ეს საკითხები კრინიცას ეკონომიკური ფორუმის ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა " />

როგორ გაუმკლავდეს ევროპა შიდა პრობლემებს და როგორ მოექცეს რუსეთს?

ეს საკითხები კრინიცას ეკონომიკური ფორუმის ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა

ევროპის მომავალი გახდა მთავარი თემა, რომელიც პოლონეთის ქალაქ კრინიცაში, 29-ე ეკონომიკურ ფორუმზე განიხილეს. ფორუმზე ექსპერტები, პოლიტიკოსები და ბიზნესის წარმომადგენლები მთელი ევროპიდან შეიკრიბნენ. უკრაინის გარშემო კონფლიქტის და, შესაბამისად, რუსეთთან ურთიერთობის საკითხი ასევე ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი იყო. რა ელის ევროპას და ხომ არ იცვლება ევროკავშირის ქვეყნების დამოკიდებულება რუსეთის და პოსტსაბჭოთა ქვეყნების მიმართ? ამის შესახებ – JAMnews- ის რეპორტაჟში კრინიცას ფორუმიდან.

ფოტო: Polskieradio.pl

რა ელის ევროპას?

 

“ხვალინდელი ევროპა. “ძლიერი” – რას ნიშნავს ეს? “ – ეკონომიკური ფორუმი 3-5 სექტემბერს ამ დევიზით გაიმართა. წელს ის ევროპის მომავალს და იმ გამოწვევებს მიეძღვნა, რომელთა წინაშეც აღმოჩნდებიან ევროპის ქვეყნების მთავრობები მომდევნო ათწლეულში. როგორც მონაწილეებმა აღნიშნეს, ძლიერი ევროპის მშენებლობა საერთო მიზანია. თუმცა, როგორც ირკვევა, ამ მიზანს ყველა თავისებურად აღიქვამს. ევროკავშირის წევრებს განსხვავებული მოსაზრება აქვთ საერთო ბიუჯეტის, საერთო ვალუტის და ჯარის ფორმირების საკითხებზე.

• “აღმოსავლეთის დავოსზე” ევროპის მომავალს განიხილავენ

 • უკრაინელები ხელისუფლებას გაეხუმრნენ  

პოლონეთის განვითარების ფონდის პრეზიდენტის, პაველ ბორისის თქმით, ევროს ზონის ქვეყნებს ბოლო 10 წლის განმავლობაში პრობლემები გაუჩნდათ მცირე ეკონომიკური ზრდის და ვალების ზრდის გამო. ახლა ვითარება უმჯობესდება, მაგრამ ბევრი პრობლემა ჯერ კიდევ გადასაჭრელია, მათ შორის უმუშევრობასთან და აშშ-ჩინეთის ურთიერთობებზე დამოკიდებულებასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ყველა ქვეყანა არ თანხმდება ინტეგრაციისა საერთო ბიუჯეტის საკითებს. ამასთან, ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა ერთად უნდა იმუშაონ ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა უსაფრთხოება, ჯანმრთელობა, განათლება, ენერგეტიკული პოლიტიკა.

ბოსნია-ჰერცეგოვინას შემადგენლობაში შემავალი რესპუბლიკა სერბსკას პრეზიდენტმა, ზელიკა ცვიანოვიჩმა თქვა, რომ ევროკავშირი უნდა გაფართოვდეს და მიიღოს მეტი ქვეყანა თავის რიგებში. მისი აზრით, ეს ევროპის შემდგომი განვითარების გასაღებია, რაც ხელს შეუწყობს მის გაძლიერებას.

როგორ იმოქმედებს ევროპაზე დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილება ევროკავშირის დატოვების შესახებ? მალტის მთავრობის ეკონომიკა და ინვესტიციების მინისტრის კრისტიან კარდონის განცხადებით, ამ კითხვაზე პასუხი ჯერჯერობით უცნობია. ამასთან, საერთო ბიუჯეტში ლონდონის წვლილის დაკარგვის შემდეგ, ევროკავშირი ფინანსურად დაზარალდება. მისი აზრით, საუკეთესო გამოსავალია Brexit -ი ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შორის ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე, რაც ჯერ ვერ იქნა მიღწეული.

