სად ეძებს მოლდოვური საქონელი ახალ ბაზრებს, მას შემდეგ, რაც რუსეთმა მისთვის თავისი ბაზარი დახურა " />

მოლდოვური ექსპორტი – სარფიანი აკრძალვა

სად ეძებს მოლდოვური საქონელი ახალ ბაზრებს, მას შემდეგ, რაც რუსეთმა მისთვის თავისი ბაზარი დახურა

სურსათის იმპორტზე შეზღუდვის დაწესება ჩვეული არგუმენტია, რომელსაც რუსეთი ოპონენტებთან პოლიტიკური უთანხმოების დროს ხშირად მიმართავს ხოლმე. მოლდოვური ბოსტნეულისა და ხილის შეტანის აკრძალვა, რომელიც რუსეთში   2014-დან  2015 წლამდე მოქმდებდა, ფერმერებს მძიმედ დააწვათ, თუმცა მათ ახალი სარფიანი წინადადებების ძებნა და მონახვაც ასწავლა.

  Ziarul de Garda-ს მასალა

 

ემბარგო: როგორ მოხდა ეს

იგორ ივანოვი ფერმერია მოლდოვას ოგრეევსკის რაიონის სოფელ მალაეშტიდან. დროის დიდ ნაწილს ის თავის ხილის ბაღებში ატარებს – იმაზე, თუ როგორი იქნება მოსავალი, ბევრი რამ არის დამოკიდებული. იგორი  ექსპორტიორია, მისი ბალი, ქლიავი, ატამი, გარგარი და ვაშლი რუსეთსა და ევროპაშიც იყიდება.

ოდესღაც მოლდოველი ფერმერები თავიანთ პროდუქციას მხოლოდ რუსეთში აგზავნიდნენ და თითქოს ეს ერთადერთი შესაძლო ბაზარი იყო.

„ ეს ჩვენ სტაბილურად და ჩვეულად გვეჩვენებოდა“, – იხსენებს იგორი და დასძენს, რომ  ყველაფერი საკამოდ მკვეთრად შეიცვალა.

2014 წლის ზაფხულში, შუა მოსავლის აღების დროს,  რუსეთმა მოლდოვურ ბოსტნეულსა და ხილზე ჯერ ემბარგო შემოიღო, ხოლო ერთ კვირაში, 2014 წლის 1 აგვისტოს  მოლდოვიდან იმპორტირებულ საქონელზე საბაჟო გადასახადების დაწესება გადაწყვიტა.

მაშინ ახალი ბაზრების ძიება მოუხდათ – თავიდან ბედი უკრაინაში, ბელარუსსა და ყაზახეთში  სცადეს.

იგორმა რუმინელ იმპოტიორებთან შეძლო კავშირის დამყარება. აქ პროდუქციისადმი მოთხოვნა უფრო მკაცრი იყო, ვიდრე რუსეთში, მაგრამ ძირითადი სიძნელეების გადალახვა ჯერ კიდევ წინ იყო: მოთხოვნები ევროკავშირის სხვა ქვეყნებში გასაგზავნი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისადმი კიდევ უფრო მკაცრი აღმოჩნდა.   

„მაგალითად, მცენარეული პროდუქციის დასამუშავებლად ევროპა მხოლოდ ზოგიერთ პრეპარატის ხმარების ნებას გვრთავს. როგორც წესი, ისინი საკმაოდ  ძვირია და საამისოდ ყველა მეწარმე როდი არის მზად”.

ადვილი არ იყო, მაგრამ იგორს მიაჩნია, რომ ემბარგოს მეტხანს გაგრძელება სოფლის მეურნეობის დარგს საბოლოოდ  მხოლოდ სარგებელს მოუტანდა.  

“რუსული ემბარგო ორ-სამ წელიწადს რომ გაგრძელებულიყო ( ის 2014 წლის ივლისიდან 2015 წლის თებერვლამდე გაგრძელდა – რედ. შენიშვნა),  ალბათ გლეხები მთელ იმ ხეებს გაჩეხავდნენ, რომლების ნაყოფის გაყიდვაც შეუძლებელი გახდა. რასაკვირველია, მტკივნეული იქნებოდა, მაგრამ თანდათან ახალ, უფრო მოთხოვნად ჯიშებს დარგავდნენ“, – მიაჩნია ივანოვს.

დუბაი, ეგვიპტე, ინდოეთი

სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი ვიტალი გორნიჩნოი ამჟამად კომპანია “Moldova Fruct“-ს ხელმძღვანელობს. ეს არის ფერემერების ასოციაცია, რომელიც 180 მეწარმესთან, ექსპორტიორთან და ხილის დამმუშავებელთან თანამშრომლობს. გორნიჩნოი მოჰყვა, თუ რამდენად იკლო ემბარგოს შემდეგ ექსპორტის მოცულობამ:

„2013 წელს ჩვენ რუსეთში 200 ათასი ტონა ვაშლი გავიტანეთ, 2014 წელს კი არაუმეტეს 40-50 ათასი ტონისა. დანარჩენი პროდუქცია  მოლდოვადან  ბელარუსში რეექსპორტის გზით სხვა ბაზრებზე მოხვდა“, – ამბობს სოფლის მეურნეობის ექს-მინისტრი.

