„ნოვაია გაზეტას“ მიმომხილველი აფასებს, თუ როგორ ხვდებოდნენ გათავისუფლებულ ტყვეებს კიევსა და მოსკოვში" />

მოსაზრება: ორი სამშობლო. რა განსხვავებაა რუსეთსა და უკრაინას შორის

„ნოვაია გაზეტას“ მიმომხილველი აფასებს, თუ როგორ ხვდებოდნენ გათავისუფლებულ ტყვეებს კიევსა და მოსკოვში

კირილ მარტინოვი,   „ნოვაია გაზეტას პოლიტიკის განყოფილების რედქტორი

რუსეთმა და უკრაინამ, სქემით 35/35-ზე, პატიმრები გაცვალეს. სამშობლოში გაემგზავრნენ ის უკრაინელი მეზღვაურები, რომლებიც ქერჩის სრუტეში მომხდარი ინციდენტის დროს დააკავეს, ასევე – რუსეთის ტერიტორიაზე დანაშაულების ჩადენაში ბრალდებული უკრაინელი მოქალაქეების ჯგუფი, ყველაზე ცნობილი უკრაინელი პოლიტპატიმრის რეჟისორ ოლეგ სენცოვის მეთაურობით.

Ukrainian Presidential Press Service/REUTERS 

ყირიმელმა სენცოვმა პატიმრობაში ხუთ წელიწადზე მეტი გაატარა, განაჩენის შემდეგ შიმშილობდა და აი, ახლა გათავისუფლებული, კიევის თბილი ცის ქვეშ აღმოჩნდა. თვითმფრინავის ტრაპთან რეჟისორსა და დანარჩენ უკრაინელებს პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი დახვდათ.

პატიმრების, არსებითად კი ტყვეების, გაცვლას,როგორც ჩანს, განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებებისა, ყველა მიესალმება. ეს გაცვლა, საღი აზრის პირობებში, დიდ ხნის წინათ უნდა მომხდარიყო, მაგრამ ხელს სხვადასხვა რამ უშლიდა, მაგალითად – ჰიბრიდული ომი, პუტინსა და პოროშენკოს შორის ცუდი ურთერთობა, ასევე ალბათ არასაკმარისი საფასური უკრაინელებისთვის თავიანთი მოქალაქეების სანაცვლოდ. როგორც ახლა გაირკვა, კიევს გადახდის შესაძლებლობა მხოლოდ რამდენიმე თვის წინათ გაუჩნდა, მას შემდეგ, რაც დონეცკთან მალაიზიური „ბოინგის“ დაღუპვის მოწმე ვლადიმირ ცემახი შეიპყრეს.      ზელენსკის აღიარებით, გასაცვლელ ტყვეთა სიაში ცემახის არჩწერა მთლიანად მოლაპარაკების ჩაშლას უქადდათ.

ყველას თავისუფლებით უნდა გავიხაროთ, თუმცა განსხვავება დავინახოთ.

რუსეთის პრეზიდენტი კიევში პატიმრობიდან გათავისუფლებულების დასახვედრად ვნუკოვოში არ გაემგზავრა.

გათავისუფლებულთა შორის ყველაზე ცნობილს, ჟურნალისტ კირილ ვიშინსკის სააგენტო „რუსეთი დღეს“ ხელმძღვანელი დმიტრი კისილიოვი დახვდა. როგორც ჩანს, დიპლომატიის შესახებ კრემლის წარმოდგენებით, ეს არის მაქსიმალური დონე, რისი იმედიც შინ დაბრუნებულ გმირებს შეიძლება ჰქონდეთ.

სხვათა შორის, პროპაგანდა სულაც არ ცდილობს, რომ რუსეთში ჩამოყვანილი პირები, რომელთა უმრავლესობა უკრაინის მოქალაქეა, გმირებად აქციოს. ნათესავებს გვარების ზუსტი სიისა და ჩარტერული რეისის თაობაზე არ აცნობეს. გათავისუფლებულებს ვნუკოვოში სპეცსამსახურები დახვდნენ.

მეტიც, რუსეთის საინფორმაციო სააგენტოებმა გათავისუფლებულების ფოტოები რეტუშირებული სახეებით გამოქვეყნეს.

ერთი სიტყვით, ის, რაც უკრაინაში ეროვნული დღესასწაულია, ჩვენთან ისევ სპეცოპერაცია და „გეოპოლიტიკის ინსტრუმენტია“.

ჩვენ ისე ვაფასებთ ჩვენს პოლიტპატიმრებს, რომ ვამჯობინებთ, მათი ვინაობა არავისთან გავამხილოთ. ასე იწყება ჰიბრიდული ომის კვალდაკვალ ჰიბრიდული სამართალდაცვა.

მართლები არიან ისინი, ვინც ახლა ორი სახელმწიფოს განსხვავებულ ბუნებაზე ლაპარაკობს. ახლანდელი რუსეთი – იმპერია და ავტოკრატიაა, უკრაინა კი – დემოკრატიული, ეროვნული სახელმწიფო. რუსეთში ძალაუფლება იმას ემყარება, რომ რიგითი მოქალაქეებისგან დისტანციას ინარჩუნებს, ხოლო ადამიანის სიცოცოხლე უფრო ხშირად დიდი სახელმწიფოებრივი საქმეებისთვის საჭირო საწვავად აღიქმება. უკრაინელებმა კი პრეზიდენტი ახლახან აირჩიეს, და მას ნებსით თუ უნებლიედ მოლოდინების გამართლება უწევს: სრულიად არ აქვს მნიშვნელობა, ის ამას გულწრფელად აკეთებს, თუ „რეიტინგისთვის“.

ჩვენი თანამოქალაქეები ახლა იმაზე დავობენ, რუსეთის წარმომადგენლების ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასაბლეაში დაბრუნება, ასევე კიევთან ურთერთობების დათბობა – უნდა იყოს თუ არა აღქმული კრემლის კურსის „ლიბერალიზაციის“ სიგნალად. სინამდვილეში ყველაფერი უკიდურესად ცინიკურად განიმარტება. იმის გამო, რომ კრემლში ქვეყნის შიგნით არსებულ უკმაყოფილებასა, და „გეოპოლიტიკურ ძლევამოსილებას“ ერთდროულად ვერ უმკლავდებიან, გადაწყვიტეს, ახალი მკვეთრი ვირაჟი ჩაატარონ და ჩინური სცენარი განახორციელონ. ანუ ფორმალურად მეზობლებთან იმეგობრონ და ივაჭრონ (მათ გარდა, ვისთანაც ტერიტორიული დავა მიმდინარეობს), და ამავდროულად ბოლომდე მოუჭირონ ქანჩებს საშინაო პოლიტიკაში.

ასე რომ, ნუ გაგიკვირდებათ, თუკი მოქალაქეების თავებთან ერთად ხელკეტები ევროპაში დემოკრატიის განვითარების თაობაზე ჩატარებულ, მოსკოვის მიერ ორგანიზებულ რომელიმე საერთაშორისო ფორუმსაც მოხვდება.

 


ასევე წაიკითხეთ