პირველი რუსული ემბარგოდან 13 წლის თავზე, საქართველო იგივე პრობლემების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს" />

რამდენს დაკარგავს საქართველო რუსული სანქციების შემთხვევაში? კონკრეტული რიცხვები

პირველი რუსული ემბარგოდან 13 წლის თავზე, საქართველო იგივე პრობლემების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს

8 ივლისიდან რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, საქართველოსა და რუსეთს შორის ავიამიმოსვლა შეწყდა. ვლადიმირ პუტინმა მოუწოდა რუსეთის მოქალაქეებს თავი შეიკავონ საქართველოში მოგზაურობისგან.

ამ ეტაპზე, რუსეთის პრეზიდენტისვე გადაწყვეტილებით, კრემლმა საქართველოს წინააღმდეგ მკაცრი ეკონომიკურ სანქციებს არ აამოქმედა. თუმცა, სახელმწიფო დუმის შესაბამისი დადგენილება უკვე არსებობს და პუტინის ხელმოწერას ელოდება.

ეკონომიკა ერთ-ერთი მთავარი ბერკეტია, რომლითაც რუსეთი საქართველოზე ზემოქმედებს.

JAMnews-ი მოგიყვებათ, რას დაკარგავს საქართველო, თუ რუსეთი კვლავ დასჯის ქვეყანას სანქციებით.

__________________________

რა თანხა შემოდის რუსეთიდან?

რუსეთიდან საქართველოში ფული ძირითადად სამი გზით შემოდის: ტურიზმი, ფულადი გზავნილები (ემიგრანტების გადმორიცხული თანხა) და ექსპორტი.

2018 წელს, ჯამში დაახლოებით 1.6 მილიარდი დოლარი შემოვიდა.

აქედან, დაახლოებით 700 მლნ დოლარი რუსი ტურისტების ხარჯებია, 457 მლნ დოლარი ფულადი გზავნილები და 437 მლნ დოლარი კი, ქართული პროდუქციის ექსპორტიდან მიღებული თანხა.

საქართველოს ეკონომიკის რუსეთზე დამოკიდებულება წლიდან წლამდე იზრდება.

2012 წელს ზემოთ აღნიშნული სამი წყაროდან შემოსული ჯამური თანხა საქართველოს ეკონომიკის 6.3. პროცენტს შეადგენდა (სულ შემოვიდა ერთი მილიარდი დოლარი), 2018 წელს კი, რუსულ ფულზე დამოკიდებულებამ ეკონომიკის 10 პროცენტს მიაღწია.

რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ ერთხელ უკვე აამოქმედა ეკონომიკური ემბარგო.

 

2006 წელს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის მორიგი გამწვავების დროს რუსეთმა აკრძალა ქვეყანაში ქართული პროდუქციისღვინის, მინერალური წყლის, სოფლის მეურნეობის ნაწარმის შეტანა.

 

ემბარგოს დაწესების ოფიციალურ მიზეზად ქართული პროდუქციის დაბალი ხარისხი დასახელდა. თუმცა, მოსკოვშიც კი აღიარებდნენ, რომ გადაწყვეტილება პოლიტიკური იყო.

 

იმ პერიოდში ქართული პროდუქციის 80 პროცენტი მთლიანად რუსულ ბაზარზე იყო დამოკიდებული. ამდენად, ემბარგომ კონკრეტულ მეწარმეებსა და ზოგადად ქვეყნის ეკონომიკას მილიონობით ლარის ზიანი მიაყენა.

 

ემბარგო 2013 წელს, საქართველოს ხელისუფლებაში “ქართული ოცნების” მოსვლის შემდეგ მოიხსნა და ქართული ნაწარმი კვლავ დაბრუნდა რუსეთში. პირველივე – 2014 წელს  საქართველოდან რუსეთში 275 მილიონი დოლარის პროდუქცია (ძირითადად ღვინო და მინერალური წყალი) გავიდა. ამ მაჩვენებლით რუსეთმა კვლავ დაიბრუნა საქართველოს მთავარი ექსპორტიორი ქვეყნის ადგილი. 

ტურიზმი

ბოლო წლებში რუსეთზე დამოკიდებულება ყველაზე მეტად ტურიზმის მხრივ გაიზარდა.

თუ 2012 წელს საქართველოში 410 ათასი ტურისტი შემოვიდა, 2018 წელს მათი რიცხვი 3.5-ჯერ მეტი –  ერთი მილიონ 405 ათასი იყო.

2019 წლის ხუთი თვის მონაცემებით, საქართველოში რუსეთიდან 550 ათასი ადამიანია შემოსული.

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, ერთი რუსი ტურისტი საქართველოში საშუალოდ დაახლოებით 520 დოლარს ხარჯავს.

თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ საქართველოში შემოსული ტურისტების 30 პროცენტი  საჰაერო გზით სარგებლობს, პუტინის გადაწყვეტილება ფრენების აკრძალვის თაობაზე წლის ბოლომდე საქართველოს 100-150 მლნ დოლარს დააკარგვინებს.

