აზერბაიჯანი, სომხეთი და საქართველო Human Rights Watch-ის ანგარიშში - შედარებითი ანალიზი " />

რას მიაღწიეს კავკასიის ქვეყნებმა ადამიანის უფლებების მიმართულებით 2019 წელს და რა დაკარგეს

აზერბაიჯანი, სომხეთი და საქართველო Human Rights Watch-ის ანგარიშში - შედარებითი ანალიზი

ავტორიტეტულმა უფლებადაცვითმა ორგანიზაციამ, Human Rights Watch-მა 2019 წლის შემაჯამებელი ანგარიში გამოაქვეყნა.

აზერბაიჯანი 

Human Rights Watch-ის ანგარიშში ამტკიცებენ, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლება აგრძელებს პოლიტიკური სისტემის მკაცრ კონტროლსა და კრიტიკოსების დევნას. 

კრიტიკოსებისა და ოპონენტების დევნა 

პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები, ჟურნალისტები და ბლოგერები, რომლებიც ხელისუფლების ქმედებებს არ ეთანხმებიან, პოლიციის მხრიდან ზეწოლის, უკანონო დაკავებებისა და გადაადგილების შეზღუდვის მსხვერპლი ხდებიან.

დასახელებულია ბაირამ მამედოვის, მეჰამ ჰუსეინოვის, მამედ იბრაგიმოვის, ორხან ბაკიშლის, ფუად აჰმედლის, ასიფ იუსიფლის, ფაშა უმუდოვისა და ალი ქარიმლის სახელები.

შეკრების თავისუფლება 

ხელისუფლებამ ფაქტობრივად სრულად აკრძალა ბაქოს ცენტრალურ რაიონებში საპროტესტო აქციების გამართვა.

2019 წელს, 2018 წელთან შედარებით, რამდენჯერმე გაიზარდა იმ ადამიანთა რიცხვი, რომელთა წინააღმდეგაც ადმინისტრაციული დევნა დაიწყო მასობრივი საპროტესტო აქციების გამართვის ბრალდებით.

ადვოკატების დაშინება 

მინიმუმ სამი ადვოკატი, რომლებიც პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობდნენ, პროკურატურის შუამდგომლობით, ერთი წლის განმავლობაში პროფესიული ლიცენზიის გარეშე დარჩა. 

2019 წლის თებერვალში, ადვოკატის სტატუსი ჩამოერთვა იალჩინ იმანოვს, რომელმაც საჯაროდ განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი აწამეს.

სიტყვის თავისუფლება 

ხელისუფლება ინარჩუნებს სრულ კონტროლს მედიაზე. ცილისწამება სისხლის სამართლის დანაშაულად მიიჩნევა.

ანგარიშში დასახელებულია რვა ჟურნალისტის სახელი და გვარი, რომლებიც საკუთარი პროფესიული საქმიანობის გამო, ფალსიფიცირებული ბრალდებებით ციხეში აღმოჩნდნენ. ზოგიერთი მათგანი ამ დრომდე საპატიმროში რჩება.

საზღვარგარეთ მყოფი კრიტიკოსების დაშინება 

ანგარიშში ყველაზე აღმაშფოთებლად დასახელებულია პოპულარული Youtube არხის ავტორის, ემიგრაციაში მცხოვრები სევინჯ ოსმანგიზის საქმე. სახელმწიფო ტელევიზია ცდილობდა მის იძულებას, რომ მაუწყებლობა შეეწყვიტა, ამისათვის კი აშანტაჟებდა მოპარული ფოტოთი და ფალსიფიცირებული ონლაინმიმოწერით.

• მოსაზრება: 3 კარგი და 3 ცუდი ამბავი აზერბაიჯანიდან 2019 წელს 

• როგორია აზერბაიჯანში ჟურნალისტობა

• რას ნიშნავს აზერბაიჯანში ფრაზა „მსჯავრდებულია შვიდი წლით“?

ლგბტ უფლებები 

ცნობილია, როგორც მინიმუმ, ერთი საპოლიციო ოპერაცია, რომლის შედეგადაც 14 არატრადიციული ორიენტაციის ადამიანი დააპატიმრეს. ხუთი მათგანი გაათავისუფლეს, დანარჩენი ცხრის ბედის შესახებ კი ინფორმაცია არ გავრცელებულა.

პატიმრების წამება და არაადამიანური მოპყრობა

ხელისუფლება იგნორირებას უკეთებს ინფორმაციას, რომელიც თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის შესახებ ვრცელდება.

მხოლოდ 2019 წლის მარტში, ასეთი მოპყრობის შესახებ 14 ადამიანმა განაცხადა სასამართლოში. ისინი განჯაში მასობრივ არეულობებში მონაწილეობისთვის იყვნენ ბრალდებულები.

