ყოფილი სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების თაობაზე საკუთარ ხედვას აქვეყნებს " />

ზაქარეიშვილი: ადრე თუ გვიან ხელისუფლებას ჩემი იდეების გათვალისწინება მოუწევს

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების თაობაზე საკუთარ ხედვას აქვეყნებს

საქართველოს ყოფილმა სახელმწიფო მინსტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილმა გადაწყვიტა გამოაქვეყნოს დოკუმენტი, რომელიც კონფლიქტების მოგვარების მის ხედვას ასახავს. ის 2014 წელს შეიქმნა, თუმცა საბოლოოდ საქართველოს მთავრობას მისთვის “მწვანე შუქი” არ მიუცია. პაატა ზაქარეიშვილი საქართველოს მთავრობის ახალ ინიციატივებში ჩადებულ იდეებს სწორად მიიჩნევს, თუმცა ინიციატივის წარდგენის ფორმას აკრიტიკებს. JAMnews-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ზაქარეიშვილი იმ საკითხებზე საუბრობს, რაც მის ხედვას ახლანდელი პოლიტიკისგან განასხვავებს.

მთავრობის ახალი ინიციატივები

ჩემი მინისტრობის დროს ამ დოკუმენტის “მთავრობის დოკუმენტად” ქცევა ვერ მოხდა. ჩემი აზრით, თუ საქართველოს მართლა  გამოუვა კონფლიქტების მოგვარება, გამოუვა დაახლოებით ამ მიმართულებით, რაც ამ დოკუმენტში წერია.

ვიცოდი, რომ ჩემს ყოფილ უწყებაში მზადდებოდა წინადადებები (სამთავრობო პროგრამა “ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ”). ვიცოდი, რაზე იყო საუბარი და არ მინდოდა დამესწრო მოვლენებისათვის.

ეს წინადადებები პრაქტიკულად ისაა, რაც მუშავდებოდა მანამდე, ოღონდ გარკვეულწილად სახეშეცვლილი და გაპიარებული. ამ ინიციატივაში ორი მთავარი კომპონენტია –  განათლება და ვაჭრობა. ორივეს სჭირდება რეგისტრაცია.

ეს სწორი იდეაა, სწორი გზებია, მაგრამ ისინი უკვე გაპიარდა, რაც ჩემთვის ყოვლად მიუღებელია.

ჩვენ წინასწარ ვუთხარით, რას ვუპირებთ მათ, იმის ნაცვლად, რომ უბრალოდ გაგვეკეთებინა ეს. უკვე ჩავკეტეთ (აფხაზური და ოსური) საზოგადოება. ანუ გაპიარებულმა საქმემ გააფუჭა ბევრი რამ.

ნაციონალურ მოძრაობას ძალიან კარგი იდეები ჰქონდა, მაგრამ სულ აპიარებდა და უკეტავდა ადამიანებს ამ იდეებით სარგებლობის საშუალებას. ანუ ისეთი რაღაც არ უნდა გავაკეთოთ, რომ აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებამ მოუწოდოს თავის ხალხს არ მიიღოს ამაში მონაწილეობა.

ამ პიარით ერთ პაკეტში ჩაიდო სამი რამე: რეგისტრაცია, საერთაშორისო განათლება და ვაჭრობა. ერთი გასროლით სამივე იდეა ან მოვკალით, ან განვავითარეთ. ვნახოთ, როგორ განვითარდება სიტუაცია.

მიმაჩნია, რომ ამ წინადადებებამდე უნდა გვემუშავა პოლიტიკურ თემებზე.

პრემიერი კვირიკაშვილი როდესაც ამბობდა, ჩვენი სამშვიდობო პოლიტიკა ესა და ეს არისო, სინამდვილეში ეს სააკაშვილის სამშვიდობო პოლიტიკის გაგრძელებაა, არაფერი შეცვლილა. მე  ამის შეცვლა და სხვა რამის გაკეთება მინდოდა.

შეთანხმება ძალის არგამოყენების შესახებ

ძალის არგამოყენების შეთანხმება ერთ-ერთი იდეაა, რომელიც ყველაზე მეტად აწუხებს აფხაზურ და ოსურ მხარეებს. ისინი მკაფიოდ ამბობენ, რომ ვიდრე  ქართული მხარე ხელს არ მოაწერს მას, მანამდე არანაირ ნაბიჯებზე არ მივდივართ. ამას, რა თქმა უნდა, აძლიერებს რუსეთის პოზიცია. რუსეთიც ამას მოითხოვს. ჩვენ გაყურსულები ვართ, ხმას არ ვიღებთ ან ვამბობთ „ არავითარ შემთხვევაში“.

საქართველო ამით არ იგებს. დრო იწელება, აფხაზები და ოსები ამ პრინციპის გამო ჩვენთან არ გამოდიან კონტაქტზე, სამაგიეროდ, რუსეთი უფრო და უფრო მეტად აძლიერებს გავლენას და ანექსიას აღრმავებს. ჩვენ ამ სიჩუმეში ვკარგავთ არა ტერიტორიებს, რაც გვადარდებს ხშირად, არამედ ხალხს, ვინც ამ ტერიტორიაზე ცხოვრობს. ამიტომ მე ვამბობ: ხალხო, მოდით დავფიქრდეთ, ჩვენთვის ყოვლად მიუღებელი, ყოვლად არაპოპულარული იდეები განვიხილოთ. მივიღოთ კი არა, ხელი მოვაწეროთ კი არა, განვიხილოთ და შემდეგ უკვე უარვყოთ ან დავთანხმდეთ.

მოდი ყურადღება არ მივაქციოთ რუსეთს, როდესაც ჩვენს ინტერესებზეა საუბარი. მოდი ვთქვათ, რომ არ გვაინტერესებს რას ამბობს რუსეთი, მოდი ქართველები დავსხდეთ მრგვალ მაგიდასთან. თუ საშუალება იქნება,  ოსები და აფხაზებიც მოვიყვანოთ, ან იცოდნენ მათ თუ რაზე და როგორ ვმსჯელობთ, და ვილაპარაკოთ, რა გვაწყობს  ჩვენ. მე ვამბობ, რომ ეს ხელშეკრულება არის ყბადაღებული, აბსოლუტურად არაფრის მაქნისი. მაგრამ მოდი განვიხილოთ, რა არის პლუსი და მინუსი, თუ მას არ განვიხილავთ, და რა იქნება ის პლუსი და მინუსი, თუ ხელი მოვაწერეთ.

შემხვედრ წინადადებად ჩვენ უნდა შევთავაზოთ ამ ხელშეკრულებაში იმის ჩაწერა, რამდენად დაცული იქნება იქ მოსახლეობა, თუნდაც გალის რაიონში, განათლების უფლებები. ანუ ეს უნდა იყოს უსაფრთხოებაზე გათვლილი დოკუმენტი და ქართული მხარე თუ იღებს თავის თავზე რაღაც ვალდებულებებს, იმათაც უნდა აიღონ.

კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ

ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონში სამწუხაროდ არ შეცვლილა ის, რის შეცვლაც მინდოდა. ცვლილებები ახლა შევა, სამთავრობო ინიციატივების ფარგლებში. ჩვენ თუ გვინდა, რომ ვაჭრობას ხელი შევუწყოთ, კანონი აუცილებლად  უნდა შეიცვალოს.

ჩემი იდეა ცვლილებებთან დაკავშირებით კი სხვა იყო და ადამიანის უფლებების დაცვას ეხებოდა.

როგორც წესი, აფხაზეთის გავლით აქეთ მოდიან უმეტესად არა რუსები, არამედ სომხეთის, აზერბაიჯანის და თურქეთის მოქალაქეები. მათთვის ეს მოკლე გზაა. მე ვამბობდი, რომ ეს არ არის სისხლის სამართლის დანაშაული,  ეს ადამიანები შეგნებულად არ არღვევდნენ საზღვარს. მას არ დახვდა ფსოუზე ქართველი მესაზღვრე, ეს მათი ბრალი არაა. აი მეორედ თუ შემოვიდოდა, ეს უკვე შეგნებული ნაბიჯი იქნებოდა.

რეზოლუციები გაეროში 

ჩემი აზრით, უნდა დავსხდეთ და პატიოსნად ვილაპარაკოთ რაღაც საკითხებზე – მაგალითად, რას გვაძლევს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ყოველ წელს შეტანილი რეზოლუცია. ჩვენ ყოველ წელს მთელ მსოფლიოს ვეუბნებით, რა საშინელებაა რუსეთი. მართლა ასეა –  ყველა ხედავს, რა საშინელია ის. მაგრამ ჩვენ ამით ვიგებთ უფრო მეტს, თუ ვაგებთ? ჩვენ დავიწყეთ ეს 2008 წელს, 10 წელი ჩვენ ყოველ წელს შეგვაქვს რეზოლუცია. რამდენი დევნილი  დაბრუნდა რეზოლუციის შესაბამისად? არცერთი.  დამატებითი ხმებს ვღებულობთ და ეს არის ჩვენი წარმატება. ჟენევაში მოლაპარაკებების დროს, როცა ჩვენ განვიხილავთ დევნილების საკითხებს, სასაცილო ვითარებაში ვიგდებთ თავს. ქართველი დიპლომატი გახსნის საქაღალდეს და იწყებს ლაპარაკს დევნილებზე, ოსები და აფხაზები გადიან დარბაზიდან. ზოგჯერ რუსებიც მიდიან. სხედან იქ გაეროს, ევროკავშირის წარმომადგენელი და მორჩა. გინდ ჟენევაში წაგიკითხავს ეს დოკუმენტი და გინდ ზესტაფონში. ესენი რატომ გადიან? ამბობენ, რომ თუ თქვენ გაეროში გაგაქვთ რეზოლუცია, ელაპარაკეთ გაეროს. ჩვენ რა შუაში ვართ? ჩვენ თქვენთვის მხარე არ ვართ და თქვენ თვლით, რომ დევნილები უჩვენოდ დაბრუნდებიან? კი ბატონო.

ჩემი წინადადებები იყო შემდეგი: კვიპროსმა გააკეთა ასე – დათქმა გააკეთეს, რომ რამდენიმე წელი რეზოლუცია არ შემოაქვთ გაეროში. მეც ვამბობ, რომ ვთქვათ – ერთი წელი რეზოლუცია არ შემოგვაქვს.