კრინიცაში ეკონომიკური ფორუმი ყოველწლიურად ტარდება 1991 წლიდან. ამ დროის განმავლობაში, იგი გახდა ტრადიციული შეხვედრების ადგილი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის პოლიტიკური, ეკონომიკური და აკადემიური ელიტებისთვის. წელს ფორუმზე ხუთი ათასზე მეტი მონაწილე ჩავიდა.

ფოტოо: forum-ekonomiczne.pl 

ყოველწლიურად ფორუმი “წლის ადამიანს” აჯილდოვებს. წელს ეს ჯილდო პოლონეთის პრემიერ-მინისტრ მათეუშ მორავეკიც ერგო. ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას მან პირობა დადო, რომ 14 წელიწადში პოლონეთი დასავლეთ ევროპის ეკონომიკური განვითარების დონეს მიაღწევს.

უკრაინა და საქართველო – ”ევროპული სტაგნაცია”?

ყველაფერი, რაც უკრაინასთან არის დაკავშირებული, ბუნებრივია, ფორუმის ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა – რუსეთთან მიმდინარე კონფლიქტი და ამ ქვეყანაში ხელისუფლების ცვლილება ბევრ კითხვას ბადებს მთელი რეგიონის მომავალთან დაკავშირებით.

ყოველდღიური დისკუსიების მთელი სერია – უკრაინული ფორუმი, სწორედ უკრაინას მიეძღვნა. კრინიცას ფორუმი საზეიმოდ უკრაინულმა სამხედრო ორკესტრმა დახურა.

ამასთან, ფორუმს უკრაინის ახალი მთავრობის და ახალი პრეზიდენტის ზელენსკის გუნდის არცერთი მაღალი რანგის წარმომადგენელი არ დასწრებია – სავარაუდოდ იმის გამო, რომ სწორედ ამ დღეებში კიევში საკვანძო თანამდებობები ნაწილდებოდა.

ნიშნავს თუ არა ხელისუფლების შეცვლა უკრაინაში საგარეო პოლიტიკის შესაძლო ცვლილებას?

გამოცემა “უკრაინსკაია პრავდას” რედაქტორი იური პანჩენკო მიიჩნევს, რომ აგვისტოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებამდე ეს კითხვა შეიძლებოდა დასმულიყო, მაგრამ არა ახლა – ახალი საგარეო საქმეთა მინისტრის, ვადიმ პრისტაიკოს კანდიდატურა და მისი განცხადებები ამის თაობაზე ეჭვებს აღარ ტოვებს.

უკრაინაში პრეზიდენტი შეიცვალა, მაგრამ არა სისტემა და მენტალიტეტი, – ამბობს ჰანე სევერინსენი, დანიის პარლამენტის წევრი. პროდასავლური კურსის გასაგრძელებლად, მისი აზრით, უკრაინას კანონის უზენაესობის დამყარება და უფლებამოსილებათა ნამდვილი გამიჯვნა სჭირდება.

”უკრაინამ მიაღწია ნორმალურ არჩევნებს. ამის უგულებელყოფა არ შეიძლება, იზრდება პროევროპული განწყობები და ექსპორტი ევროკავშირში. უკრაინელები სამუშაოდ ევროპაში დადიან. ”– თქვა პოლონელმა პროფესორმა პაველ კოვალმა.

თუმცა, მისი აზრით, ერთ წელიწადში შესაძლოა პრეზიდენტ ზელენსკის რეიტინგი დაეცეს, რაც შეიცავს საფრთხეს, რომ პროევროპული კურსი შეიძლება შიდა პოლიტიკური კონფლიქტის მსხვერპლი გახდეს.

მთავარი პრობლემა ისაა, რომ ასოცირების ხელშეკრულება უკრაინასა და ევროკავშირს შორის ბოლომდე არ სრულდება, მიაჩნია კოვალს.

