“ძროხას ვწველიდი, თანასოფლელმა რომ მითხრა, საღამოს სოფელში შეხვედრა იქნება გრანტებზეო. მოვაჯექი ცხენს და წავედი. დღეს 300-ზე მეტი ფუტკრის ოჯახი მყავს. მალე ამერიკაში მივდივარ სასწავლებლად” " />

მინდოდა რაღაც გამეკეთებინა. ოთხი ამბავი ოთხ ფერმერ ქალზე

“ძროხას ვწველიდი, თანასოფლელმა რომ მითხრა, საღამოს სოფელში შეხვედრა იქნება გრანტებზეო. მოვაჯექი ცხენს და წავედი. დღეს 300-ზე მეტი ფუტკრის ოჯახი მყავს. მალე ამერიკაში მივდივარ სასწავლებლად”

მათ ერთმანეთთან, ერთი შეხედვით, არაფერი აკავშირებთ. მაგრამ ფაქტია, ოთხივემ საუბარი ასე დაიწყო – “მინდოდა, რაღაც გამეკეთებინა”.

ნატალია და ირინე თბილისიდან არიან, მანანა წალკიდან, დალი კი – ზემო ალვანიდანაა. ერთს კიტრი მოჰყავს, მეორეს პომიდორი, მესამეს ჩაის საწარმო აქვს თავისი მაღაზიით, მეოთხე კი, საგანმანათლებლო საქმიანობასთან ერთად, მომთაბარე მეფუტკრეობას ეწევა.

28 მარტს “ფრონტლაინ ჯორჯიას” სადისკუსიო სივრცეში, “ოქსფამი -საქართველოს” წარმომადგენლობის ინიციატივით, ოთხი ფერმერი ქალი საკუთარი ისტორიის მოსაყოლად შეიკრიბა.

ამბავი პირველი: ნატა

ნატალია ფარცხალაძე, “კონა”

პატარა სივრცეა და ძალიან მყუდრო. ხის თაროებზე ქაღალდის შეფუთვებში სხვადასხვა ფორმისა და ფერის ბალახბულახი მოჩანს.

– “ერთი ალი და ნინო, თუ შეიძლება,” – ვამბობ ხმამაღლა და ორიოდე წუთში წინ მიდგას თიხის ჭიქა, საიდანაც საოცარი არომატი იფრქვევა – შავი ჩაის, დარიჩინის, კაკაოს მარცვლის, მოხალული ნუშის, ქოქოსის შაქრის, დეკის, ანისულის და სურნელოვანი პილპილის გამაბრუებელი სუნები ერთმანეთს ეჯიბრებიან.

თბილისში, ინგოროყვას ქუჩაზე საჩაიეში, 12 ჩაის სახეობას 9 კომბინაციით მოგართმევენ. ყველა მათგანი განსაკუთრებული და გამორჩეულია – “აღმოსავლური ზღაპარი”, “ცია”, “ნაინა”, “ალი და ნინო”, “მფარველი ვარსკვლავი”; მატონიზირებელი, სედატიური, ანტისეპტიკური, ანტისტრესული, ცაცხვი, პიტნა, ბარამბო, სალბი, ბროწეულის და ფორთოხლის ყვავილი, საფერავის ფოთოლი, ვარდი, კოჭა, მაყვალი, ჟოლო.

ეს ბალახეული ნატალია ფარცხალაძის საწარმოში “კონაშია” მოყვანილი.

“ყველაფერი იქედან დაიწყო, რომ მინდოდა რაღაც შემექმნა. რაღაც, რასაც ეწერებოდა “შექმნილია საქართველოში” და რის კეთებაც მე თვითონ მომეწონებოდა. ჩემი მიზანი ფინანსური და მორალური დამოუკიდებლობა იყო. მე ეს ძალიან მჭირდებოდა.

ჯერ ბანკს მივმართე, თუმცა სესხზე უარი მითხრეს. შემდეგ, ინტერნეტით “ენპარდის” პროგრამის შესახებ გავიგე (ENPARD – სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამა. საქართველოში ხორციელდება 2013 წლიდან. JAMnews). ეს პროგრამა სასოფლო სამეურნეო პროექტებზე იღებდა განაცხადებს. ბალახეულ ჩაისთან დაკავშირებული საწარმოს კონცეფცია დიდხანს მიტრიალებდა თავში, ამიტომ მაშინვე ფურცლებზე გადავიტანე და გავაგზავნე.