ჟენევაში უნდა ვუთხრათ ყველას, რომ გაეროში რეზოლუცია დროებით შევაჩერეთ. წელიწადში ჟენევაში ოთხი სესიაა. თუ შედეგი ვერ მივიღეთ, რეზოლუციას შემდეგ წელს ისევ შევიტანთ, მოდით ვიმსჯელოთ ამაზე.

მე გული მწყდება, რომ ამ საკითხებზე მსჯელობაც კი არ მიდიოდა. ახლა უკვე ვნახე, რომ ხელისუფლებამ რაღაც ნაბიჯები გადადგა და მე აღარ დამბრალდება, რომ ხელს ვუშლი, დროს ვასწრებ და რაღაცეებს ვკარნახობ. მინდა გამოვაქვეყნო და საზოგადოებამ ნახოს ეს დოკუმენტი. დარწმუნებული ვარ, ადრე თუ გვიან საქართველოს ხელისუფლებას  მოუწევს ამ იდეების გათვალისწინება. თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ 90 პროცენტისთვის ეს დოკუმენტი დღეს მიუღებელი იქნება.

დოკუმენტი: შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ხედვა ქართულ–აფხაზური და ქართულ–ოსური ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზების თაობაზე. სრული ტექსტი.

+

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის

ხ ე დ ვ ა

ქართულ–აფხაზური და ქართულ–ოსური ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზების თაობაზე

2014 წლის ივნისი

შესავალი

უკვე მესამე ათწლეულია, რაც მოუგვარებელი კონფლიქტები აბრკოლებს ქართველი, აფხაზი და ოსი ხალხების მშვიდობიან თანაარსებობას, ურთიერთსარგებლიან თანამშრომლობასა და განვითარებას. განვლილი ათწლეულების მანძილზე კონფლიქტების თითოეულმა მხარემ დაუშვა შეცდომები და საქართველო მაღალ საფასურს იხდის საკუთარი, ხანდახან კი სხვისი შეცდომებისთვის. მათ გააზრებას დიდი მნიშვნელობა აქვს, თუმცა წინამდებარე დოკუმენტს სხვა მიზანი გააჩნია – ის აწმყოსა და მომავალზეა მიმართული და მისი ამოცანაა არსებული პრობლემების განხილვა და მათი გადაჭრის გზების ძიება, განურჩევლად იმისა, იღებს ეს პრობლემები სათავეს შორეულ თუ ახლო წარსულში.

თითქმის ორი წელია, რაც საქართველოში გახელისუფლდა ახალი პოლიტიკური ძალა; ხელისუფლების ცვლილება კი იწვევს მანამდე არსებული ზოგი მიდგომის, შეფასებისა და პოლიტიკის კრიტიკულ გადახედვას და, საჭიროების შემთხვევაში, გადახალისებას. ამასობაში, კონფლიქტების პრობლემატიკაზე მომუშავე უწყებამ შეიცვალა სახელწოდება და ეს არ არის აბრის უბრალო გამოცვლა, რისი დასტურიც წინამდებარე ხედვაა, რომელშიც:

–ასახულია შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თვალსაზრისი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების თაობაზე;

–მოცემულია ბოლო წლების მოვლენებისა და არსებული ვითარების ინტერპრეტაცია, აგრეთვე აღწერილი და განმარტებულია ამ სფეროში სახელმწიფო პოლიტიკა და მიდგომები;

–წარმოდგენილია სამოქმედო პრინციპებისა და საკუთრივ სამომავლო ქმედებების ერთობლიობა;

–გათვალისწინებულია დღეისათვის არსებული საქართველოს სტრატეგიული დოკუმენტები და საკანონმდებლო აქტები, აგრეთვე – საქართველოს მიერ ხელმოწერილი საერთაშორისო შეთანხმებებისა და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესაბამისი განყოფილების დებულებები;

–გათვალისწინებულია როგორც მხარეთა წარმომადგენლების, ისე საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ სხვადასხვა დროს შემუშავებული კონცეფტუალური ხასიათის დოკუმენტების ის იდეები და მიდგომები, რომლებმაც აქტუალობა შეინარჩუნეს.

დოკუმენტში: 1) აღწერილია კონფლიქტების მიმართ სახელმწიფო პოლიტიკის მთავარი პრინციპები, მოცემულია მათი დასაბუთება; 2) გაანალიზებულია კონფლიქტების სფეროში არსებული მდგომარეობა, სახელდობრ – კონფლიქტების სპეციფიკა, მათ შორის მსგავსება თუ განსხვავება; 3) ჩამოყალიბებულია კონფლიქტების მოგვარებასთან დაკავშირებული ძირითადი მიდგომები, მათი სახეცვლილების სავარაუდო მიმართულებების მინიშნებით; 4) შემოთავაზებულია ზოგი ახლებური მიდგომა თუ ქმედება, რომელსაც ძალუძს წვლილის შეტანა კონფლიქტების მოგვარებაში და, ამავე დროს, ემსახუროს კონფლიქტებით დაზარალებული მოსახლეობის უფლებების დაცვას, უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას.

დოკუმენტის ფუნქცია მრავალმხრივია: ა) ის წარუდგენს ქართულ საზოგადოებას, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას და საერთაშორისო თანამეგობრობას უწყებისა და მისი ხელმძღვანელის პოზიციას კონფლიქტებთან დაკავშირებული საკითხების მიმართ; ბ) ის უნდა იქცეს ამ საკითხების თაობაზე ფართო საზოგადოებრივი და საექსპერტო მსჯელობის საფუძვლად, რის შედეგადაც შესაძლოა გადამუშავდეს არსებული, ან შეიქმნას ახალი სტრატეგიული დოკუმენტები.

დოკუმენტში საკვანძოა შერიგების ცნება, რომელიც უნდა იქცეს კონფლიქტების მოგვარების გზების ძიების უნივერსალურ კონცეფტუალურ საფუძვლად; უმთავრეს სამოქმედო პრინციპად კი მიჩნეულია საქართველოს სახელწიფოს თანაბარი პასუხისმგებლობა და ზრუნვა საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერად მცხოვრები ყველა ადამიანის მიმართ, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მცხოვრებლებისა და იქიდან იძულებით გადაადგილებული პირების ჩათვლით. და ბოლოს, კონფლიქტების მოგვარების პოლიტიკა განიხილება საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის ბუნებრივ შემადგენელ ნაწილად, რაც გულისხმობს მიზანმიმართულ დაახლოებას იმ პოლიტიკურ სივრცესთან, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ევროპაში მიღწეული ფართო შერიგების საფუძველზე შედგა და რომელიც დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, მცირერიცხოვანი ერებისა და უმცირესობების თვითმყოფადობის შენარჩუნება–განვითარების საუკეთესო სტანდარტებსა და პრაქტიკას სთავაზობს თანამედროვე მსოფლიოს.

პრინციპები

2008 წლის აგვისტოს რუსეთ–საქართველოს ომმა და მისმა შედეგებმა დამატებითი სირთულეები შეუქმნა კონფლიქტების მოგვარებას საქართველოში: რუსეთსა და საქართველოს შორის კონფლიქტმა პოლიტიკურად და ემოციურად დაჩრდილა კონფლიქტები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. თუმცა, რუსეთ–საქართველოსკონფლიქტის აღმატებული განზომილება არ ნიშნავს, რომ ქართულ–აფხაზური და ქართულ–ოსური კონფლიქტები მოიცდის, ვიდრე არ მოწესრიგდება საქართველო– რუსეთის ურთიერთობები, რის შემდეგაც ისინი თითქოს მარტივად და სწრაფად მოგვარდება. თითოეულს ამ კონფლიქტებიდან განსხვავებული ფესვები, გენეზისი, დინამიკა და თავისებურებები გააჩნია; თითოეულის მოგვარება ხან თანხვედრილი, ხანაც განსხვავებული ფაქტორების გათვალისწინებით უნდა მოხდეს, თუმცა ამ კონფლიქტების ძლიერი ურთიერთკავშირიც უეჭველია. კონფლიქტების მოგვარებისა და მდგრადი მშვიდობის დამყარების საფუძველი კი კონფლიქტის მხარეებს შორის შერიგებაა.

ქართულ–აფხაზური და ქართულ–ოსური კონფლიქტების მოგვარების გზებისა და საშუალებების ძიება უნდა განხორციელდეს სამი პარალელური და ურთიერთშემავსებელი პროცესის განვითარების პირობებში:

-ქართულ და აფხაზურ, ქართულ და ოსურ საზოგადოებებს შორის უშუალო დიალოგი;

-საქართველოს ევროინტეგრაციის ინტენსიფიკაცია;

-საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის ურთიერთობების მოწესრიგება.

უკანასკნელ პროცესს ორმხრივ ფორმატზე უფრო მასშტაბური განზომილება გააჩნია და იგი დასავლეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობების გადახედვის დღის წესრიგში ეწერება. ბრიუსელისა და ვაშინგტონის ქმედითი მხარდაჭერის გარეშე საქართველო ვერ მოაწესრიგებს ურთიერთობებს რუსეთთან საკუთარი ფუნდამენტური და კანონიერი ინტერესების ბრიუსელსა და ვაშინგტონს კი გაუჭირდებათ საქართველოს მხარდაჭერა, თუკი იგი სრულფასოვნად არ ჩაეწერება დასავლურ ღირებულებით სისტემაში, რაც დიალოგის, ურთიერთნდობის აღდგენისა და შერიგების გზით კონფლიქტების მოგვარების მიმართულებით სვლასაც მოიცავს.

სამი აღნიშნული პროცესი განსხვავებული სიჩქარითა და შედეგიანობით შეიძლება განვითარდეს, თუმცა რომელიმე მათგანის დროებითი შეფერხება ვერ შეანელებს საქართველოს ძალისხმევას დანარჩენების წარმატებით წარმართვის მიზნით.

აფხაზებთან და ოსებთან შერიგების ღირებულებით საფუძვლად საქართველო ევროპეიზაციას, ხოლო ინსტიტუციურ საფუძვლად კი ევროინტეგრაციას ხედავსარსებითად ეს ნიშნავს ლიბერალური დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის, პოლიტიკური პლურალიზმისა და სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფოდ გადაქცევას, რომელიც ორიენტირებულია საკუთარი მოქალაქეების თავისუფლებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე, მათ სოციალურ–ეკონომიკურ და კულტურულ პროგრესზე. ეს მიზანი ვერ მიიღწევა ერთჯერადი აქტით; ამას დრო და მიზანმიმართული, უწყვეტი ძალისხმევა სჭირდება.