სომხეთი 

ანგარიშის ავტორების აზრით, სომხეთი, 2018 წელს მომხდარი ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, წარმატებით ახორციელებს რეფორმებს, კერძოდ, კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით. 

თუმცა, მნიშვნელოვანი პრობლემები ნარჩუნდება ისეთ სფეროებში, როგორებიცაა:

კანონდარღვევის გამო სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების პასუხისმგებლობა

ყველაზე ნათელ მაგალითად მოყვანილია 2008 წელს მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ძალის გამოყენების საქმის არასაკმარისად ეფექტიანი გამოძიება.

ადამიანის უფლებების დარღვევა ეკოლოგიის სფეროში 

კერძოდ, ნახსენებია ამულსარაში ოქროსმომპოვებელი შახტის მშენებლობის წინააღმდეგ პროტესტი, რომელიც პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა. 

ოჯახური ძალადობა 

2019 წელს, ოჯახური ძალადობის ბრალდებით, 209 სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, მაგრამ შემთხვევების უმრავლესობაში, პოლიცია მსხვერპლის უფლებებს ვერ იცავს.

• 3-წუთიანი ვიდეო 2019 წელს სომხეთისთვის მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ

• რატომ ებრძვიან სომხეთში ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ ევროპულ კონვენციას?

• დამოკიდებულება ლგბტ საზოგადოების მიმართ: აზერბაიჯანი, თურქეთი, სომხეთი და რუსეთი – ყველაზე მძიმე სიტუაცია

შშმ პირების უფლებები ბოლომდე დაცული არ არის 

ამ მიმართულებით მიღწეული გარკვეული წარმატებების მიუხედავად, ხელისუფლების მიერ მომზადებული შშმ პირების უფლებების შესახებ კანონი, პარლამენტისთვის ჯერაც არ გადაუგზავნიათ. 

ლგბტ მდგომარეობა 

არატრადიციული ორიენტაციის ადამიანები კვლავინდებურად ვერ გრძნობენ თავს სრულფასოვან მოქალაქეებად. ისინი საკმაოდ ხშირად ხდებიან შეურაცხყოფისა და თავდასხმის სამიზნეები.

ყველაზე გახმაურებული საქმე საპარლამენტო მოსმენისას მოხდა, სადაც ლგბტ აქტივისტები იძულებულები იყვნენ, მათი მისამართით წამოსული დაცინვა და შეურაცხყოფა ესმინათ. 

საქართველო 

პროტესტი 

Human Rights Watch-ის ანგარიშში, საქართველოში წლის მთავარ მოვლენად დასახელებულია ანტისახელისუფლებო პროტესტი, რომლის დასაშლელადაც ჭარბი ძალა გამოიყენეს.

დაშავდა 240 ადამიანი, მათ შორის, 80 პოლიციელი და 32 ჟურნალისტი.

მომხდარის შეფასებისას ხელისუფლებამ არაობიექტური პოზიცია დაიკავა: დაზარალებულად მიიჩნიეს 67 პოლიციელი და მხოლოდ 7 პროტესტის მონაწილე.

შრომითი უფლებების დარღვევა 

ოქტომბრამდე არსებული მონაცემებით, სამუშაო ადგილზე 107-მა ადამიანმა მიიღო ტრავმა, 36 კი დაიღუპა. მთავარი მიზეზი – შრომითი კანონმდებლობა, რომელიც არ უზრუნველყოფს დასაქმებულების უსაფრთხოებას.

ხელისუფლებამ საკანონმდებლო შესწორებები შეიმუშავა, მაგრამ პარლამენტისთვის ამ დრომდე არ წარუდგენია.

• საქართველო 2019: წლის 11 მთავარი მოვლენა

• ყველაფერი, რაც თბილისური პროტესტის შესახებ უნდა იცოდეთ

• ტყიბული – სიკვდილს შეგუებული ქალაქი

მედიათავისუფლებას საფრთხე ემუქრება 

ანგარიშში აღნიშნულია, რომ სამი კრიტიკულად განწყობილი მაუწყებლის, „რუსთავი 2“-ის, „ტვ პირველისა“  და მთავარის“  მფლობელები და თანამშრომლები ხელისუფლების მხრიდან ზეწოლას განიცდიან ეკონომიკური დანაშაულის ჩადენის ბრალდებით. 

ლგბტ მდგომარეობა 

ანგარიშში შეტანილია თბილისში, გეი-აღლუმის ორგანიზატორებზე ზეწოლა, მათ შორის, ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის მხრიდან. ასევე, აღწერილია ლგბტ აქტივისტებზე თავდასხმა ულტრაკონსერვატორი ბიზნესმენის, ლევან ვასაძის მხარდამჭერების მხრიდან. 

ხაზგასმულია, რომ ამ საქმეზე დაწყებული გამოძიება ჯერჯერობით არ დასრულებულა. 

 

 


ასევე წაიკითხეთ