიცირების შესაძლებლობა, მათ შორის ბიომეტრიული ფოტოთი, თანამედროვე ტექნოლოგია ამის საშუალებას იძლევა. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ იდენტიფიცირება და რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება იმ დოკუმენტებით, რომლებიც პირს აქვს.

– ანუ აფხაზური და ოსური პასპორტებით?

დიახ, ფაქტობრივად ასეა. შეგვაქვს შესაბამისი ცვლილება ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონში. ცვლილების მიხედვით, ამ დოკუმენტებს სამართლებრივად ვერ ვაღიარებთ, მაგრამ პირის იდენტიფიცირებისთვის, პიროვნების დადგენის პროცედურის დროს ამ დოკუმენტებს განვიხილავთ. აქამდე აფხაზურ და ოსურ დოკუმენტებს მხოლოდ ნეიტრალური პირადობის მოწმობის გაცემისას განვიხილავდით. ახლა სამოქალაქო ფაქტების დადგენა, პირადი ნომრით რეგისტრაცია, და თუ სურვილი ექნება, მოქალაქეობის დადგენაც იქნება შესაძლებელი ამ დოკუმენტებით.

მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ჩვენი კანონმდებლობით პირადი ნომერი არ არის მიბმული საქართველოს მოქალაქეობასთან. ანუ პირადი ნომერი შეიძლება ჰქონდეს ასევე უცხოელს, რომელსაც დროებითი ბინადრობის მოწმობა აქვს, ასევე მოქალაქეობის არმქონე პირს. ეს მართლა ნეიტრალური ინსტრუმენტია, რომელიც გვიხსნის წვდომას სხვადასხვა სერვისებზე – მაგალითად, მეწარმედ რეგისტრაციაზე, განათლების მიღებაზე, გრანტის მიღებაზე, მანქანის რეგისტრაციაზე.

აფხაზეთში ან სამხრეთ ოსეთში გამოშვებული პროდუქციის გაყიდვა შესაძლებელი იქნება საქართელოს შიდა ან საერთაშორისო ბაზარზე? ამისთვ რა არის ჩადებული?

სოფლის მეურნეობის პროდუქცია ბაზარში დღესაც იყიდება, ამაზე ჩვენ რაიმე რეგულაციებს არ ვაწესებთ. მაგრამ როგორ შეიძლება, ვთქვათ, აფხაზური აჯიკა თბილისის სუპერმერკეტების ქსელებში მოხვდეს? ამისთვის გვაქვს მოფიქრებული ისეთი ვარიანტი, რომ ამ აჯიკაზე მარკირებისას დატანილ იქნას წარმოშობის ადგილი – ქალაქი, დასახლება, სოფელი, და არ იყოს დატანილი ქვეყნის სახელწოდება. რაც შეეხება საგარეო ვაჭრობას – აქ არის საკმაოდ მკაფიო წესები, პროდუქცია უნდა აკმაყოფილებდეს სტანდარტებს, ჰქონდეს წარმოშობის სერტიფიკატი და ა. შ. საკმაოდ რეალურია, ადგილზე დაინტერესებულ პირებს დავეხმაროთ, რომ რასაც აწარმოებენ, იყოს ხარისხთან შესაბამისობაში, ხდებოდეს ლაბორატორიული შემოწმება. მთელი საექსპორტო დოკუმენტაციის მომზადება და შესაბამისი მომსახურება ამ პირებისთვის იქნება უფასო. გამყოფი ხაზების გასწვრივ ვაჭრობისას ისინი გათავისუფლდებიან გადასახადებისგან. თანაც, ერთ-ერთი ვარიანატი იქნება, რომ კომპანიას, რომელიც აწარმოებს პროდუქციას გამყოფი ხაზის იქით მხარეს, ჰქონდეს რეგისტრაციის მისამართი ამ მხარეს. ანუ დაეწეროს – რეგისტრირებულია ამ მისამართზე, და არა წარმოებულია აქ.

– როგორც დნესტრისპირეთისა და მოლდოვას შემთხვევაში ხდება?

იქ დნესტრისპირეთში წარმოებულ პროდუქციას პირდაპირ აწერია, რომ დამზადებულია დნესტრისპირეთში, მოლდოვაში. თუ ვინმე აქაც მზად არის ასე გააკეთოს, ეს შესაძლებელია, თუმცა საკმარისი იქნება მხოლოდ რეგისტრაციის მისამართის მითითება.

– ზოგჯერ სტატუსის გარდა გეოგრაფიული სახელიც არის ხოლმე დავის საგანი. მაგალითად, “სოხუმი” და “სუხუმ”. ხომ შეიძლება აქაც რაიმე უკმაყოფილება ან კოლიზია წარმოიშვას?