ამასთანავე უაზროა დროის გაჩერებისა და ვითარების უცვლელად შენარჩუნების მცდელობა; უნაყოფოა მცდელობა, მუდმივად გყავდეს მტრის რანგში მთელი ერი მაშინ, როცა ამ ერთან არამც თუ გვერდიგვერდ, არამედ ერთად გიწევს ცხოვრება; უპერსპექტივოა მცდელობა სტერეოტიპების, ილუზიების, შიშების ტყვეობაში ამყოფო საკუთარი საზოგადოება, წაართვა მას წინსვლისა და განვითარების შესაძლებლობა; საჭიროა ანტაგონიზმის, მტრის ხატის მოხსნა, მშვიდობიანი თანაარსებობის, ურთიერთქმედების, თანამშრომლობის პრაქტიკის დამკვიდრება. არ აქვს ალტერნატივა დიალოგს, რომელიც ურთიერთნდობის აღდგენისა და შერიგებისთვის აუცილებელ ნიადაგს ქმნის. საქართველოს ხელისუფლება მზადაა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საზოგადოებების წარმომადგენლებთან უშუალო დიალოგისთვის – სხვადასხვა დონეზე და სხვადასხვა ფორმატში.

კონფლიქტების მხარეებს შორის თანხმობა აუცილებელია მდგრადი მშვიდობის მისაღწევად. გამყოფი ხაზების სხვადასხვა მხარეს დარჩენილი მოსახლეობის საერთო მოთხოვნილებაა იცხოვროს ისეთ სივრცეში, სადაც უმთავრესი პრიორიტეტი მათი თავისუფლება, უსაფრთხოება, საკუთარი იდენტობის შენარჩუნება და სოციალ- ეკონომიკური მდგომარეობის განუხრელი გაუმჯობესება იქნება. ამგვარი ვითარების მიღწევა შერიგების მყარ საფუძველს შექმნის.

შერიგების გარეშე კი წარმოუდგენელია კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება. კონფლიქტი ვერ ჩაითვლება მოგვარებულად მანამდე, ვიდრე კონფლიქტის მხარეები არ მოძებნიან სამართლებრივ–პოლიტიკურ ფორმულას, რომლის ჩარჩოებშიც კონფლიქტს ამოწურულად მიიჩნევენ და რომელსაც საერთაშორისო ლეგიტიმაცია ექნება. საერთაშორისო თანამეგობრობა იმ ფორმულას მიიღებს, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან და რომელიც მდგრად სტაბილურობას უზრუნველყოფს; იმისთვის კი, რათა მან შიდა ლეგიტიმაცია შეიძინოს, არც ერთმა საზოგადოებამ ეს ფორმულა საკუთარ მარცხად არ უნდა აღიქვას. ამიტომ საბოლოო ფორმულა უნდა დაეფუძნოს ყველა ეთნიკური ჯგუფის სამოქალაქო, პოლიტიკური, სოციალური და კულტურული უფლებების დაცვას, მრავალფეროვნების აღიარებასა და პატივისცემას, დისკრიმინაციის ნებისმიერი სახის გამორიცხვას; სუბსიდიარობის, ასიმეტრული რეგიონალიზმისა და ფედერალიზმის პრინციპებს.

კონფლიქტები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში

ამ კონფლიქტებს შორის არის მსგავსებები, მაგრამ მათ შორის მნიშვნელოვანი განსხვავებებიცაა, რაც აუცილებლადაა გასათვალისწინებელი შესაბამისი პოლიტიკის გატარებისას.

მსგავსებები: ორივე კონფლიქტი განვითარდა მაშინდელი საქართველოს სსრ–ისავტონომიურ ერთეულებში (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა და სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი) და მწვავე ხასიათი 1990-იანი წლების დასაწყისში შეიძინა; პოლიტიკურთან ერთად ორივეს გააჩნია ეთნიკური დაპირისპირების განზომილება, რამაც შედეგად მოიტანა ეთნიკური ქართველების უდიდესი უმრავლესობის აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან, აგრეთვე დანარჩენ საქართველოში მოსახლე ეთნიკური ოსების ნაწილის განდევნა; ორივეს განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის რუსეთის ფედერაციის ღია თუ ფარულ ქმედებებს; ორივეგან სამხედრო მოქმედებები რუსეთის მონაწილეობით შეწყდა, რომლის სამხედრო შენაერთები, როგორც სამშვიდობო ძალები (სხვადსხვა კონფიგურაციაში) განლაგდა გამყოფ ხაზებზე.

2008 წლის აგვისტოს რუსეთ- საქართველოს ომის შემდეგ რუსეთმა (და შემდგომ კიდევ რამდენიმე სახელმწიფომ) აღიარა ორივეს დამოუკიდებლობა და განათავსა იქ სამხედრო ბაზები; აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ბიუჯეტები წლიდან წლამდე დიდწილად რუსეთის მიერ ივსება და ამ და სხვა პარამეტრებით აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ტიპოლოგიურად რუსეთის ფედერაციის ჩრდილოკავკასიური სუბიექტების რიგში ხვდებიან. ორივეგან არის ტერიტორიის ნაწილი, სადაც შემორჩენილია უპირატესად ეთნიკურად ქართველი მოსახლეობა; ბევრია შერეული – ქართულ-ოსური და ქართულ-აფხაზური

– ოჯახი, რაც ამ ერების კულტურული სიახლოვის შედეგია.

მართალია, ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს, მაგრამ საექსპერტო შეფასებებით სამხრეთ ოსეთის მოსახლეობა ამჟამად არ უნდა აღემატებოდეს 1989 წელს აღწერილი მოსახლეობის მეოთხედს (და მოსახლეობის გადინება გრძელდება), ხოლო აფხაზეთის მოსახლეობა არ უნდა აღემატებოდეს 1989 წელს აღწერილი მოსახლეობის 40%–ს. ამრიგად, კონფლიქტების შემდეგ დარჩენილი მოსახლეობა ვერ უზრუნველყოფს შესაბამისი ტერიტორიებისა და რესურსების სრულყოფილ ათვისებასა და გამოყენებას, რაც უარყოფითად აისახება მის კეთილდღეობაზე.

ძირეულ განსხვავებებს შორის აღსანიშნავია:

  1. მოსახლეობის ეთნიკური სტრუქტურა. სამხრეთ ოსეთის ამჟამინდელი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ეთნიკური ოსია, რასაც ემატება ახალგორში მცხოვრები ორიოდ ათასი ეთნიკური ქართველი (პლუს სხვადასხვა ადგილას მცხოვრები შერეული ოჯახების წევრები) და სხვა ეროვნებების მცირერიცხოვანი წარმომადგენლები (სომხები, რუსები, და სხვ.). აფხაზეთის მოსახლეობის ეთნიკური სტრუქტურა ბევრად უფრო მრავალფეროვანია: საექსპერტო შეფასებებით, ეთნიკური აფხაზები მცირედ თუ სჭარბობენ ეთნიკურ სომხებს და ეთნიკურ ქართველებს, ხოლო რუსული თემი თუმცა კი საგრძნობლად ჩამოუვარდება მათ რიცხოვნობით, საზოგადოებრივი გავლენის მზარდი პოტენციალის მქონეა.
  2. ფიზიკურ-გეოგრაფიული და ეკონომიკურ-გეოგრაფიული პარამეტრები. აფხაზეთის შავ ზღვასთან მდებარეობა გარე სამყაროსთან კონტაქტების შესაძლებლობებს, ხოლო კლიმატური პირობები – ტურისტული პოტენციალისა და სუბტროპიკული სოფლის მეურნეობის განვითარების პირობებს ქმნის. აფხაზეთში შედარებით დიდია ქალაქის მოსახლეობისა და უმაღლესი განათლების მქონე სამუშაო ძალის წილი; შესაბამისად, მას გააჩნია ეკონომიკური პოტენციალი, თუმცა სადღეისოდ აფხაზეთის ეკონომიკა მნიშვნელოვანწილადაა დამოკიდებული რუსეთის ფინანსურ და ტექნოლოგიურ დახმარებაზე.

სამხრეთ ოსეთის პერიმეტრის დაახლოებით 75% დანარჩენ საქართველოსთან გამყოფი ხაზის წილად მოდის, ხოლო რუსეთთან (ჩრდილო ოსეთის ავტონომიასთან) მას მხოლოდ კავკასიონის ქედში გამავალი როკის საავტომობილო გვირაბი აკავშირებს. ეკონომიკურად სამხრეთ ოსეთი მთლიანად დამოკიდებულია რუსეთის საფინანსო მხარდაჭერაზე; მეტად მწირი საკუთარი შემოსავლების წყაროებია ნაკლებად ეფექტური სოფლის მეურნეობა, წიაღისეულის მოპოვება (ძირითადად – მინერალური წყალი) და რუსეთის სამხედრო ბაზის მომსახურება. ეკონომიკის სხვა დარგების (მაგ. სპილენძის მადნის მოპოვების) განვითარება უკავშირდება დიდძალი ინვესტიციებისა და მუშახელის საჭიროებას და ვერ იქნება რენტაბელური, თუკი სამხრეთ ოსეთი არ აღადგენს კომუნიკაციებს დანარჩენ საქართველოსთან.

  1. ჩრდილო კავკასიის ფაქტორი განსხვავებულად იჩენს თავს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. ამ უკანასკნელის მოსახლეობა ეთნიკურად პრაქტიკულად იგივეა, რაც რუსეთის ფედერაციის სუბიექტის ჩრდილო ოსეთის – ალანიის ავტონომიური რესპუბლიკის სატიტულო მოსახლეობა. მათ შორის გარკვეული დისტანციის მიუხედავად, კრიზისულ ვითარებებში ისინი ერთმანეთის სრული მხარდაჭერით სარგებლობენ. იმავდროულად მიგრაცია სამხრეთ ოსეთიდან უპირატესად ჩრდილო ოსეთისკენაა მიმართული. განსხვავებით ჩრდილო კავკასიის დანარჩენი ეთნიკური ავტონომიების უპირატესად მუსლიმი მოსახლეობისგან, ოსების უმრავლესობა მართლმადიდებელი ქრისტიანია, რაც ოსებსა და მეზობელ ჩრდილოკავკასიელ ხალხებს შორის გაუცხოებას უწყობს ხელს.

