განათლების სამინისტრო, პედაგოგები, მშობლები, მოზარდები და ეკლესია ვერ შეთანხმდნენ, თემა დახურულად რჩება" />

სექსუალური განათლება საქართველოში: ვინ არის წინააღმდეგი, სკოლებში სიტყვა “სექსი” ისმოდეს

განათლების სამინისტრო, პედაგოგები, მშობლები, მოზარდები და ეკლესია ვერ შეთანხმდნენ, თემა დახურულად რჩება

საქართველო არ არის იმ ქვეყნების ჩამონათვალში, სადაც სქესობრივი განათლება ეროვნული სასწავლო გეგმის ნაწილია.

ინფორმაციას ადამიანის რეპროდუქციული სისტემის შესახებ მოსწავლეები ბიოლოგიის სახელმძღვანელოდან იღებენ, თუმცა უსაფრთხო სექსზე, კონტრაცეფციასა და ადამიანის სექსუალობაზე მათ სკოლაში არავინ ელაპარაკება.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გარკვეულ ცვლილებებს გეგმავს. სამინისტროში სქესობრივ განათლებაზე მკაფიოდ ჩამოყალიბებული მოსაზრება არ არსებობს, თუმცა, 2018 წლიდან სკოლებში ახალი საგანი “მე და საზოგადოება” შემოდის, რომელიც სქესობრივ განათლებას, გენდერს, თანასწორობას და სხვა მსგავს თემებსაც უნდა შეეხოს.

ჯერ ამ საგნის სახელმძღვანელოც კი არ არსებობს, თუმცა იდეას უკვე გამოუჩდნენ მოწინააღმდეგეები.

რა იციან დღეს ქართველმა მოზარდებმა საკუთარ ბიოლოგიაზე და ვინ და რატომ არის წინააღმდეგი, სკოლაში სიტყვა “სექსი” ისმოდეს?

Library of congress

15 წლის ნინო ჩანთიდან ბიოლოგიის წითელყდიან წიგნს იღებს და შუაში, ერთ-ერთ თავზე ჩერდება, სადაც მამაკაცისა და ქალის სასქესო ორგანოების ილუსტრაციებია გამოსახული. თავს “რეპროდუქციული სისტემა” ჰქვია. ფურცელს ზედა მარჯვენა კიდე მოკეცილი აქვს და აწერია: “წასაკითხი!”

“ეს თავი მხოლოდ სახლში წასაკითხად გვქონდა. გაკვეთილზე ამ თემაზე არ გვილაპარაკია. ალბათ, ბიოლოგიის მასწავლებელმა ჩათვალა, რომ უხერხული იქნებოდა ამაზე საუბარი,” – ასე ხსნის ნინო მინაწერის წარმომავლობას.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ოფიციალურად დამტკიცებული ორი სახელმძღვანელო, რომელიც სქესობრივი განათლების საკითხებს მხოლოდ ნაწილობრივ ეხება, მე-8 კლასის ბიოლოგიის წიგნებია. ამ ორიდან ერთ-ერთი, 174-გვერდიანია სქესობრივი განათლების თემას მხოლოდ ექვს გვერდს უთმობს.

როგორც ნინო ამბობს, მის კლასში მასწავლებელმა სწორედ ამ თავს “გადაახტუნა”.

მე-8 კლასის შემდეგ, სქესობრივ განათლებას არც ერთი თავი არ ეძღვნება: მე-9-12 კლასების ბიოლოგიის სახელმძღვანელო სქესობრივ განათლებას მხოლოდ გამრავლების კუთხით, წმინდა ბიოლოგიურ დონეზე განიხილავს.