იმ სქემის თანახმად, რასაც ჩვენ შიდა მარკირებისთვის (საქართველოს ბაზრისთვის) ვთავაზობთ, აუცილებლად უნდა განთავსდეს წარწერა ქართულ ენაზე, ასევე თავისუფლად შეიძლება განთავსდეს წარწერა აფხაზურ ენაზე, რომელიც ჩვენთვის ასევე სახელმწიფო ენაა. შესაბამისად, ტოპონიმიკა ქართულად ქართული სახელწოდებების შესაბამისი იქნება, ხოლო აფხაზურად – აფხაზურის.

გამოცდილებამ აჩვენა – როდესაც ჰუმანიტარული თემების განხილვა დროშის ფრიალით, სტატუსზე და აღიარებაზე საუბრებით იწყება, ჩვენ ჩიხურ მდგომარეობაში აღმოვჩნდებით ხოლმე. ჩვენ ვთავაზობთ ამ საკითხების გადაწყვეტას პოლიტიზების გარეშე. თუ მოსახლეობის კეთილდღეობაზე ისინი რეალურად ფიქრობენ, ეს ის საკითხებია, რაზეც მსჯელობა და დიალოგი აუცილებელია. ქართული მხარე ამისთვის მზადაა. ყოველ შემთხვევაში, თუ შეგვიძლია ცალმხრივი ნაბიჯები გადავდგათ და მოსახლეობას რამით დავეხმაროთ, აუცილებლად გავაკეთებთ. უკეთესია, თუ ამას შემხვედრი ნაბიჯები მოჰყვება.

– 2012 წლიდან შეიცვალა პოლიტიკა ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ, გაჩნდა ახალი მიდგომები, თქვენი აზრით, რა იყო ყველაზე დიდი მიღწევა და წარმატება?

უამრავი პროვოკაციის ფონზე, ამ ურთულეს ვითარებაში ჩვენ ვინარჩუნებთ მშვიდობას. ეს არ არის გარანტირებული მოცემულობა და ყოველდღიური სამუშაოს შედეგია. ვითარება მართლაც რთულია – მუდმივად და მიზანმიმართულად ხდება რაღაც ბარიკადების აღმართვა, რომლებიც სამხედრო სტრატეგიული თვალსაზრისით არანაირ საჭიროებას არ წარმოადგენს და მხოლოდ პოლიტიკური ინსტრუმენტია, რომელიც მიმართულია ადამიანების წინააღმდეგ. მუდმივად ხდება ადამიანების დაკავება, მოხდა ისეთი ტრაგედია, როგორიცაა ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფა, ოთხოზორიას, ბაშარულის მკვლელობები.

მავთულხლართები მარტო ქართულ მხარეს არ აზარალებს. სამჯერ მეტ ოსს არ უშვებენ ფსბ-ს ჯარები საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე. ისინი ცხინვალის იზოლატორში არ მიჰყავთ, მაგრამ არ ატარებენ, თავისუფლად გადაადგილებას უზღუდავენ.

საქართველოს გარშემო ბევრი პრობლემაა, არის კონფლიქტი უკრაინაში, ასეთ მდგომარეობაში, მუდმივი პროვოკაციებისა და დაძაბულობის ხელოვნური ესკალაციების პირობებში, მშვიდობა დიდი მიღწევაა.

ასეთი წინააღმდეგობების მიუხედავად, ადამიანებს შორის კონტაქტები იზრდება – არამარტო ჯანდაცვის, ვაჭრობის ან შერეული ოჯახების ურთიერთობის კუთხით, არამედ ტურიზმის მიზნითაც კი ჩამოდიან. ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანებს აქვთ ინტერესი ერთმანეთის მიმართ, მეტად ენდობიან ერთმანეთს, მათ ეს სჭირდებათ და ამას ხელი უნდა შევუწყოთ.

ჩვენ ყველანი დაზარალებულები ვართ და ძალიან მაღალ ფასს ვიხდით. ამის შეცვლა სრულიად შესაძლებელია, თუ ამის გაცნობიერება მოხდება და სწორად გამოვიყენებთ იმ სივრცეებს, რომლებიც დღეს გახსნილია ამ ურთიერთობებისთვის.

ამავდროულად, ჩვენ აუცილებლად უნდა ვიმოძრაოთ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისკენ. დღეს სპეციალურად არ ვისაუბრე რუსეთის ფაქტორზე და დეოკუპაციაზე, რომელიც საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთ მთავარ ამოცანად რჩება. ვისაუბრე მხოლოდ იმ მიმართულებაზე, სადაც მგონია, რომ მეტი ნაბიჯების გადადგმა უკვე დღეს შეიძლება. ამ სივრცის ათვისება მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ გვქონდეს მეტი მშვიდობა და ადამიანებისთვის განვითარების მეტი პერსპექტივა.

ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო


ასევე წაიკითხეთ