აფხაზები კი (მათი უმრავლესობა ასევე მართლმადიდებელ ქრისტიანებს მიაკუთვნებს თავს, მცირე წილი – მუსლიმებს) კულტურულად და ენობრივად ენათესავებიან ჩრდილო კავკასიის მკვიდრ ადიღეურ (ჩერქეზულ) ეთნოსს. თანაც საერთო ადიღეურ (ჩერქეზულ) დისკურსში აფხაზეთი მათი სასიცოცხლო სივრცის განუყოფელ ნაწილად განიხილება მიუხედავად იმისა, თუ რას ფიქრობენ ამის თაობაზე საკუთრივ აფხაზები. სამაგიეროდ აფხაზები სარგებლობენ ძირითადად თურქეთში მცხოვრები (მუსლიმი) ჩერქეზულ/აფხაზური დიასპორის მხარდაჭერით, რომელსაც გარკვეული პოლიტიკური გავლენა აქვს თურქეთში. ამასთანავე იმედი, თითქოს თურქეთიდან ეთნიკური აფხაზების რეპატრიაციის მეშვეობით ეთნიკური ბალანსი აფხაზეთში გადაიხრებოდა აფხაზების სასარგებლოდ, პრაქტიკულად არ გამართლდა კულტურული და რელიგიური განსხვავებების, აგრეთვე – აფხაზეთში რთული სოციალური და პოლიტიკური ვითარების გამო.

  1. პოლიტიკური რეალიები. მაშინ, როცა სამხრეთ ოსეთში სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის საქმიანობის არეალი ერთობ შეზღუდულია და ისინი ხელისუფლების ძლიერ ზეწოლას განიცდიან, აფხაზეთში ორივე შედარებით განვითარებული და ავტონომიურია. სამხრეთ ოსეთში მოხდა ერთი მმართველი ჯგუფის მეორით ჩანაცვლება, ადრეული პერიოდის პოლიტიკური ლიდერების მარგინალიზაცია და ფაქტობრივი განდევნა; აფხაზეთში კი, მიუხედავად მმართველობის ეთნოკრატიული ხასიათისა, რაც ეთნიკური აფხაზების დომინირებაში ვლინდება, პოლიტიკური კონკურენციის ელემენტები არსებობს. აღსანიშნავია, რომ დასავლურ არასამთავრობო ორგანიზაციებს ეძლევათ აფხაზეთში მუშაობის საშუალება (თუნდაც შეზღუდვებით), დასავლელ დიპლომატებს კი დროდადრო ჩაესვლებათ სოხუმში, რაც პრაქტიკულად გამორიცხულია ცხინვალის შემთხვევაში. აფხაზეთის საზოგადოების ნაწილი ინტერესს ავლენს დასავლეთთან ურთიერთობებისა და მისი ცივილიზაციური მოდელის მიმართ, სამხრეთ ოსეთი კი უფრო ჩაკეტილია, მისი მოსახლეობა კი მთლიანად რუსეთის გავლენის ქვეშაა მოქცეული.
  1. აფხაზებისა და ოსების ნაციონალური პროექტები ფუნდამენტურად განსხვავდება. ეთნიკური აფხაზების ნაციონალური პროექტი მიზნად ისახავს აფხაზთა დამოუკიდებელი სახელმწიფოს მშენებლობას, სადაც პოლიტიკა სწორედ აფხაზთა ეროვნული ინტერესებით განისაზღვრება. აფხაზთა პროექტის სრულყოფილ რეალიზებას, საქართველოსა და საერთაშორისო თანამეგობრობის პოზიციის გარდა, სხვა გარემოებებიც აბრკოლებს: ა) რუსეთის ნამდვილი ინტერესები, რაც აფხაზეთის ყოვლისმომცველ კონტროლს გულისხმობს (და მის რეალურ სუვერენიტეტს გამორიცხავს); ბ) არაერთგვაროვანი დამოკიდებულება აფხაზური პროექტის მიმართ აფახზეთის სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის მხრიდან; გ) მრავალრიცხოვანი იძულებით გადაადგილებული პირის არსებობა, რომელთა პრობლემაც გადაჭრას მოითხოვს.

აფხაზეთში მცხოვრები ძირითადი ეთნიკური ჯგუფების ორიენტაცია განსხვავებულია: აფხაზების უმრავლესობის გაცხადებული მიზანი დამოუკიდებლობის მიღწევაა, სხვა ჯგუფები კი სხვა ცენტრების მიზიდულობას განიცდიან. აცდენილ ინტერესთა კოლიზიის ალბათობა იზრდება რუსეთის მიერ „ქართული საფრთხის“ ნეიტრალიზაციის შედეგად, რადგან „გარე“ საფრთხის არარსებობის პირობებში მცირდება საზოგადოების კონსოლიდაციის ხარისხი, სამაგიეროდ იზრდება შიდა პრობლემების მნიშვნელობა (ეთნიკური ქართველებისთვის ე.წ. აფხაზური პასპორტების გაცემასთან დაკავშირებული მანიპულაციები, მიწისა და ზოგადად უძრავი ქონების აფხაზეთის არამოქალაქეების მიერ შეძენის აკრძალვა, უცხოური ბიზნესისთვის არასახარბიელო გარემო, მიგრაცია და სხვ.). აფხაზეთში ეთნოკრატიული მმართველობის გახანგრძლივება მხოლოდ ამწვავებს ამ პრობლემებს და ინტერეთნიკური დაპირისპირების საფუძველს ქმნის.

სამხრეთ ოსური ნაციონალური პროექტი თავისი არსით ირედენტისტულია. დარჩენილ მცირერიცხოვან მოსახლეობაში დომინირებს რუსეთის ფედერაციის ფარგლებში ჩრდილო ოსეთთან შერწყმისკენ სწრაფვა. ის ფაქტი, რომ სამხრეთ ოსეთი არ არის პოლიტიკურად და ეკონომიკურად თვითკმარი სახელმწიფოებრივი ერთეული, საყოველთაოდ გაცნობიერებულია, მათ შორის – საერთო ოსურ დისკურსშიც. ეთნიკური ოსების ნაწილის მიერ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამოცხადება მაშინ, როცა ამ ერის უდიდესი ნაწილის თვითგამორკვევა სხვა სახელმწიფოს შემადგენლობაში ავტონომიურობით შემოიზღუდება, პოლიტიკურ და სამართლებრივ საფუძველსაა მოკლებული. ბოლო დრომდე კრემლი აკავებდა სამხრეთ ოსეთის ხელმძღვანელობას ირედენტისტული მისწრაფებების ფორმალიზებისგან და აიძულებდა მას დეზავუირება მოეხდინა საკუთარი განცხადებებისთვის, რათა 2008 წლის მოვლენები რუსეთის მიერ მეზობელი ქვეყნის (საქართველოს) ტერიტორიის ანექსიად არ გაფორმებულიყო. თუმცა, ყირიმის რუსეთთან მიერთების შემდეგ, სამხრეთ ოსეთში „ყირიმული სცენარის“ გამოყენების ალბათობამ იმატა.

** *

ამგვარად, შეინიშნება მკაფიო ასიმეტრია ერთი მხრივ აფხაზეთის, ხოლო მეორე მხრივ სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების შემთხვევაში. ამიტომ იდენტური ინსტრუმენტებისა და მოდელების გამოყენებით მათი მოგვარების მცდელობა შედეგის მომტანი ვერ იქნება; უნდა მოხდეს საერთო სტრატეგიული პრინციპების მატერიალიზება ინდივიდუალურ მიდგომებში, სადაც გათვალისწნებული იქნება კონკრეტული სპეციფიკა და როგორც პროცესი, ისე მოგვარების ფორმულები შეიძლება განსხვავებული აღმოჩნდეს. ასე მაგალითად, ანგარიშგასაწევი სამშვიდობო პოტენციალის მატარებელ ფაქტორად განიხილება დანარჩენ საქართველოში (ძირითადად ქართლსა და კახეთში) მცხოვრები ოსური თემი, რომელიც ამჟამად რიცხოვნობით დაახლოებით უტოლდება საკუთრივ სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას; მსგავსი პოტენციალი გააჩნია ჩრდილო ოსეთის საზოგადოებაც, რომელიც ქართულ– ოსური ურთიერთობების ნორმალიზებით უშუალოდაა დაინტერესებული.

მოსკოვი-თბილისი-სოხუმი-ცხინვალის კვანძი

რუსეთი საკუთარი ინტერესებით ხელმძღვანელობდა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში კონფლიქტების გაღვივება–განვითარების ყველა ეტაპზე. ილუზიები რუსეთის მიუკერძოებული „შუამავლობის“ თაობაზე საბოლოოდ გაქარწყლდა 2008 წლის აგვისტოში, როცა რუსეთის ქმედებებმა დაადასტურა, რომ იგი თვითონაა კონფლიქტის მხარე. აუცილებელია აღინიშნოს, რომ 2008 წლის აგვისტოში სამხედრო შეტაკებები აფხაზეთის მიმართულებაზე არ ყოფილა; მხოლოდ კოდორის ხეობაში განხორციელდა რუსულ–აფხაზური სამხედრო ოპერაცია, რომელიც უკანონოდაა შეფასებული საქართველოში კონფლიქტთან დაკავშირებული ფაქტების დამდგენი დამოუკიდებელი საერთაშორისო მისიის („ტალიავინის კომისიის“) ანგარიშში. ამას მალევე მოჰყვა აფხაზეთის (და სამხრეთ ოსეთის) დამოუკიდებლობის აღიარება რუსეთის ფედერაციის მიერ, რითიც სწორედ აფხაზეთი აქცია რუსეთმა ფორმალური საბაბის გარეშე მეზობელი სახელმწიფოს შემადგენელი ნაწილის მოწყვეტის პრეცედენტად (შემდგომ – ყირიმის შემთხვევაში – რუსეთი უკვე პირდაპირი ანექსიის გზას დაადგა).