ნინოს დედა, 39 წლის მაკა, თავისი ბავშვობის ისტორიას იხსენებს:

“მერვე კლასში ვიყავი, როდესაც ჩემი კლასელი დაფეხმძიმდა. როდესაც გოგოებმა ვკითხეთ, როგორ მოხდა ეს, მან გვითხრა, რომ უბრალოდ შეყვარებულის შარვალი ჩაიცვა და შემთხვევით დაფეხმძიმდა. მაშინ ეს ისტორია ბევრმა დავიჯერეთ. კლასის დამრიგებელმა კი, როდესაც ჩვენი კლასელის ორსულობის ამბავი შეიტყო, გვითხრა, რომ ყველა გოგოს ასე დაგვემართებოდა, თუ საღამოობით ბიჭებთან ხელჩაკიდებულები ვივლიდით ქუჩაში. მაშინ არაფერი ვიცოდით სექსზე და ამ თემაზე ვერც ვერავის ვერაფერს ვეკითხებოდით” – ამბობს მაკა.

მაკას უნდა, რომ მის შვილს მეტი ინფორმაცია ჰქონდეს იმაზე, თუ როგორ არის მოწყობილი ადამიანის სხეული, როგორ უნდა დაიცვას თავი ვირუსებისგან და არასასურველი ფეხმძიმობისგან, თუმცა ამ თემებზე საუბარი შვილთან ხშირად არ გამოსდის – შვილი მორცხვობს, გაურბის და ეუბნება, რომ ისედაც ყველაფერი იცის.

“თუ ჩემს ბავშვობაში ინფორმაციის ნაკლებობა იყო, ახლა პირიქითაა – ბავშვებს ამ თემაზე ზღვა ინფორმაციის მიღება შეუძლიათ, მათ შორის ყველაზე აბსურდულის. თინეიჯერულ ასაკში ეს თემა ყველას აწუხებს, ამიტომ მირჩევნია, ჩემს შვილს კვალიფიციური და სანდო სპეციალისტის ესაუბროს და რაღაც გაუგებარი საიტებიდან არ მიიღოს ინფორმაცია,” – ამბობს მაკა.

სად და როგორ ასწავლიან სქესობრივ განათლებას?

სქესობრივი განათლება არის სწავლება ადამიანის სექსუალურობაზე, ანატომიაზე, რეპროდუქციაზე, სქესობრივ მომწიფებაზე, რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და უფლებებზე, უსაფრთხო სექსზე, ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებზე, სქესობრივად გადამდებ დაავადებებსა და სხვა მსგავს საკითხებზე.

ბევრ ევროპულ ქვეყანაში სქესობრივი განათლება სავალდებულო საგანია. იმ ქვეყნებში, სადაც სკოლებში სქესობრივ განათლებას ასწავლიან და მოსწავლეებს აქვთ ინფორმაცია იმაზე, თუ რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს შემთხვევით და/ან დაუცველ სექსს, მნიშვნელოვნად შემცირდა ნაადრევი ქორწინებები და ორსულობები, აბორტები და სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები. ყველაზე პროგრესული ქვეყანა ამ მიმართულებით შვედეთია – ამ ქვეყანაში სქესობრივ განათლება სასკოლო საგანი 1950-იან წლებში გახდა.

ნიდერლანდებში ადამიანის ბიოლოგიასა და სქესობრივ განათლებაზე ბავშვებს ბაღის ასაკიდან ელაპარაკებიან. ამ ქვეყანაში მოზარდთა ფეხმძიმობის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

ამერიკულ სკოლებში სქესობრივი განათლების ორი ძირითადი ფორმა არსებობს. პირველი – აბსტინენციაზე  [Abstinence Only Until Marriage (AOUM)] ანუ ქორწინებამდე სექსისგან თავის შეკავების იდეაზეა აგებული, მეორე – სრული, კომპლექსური სქესობრივი განათლება, რომლის დროსაც მოსწავლეებს ქორწინებამდე სექსისგან თავის შეკავებაზეც ესაუბრებიან, როგორც პოზიტიურ მაგალითზე, მაგრამ ამავე დროს ასწავლიან კონტრაცეფციის მეთოდებსაც.