ალბათ, ლოგიკურია ვივარაუდოთ, რომ რუსეთის პრეზიდენტის რეკომენდაცია, რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოში არ იმოგზაურონ, სავარაუდოდ, იმ ტურისტებზეც იქონიებს გავლენას,  რომლებიც საქართველოში ავტოტრანსპორტით შემოდიან. ამდენად, შეუძლებელია, მიახლოებით მაინც ვთქვათ, ჯამში რამდენით შემცირდება ტურისტების რაოდენობა.

 ფულადი გზავნილები

რუსეთიდან ფულადმა გზავნილებმა პიკს 2013 წელს მიაღწია – 801 მლნ დოლარი შემოვიდა. მომდევნო წლები კრიზისული იყო რუსეთის ეკონომიკისთვის და გზავნილებიც მნიშვნელოვნად შემცირდა – 2018 წელს 457 მლნ დოლარი შემოვიდა. .

2019 წელიც გზავნილების კლებით დაიწყო – იანვარ-მაისში 6 პროცენტით ნაკლები გზავნილი შემოვიდა, ვიდრე გასულ წელს იგივე პერიოდში.

ტექნიკურად ყველაზე რთული სანქციების დაწესება სწორედ ფულად გზავნილებზე იქნება.

შედარებისთვის, მას შემდეგ, რაც 2006 წლის ბოლოს, რუსეთმა ქართველების მასობრივი დეპორტაცია განახორციელა და ეკონომიკური სანქციები აამოქმედა, ფულადი გზავნილები მაინც გაიზარდა. სანქციების პირველივე წელს -2007 წელს 48 პროცენტით მეტი გზავნილი შემოვიდა, ვიდრე 2006-ში.

თანამედროვე ტექნოლოგიები იძლევა ბევრ საშუალებას ფული ერთი ქვეყნიდან მეორე ქვეყანაში გადარიცხო, მაგალითად, კრიპტოვალუტების გამოყენებით. თუმცა, ალტერნატიული საშუალებების გამოყენება გადარიცხვების ხარჯს გაზრდის.

რუსეთიდან ფულადი გზავნილების მოცულობა ძირითადად რუსეთის ეკონომიკურ მდგომარეობაზეა დამოკიდებული. ამასთან, თუ გავითვალისწინებთ, იმას რომ ქართველი ემიგრანტებს ან რუსეთის მოქალაქეობა აქვს, ან კანონის დაცვით იმყოფებიან რუსეთის ტერიტორიაზე, სანქციების ამოქმედების შემთხვევაში, ფულადი გზავნილების მნიშვნელოვნად შემცირება ნაკლებ სავარაუდოა.

ექსპორტი

ღვინის მაღაზია თბილისში. REUTERS

2018 წელს რუსეთში განხორციელებული 437 მლნ დოლარის ექსპორტიდან, , ყველზე დიდი წილი, 29 პროცენტი ფეროშენადნობებზე მოდიოდა.

შემდეგ მოდის ღვინო. გასულ წელს რუსეთში 115 მლნ დოლარის ქართული ღვინო გავიდა, რაც ჯამური ექსპორტის 26 პროცენტია. 50 მლნ დოლარის მინერალური და მტკნარი წყლები გავიდა, ხოლო 21 მლნ დოლარის სპირტიანი სასმელები.

ცხრილი: 2018 წელს საქართველოდან რუსეთში გასული ძირითადი საექსპორტო პროდუქცია.

წყარო: საქსტატი

ექსპორტზე სანქციების ამოქმედების შემთხვევაში, საუბარია ალკოჰოლური სასმელების და მინერალური წყლების სანქცირებაზე.

2018 წელს ჯამში 186 მლნ დოლარის ალკოჰოლური სასმელები და მინერალური წყალი შევიდა რუსეთის ბაზარზე. მიმდინარე წლის იანვარ-მაისში – 89 მლნ დოლარის.

შესაბამისად, ალკოჰოლური სასმელებისა და მინერალური წყლის წინააღმდეგ ყველაზე მკაცრი სანქციების მოქმედების პირობებშიც კი  2019 წელს დანაკლისი 100 მლნ დოლარზე ნაკლები იქნება.

შეჯამება

რომ შევაჯამოთ, მრავალმხრივი სანქციების დაწესების შემთხვევაში, ძირითადად ტურიზმი და ექსპორტი დაზარალდება და 2019 წლის ბოლომდე დანაკლისი 200-დან 500 მლნ დოლარამდე იქნება (500 მლნ დოლარამდე იქნება იმ შემთხვევაში, თუ  რუსი ტურისტები სახმელეთო გზითაც აღარ შემოვლენ).

იმის პროგნოზირება, თუ რამდენი იქნება დანაკლისი უფრო გრძელვადიან პერიოდზე – ერთ ან ორ წელზე, საკმაოდ რთულია.

სანქციებს ყველაზე მტკივნეულად ტურიზმის ინდუსტრიაში (სასტუმროები, კაფე-ბარები), მევენახეობა-მეღვინეობაში და მინერალური წყლების ბიზნესში ჩართული ადამიანები იგრძნობენ. ამათგან ყველაზე მეტად რუსულ ბაზარზე მეღვინეობაა დამოკიდებული, თანაც რთველიც მოახლოებულია.