აშკარაა, რომ რუსეთის გეგმებში არ შედის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეალური დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა, მათ შორის – საკუთრივ რუსეთისგან. აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი რუსეთის სამხედრო პლაცდარმებია საქართველოში (და სამხრეთ კავკასიაში), სადაც თავის სამხედრო ბაზებზე მან შეტევითი ხასიათის იარაღი განათავსა; სამხრეთ ოსეთში განლაგებული რუსული სამხედრო კონტინგენტი უშუალო და მყისიერ საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ საქართველოზე გამავალ საერთაშორისო მნიშვნელობის სატრანზიტო გზებსა და მილსადენებს, არამედ საქართველოს დედაქალაქსაც. რუსეთი გეგმაზომიერად აძლიერებს თავის სამხედრო პოზიციებს სამხრეთ კავკასიაში, რაც მოუგვარებელი კონფლიქტების არსებობის პირობებში განსაკუთრებით ფეთქებადსაშიშს ხდის ვითარებას. ჟენევის კონსულტაციების ფორმატში რუსეთის ფედერაცია კატეგორიულად ამბობს უარს საქართველოს მიმართ ძალის არგამოყენების ვალდებულების აღებაზე; რუსეთის მოქმედება უკრაინაში ააშკარავებს საფრთხეებს, რომელთა წინაშე დგას საქართველო. არსებული რეალიები საქართველოს და მის მოკავშირეებს რთული პოლიტიკური გამოწვევის წინაშე აყენებს.

თბილისი-სოხუმის და თბილისი-ცხინვალის ურთიერთობებს დამატებით სირთულეებს უქმნის მესამე მხარის ფაქტორი. იმავდროულად, თუკი საქართველოს პირისპირ აფხაზურ–რუსული პოზიცია მნიშვნელოვანწილად კონსოლიდირებულია, სხვა – ძირითადად შიდააფხაზური პროცესების მიმართ – სრული თანხვედრა აფხაზურ და რუსულ მიდგომებს შორის არაა და არსებული წინააღმდეგობები ობიექტური და გრძელვადიანი ხასიათისაა (სამხრეთ ოსეთის რეალიებში ეს ფაქტორი დღემდე ან უმნიშვნელოა, ან საერთოდ არ გამოკვეთილა). დამოუკიოდებლობაზე ორიენტირებული აფხაზების გაწბილებას (რუსეთის დომინაცია აფხაზეთში ყოვლისმომცველია; რუსეთმა ვერ ან არ უზრუნველყო აფხაზეთის დამოუკიდებლობის რამდენადმე ფართო აღიარება; სოჭის ოლიმპიადამ ვერ გაამართლა აფხაზთა მრავალნაირი მოლოდინი) მოსკოვის მზარდი გაღიზიანება დაერთო (ა.ანქვაბის ადმინისტრაციის მცდელობა დამოუკიდებლად ეწარმოებინა საშინაო საქმეები მაშინ, როცა რუსეთი საკუთარი სახსრებით ინახავს მას), რის გამოც გროვდებოდა ურთიერთუნდობლობა ერთმანეთის ჭეშმარიტი ზრახვების მიმართ. სოხუმში ხელისუფლების ვადამდელი ცვლილების მიზეზებს შორის ეს გარემოებაცაა გასათვალისწინებელი.

იმის სათქმელად, თითქოს სოხუმის გაწბილება ტრანსფორმირდება საქართველოს, როგორც რუსეთის შესაძლო ალტერნატივის, იმიჯის ჩამოყალიბებაში, სადღეისოდ საფუძველი არ არსებობს. რუსეთის ჯარმა უსაფრთხოების განცდას შეუქმნა აფხაზებსა და ოსებს და მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური რეალიები შეიცვალა, ამგვარი განწყობა კვლავინდებურად დომინანტურია. სოხუმი და ცხინვალი განაგრძობენ თბილისისგან დისტანცირებას, პრაქტიკულად არ რეაგირებენ იქიდან მომავალ ინიციატივებზე. რუსეთში კი უკმაყოფილება იმ დამატებითი პრობლემების გამო, რასაც მას აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი უქმნიან, გამოხატულებას ჰპოვებს „კმარა კავკასიის გამოკვება“ მოწოდების კონტექსტში. თუმცა, როცა დამოკიდებული რეჟიმების ლოიალურობა უზრუნველყოფილია, მათ შორის, სუბსიდიებით, მათი ლოიალურობის ხარისხი გარკვეულწილად ამ სუბსიდიების მოცულობითაც განისაზღვრება.

რუსეთსა და საქართველოს შორის კონფლიქტი

ეს კონფლიქტი ღირებულებითი ხასიათისაა. საქართველომ, განვლო რა დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ პერიოდში პოსტტოტალიტარული (პოსტსაბჭოთა) ტრანსფორმაციის მძიმე და დანაკარგიანი ეტაპი, საბოლოოდ განსაზღვრა საკუთარი ადგილი დროსა და სივრცეში, გამოკვეთა განვითარების სტრატეგიული ვექტორი და შევიდა მოდერნიზაციისა და ევროპეიზაციის ფაზაში. ქართულ საზოგადოებაში „ევროპელობა“ თანდათან ანაცვლებს „საბჭოელობას“, მიმდინარეობს ძველისგან პრინციპულად განსხვავებული ახალი დიდი ერთობის ნაწილად საკუთარი თავის მოაზრების პროცესი. საქართველოს მოქალაქეებს ესმით, რომ ევროპეიზაცია/ევროინტეგრაცია უპირველესად ქართული საზოგადოების ინტერესებშია და არა ვინმეს მიერ თავს მოხვეული პროექტი. ეს ყოველივე ევროპული ყაიდის სახელმწიფოზე გადაწყობას ნიშნავს და წარმოადგენს ქართული ნაციონალური პროექტის არსს.

რუსული ოფიციალური იდეოლოგია კი ჩამოყალიბდა ანტიევროპულ, ანტიდასავლურ, ანტილიბერალურ პარადიგმაში და გაერთიანებულ ევროპას იგი ევრაზიული კავშირის პროექტს უპირისპირებს, სადაც რუსეთს კვლავ დომინანტის როლი ენიჭება.

ამდენად, საქართველოსა და რუსეთის გზები გაიყარა. მათი დიამეტრულად განსხვავებული დამოკიდებულება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების მიმართ სადღეისოდ ერთ–ერთი უმთავრესი გადაუჭრელი პრობლემაა საქართველო– რუსეთის ურთიერთობებში, რაც გამორიცხავს დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას და ორ ქვეყანას შორის სრულმასშტაბიან თანამშრომლობას.

ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ამჟამინდელი მთავრობის სწრაფვას, ევროპული კურსის შენარჩუნების პარალელურად შეამციროს დაძაბულობა რუსეთთან. უკრაინის მოვლენების ფონზე, როცა უსაფრთხოება ევროპაში ისეთი საფრთხის წინაშე დადგდა, როგორიც მას ცივი ომის დასრულების შემდეგ არ შეხვედრია, საქართველო-რუსეთის ურთიერთობების შემდგომი მოწესრიგების პროცესიც დამატებითი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა. საქართველოს თანამიმდევრული ევროატლანტიკური კურსი მოსახლეობის მტკიცე მხარდაჭერით სარგებლობს, რაც არ ტოვებს იმის შესაძლებლობას, რომ მას ამ კურსიდან გადაახვევინონ.

კონფლიქტები და ევროკავშირი

2008 წლის ომის შემდგომ ევროკავშირის პოლიტიკა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმართ გამოიხატება მიდგომით „არაღიარება და ჩართულობა’’ (non-recognition and engagement policy). „არაღიარების“ ნაწილი, რომელიც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პრობლემის სამართლებრივ–პოლიტიკური ასპექტის მიმართ ერთმნიშვნელოვანი დამოკიდებულების მაჩვენებელია, შეიძლება განივრცოს საქართველოს მიმართ 2008 წელს რუსეთის ქმედებებზეც. „ტალიავინის კომისიის“ ანგარიშში ნათქვამია, რომ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს არ ჰქონდათ საქართველოსგან სეცესიის უფლება, ხოლო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება მესამე ქვეყნის მიერ ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს. 2008 წლის 12 აგვისტოს სარკოზი–მედვედევის სამშვიდობო გეგმის საკვანძო – მეხუთე – პუნქტის შეუსრულებლობა რუსეთის ფედერაციის მიერ, რაც მისი ჯარების სამხედრო მოქმედებების დაწყებამდე არსებულ პოზიციებზე დაბრუნებას ითვალისწინებდა, ერთ-ერთი საფუძველია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპაციად კვალიფიკაციისა, რაც ასახულია ევროკავშირის ოფიციალურ დოკუმენტებში.

სოხუმისა და ცხინვალის მცდელობა თავს მოახვიონ ევროკავშირს ურთიერთობების საკუთარი პირობები, თავისი არსით იზოლაციონისტურია, რადგან ევროპა მათ უფრო მეტად სჭირდებათ, ვიდრე ევროპას – აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი. ევროკავშირი ესწრაფვის ჩართულობის იდეის ხორცშესხმას და იმავდროულად მყარად ხელმძღვანელობს არაღიარების პრინციპით, რადგან დაუშვებელია ძალადობის გზით საზღვრების შეცვლა. ეს მიდგომა აღქმულია ქართულ საზოგადოებაში, როგორც მდგრადი და სტრატეგიული, რაც განაპირობებს მისი მხრიდან ნდობას ევროკავშირის პოლიტიკის მიმართ.

„ჩართულობის“ ნაწილის ხორცშესხმა კი სერიოზულ პრობლემებს აწყდება. კრემლის პოლიტიკა ადასტურებს, რომ მის გეგმებში არ შედის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გახსნა გარე სამყაროსთვის და, უპირველესად, დასავლეთისთვის. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია (EUMM), რომლის მიზანთა შორის კონფლიქტების ზონებში სტაბილურობისა და ორმხრივი ნდობის დამყარებაა, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში არ უშვებენ; გაეროს მისიის (UNOMIG – აფხაზეთში) და ეუთოს დამკვირვებელთა სამხრეთ ოსეთში (და მთლიანად საქართველოში) საქმიანობა კი 2008 წლის მოვლენების შემდეგ შეწყდა.

მიდგომები

კონფლიქტების მიმართ საქართველოს პოლიტიკა ემყარება ისეთ ფუძემდებლურ ღირებულებებს, როგორიცაა ადამიანის უფლებები, განსხვავებული ინტერესებისა და მისწრაფებების აღიარება და პატივისცემა, თანხმობის მიღწევა დიალოგის გზით. კონფლიქტის მდგრადი მოგვარება გულისხმობს, რომ თითოეული მხარის ღირსება დაცულია, ხოლო მრავალფეროვნება ქვეყანაში თვითკმარ ღირებულებას წარმოადგენს.

