კანონი ურთიერთობის ამ სახეს არ ითვალისწინებს. თუმცა, არც კრძალავს " />

ჟურნალისტი აფგან მუხტარლი ციხიდან ოჯახთან სკაიპით დაკავშირების უფლებას მოითხოვს

კანონი ურთიერთობის ამ სახეს არ ითვალისწინებს. თუმცა, არც კრძალავს

მსჯავრდებული ოპოზიციონერი ჟურნალისტი აფგან მუხტარლი ჩივის, რომ კოლონიის ხელმძღვანელობა, ოჯახთან სკაიპით ურთიერთობის  თხოვნით, მის წერილს იუსტიციის მინისტრს არ უგზავნის. ამის შესახებ  ჟურნალისტის ცოლმა ლეილა მუსტაფაევამ განაცხადა. აზერბაიჯანის კანონმდებლობაში მითითებული არ არის, რომ პატიმრებს ვიდეოკავშირით სარგებლობა შეუძლიათ, თუმცა ეს არც აკრძალულია.

წინა ისტორია

ჟურნალისტი აფგან მუხტარლი აზერბაიჯანის ხელისუფლების მისამართით მწვავე კრიტიკითა და მამხილებელი სტატიებით იყო ცნობილი. 2014 წელს ის საქართველოში გადავიდა საცხოვრებლად. 2017 წელს კი მუხტარლი გაიტაცეს და ბაქოში დააბრუნეს. იქ მას ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს – საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის, კონტრაბანდისა და ხელისუფლების წარმომადგენლისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით. თავად მუხტარლი გატაცებაზე პასუხისმგებლობას ქართველ ძალოვანებსა და საქართველოს ხელისუფლებას აკისრებს, რომლებმაც ის აზერბაიჯანს გადასცეს. უფლებადამცავმა ორგანიზაციამ Amnesty International-მა მუხტარლი „სინდისის პატიმრად“ აღიარა. ასევე ის შეყვანილია პოლიტპატიმართა დაცვის ცენტრის მიერ შედგენილი აზერბაიჯანელ პოლიტპატიმართა სიაში.

• აფგან მუხტარლი მისი გატაცებისა და დაპატიმრების შესახებ

• რატომ აღარ არის თბილისი აზერბაიჯანელი პოლიტემიგრანტების თავშესაფარი

• აზერბაიჯანელი „სინდისი პატიმრები“ ციხეში ცხოვრების შესახებ ჰყვებიან

 

რა ხდება ახლა?

მას შემდეგ, რაც ჟურნალისტს ბრალი წაუყენეს, მისი ცოლი ლეილა მუსტაფაევა ბავშვთან ერთად ევროპაში ემიგრაციაში წავიდა.

 „ჩვენი ხუთი წლის გოგონა უკვე დაიღალა მამასთან მხოლოდ ტელეფონით საუბრით, და მისი ნახვა სურს. მას სერიოზული ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს“, – გადმოსცემს მუსტაფაევას სიტყვებს „კავკაზსკი უზელი .

ასევე, მას აღელვებს ქმრის ჯანმრთელობა, რომელიც მას შემდეგ გაუარესდა, რაც მუხტარლი ერთხანს კარცერში ჰყავდათ. ამას ჟურნალისტის სამოქალაქო დამცველი სამირ ასადლიც ადასტურებს.

„ბოლო დღეებში აფგანი ზურგის არეში მწვავე ტკივილს უჩივის, ასევე სველ ხველას. მას ძველი ავადმყოფობებიც აწუხებს – შაქრიანი დიაბეტი და წნევა. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახისგან უფლებამოსილი ვარ, რომ აფგანს შევხვდე, პაემნის უფლებას არ მაძლევენ ჟურნალისტს ჩემთან მხოლოდ დარეკვის უფლება აქვს“,  – ჰყვება ასადლი.

კანონმდებლობა მოძველდა?

პენიტენციარული სამსახურის საზოგადოებრივი კავშირების განყოფილებაში იმას ეყრდნობიან, რომ კანონმდებლობაში მითითებული არ არის, პატიმრებს Skype-ით სარგებლობა შეუძლიათ თუ არა. მინისტრის მისამართით დაწერილ წერილს რაც შეეხება, ისინი ამბობენ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით არანაირ ინფორმაციას არ ფლობენ.

„როდესაც სასჯელის აღსრულების შესახებ კოდექსი მიიღებოდა, მაშინ სკაიპი არ არსებობდა. კანონები უკეთესობისკენ უნდა შეიცვალოს. მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში პატიმრებს ნათესავებთან ინტერნეტით ურთიერთობის უფლებას აძლევენ. მეტიც, ინტერნეტ-კავშირი სასამართლოში ჩვენების მიცემისთვისაც გამოიყენება“, – მიაჩნია უფლებათა სფეროს ექსპერტს იალჩინ იმანოვს.

 ის დასძენს, რომ პატიმრობაში მყოფი პირების თავისუფლებებისა და უფლებების შესახებ კანონის მე-17 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულებს შეუზღუდავად შეუძლიათ გაგზავნონ და მიიღონ წერილები და დეპეშები. ასე რომ, მუხტარლისთვის წერილის გაგზავნაზე უარის თქმა – ამ კანონის აშკარა დარღვევაა.


ასევე წაიკითხეთ