Abstinence Only Until Marriage, ანუ ქორწინებამდე სექსისგან თავის შეკავების პროგრამის ფონზე, არაერთმა კვლევამ დაადასტურა, რომ ამერიკელი მოზარდები მნიშვნელოვნად ჩამორჩებოდნენ ევროპელ თანატოლებს რეპროდუქციასა და  უსაფრთხო სექსზე ინფორმაციის თვალსაზრისით. თუმცა, ამერიკის კონსერვატიული ნაწილი ამ სისტემის მხარდაჭერას განაგრძობს – სამედიცინო სფეროს სპეციალისტების უარყოფითი შეფასებების მიუხედავად, 2016 წელს დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ამ პროგრამისთვის მილიონობით დოლარი გამოიყო.

მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო პრაქტიკა და კონკრეტული ციფრები სხვა რამეს ამბობს, საქართველოში სქესობრივი განათლების მოწინააღმდეგეთა მთავარი არგუმენტი ის არის, რომ სქესობრივი განათლება მოზარდებს “გარყვნის” და მათ სქესობრივი ცხოვრების ადრეულად დაწყებისკენ უბიძგებს.

•  2015 წელს, საქართველოში 1,449 არასრულწლოვანმა გოგონამ გააჩინა ბავშვი, ხოლო ოჯახის შექმნის მიზნით სკოლას თავი 183-მა გოგონამ დაანება.  მათგან ყველაზე ახალგაზრდა 13 წლის იყო.

•  2016 წელს საქართველოში 30 ათასი ოფიციალურად რეგისტრირებული აბორტი გაგეთდა. მაშინ, როდესაც 2008 წელს, ეს ციფრი 22 ათასი იყო.

•  იზრდება სქესობრივი გზით გადამდები, ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის [შიდსის გამომწვევი ვირუსის] გავრცელების დინამიკაც: 2008 წლიდან 2016 წლამდე,  ვირუსის ახალმა შემთხვევებმა 1,851-დან 5,877-ს მიაღწია.

•  საქართველოში გოგონები დღემდე იკეთებენ საქალწულე აპკის აღდგენის ოპერაციას. ამ პროცედურას ჰიმენოპლასტიკა ჰქვია და თბილისში, სულ მცირე,  ოთხ კლინიკაში ტარდება. საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ჰიმენოპლასტიკის ოფიციალური სტატისტიკა მაღალი არაა, მაგრამ ბოლო 3 წლისმგანმავლობაში მზარდია. 2015 წელს 18 ასეთი ოპერაცია გაკეთდა, 2016 – 20, ხოლო 2017 წლის პირველ ექვს თვეში – 22.

“განგაშის ზარები”  

საქართველოში სქესობრივი განათლების სავალდებულო საგნად ჩაწერა განათლების სამინისტროს ჯერ არც უცდია, თუმცა სულ მცირე მინიშებებსაც კი, რომ სკოლაში ბავშვებს, შესაძლოა, სექსუალობაზე ესაუბრონ, ქართულ საზოგადოებაში დიდი მღელვარების მიზეზი გახდა.

ჯერ კიდევ 2015 წლის ზაფხულში გაჩნდა ინფორმაცია, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 2016-2017 სასწავლო წელს ახალი საგნის – “მე და საზოგადოება” – შემოღებას აპირებდა.

ამ საგნის მიზანი მოზარდების სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება უნდა ყოფილიყო. გაკვეთილზე ბავშვებს ესაუბრებოდნენ ოჯახში ძალადობაზე, გენდერზე, ტოლერანტობაზე, ჯანსაღი ცხოვრების წესსა და პირად ჰიგიენაზე.

უკვე შეიქმნა საგნის სტანდარტი (მონახაზი, რომელიც სახელმძღვანელოს მომავალმა ავტორმა უნდა გაითვალისწინოს). გამოცხადდა კონკურსი სახელმძღვანელოზეც. თუმცა, პროექტი შეფერხდა – ამ საგნის სწავლების წინააღმდეგ ჯერ სასულიერო პირები გამოვიდნენ, შემდეგ კი, განათლების სამინისტროს სპეციალური წერილით საზოგადოებისთვის ცნობილმა ადამიანებმა მიმართეს.