  1. ზოგადი ნაწილი

აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში კონფლიქტების მოგვარების ფორმულებს საქართველო ერთიანი სახელმწიფოს ფარგლებში ხედავს, სადაც ტერიტორიული მთლიანობა გარანტირებულია. მხედველობაშია მიღებული ისიც, რომ სხვა მხარეებსა და დაინტერესებულ ჯგუფებს განსხვავებული ხედვები აქვთ. ვიდრე მოიძებნება კონფლიქტების მოგვარების ურთიერთმისაღები ფორმულები, ადამიანებმა, მათი საცხოვრებელი ადგილის მიუხედავად, უნდა იცხოვრონ უსაფრთხოდ, უზრუნველსამყოფია მათი თანასწორუფლებიანობა მოქალაქეთა სხვა ჯგუფებთან, მათ უნდა შეექმნათ კეთილდღეობის ამაღლების პირობები. საქართველო აცნობიერებს პასუხისმგებლობას მის ტერიტორიაზე მცხოვრები ყველა მოქალაქის მიმართ, მათ შორის – აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. იგი გამყოფი ხაზების მიღმა მცხოვრებ მოსახლეობას იგივე მომსახურებას სთავაზობს, როგორსაც გამყოფ ხაზებს გადმოღმა მცხოვრებს და აქვს მოლოდინი, რომ ადგილობრივი ადმინისტრაციები ითანამშრომლებენ ამ მიმართულებით. გამყოფი ხაზების ორივე მხარეს თუ მათ გასწვრივ კონფლიქტების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ყველა ჯგუფის ცხოვრების პირობების ხარისხობრივი გაუმჯობესება ის მკაფიო მიზანია (საქართველოში შემუშავდა კონფლიქტით დაზარალებული რეგიონების მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურიგანვითარების სახელმწიფო სტრატეგია), რომლის მისაღწევად საჭიროა კონფლიქტების სხვა მხარეების მიერ ამ მიდგომის გაზიარება. აფხაზურ და ოსურ მხარეებთან შერიგების პოლიტიკა ახლო და საშუალოვადიან პერსპექტივაში მიმართულია ამ მიზნის მისაღწევად – დიალოგის გზით ურთიერთნდობის გარემოს შექმნასა და ურთიერთქმედება/თანამშრომლობის რეჟიმში გადასვლაზე.

პოლიტიკური კონფლიქტის პირობებში ურთიერთქმედების პოტენციალის ამოქმედების თვალსაზრისით გარკვეული პოზიტიური პრაქტიკა დაგროვდა საქართველო–რუსეთის ომისშემდგომ ურთიერთობებში. მიუხედავად რუსეთის მიერ განხორციელებული მტრული ქმედებებისა, საქართველომ არამც თუ არ შეწყვიტა რუსეთთან მიმოსვლა, არამედ ცალმხრივად შემოიღო უვიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის, ხოლო რუსული ბიზნესის მიერ საქართველოში მოპოვებულ პოზიციებს არანაირი საფრთხე არ დამუქრებია.

2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების შედეგად ხელისუფლების შეცვლის შემდეგ საქართველომ გადადგა ნაბიჯები დაძაბულობის განმუხტვის მიმართულებით (მაგალითად – გაგზავნა გუნდი სოჭის ოლიმპიურ თამაშებზე და თავისი წვლილი შეიტანა მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფაში), რასაც შემხვედრი ნაბიჯები მოჰყვა რუსეთის მხრიდან (მოიხსნა ემბარგო ქართულ ექსპორტზე, შემსუბუქდა საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის რეჟიმი). მიუხედავად იმისა, რომ ფუნდამენტური ხასიათიას პოლიტიკური პრობლემები კვლავაც მოუგვარებელია, რიგით მოქალაქეებსა თუ ბიზნესმენებს გაუადვილდათ ურთიერთობა და ორმხრივად მომგებიანი საქმეების წარმოება; მხარეები არ უარყოფენ საკუთარ კულტურათა ურთიერთგავლენას, ჰუმანიტარული კონტაქტების შენარჩუნება– განვითარების აუცილებლობას, რუსეთიდან ტურისტების ნაკადმა საქართველოში იმატა, ხოლო ოფიციალურ დონეზე რიტორიკის სიმწვავემ შესამჩნევად იკლო.

აფხაზურ და ოსურ საზოგადოებებთან საურთიერთოდ საქართველოს მთავრობა და ქართული საზოგადოება კიდევ უფრო გახსნილი და თანამშრომლობის ფორმატების მიმართ მეტად მოქნილია. საქართველო საკუთარი წარსულის გააზრების პროცესშია, მიზანდასახულად მიიწევს დემოკრატიულ ევროპულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების მიმართულებით და იმკვიდრებს საკუთარ ადგილსა და ფუნქციას საერთაშორისო სისტემაში. საქართველო პარტნიორად და მოკავშირედ გადაიქცა თავისუფალი სამყაროსთვის და ასრულებს საერთაშორისო შეთანხმებებს. მიზანმიმართული ინსტიტუციური რეფორმების გზით ევროპულ ოჯახში საკუთარი ადგილის დამკვიდრების ამოცანა გულისხმობს პროგნოზირებადობასა და ნაკისრი ვალდებულებების ერთგულებას. დღევანდელი საქართველო გულწრფელია, როცა აფხაზებსა და ოსებს შერიგებასა და თანამშრომლობას სთავაზობს.

თბილისი დგამს კეთილი ნების ცალმხრივ ნაბიჯებს სოხუმისა და ცხინვალის მიმართულებით და აცნობიერებს, რომ შემხვედრი ნაბიჯები მყისიერად შეიძლება არც გადმოიდგას. საქართველოს ხელისუფლება მუშაობს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან ჰარმონიზაციის მიმართულებით, ხელმძღვანელობს რა პრინციპით, რომლის მიხედვით ეს კანონი უნდა იყოს მიმართული ოკუპაციის და არა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის წინააღმდეგ. ამასთანავე საქართველოში ელიან, რომ ეს ნაბიჯები ყველას მიერ სწორად იქნება აღქმული, რასაც მოჰყვება შემხვედრი ნაბიჯები, რომლებიც ისევე მოემსახურება ადამიანთა თავისუფლებას, უსაფრთხოებას, თანასწორუფლებიანობას, კეთილდღეობას, როგორც ქართული მხარის ნაბიჯები და მხარეთა შორის ნდობის აღდგენასა და შერიგებას შეუწყობს ხელს. მრავალვექტორულობის კონცეფციის დაბრუნება აფხაზეთის საზოგადოებრივ დისკურსში და ამ იდეისადმი ყურადღების გამოჩენა სამხრეთ ოსეთში საერთო ევროპული მომავლის პერსპექტივების კონტურებს გამოკვეთს, სადაც ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნება და განვითარება ფუნდამენტური ღირებულებაა; ხოლო, ამის ალტერნატივა – რუსეთის სახელმწიფოს ჩრდილოკავკასიურ არეალში ადგილის დამკვიდრებაა.

  1. ძალის არგამოყენება

კონფლიქტების მოგვარების მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი გზების პოვნის აუცილებლობა საქართველოს პრინციპული პოზიციაა და იგი ყველაფერს აკეთებს ძალის გამოყენების თავიდან ასაცილებლად. საქართველომ დროულად შეასრულა სარკოზი-სააკაშვილის ექვსპუნქტიანი სამშვიდობო გეგმის მოთხოვნები, შემდეგ კი ცალმხრივად აიღო ძალის არგამოყენების ვალდებულება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმართ. ამის შესახებ პრეზიდენტმა მ. სააკაშვილმა 2010 წლის 23 ნოემბერს ევროპარლამენტის წინაშე წარმოთქმულ სიტყვაში განაცხადა. 2013 წლის 7 მარტს საქართველოს პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ“, სადაც დაადასტურა ეს ვალდებულება. საქართველოს ხელისუფლებას მიაჩნია, რომ მთავარი საფრთხე მშვიდობისთვის არის რუსული სამხედრო ბაზების ყოფნა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე; ამ ვითარებაში ძალის არგამოყენების შესახებ ორმხრივი დოკუმენტის გაფორმება აფხაზურ და ოსურ მხარეებთან რუსეთის მხრიდან საქართველოს მიმართ ასეთივე ვალდებულების გარეშე ალოგიკურია, ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების გრძელვადიან ინტერესებსა და სტაბილურობას კავკასიაში. რუსეთმა არ შეასრულა „სარკოზი–მედვედევის“ შეთანხმების მე–5 პუნქტი, გაშალა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე თავისი სამხედრო ბაზები, განალაგა ამ ბაზებზე შეტევითი ხასიათის იარაღი, ხოლო ვერც სოხუმისა და ვერც ცხინვალის დე–ფაქტოხელისუფლებები ვერ გასცემენ ვერანაირ სარწმუნო გარანტიებს იმის თაობაზე, რომ აღნიშნული ბაზები არ იქნება ამოქმედებული საქართველოს წინააღმდეგ არც უშუალოდ, არც ძალის გამოყენების მუქარის სახით. ამიტომაც ძალის არგამოყენების შესახებ ორმხრივი ურთიერთ მისაღები დოკუმენტის საკითხი რეალური საფრთხეების კალაპოტშია განსახილველი.

მას შემდეგ, რაც რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის დაიდება ხელშეკრულება ძალის არგამოყენების შესახებ, გამოიძებნება ფორმატი, რომელშიც შესაძლებელი გახდება ქართულ–აფხაზური და ქართულ–ოსური კონფლიქტების მხარეებს შორის შესაბამისი ორმხრივი ტექსტის გაფორმება. ეს დოკუმენტები ძალაში შევიდოდა აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან რუსული საოკუპაციო კონტინგენტის გაყვანის მომენტიდან.

  1. გადაადგილების თავისუფლება

საქართველო გახსნილია გარე სამყაროსთვის და ესწრაფვის ამ მდგომარეობის გავრცელებას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე. აქ დაბრკოლებად გვევლინება ის შეზღუდვები, რომლებსაც აწყდება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობა საქართველოსა თუ უცხოეთის მიმართულებით გადაადგილებისას, ისევე, როგორც უცხოელები – აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში შესვლისა და იქ საქმიანობისას. არსებული ვითარება აწუხებს არა მხოლოდ მათ, ვისაც ეს უშუალოდ ეხება, არამედ საქართველოს ხელისუფლებასა და საერთაშორისო თანამეგობრობასაც. ამ მრავალწახნაგოვანი პრობლემის გადასაჭრელად საჭიროა არსებული საშუალებების გამოყენება, ან, აუცილებლობის შემთხვევაში, ახლების გამონახვა.