”საქართველოშიც მსგავსი ვითარებაა – იქ არის პროდასავლური საზოგადოება, მაგრამ ხელისუფლება არ ასრულებს შეთანხმების პირობებს.” – აღნიშნა ექსპერტმა. კოვალმა ამ ქვეყნებში არსებულ ვითარებას “ევროპულ სტაგნაცია” უწოდა.

რა ვუყოთ რუსეთს – ევროპის პოზიცია იცვლება?

საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონისა და მისი რუსი კოლეგის, ვლადიმერ პუტინის თბილი შეხვედრა აგვისტოში, მაკრონის განცხადება რუსეთთან ერთად ახალი ევროპის მშენებლობის შესახებ, რუსეთის დაბრუნება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წარმატება ადგილობრივ არჩევნებში და გერმანელი პოლიტიკოსების განცხადებები რუსეთისთვის სანქციების მოხსნის მოთხოვნით – ყველა ეს მოვლენა ქმნის იმის მოლოდინს, რომ ევროპის პოლიტიკა რუსეთის მიმართ იცვლება.

და ასეთი ცვლილების პირველი სიგნალი უნდა გახდეს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების საკითხი, რომელიც ფორუმის დისკუსიებში განიხილეს.

უსაფრთხოების ექსპერტი რუსეთიდან პაველ ლუზინი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ნაადრევ შერბილებას ან მოხსნას კატეგორიულად ეწინააღმდეგება:

”სანქციების მთავარი მიზანი იყო კონფლიქტებში რუსეთის მოქმედებების შეზღუდვა, ასევე მისი ქცევა რომ უფრო პროგნოზირებადი ყოფილიყო. დასჯას მხოლოდ მორალური ფუნქცია აქვს. სანქციებმა შედეგი გამოიღო – რუსეთმა დაკარგა მოდერნიზაციისა და განვითარების პოტენციალი. … სანქციების გაუქმება შესაძლებელია მხოლოდ რუსეთის ყირიმიდან და დონბასის წასვლის შემდეგ. “

ამასთან, მას არ დაეთანხმა ბელზრუსი ექსპერტი არსენი სივიცკი, რომელმაც აღნიშნა, რომ მისი ქვეყნას წინააღმდეგ სანქციები 20 წლის განმავლობაში მოქმედებდა და ისინი არაეფექტურია. მისივე თქმით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები არ მოქმედებს – კერძოდ, რუსეთი არ გახდა უფრო თავშეკავებული საგარეო პოლიტიკაში და, უკრაინის შემდეგ, ჯარები სირიასა და ცენტრალურ აფრიკაში გაგზავნა.

JAMnews– მა ევროპელ ექსპერტებს ჰკითხა – შესაძლებელია თუ არა შეცვალოს ევროპის პოლიტიკა რუსეთის მიმართ და, შესაბამისად, სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებშიც?

სესილ ვესიე, პროფესორი, საფრანგეთი:

 – ევროპას აბსოლუტურად არ ესმის, რა არის რუსეთი. საფრანგეთის პრეზიდენტი მაკრონი თვლის, რომ მას შეუძლია გავლენა მოახდინოს პუტინზე, მას არ ესმის ვისთან აქვს საქმე. საფრანგეთში ბევრი ექსპერტი და დიპლომატი მას არ ეთანხმება. მაკრონი აბსოლუტურად არ ითვალისწინებს პოლონეთის, უნგრეთის და ა.შ. აზრს. აუცილებელია ევროპაში ჩამოყალიბდეს ერთიანი პოლიტიკა რუსეთის მიმართ, მაგრამ ახლა ასე არ არის. მეორე მხრივ, როდესაც ვიცით, რომ ქვეყანაში საშინელი კორუფციაა, რომ ბევრი ბიზნესმენი ამბობს, რომ უკრაინაში კორუფცია უფრო დიდია, ვიდრე რუსეთში, (დასავლეთში) აღარ სურთ ასეთი ქვეყანას ფინანსურად დაეხმარონ. ეს ფაქტორი მოქმედებს და ეს არის კარგი მიზეზი (ევროპისთვის), რომ არაფერი გააკეთოს.