წერილს, რომელსაც ხელს აწერდნენ ცნობილი რეჟისორები, მომღერლები, კომპოზიტორები, სპორტსმენები, მეცნიერები და ბიზნესის წარმომადგენლები “განგაშის ზარები” ერქვა და ასე იწყებოდა:

“განათლების სამინისტრო ევროკავშირის დავალებით სექტემბრიდან ჩვენ შვილებზე მასირებული შეტევის განხორციელებას აპირებს. ახალი სავალდებულო საგნების “მე და საზოგადოება”და “ჩემი საქართველოს” მიზანი იქნება დაწყებით კლასებში, 7-13 წლამდე ბავშვების, ერთის მხრივ, ბილწი და უსაშინლესი მამათმავლური ცნობიერებით მოწამვლა, გარყვნა და, მეორეს მხრივ, მათი სარწმუნოებრივ-ეროვნული ცნობიერების გადაგვარება და აღრევა”.

ამ წერილის პასუხად განათლების იმდროინდელმა მინისტრმა, თამარ, სანიკიძემ განაცხადა, რომ საზოგადოება შეცდომაში იყო შეყვანილი და სახელმძღვანელოს საბოლოო ვერსია ჯერ არ არსებობდა. “კონსულტაციებს გავდივართ საპატრიარქოსთან,” – განაცხადა მაშინ სანიკიძემ.

“მე და საზოგადოების” გამო თავის მართლება განათლების მინისტრის პოსტზე სანიკიძის შემცვლელს, ალექსანდრე ჯეჯელავასაც არაერთხელ მოუხდა. ამ საგანთან დაკავშირებით გამართული ერთ-ერთი საპროტესტო აქციის შემდეგ, ჯეჯელავამ განაცხადა, რომ საგანი სასულიერო პირებთან ‘შეთანხმებულია.

“ჩვენი საზოგადოებისთვის რაც იქნება მიუღებელი, არაფერი უნდა მოხვდეს სასწავლო პროგრამაში”,  – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

საბოლოოდ, ამ პროტესტის შემდეგ საგნის “მე და საზოგადოება” პირვანდელი ვერსიიდან, რომლის სტანდარტი განათლების სამინისტროს ვებ გვერზე იყო გამოქვეყნებული, გაქრა ისეთი სიტყვები, როგორიცაა “გენდერი” და “უმცირესობა”.

“შესაძლოა, ეკლესიას რაღაც გავლენები შეიძლება ჰქონოდა კიდეც – ვერ გეტყვით”, – ამბობს გუგული მაღრაძე, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე და ფრაქცია “ქართული ოცნების” წევრი. -”გარკვეული შიში არსებობს  თითქოს იმაზე, რომ რაღაც ზედმეტი არ მივაწოდოთ მოსწავლეებს, არ გადავაჭარბოთ… მაგრამ სახელმწიფო პოლიტიკა არის სახელმწიფო პოლიტიკა და ის არ უნდა იყოს დამოკიდებული კონკრეტული პირების გამოსვლებსა თუ პროტესტებზე,” – განაცხადა მან JAMnews-სთან საუბარში.

სქესობრივი განათლების მიმართ ქართულ საზოგადოებაში რომ შიშები არსებობს, ამას სახალხო დამცველის ანგარიშიც მოწმობს.