საქართველო არაა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მცხოვრებთა იზოლაციისა და სამკურნალოდ, განათლების მისაღებად თუ სხვა მიზნით მათი გადაადგილების შეზღუდვის მოსურნე. საკუთარი ევროპეიზაცია, ხოლო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის მიტოვება რუსეთის დომინაციის პირობებში, არანაირად არ შედის საქართველოს ინტერესებში, ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს და ეგზისტენციური ხასიათის გამოწვევის წინაშე აყენებს აფხაზებსა და ოსებს.

საქართველო მომხრეა საერთაშორისო მისიების დაბრუნებისა და შერიგების პროცესში მათი მაქსიმალური მონაწილეობისა; შემხვედრი კეთილი ნებისა და ამ საკითხზე დისკუსიისათვის მზადყოფნის შემთხვევაში, გამოიძებნება პრობლემის გადაჭრის ურთიერთმისაღები ფორმატები.

საქართველო დაინტერესებულია, რათა ადამიანები ლეგალურად და ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე გადაადგილდნენ მთელ მის ტერიტორიაზე და დღეს არსებული გამყოფი ხაზები არ აბრკოლებდნენ გადაადგილების თავისუფლებას. საქართველოს შესაბამისი დაწესებულებები სამედიცინო დახმარებას უწევენ ყველას, ვინც ამას საჭიროებს საცხოვრებელი ადგილის მიუხედავად, ხელს უწყობენ მათ განათლების მიღებაში და ა.შ. საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება აკეთებს ამას ყოველგვარი პოლიტიკური და სხვა წინაპირობების გარეშე. იგი განიხილავს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში გაცემული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ვალიდურობის საკითხს.

საქართველო არ უკრძალავს თავისი მოქალაქეების რომელიმე ჯგუფს საზღვარგარეთ გასვლას ლეგალური, საყოველთაოდ აღიარებული დოკუმენტებით, ყოველი კონკრეტული ქვეყნის მიერ დადგენილი სავიზო პროცედურების გავლის შემდეგ; ყოველდღიურად მრავალი ადამიანი სარგებლობს ამ უფლებით. საზღვარგარეთ გადაადგილების ალტერნატიული შესაძლებლობა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მცხოვრებლებს მიეცათ „ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის“ სახით, რომელიც უკვე აღიარებულია მსოფლიოს 12 სახელმწიფოს მიერ და გრძელდება ძალისხმევა ამ დოკუმენტის ამღიარებელი ქვეყნების სიის გასაფართოებლად. იმავდროულად, საქართველოს ხელისუფლება ვერ აკონტროლებს რუსეთის ფედერაციასთან თავისი სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში და შეშფოთებულია ამ მონაკვეთებზე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე მცხოვრებ პირთა უფლებების დარღვევების ფაქტებით.

როცა ადამიანს აქვს საზღვარგარეთ გასვლის შესაძლებლობა, მაგრამ ის არ იყენებს ალტერნატიული შესაძლებლობებიდან არც ერთს ნებაყოფლობით, ან იმ ზეწოლის შიშით, რომელსაც განიცდის ადგილობრივი ხელისუფლებისა და/ან საზოგადოების რადიკალურად განწყობილი ნაწილის მხრიდან, ეს ვითარება უნდა შეფასდეს არა საქართველოს მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარე სამყაროსგან იზოლაციად, არამედ – მათ თვითიზოლაციად. ეს ვითარება მნიშვნელოვნად ართულებს ევროკავშირის ჩართულობის პოლიტიკის რეალიზებას და ხელს უწყობს რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმართ ექსკლუზიური პოლიტიკის გატარებას.

რაც შეეხება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მცხოვრებთა რუსეთის ფედერაციის პასპორტებით საზღვარგარეთ გადაადგილებას, ამის მიმართ პოზიცია ერთმნიშვნელოვანია: ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ფედერაციის საელჩოების არსებობა უკანონოა; შესაბამისად, ამ ტერიტორიებზე რუსეთის საელჩოების საკონსულო განყოფილებების მიერ თავისი ქვეყნის პასპორტების გაცემა ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ნორმებს. სხვა ქვეყნების მოქალაქეთა მასობრივი „პასპორტიზაცია“ უკანონოა (რაც აისახა „ტალიავინის კომისიის“ანგარიშში) და მძიმე შედეგების მომტანი რუსეთის მეზობელი ქვეყნებისთვის (უკრაინის მაგალითი ამას მკაფიოდ მოწმობს).

საქართველოს კანონმდებლობით გამყოფი ხაზების გადაკვეთა შეუზღუდავია ნებისმიერი უცხოელისთვის, ვინც ლეგალურად იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე. ჩრდილოეთიდან კი – რუსეთის ფედერაციის ტერიტორიიდან – აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში შესვლა უცხოელებს აეკრძალათ (განსაზღვრული გამონაკლისების გარდა) საქართველოს კანონით ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, საქართველოს მხრიდან ამგვარ გადაადგილებაზე ეფექტური კონტროლის არარსებობის გამო. მიუხედავად ყოველივე ამისა, სამგზავრო დოკუმენტების საკითხი პრობლემად რჩება და საქართველო მზადაა დამატებით განიხილოს ნებისმიერი ალტერნატიული ვარიანტი, რომელიც მოემსახურება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მცხოვრებთა გადაადგილების თავისუფლების რეალიზებას, მაგრამ არ შელახავს მის სუვერენიტეტს და არ შეეწინააღმდეგება ევროკავშირის არაღიარების პოლიტიკას.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თავისუფალი ვაჭრობის ზონის ჩამოყალიბება და ვიზების შემდგომი ლიბერალიზაციის მიმართულებით საქართველოს წინსვლა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების საფუძველზე, დამატებით შესაძლებლობებს გაუჩენს ყველა იმ ადამიანს, ვინც ვიზების ლიბერალიზაციის სიკეთით ისარგებლებს. ასევე, 2015 წლიდან აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის ამოქმედდება სპეციალური პროგრამა ევროპის უნივერსიტეტებში უმაღლესი განათლების მისაღებად; საქართველო ზრუნავს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ახალგაზრდების ამ პროგრამაში ჩასართავად და ამისთვის უკვე იდგმება ნაბიჯები, მათ შორის – აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში გაცემული ატესტატებისა და დიპლომების კანონით დადგენილ ჩარჩოებში ლეგალიზებით.

  1. იძულებით გადაადგილებული პირები

კონფლიქტების მოგვარების ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი ასპექტია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა ბედი. მათი ნებაყოფლობითი დაბრუნების უფლების რეალიზება შერიგების დღის წესრიგის განუყოფელი ნაწილია. ეს საკითხი მუდმივადაა საქართველოს ხელისუფლების თვალსაწიერში, მაგრამ დიდწილად სამომავლო ამოცანას წარმოადგენს; დღეს საქართველოს მთავრობის წინაშე ამ პირებთან დაკავშირებული სხვა მნიშვნელოვანი გამოწვევებია. მათგან უმთავრესი – დევნილთა დღევანდელი არასახარბიელო სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობის ძირეული გაუმჯობესება და ქართულ საზოგადოებაში მათი სრულყოფილი ინტეგრირებაა.

საქართველოს ხელისუფლება იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის ყველა ინტეგრაციული კომპონენტის ამოქმედებას პრიორიტეტულ ამოცანად მიიჩნევს. დევნილთათვის ღირსეული ცხოვრების პირობების შექმნა და მათ კეთილდღეობაზე ზრუნვა იმის საფუძველს ქმნის, რომ მათი ინდივიდუალური შესაძლებლობების სრულფასოვანი რეალიზება მოხდეს იქ, სადაც ისინი დღეისათვის ცხოვრობენ.

კონფლიქტების საბოლოო მოგვარება ვერ იქნება სრულყოფილი, თუკი დაბრუნების მსურველ დევნილებს, დაბრუნების შესაძლებლობასთან ერთად, არ შეექმნებათ პირობები დაბრუნების ადგილებში უსაფრთხო, სრულფასოვანი ცხოვრებისა და საქმიანობის. ამის განუყოფელი ნაწილია კონფლიქტების შედეგად დაკარგულ საკუთრებაზე უფლების აღდგენა ან ადეკვატური კომპენსაციის მიღება. უკანასკნელი პრობლემა განსაკუთრებულ სიმწვავეს იძენს იმის გამო, რომ მრავალი დევნილის საკუთრება განადგურდა (სამხრეთ ოსეთში, მაგალითად, ბევრი ქართული სოფელი მიწასთანაა გასწორებული), ან გასული წლების მანძილზე მას სხვა მფლობელი გაუჩნდა.

ნებაყოფლობით დაბრუნების უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა ვრცელდება იმ (ძირითადად ეთნიკურად ოს) პირებზეც, ვისაც კონფლიქტის გამო მოუწიათ თავისი საცხოვრებლისა და ქონების მიტოვება საქართველოს სხვა რეგიონებშიც. მათთვის ამ უფლების რეალიზება უნდა მოხდეს თანასწორობისა და უსაფრთხოების მოთხოვნების სრული დაცვით, რესტიტუციის ან შესაბამისი კომპენსაციის საკითხების გადაჭრით. საქართველო ერთგულია „ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებულთა ქონებრივი რესტიტუციისა და კომპენსაციის შესახებ კანონის“ (2007 წ. 1 იანვარი) სულისკვეთებისა და მზადაა ამ საკითხების უფრო ფართო სამართლებრივ და გეოგრაფიულ კონტექსტში განსახილველად.

ამჟამად – საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის ინტენსიფიკაციის ჩარჩოებში – ჩნდება პერსპექტივა კონფლიქტით დაზარალებული პირების მორალური და ქონებრივი კომპენსაციის საკითხების განხილვისა, შემდგომი პრაქტიკული ნაბიჯების გადასადგმელად.