სად არის გამოსავალი?

როდესაც სანქციების დაწესება მოულოდნელად ხდება და ქვეყანა ამისთვის მზად არ არის, უარყოფითი ეკონომიკური შედეგები გარდაუვალია და მოკლე დროში მათი აღმოფხვრა შეუძლებელია.

საქართველოსთვის რუსეთის სანქციები მოულოდნელი არ იქნება. რუსეთმა ერთხელ, 2006 წელს, უკვე დატოვა საქართველო საკუთარი ბაზრის გარეშე.

დღეს 13 წლის თავზე საქართველო ისევ იგივე პრობლემების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს და თანაც, ისევ მოუმზადებელი.

პირველ რიგში, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ საქართველოს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება შემცირდეს. არავ აქვს მნიშვნელობა, დაუწესებს თუ არა ამ ეტაპზე რუსეთი სანქციებს საქართველოს და აღადგენს თუ არა ფრენებს.  პრობლემა მაინც დარჩება დღის წესრიგში. გამომდინარე ორ ქვეყანას შორის არსებული დაძაბული პოლიტიკური ურთიერთობიდან, რუსეთი ვერასოდეს იქნება ქართველი მეწარმეებისთვის სტაბილური ბაზარი.

რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი სანქციები დამოკლეს მახვილივით ჰკიდია საქართველოს თავს და მათი ამოქმედება ნებისმიერ დროს არის მოსალოდნელი.

მომავალში, რაც მეტ წარმატებას მიაღწევს საქართველო და მეტად დაუახლოვდება ევროკავშირსა და ნატოს, მით მეტად გაღიზიანდება რუსეთი, რომელიც საქართველოს დასასჯელად, ტრადიციულად, ეკონომიკურ სანქციებს მიმართავს.

შესაბამისად, საქართველოს სტრატეგიული ამოცანა,  ნებისმიერ შემთხვევაში უნდა იყოს ახალ ბაზრებზე გასვლა და რუსეთზე დამოკიდებულების რაც შეიძლება მეტად შემცირება.

არ ნიშნავს იმას, რომ რუსულ ბაზარზე ექსპორტი ხელოვნურად უნდა შეიზღუდოს ან საქართველომ რუსი ტურისტების შემოშვებაზე უარი უნდა თქვას.

რუსეთზე დამოკიდებულების შემცირება ნიშნავს, ქვეყანამ მიაღწიოს განვითარების ისეთ ტემპს, რომ საქართველოს ეკონომიკა უფრო სწრაფად იზრდებოდეს, ვიდრე რუსეთიდან შემოსული ფული.

სწორედ ეს შეამცირებს დამოკიდებულებას. ბოლო წლებში კი პირიქით ხდებოდა და ეს არ იყო შემთხვევითი – „ქართულმა ოცნებამ“ საკმაოდ ბევრი ფინანსური და პოლიტიკური რესურსი დახარჯა რუსეთის ბაზრის დაბრუნებაზე.

მაგალითად, 2013-2018 წლებში მთავრობამ 13 მლნ ლარი გამოყო რეკლამებზე, რომლებიც საქართველოში რუს ტურისტებს შემოიყვანდა.

ხელისუფლებას ამ წლების განმავლობაში არ გაუფრთხილებია ქართული ბიზნესი, რომ რუსული ბაზარი სანდო არ არის. პირიქით, ამაყობდა რუსული ბაზრის დაბრუნებით და ამტკიცებდა, რომ პოლიტიკა და ეკონომიკა ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს.

სანქციების დაწესების შემთხვევაში, საქართველოს ექნება გარკვეული შეფერხება ეკონომიკურ ზრდაში, თუმცა მას მოუწევს საკუთარი პროდუქციისთვის ახალი ბაზრების მოძიება და  ტურისტული ინდუსტრიის სხვა ბაზრებზე გადართვა.

2013 წელს „ქართული ოცნების“ მიერ დაბრუნებულმა რუსულმა ბაზარმა მყისიერი ეკონომიკური სარგებელი კი მოიტანა, მაგრამ ახალი ბაზრების მოძიების მოტივაცია გარკვეულწილად გააქრო.

საქართველოს მთავრობას ახლა აქტიური და სწორი კომუნიკაცია სჭირდება ევროკავშირთან და  აშშ-თან რათა გარკვეული დახმარება და მხარდაჭერა მიიღოს უარყოფითი შედეგების შესამცირებლად. თავის მხრივ, მთავრობამ შეღავათები უნდა გაუწიოს დაზარალებულ სექტორებს (მიუხედავად იმისა, რომ ვინც რუსულ ბაზარს ენდო, რისკებიც უნდა გაეთვალისწინებინა), ეს იქნება საგადასახადო, საკრედიტო, თუ სხვადასხვა სპეციალური სახელმწიფო პროგრამები.


ასევე წაიკითხეთ