ძალიან მალე კასპში, სოფელ ლავრისხევში, მამაჩემის ძველი სახლი ბალახეული ჩაის საწარმოდ იქცა. გრანტის დახმარებით გავაშენე ბაღი წვეთოვანი სისტემით და ასე ავამუშავე ჩემი პატარა საქმე, რომელსაც “კონა” დავარქვით.

არადა, ქინძს და ოხრახუშს  ვერ ვარჩევდი ერთმანეთისგან.

ერთია მიღებული გრანტი, მაგრამ მეორეა ის გვერდში დგომა, ცოდნა, რაც “ოქსფამმა” (OXFAM – საქველმოქმედო ორგანიზაცია. მისი მიზანია ადამიანების ცხოვრების დონის გაუმჯობესება, სიღარიბის დაძლევა, წვრილი ფერმერების დახმარება. JAMnews) თავისი ტრენინგებით მომცა. ეს ჩემთვის არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო.

პირველი მოსავალი 2016 წლის გაზაფხულზე ავიღეთ. დღეს კი უკვე ჩაის საწარმო, პატარა მაღაზია, კაფე და გაყიდვებით ინტეგრირებული ვები გვაქვს. ასევე კოოპერატივი, სადაც 5 ადამიანია დასაქმებული.

41 წლის ვარ. სამი ბიჭი მყავს და ჩემი შვილებისთვის “კონა” ცხოვრებისეული მაგალითი გახდა. ჩვენ ერთად ვარჩევდით ჩაისთვის სახელებს, ვეკითხებოდი მათ გემოებზე, ერთად ვკრეფდით ყვავილებს. წარმატება სადღაც იქ კი არ ხდება, ზეგმირებთან, არამედ აქაა, შენთან, შენ ქმნი ამ პროცესს.

ამბავი მეორე: მანანა

მანანა ბოლქვაძე, მეფუტკრე

30 წლის მანანა ბოლქვაძე წალკიდანაა. სამი წლის წინ მას სამი სკა ჰქონდა, დღეს 300 აქვს. ის თავის ისტორიას ჰყვება:

“წალკაში ვცხოვრობ. გეოგრაფიის მასწავლებელი ვარ. ჩემი შემოსავალი არაფერში გვყოფნიდა, ამიტომ 3 წლის განმავლობაში, ყოველ ზაფხულს მთელი სოფლის ნახირი მთაში აგვყავდა ხოლმე. მთელი ოჯახით მთაში ავდიოდით, კარავში ვცხოვრობდით და ნახირს ვმწყემსავდით, რომ ცოტა მეტი რძე და ყველი მიგვეღო. ძნელი იყო. თან მაშინ ბავშვებიც სულ პატარები მყავდა.

ერთ ზაფხულს, ჩვენს კარავთან ახლოს სკებით დატვირთული მანქანა გაჩერდა. ვიღაცას ფუტკრები ამოუყვანია ეკოლოგიურად სუფთა გარემოში. თავიდან ყურადღება არც მიმიქცევია. თუმცა, მერე ახლოს რომ ვნახე, დამაინტერესა. თანაც, მითხრეს, მოდი, გასწავლითო.

როგორც კი ძროხებს მოვწველიდი, ყველს ამოვიყვანდი, კარავს მოვაწესრიგებდი და დამშეულ ბავშვებს დავაპურებდი, ეგერევე საფუტკრეში გავრბოდი. იცი, რა შეგრძნებაა, საკუთარი ხელით ფუტკრის ოჯახი რომ გამოგყავს?! სამი წელი მოხალისედ ვიმუშავე, მთაში სკებს ვუვლიდი. ბოლოს, ფუტკრის ორი ოჯახიც მაჩუქეს – ეს შენ, გამოგადგებაო. მესამე ოჯახი მალევე ჩემით, დამოუკიდებლად გამოვიყვანე.

სოფელი ჩვენი კარვიდან ასე, 12 კილომეტრით იყო დაშორებული. ერთ დღეს თანასოფლელმა მითხრა, დღეს საღამოს სოფელში ჩამოდი, რაღაც შეხვედრა იქნება გრანტებთან და კოოპერატივებთან დაკავშირებით. დავინტერესდი, მოვაჯექი ცხენს და სოფელში ჩავედი.