დევნილთა პრობლემის კომპლექსურ გადაჭრასთან კავშირშია გალის რაიონში დაბრუნების ფაქტის სამართლებრივი აღიარება. შერიგების პოლიტიკის დღის წესრიგში უნდა შევიდეს გალის რაიონში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის, დაბრუნებულთა უსაფრთხოების, მოსახლეობის სხვა ჯგუფებთან მათი თანასწორუფლებიანობის, ნებისმიერი ფორმის დისკრიმინაციის (მათ შორის – სამოქალაქო კუთვნილების საფუძველზე) დაუშვებლობის გარანტიებით (საერთაშორისო მონიტორინგის პირობებში) დაბრუნების ფაქტის აღიარების თაობაზე აფხაზურ მხარესთან ორმხრივ ფორმატში დოკუმენტის მომზადებაზე მუშაობის დაწყება. შესაბამისი ტექსტი უნდა დაეფუძნოს, ერთი მხრივ, ადამიანური უსაფრთხოებისა და განვითარების პირობების გარანტიებს, ხოლო მეორე მხრივ – უკვე მომხდარი დაბრუნების ფაქტის აღიარებას. დაბრუნებულებად აღიარებული პირების სტატუსის შეცვლამ არ უნდა გამოიწვიოს მათი ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესება.

ორმხრივ დოკუმენტში ასევე უნდა დაფიქსირდეს აფხაზეთის სხვა რაიონებში დევნილთა ნებაყოფლობითი, ეტაპობრივი, უსაფრთხო, ღირსეული დაბრუნების პრინციპები და მექანიზმები ორმხრივი მოლაპარაკების საფუძველზე (საჭიროებისამებრ – საერთაშორისო მედიაციის პირობებში). ამგვარი დოკუმენტის გაფორმება მოხსნის ორმხრივ თუ საერთაშორისო დონეზე ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო რეაგირების მექანიზმების გამოყენების აუცილებლობას და ურთიერთნდობის აღდგენისა და შერიგების გზაზე მნიშვნელოვან გარღვევად მოგვევლინება.

ანალოგიური პრინციპების საფუძველზე უნდა გადაიჭრას სამხრეთ ოსეთში დევნილთა დაბრუნების პრობლემაც.

  1. გალისა და ახალგორის რაიონები

საქართველოს ხელისუფლებისთვის შეშფოთებისა და ზრუნვის საგანია გალისა (აფხაზეთში) და ახალგორის (სამხრეთ ოსეთში) რაიონების მცხოვრებთა მდგომარეობა. არსებულ პირობებში მოქალაქეთა ამ ჯგუფის უსაფრთხოებისა და თანასწორუფლებიანობის უზრუნველყოფა კონფლიქტების მხარეებს შორის ნდობის აღდგენის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა. ეთნიკური ქართველების ამ რაიონებში ცხოვრება იმის მიმანიშნებელია, რომ ქართველებსა და აფხაზებს, ქართველებსა და ოსებს შეუძლიათ მშვიდობიანი თანაარსებობა, რაც სხვა ეთნოპოლიტიკური კონფლიქტების შემთხვევებში ხშირად მიუღწევლია.

ძირითადი პრობლემები ამ რაიონებში მომდინარეობს იმ გარემოებიდან, რომ ეთნოკრატიული მმართველობის პირობებში ადგილი აქვს მოსახლეობის სეგრეგაციასა და დისკრიმინაციას ეთნიკური ნიშნით. გადაუჭრელი რჩება ადამიანების უსაფრთხოების პრობლემა, სირთულეებთანაა დაკავშირებული მშობლიურ ენაზე განათლების მიღება, ქართული ენა იდევნება საჯარო სივრციდან. გალისა და ახალგორის მცხოვრებლებზე განსაკუთრებით მტკივნეულად აისახება გამყოფი ხაზის გადაკვეთის რეჟიმის მიზანმიმართული გამკაცრება, რაც აუარესებს განათლების ხელმისაწვდომობას, ხოლო გადაუდებელ შემთხვევებში ადამიანები ხანდახან ვერ სარგებლობენ სასწრაფო სამედიცინო დახმარებით.

შემაშფოთებელია ე.წ. „ბორდერიზაციის“ პრაქტიკა, როცა გამყოფი ხაზების გასწვრივ მავთულხლართების გავლება და სხვა ხელოვნური წინაღობების აღმართვა მიმდინარეობს. ეს იწვევს მიმდებარე ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობის მკვეთრ გაუარესებას, რადგან ხდება გლეხების მოწყვეტა მათ სარგებლობაში მყოფი მიწისგან, საძოვრებისგან, საირიგაციო ობიექტებიდან. მცირდება სასოფლო–სამეურნეო პროდუქციის წარმოება, რთულდება მისი გასაღება. ამგვარი ვითარება ლახავს ადამიანის ძირითად თავისუფლებებსაც, რადგან აბრკოლებს ნათესაურ კავშირებსა და ჰუმანიტარულ კონტაქტებს, აფერხებს თემებს შორის ურთიერთობასა და ნდობის აღდგენას.

გალისა და ახალგორის რაიონების მიმართ საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკა მრავალგანზომილებიანია. საქართველოს ხელისუფლება მუდმივად მიაპყრობს საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღებას ამ და სხვა რაიონებში არსებულ პრობლემებს.

საქართველო ცდილობს ამ და სხვა რაიონების მცხოვრებთა მდგომარეობის შემსუბუქებას ადგილობრივ ხელისუფლებებთან ურთიერთქმედებაში, საერთაშორისო თანამეგობრობის მონაწილეობითა და საერთაშორისო მისიების მეთვალყურეობის ქვეშ.

  1. დიალოგი

საქართველო ღიაა განსხვავებული კონფლიქტების სხვადასხვა სუბიექტთან ურთიერთქმედებისთვის. რაკი მიმდინარეობს მოლაპარაკებები რუსეთთან, არ რჩება მორალური, სამართლებრივი, თუ სხვა ხასიათის წინააღმდეგობები აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე–ფაქტო ხელისუფლებებთან მოსალაპარაკებლადაც. პოლიტიკურად კი არც საქართველოსთვის ერთი მხრივ, არც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთისთვის მეორე მხრივ, აზრი არ აქვს იმგვარი ვითარების შენარჩუნებას, როცა მოსკოვი ელაპარაკება თბილისს არა მხოლოდ საკუთარი, არამედ სოხუმისა და ცხინვალის სახელითაც; სოხუმსა და ცხინვალს უნდა გააჩნდეთ განსხვავებული (საკუთარი) პოზიციის გამოხატვის შესაძლებლობა.

სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოების თაობაზე ჟენევის კონსულტაციების ფორმატი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ შეიქმნა და ძირითად მიზნად ამ ორ სახელმწიფოს შორის დაძაბულობის განმუხტვას ისახავს. კონსულტაციებში სოხუმისა და ცხინვალის წარმომადგენელთა მონაწილეობა ვერ არის საკმარისი ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური ურთიერთობების ნორმალიზების პროცესის სტიმულირებისათვის. მეტიც – ქართულმა და რუსულმა მხარეებმაც კი არასაკმარისად მიიჩნიეს ოფიციალურ დონეზე დიალოგის ამ ერთადერთი მოედნის არსებობა და სპეცწარმომადგენელთა უშუალო და რეგულარული შეხვედრების ფორმატიც (აბაშიძე-კარასინი) დაამატეს მას. ამ ფონზე მით უფრო თვალშისაცემია უშუალო ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური კონტაქტების ნაკლებობა.

ქართულ და აფხაზურ მხარეებს შორის არსებობს ხანგრძლივი და საკმაოდ მასშტაბური თანამშრომლობის პრაქტიკა ენგურ-ჰესის ერთობლივი ექსპლუატაციის სახით. სამხრეთ ოსეთში მდებარე ზონკარის წყალსაცავის ტექნიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფა ასევე მოითხოვს ორმხრივ ზრუნვას. ეს წარმატებული მაგალითები ადასტურებს, რომ ორმხრივი დიალოგის რეჟიმში შესაძლებელია კონკრეტული ურთიერთსარგებლიანი ქმედებების შეთანხმება.

საქართველოს ხელისუფლებას მნიშვნელოვნად მიაჩნია სამოქალაქო დონეზე (track- 2) ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური დიალოგის გაგრძელება. არსებული დიალოგის ჩარჩოებში ბევრი რამ გაკეთდა კონფლიქტების გააზრების, ერთმანეთის პოზიციებისა და ინტერესების დადგენა/გაგების, თუნდაც ლოკალური, მაგრამ მტკივნეული პრობლემების გადაჭრის კუთხით; წარმატებით ხორციელდება რიგი ერთობლივი პროექტებისა; დამკვიდრდა აზრთა გულწრფელი გაცვლა–გამოცვლის,ორმხრივი ურთიერთობების ყველაზე მტკივნეულ საკითხებზე ერთობლივი კვლევების ჩატარების ტრადიცია. საჭიროა ამ გამოცდილების უფრო მაღალ დონეზე განვრცობა, მიმდინარე რეფორმების, პრობლემებისა და მიღწევების, საჭირბოროტო საკითხებზე საზოგადოებებში მიმდინარე დისკუსიების შესახებ ობიექტური ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლა.

საქართველოს ხელისუფლება დადებითად აფასებს სამოქალაქო დიალოგის მონაწილეთა ინიციატივას (საერთაშორისო მხარდაჭერით) ცალკეულ ღონისძიებებში მხარეთა ოფიციალური პირების ჩართვის თაობაზე (track-1.5). ხანგრძლივი პაუზის შემდეგ არაფორმალურ გარემოში მათი შეხვედრები უწყვეტი დიალოგისა და ურთიერთნდობის აღდგენის კარგი საწინდარი გახდება, რაც შექმნის უფრო მაღალ საფეხურზე გადასვლისა და კონკრეტულ საკითხებზე სპეციალური ერთობლივი სამუშაო ჯგუფების ჩამოყალიბების პერსპექტივას.

** *

დიალოგის კონტექსტში ჩვენ გამოვდივართ წინადადებით, რომ ამ დოკუმენტში ჩამოყალიბებული პრინციპები, მიდგომები და იდეები წარმომადგენლობითი საერთაშორისო კონფერენციის მსჯელობის საგანი გახდეს. წინამდებარე ხედვა, კონფერენციაზე გამოთქმული მოსაზრებებისა და შემოთავაზებების გათვალისწინებით, მოწოდებულია, რომ მისცეს იმპულსი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში კონფლიქტების ტრანსფორმაციას, კონფლიქტების მხარეებს შორის ნდობის აღდგენისა და შერიგების პროცესს.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი თბილისი, 2014 წლის ივნისი

 


ასევე წაიკითხეთ