პშემისლავ ჟურავსკი ველ გრაევსკი, პროფესორი, პოლონეთი:

– სამწუხაროდ, შეუძლებელია ყველა ამ სიგნალის ინტერპრეტაცია სხვაგვარად, გარდა იმისა, რომ დასავლეთ ევროპა ცვლის თავის პოლიტიკას რუსეთის მიმართ.

გერმანიაში მოვლენები უარყოფითი სცენარით ვითარდება. კანცლერ მერკელის ერა, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მომხრე იყო, დასასრულს უახლოვდება. გერმანიაში ბიზნესისა და პოლიტიკოსების მნიშვნელოვანი ნაწილი რუსეთთან თანამშრომლობის მომხრეა. … გერმანიისა და საფრანგეთის, ისევე იტალიის პოტენციალი საკმარისია ევროპის პოზიციის შესაცვლელად. თუ რუსეთი უკრაინასთან ურთიერთობებში თუნდაც მოჩვენებით ურთიერთგაგებას მიაღწევს, ეს გახდება საფუძველი სანქციების მოსახსნელად.

უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ქვეყნები დემოკრატიებია და პოლიტიკოსები იქ ცდილობენ გააკეთონ ის, რაც სურთ ამომრჩევლებს. იქ შეუძლებელია არჩევნების მოგება უკრაინისა და საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების ლოზუნგით. არსებობს გამონაკლისები – პოლონეთი, ბალტიის ქვეყნები, რუმინეთი. მაგრამ მათი პოტენციალი საკმარისი არ არის.

რა ვქნათ? ჩვენ უნდა მივიღოთ სტრატეგია, რომელიც ინსტრუმენტებსა და მიზნების გაყოფს ერთმანეთისგან. ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანება ინსტრუმენტია, ხოლო მიზანი უსაფრთხოება და ეკონომიკური განვითარებაა. ჩვენ უნდა ვეძიოთ ინსტრუმენტები, რომლებიც შესაძლებელს გახდის ამ მიზნების მიღწევას. ეს არის რეგიონალური თანამშრომლობა და, უპირველეს ყოვლისა, ტრანსატლანტიკური თანამშრომლობა შეერთებულ შტატებთან.

ნიკოლაუს ფონ ტვინკელი, ჟურნალისტი, გერმანია:

 – გერმანიაში იმ ექსპერტებსა და პოლიტიკოსებს შორის, რომლებიც აღმოსავლეთ ევროპასთან აქვთ საქმე, არსებობს თანხმობა, რომ რუსეთის მიმართ პოლიტიკის შემსუბუქება დაუშვებელია. ამასთან, გერმანიის საზოგადოება, რასაც გამოკითხვების შედეგებიც ადასტურებს, სწორედ ამ პოლიტიკის შერბილებას მოითხოვს.

პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ სანქციების მოხსნის მომხრეა. მათი გავლენა იზრდება, თუმცა პოლიტიკოსების უმეტესობა ამ პარტიის მიმართ ძალიან კრიტიკულია.

“ალტერნატივის” წარმომადგენლები დადიან მოსკოვში და ოკუპირებულ ყირიმსა დონბასში. ასევე არსებობს უკიდურესად მემარცხენე პარტია – ლინკე. მათ შორის არიან ისეთებიც, რომლებიც სტუმრობენ ყირიმს და დონბასს. რა მოხდება მერკელის წასვლის შემდეგ? მე ვიცი, რომ მის პარტიაში (ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი) უამრავი წესიერი ადამიანია და ფუნდამენტურ ცვლილებებს არ ველოდები.

JAMnews კრინიცას 29-ე ეკონომიკური ფორუმის ოფიციალური მედიაპარტნიორია. ინფორმაცია ფორუმის შესახებ იხილეთ ფორუმის ვებგვერდზე  http://www.forum-ekonomiczne.pl

 


ასევე წაიკითხეთ