პირველი გრანტით ცარიელი სკები ვიყიდე. სოფელში დამცინოდნენ, მეფუტკრეობა რა ქალის საქმეა და მერე კიდევ ეს ცარიელი სკები რაღად გინდოდაო. კოოპერატივში, რომელიც დავაფუძნე, ჯერ მხოლოდ სამნი ვიყავით. მერე ნელ-ნელა გამოჩნდა ახალი პროექტები, დავიწყეთ თანხების მოძიება, გაფართოება და დღეს 19 ქალი ვართ – ზოგი წალკიდან, ზოგი აჭარიდან, მარნეულიდან და ზოგიც ზესტაფონიდან.

ახლა ერთ ჩვენს თანამშრომელ გოგოს ჩინეთში ვაგზავნით 2-თვიან კურსებზე. მე კიდევ მაისში ამერიკაში მივდივარ შიდა კოოპერაციული ურთიერთობების შესასწავლად.

დღეს 300-ზე მეტი ფუტკრის ოჯახი გვყავს. ეს წარმოუდგენელი იყო თუნდაც 1 წლის წინ.

მომთაბარე მეფუტკრეობას ვეწევით, რომ მრავალფეროვანი პროდუქტი გვქონდეს – ყველა სახის, ყველა ეკოლოგიური ზონის თაფლი მივიღოთ. თუმცა, ქართველ მომხმარებელს, სამწუხაროდ, მეფუტკრეების მიმართ ნდობა აქვს დაკარგული, ამიტომ ძალიან ბევრს ვმუშაობთ, რომ დავარწმუნოთ – ჩვენ კეთილსინდისიერი მეფუტკრეები ვართ.

ძალიან გამიმართლა რომ განათლება მივიღე, თორემ ვიქნებოდი ახლა სახლში ჩაკეტილი. ჩემზე გაცილებით ყოჩაღი ქალები არიან სოფლად, მაღალმთიან რეგიონებში, მაგრამ ჩრდილში არიან, რადგან არ იციან, რა შეუძლიათ.

გეოგრაფიასთან ერთად სკოლაში სამოქალაქო განათლების საათებიც დამიმატეს. ამან ძალიან ბევრი მომცა – ბევრ საინტერესო ტრენინგზე და შეხვედრაზე მოვხვდი, იმდენი რამ ვისწავლე.

ერთ-ერთი პრეზენტაციისთვის ჩვენს რეგიონში გენდერულ ბალანსზე კვლევის ჩატარება დამჭირდა. შედეგებმა ძალიან დამაფიქრა და შემაშფოთა. გადავწყვიტე, საკუთარ თავში კი არ ჩავკეტილიყავი, პირიქით, მევლო და ყველა ქალისთვის მომეყოლა, როგორ დავიწყე ჩემი საქმე. მერე პროექტების წერა ვისწავლე და ვცდილობ, სხვებსაც დავეხმარო. ევროკავშირის კურსი “ტრენერთა ტრენინგები” გავიარე და ახლა თავადაც შემიძლია მასწავლებლების გადამზადება.

ზოგჯერ ისე ვიღლები, ვამბობ, რომელიმე საქმე უნდა დავთმო-მეთქი, მაგრამ არ შემიძლია. მინდა, ქალებს დავეხმარო, რომ საკუთარი ბიზნესები ჰქონდეთ, საკუთარი შესაძლებლობები დაიჯერონ. მინდა, საკუთარი შვილებისთვის მაგალითები გახდნენ და მათ განათლებაში, ფულის ჩადება შეეძლოთ”.

ამბავი მესამე: ირინე

“ჩვენო ერთგულო მომხმარებელო, თქვენი თხოვნით გატყობინებთ, თუ სად შეგიძლიათ შეიძინოთ ჩვენი პროდუქტი. სათბურში დღეს დილით დაკრეფილი პომიდორი შეგიძლიათ შეიძინოთ შემდეგ მისამართებზე…” – ამ განცხადებას “პომოდორნას” ფეისბუქგვერდზე წავაწყდი.

სასათბურე მეურნეობა “პომოდორნა”, დუშეთის რაიონში, ბულაჩაურში სულ რაღაც ერთი წლის წინ დაარსდა. 38 წლის ირინე ოდიშარია პროფესიით იურისტ-ეკონომისტია. საქართველოში და გერმანიაში სწავლობდა. საქართველოში დაბრუნებულმა არასამთავრობო ორგანიზაცია დააარსა, ეთნიკურ უმცირესობებს და რეგიონებიდან ჩამოსულ ახალგაზრდებს ეხმარებოდა.