თუმცა, მთელი მოლდოვური პროდუქცია ერთბაშად სხვა ბაზრებზე  არ მოხვედრილა. ასობით ტონა ხილი და ბოსტნეული მინდვრებში დარჩა. მოლდოველი ექსპორტიორების ზარალი დაახლოებით 145 მილიონ დოლარს უტოლდება.

მაგრამ ზოგიერთებმა მაინც სწრაფად შეძლეს ორიენტირება. „ჩვენ ალტერნატიული ბაზრების ძიებას შევუდექით, ახალი ვაშლის ბაღების გაშენება, მოსავლის კრეფის ტექნიკისა და მაცივრების მშენებლობაში ფულის ჩადება დავიწყეთ“.

“ვაშლის პოლონეთსა და უნგრეთში გატანას აზრი არ ჰქონდა – იქ თავიანთიც ბევრი აქვთ. ჩვენ რუმინეთში გავედით. ახლა მეწარმეებს სულ უფრო ხშირად მოუწოდებენ, რომ ბაზრები სხვა მიმართულებებით ეძებონ. საქმე ეხება დუბაის, ეგვიპტეს, ინდოეთს, რომლებიც მზად არიან ჩვენი ხილი მიიღონ, თუკი კანონმდებლობის ადაპტირებას მოვახდენთ“, – ამბობს სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი.

ევროპა უფრო მომგებიანია

“როგორც არ უნდა ეცადოს მთავრობა და საპარლამენტო უმრავლესობა რუსეთთან ურთიერთობის გაფუჭებას – არაფერი გამოვა. ციფრები თავად მეტყველებენ“, – დაწერა ახლახან მოლდოვას პრეზიდენტმა იგორ დოდონმა თავის ფეისბუკზე. ის აზუსტებს, რომ 2017 წლის იანვარ-ივლისში მოლდოვას მიერ ექსპორტირებული 9,3 ათასი ტონა ბოსტნეულიდან 8,18 ათასი ტონა რუსეთში გაიგზავნა.

მიუხედავად რუსეთში ექსპორტირებული პროდუქციის შთამბეჭდავი მოცულობისა, ევროკავშირთან ხილითა და ბოსტნეულით ვაჭრობას დიდი შემოსავალი მოაქვს.

მოლდოვასა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების  ხელმოწერამდე, 2014 წელს რუსეთში მოლდოვური ხილის საერთო მოცულობის 60-70% გაიგზვნა, მაგრამ უკვე 2014 წლიდან ევროპის ბაზარზე ექსპორტის მოცულობამ 16%-ით იმატა.

რუსეთთან ხილით ვაჭრობამ 2013 წელს მოლდოვას 631 მილიონი დოლარი მოუტანა. გასულ წელს კი რუსეთთან ექსპორტით მხოლოდ 233,17დოლარის გამომუშავება მოხერხდა. 2017 წლის იანვრიდან ივნისამდე ევროკავშირთან ექსპორტით მოლდოვამ უკვე  38,5 მილიონი დოლარი გამოიმუშავა – ეს ნახევარზე მეტია, ამ პერიოდში ექსპორტის საერთო მოცულობის 51 პროცენტი.

გარდა შემოსავლისა, მნიშვნელოვანია ისიც, რომ ევროპულ ბაზარზე გასვლა მოლდოვასთვის სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების მძლავრი ბიძგია.

მოლდოველი ფერმერების რაოდენობა, რომლებსაც თავიანთი პროდუქცია ევროკავშირში გააქვთ, ყოველწლიურად მატულობს, – ამბობს მარკეტინგის სასოფლო-სამეურნეო კომპანიის  „Moldova Fruct“-ის სპეციალისტი ვადიმ კოდრიანუ.

“მათი რაოდენობა იზრდება, რადგან ადამიანები თანდათან, ევროპული მოთხოვნებისა და ახალი ტექნოლოგიების შესაბამისად, ახალ პლანტაციებს აშენებენ; ყიდულობენ საგანგებო მაცივრებს, სათანადო აღჭურვილობით აწყობენ საწყობებს და ასე შემდეგ. ამით მთლიანად დარგი ვითარდება და მოდერნიზდება“.

კოდრიანუს თქმით, ევროპელებთან ერთად ამის შეხედვარე სხვა პარტნიორებიც ჩნდებიან.

“მაგალითად, დაინტერესდნენ იმპორტიორები ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან, ჩრდილო აფრიკიდან, სამხრეთი აზიის ისეთი ქვეყნებიდან, როგორიცაა ბანგლადეში და ინდოეთი. ჩვენ ამ ბაზარზე ექსპორტის გარკვეული დონე დავარეგისტრირეთ და მივხვდით, თუ რა მოთხოვნებია. ჩვენ ეროვნულ სააგენტოსთან ერთად მნიშვნელოვანი ძალისხმევა  გავწიეთ საკვები პროდუქტების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, რათა ინდოეთის ბაზარზე გავსულიყავით. ასეთივე გამოცდილება გვაქვს ისრაელში ვაშლთან დაკავშირებით“, – ამბობს ვადიმ კოდრიანუ.

“ ახლა მოლდოვაში ატმისა და ქლიავის სეზონია. ისინი ძირითადად პოლონეთისა და რუმინეთის ბაზარზე გააქვთ, ბევრი ბელარუსსა და რუსეთში გადის. ზოგს ქლიავი რუმინელი  შუამავლების საშუალებით იტალიაში გააქვს“, – ჰყვება კოდრიანუ.


ასევე წაიკითხეთ