“საინტერესო საქმე იყო, მაგრამ აშკარად სხვა რამე მინდოდა მეკეთებინა. ერთხელაც, მე და ჩემი მეგობრები “ენპარდის” განცხადებას გადავაწყდით. ჯერ ბაზარი გამოვიკვლიეთ, მერე კარგად ავწონ-დავწონეთ რისკები და მივიღეთ გადაწყვეტილება – სასათბურე მეურნეობა უნდა წამოგვეწყო. “ენპარდში” განაცხადი შევიტანეთ და გაგვიმართლა.

პროფესიით იურისტი ვარ და არასოდეს წარმომედგინა, რომ სასათბურე მეურნეობა მექნებოდა, ფერმერი გავხდებოდი და მცენარეს საკუთარი ხელით მოვუვლიდი. რადიკალურად შევცვალე ჩემი ცხოვრება. საერთოდ, მგონია, რომ ჩვენი სურვილების და მათი ხმამაღლა თქმის არ უნდა შეგვეშინდეს.

ერთ ისტორიას მოგიყვებით: როდესაც მე და ჩემმა მეუღლემ ოჯახი შევქმენით, დასაწყისში ასე ხდებოდა – სამსახურებიდან სახლში დაღლილები მოვდიოდით, ის ტელევიზორს მიუჯდებოდა, მე სამზარეულოში – ვახშმს ვამზადებდი. არადა, გერმანიაში ყოფნისას, უამრავი მეგობარი მყავდა, მათ შორის შვილებიანები, რომლებიც სამსახურებიდან დაბრუნებულები ერთად აწყობდნენ სუფრას, აკეთებდნენ საჭმელს. მივხვდი, რომ ასე ცხოვრება აღარ მინდოდა და ერთ დღესაც ვუთხარი:

—  მე სხვა მოლოდინი მაქვს, სხვანაირად წარმომედგინა ჩვენი ოჯახი, – ვუთხარი ჩემს ქმარს. 

—  მერე, რა პრობლემაა?  — მიპასუხა მან წყნარად.

მგონია, რომ ზუსტად ეს არის ჩვენი – ქალების მთავარი პრობლემა: გვაქვს მოლოდინები, სურვილები, რომელსაც ხმამაღლა არ ვამბობთ, საკუთარ თავში ვიხშობთ. ამ მოლოდინის გაუმართლებლობა კი კონფლიქტს და პრობლემებს ქმნის.

ჩემი პირველი მოსავალი იმ მაღაზიაში მივიტანე, რომელშიც მე თვითონ ვყიდულობდი პროდუქტებს. მეორე დღეს დამირეკეს, გათავდა, კიდევ როდის მოიტანთო.

ჯერ ერთი სათბური გვაქვს და მოსავლის აღებაც ახლახან, მარტის შუა რიცხვებში დავიწყეთ. ახლა მხოლოდ იმაზე ვდარდობ, რომ შვილებს ჩემთან ურთიერთობის დრო აკლდებათ, მაგრამ თავს იმით ვიმშვიდებ, რომ ალბათ დამოუკიდებლობასაც სწავლობენ. ცუდი არ უნდა იყოს, როცა ხედავენ დედას, რომელიც ვითარდება, აკეთებს თავის საქმეს, რომელიც მოსწონს.”

ამბავი მეოთხე: თინიკო, თინიკო, სოფიკო, ნინო და დალი

კოოპერატივში ხუთი ქალია მეუღლეებით. სოფიკოს და თინიკოს გადასარევი პომიდორი მოჰყავთ, ფორმითაც და გემოთიც. ნინოს შეუძლია ნებისმიერი, ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი საოჯახო საქმე ბიზნეს-იდეად აქციოს. მეორე თინიკოს გაყიდვები გამოსდის. აი, დალი კი, ბუღალტერია, ეკონომისტი.

მეგობრები არიან. ახმეტაში, ზემო ალვანის სკოლაში ერთად მუშაობენ. მასწავლებლობის დიდი სტაჟი აქვთ, ასე 20-30 წელი.

“ სწავლის პერიოდში კიდევ არაუშავს, მაგრამ არდადეგების დროს ისეთი ძნელია 4 კედელში ჯდომა… მით უმეტეს, როცა სოფელში დაიბადები და გაიზრდები. სულ გარეთ გინდა, ბუნებაში. ხელფასებითაც ვერ დავიკვეხნიდით. ერთ დღესაც თინიკომ, რომელიც სულ ინტერნეტში დაძვრება, ოქსფამის განცხადება ნახა სამეურნეო საქმიანობის დაფინანსებაზე”, – ჰყვება დალი ვეშაგურიძე, 53 წლის მეწარმე.

აი, მაშინ კი დაიწყო: დილის 9-დან 6-მდე სკოლა, საღამოს 6-დან 9-მდე სახლის საქმეები (სადილი, ვახშამი, დასუფთავება, გარეცხვა, მოწესრიგება) და მერე 9-დან დილის 3-4-მდე პროექტზე მუშაობა რომელიმესთან სახლში.

მერე კიდევ ზარი მორიგე მეუღლესთან – დავამთავრეთ, მოდი და დაგვარიგეო.

“წელიწადნახევარი ასე ვიყავით. მერე გაგვიმართლა, გრანტი მოგვცეს. სათბური ავაგეთ, წვეთოვანი სისტემა დავაყენეთ და საჩითილეც ავაშენეთ, მაგრამ ამისთვის საჭირო თანადაფინანსების მოპოვება არც ისე მარტივი იყო – 30 ათასი ლარი ჩვენი უნდა გვეშოვა. ბანკებმა უარით გამოგვისტუმრეს და სახელფასო სესხები ავიღეთ. ოჯახის წევრებისგან წინააღმდეგობა შეგვხვდა, თავდაპირველად ჩვენი ბევრს არ სჯეროდა. სოფელში ხალხი ეჭვის თვალით გვიყურებდა – ეგენი მალე იჩხუბებენ ერთმანეთთან, არაფერი გამოუვათო. მეზობელმა – ოთარი პაპამ გვითხრა, გოგოებო, ხომ იცით ყველაზე მარტივი რა არის? რა და, რჩევის მიცემა. ჰოდა, თქვენც ყურს ყველას ნუ დაუგდებთო.

ზოგჯერ ვიცინით კიდეც – ამ ჩვენ სოფელში სანახაობა მეტი არაფერია და ხალხი სელფებს ჩვენს სათბურში იღებს.

პომიდორი და კიტრი მოგვყავს. ყველაფერი ბიონატურალური. დაავადებებს ბორდოს ხსნარით ვმკურნალობთ და მცენარეებს ჭინჭრის ნაყენით ვკვებავთ. 15 ტონას ველოდით და 4 მოვიდა, მაგრამ არაუშავს, მთავარია რომ ბიოა, არ ავნებს. ძირითადად ჩვენს და გვერდზე სოფლებში ვყიდით, თბილისიდანაც იყო მოთხოვნა, მაგრამ ვერ გავაგზავნეთ, მოსავალი არ გვეყო.

ახლა იცით რა გვინდა? ჩვენ სათბურთან, მე-19 საუკუნეში აშენებული ხის ჩუქურთმებიანი, ბუხრიანი ლამაზი სახლი დგას. გვინდა შევისყიდოთ და სხვადასხვა აქტივობა დავგეგმოთ – მაგალითად, ტრენინგები ბიოწარმოების შესახებ. მოვლენ სკოლის მოსწავლეები, სტუდენტები, ჩვენს გამოცდილებას გავუზიარებთ. კიდევ, გვინდა რამდენიმე ოთახი საცხოვრებლად მოვაწყოთ – პატარა სასტუმროსავით. როდესაც ძალიან დაიღლებით ამ თქვენ ქალაქში, ჩვენთან ჩამოსვლა და გაჩერება შეძლოთ, ჩვენ საქმიანობაში მონაწილეობის მიღება, დასვენება.

იცით კიდევ რა, ამ საქმეს თურმე სულ არ სჭირდება რკინის ქალამნები. დედა ხართ, ბებია თუ და, მთავარია იდეა, და ამის გარშემო გაერთიანებული რამდენიმე ადამიანი. კოოპერატივების სააგენტო ჩვენ გვერდითაა, დონორების და გრანტების მოძიება სულ უფრო მარტივი ხდება, ჰოდა, აბა მეტი რაა საჭირო?!”

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