ანგარიშში, რომელიც ადრეული ქორწინების პრობლემას ეხება, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ჰყვებიან, თუ რა პრობლემებს გადააწყდნენ, როდესაც მოსწავლეებისთვის სქესობრივ განათლებაზე მცირე პროექტის მომზადება უნდოდათ. ამ ტიპის სწავლებას ხშირ შემთხვევაში ეწინააღმდეგება არა მხოლოდ ეკლესია, არამედ სკოლის დირექცია და მოზარდების მშობლებიც. განსაკუთრებით რეგიონებში:

“ჩვენ გვქონდა პროექტი – „ახალგაზრდებისთვის ესთეტიკური ცხოვრება“, რომელშიც ჩართული იყო რეპროდუქტოლოგი, გინეკოლოგი და ფსიქოლოგი. უფროს კლასებში გვინდოდა გვეჩვენებინა სპეციალური კლიპი და დამრიგებელსა და სკოლის დირექტორს ვთხოვეთ ნებართვა. მათ პრობლემა არ ჰქონიათ, თუმცა მშობლების უმრავლესობა არ იყო თანახმა, რომ მათ შვილს მიეღო მონაწილეობა პროექტში” .

“ ჩვენს ორგანიზაციას ჰქონდა მომზადებული პროექტი „ბავშვებისთვის რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე ინფორმაციის მიწოდება“ და სკოლებში ვატარებდით გოგონებისთვის ცალკე, ბიჭებისთვის ცალკე. ერთ–ერთი სკოლის დირექტორმა ძალიან დიდი წინააღმდეგობა გაგვიწია.”

ომბუდსმენი თავის ანგარიში ადრეულ ქორწინებას საქართველოსთვის “მწვავე” პრობლემად განიხილავს, რომლის მთავარი მიზეზი განათლების და ინფორმაციის ნაკლებობაა. ამ პრობლემის გადაჭრის ერთ-ერთ გზად სახალხო დამცველი სწორედ სკოლაში სქესობრივი განათლების გაკვეთილების მიიჩნევს: “უზრუნველყოფილი იქნას სკოლებში ღია გაკვეთილების/სემინარების ორგანიზება რეპროდუქციული და სქესობრივი ჯანმრთელობისა და უფლებების შესახებ სპეციალისტთა მონაწილეობით”, – წერია ანგარიშის რეკომენდაციების ნაწილში.

მიუხედავად, წინააღმდეგობისა, საგნის სწავლების იდეა კვლავაც არსებობს. ახალ, 2018-2024 წლების სასწავლო გეგმაში, რომელიც სამინისტრომ უკვე დაამტკიცა, შედის საგანი “მე და საზოგადოება”, რომელიც მე-3, მე-4  და მე-5, მე-6 კლასებში უნდა ასწავლონ.

გუგული მაღრაძე ამბობს, რომ “განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი პროგრესულია და მხარს დაუჭერს ამასთან დაკავშირებულ ნებისმიერ ინიციატივას”. მაღრაძე მიიჩნევს, რომ სქესობრივი განათლების მთავარი ტვირთი სწორედ სკოლამ უნდა ითავოს და არა მშობელმა, “რომელსაც თავის მხრივ, შესაძლოა, თავადაც სჭირდებოდეს განათლება და ამ მიმართულებით ინფორმაციის განახლება”.

“სკოლამ ბეწვის ხიდი უნდა გაიაროს. შეიძლება, [სქესობრივი განათლება] ცალკე საგნად არც იყოს და ინტეგრირებული იყოს სხვადასხვა საგანში, სხვადასხვა კომპონენტებად,” – ამბობს მაღრაძე. – “თუკი ჩავთვლით, რომ ეს ცალკე საგნად ვასწავლოთ, მასწავლებლებიც შესაბამისად უნდა მოვამზადოთ. ამ საგნის მასწავლებელს ბავშვები უნდა ენდობოდნენ, მან უნდა მოახერხოს ბავშვებთან კარგი კომუნიკაცია და ამ თემებზე გახსნილად საუბარი. ეს საკმაოდ რთული პრობლემაა,” – ამბობს მაღრაძე.

ინფორმაციული ვაკუუმი

“გოგოები ინტერნეტში ვეძებთ ხოლმე ინფორმაციას, ბიჭები რას აკეთებენ, ნამდვილად არ ვიცი”, – ამბობს 14 წლის ანა, რომლის სახელი ნამდვილია, გვარი და იმ კერძო სკოლის სახელი კი, სადაც სწავლობს, მისი დედის თხოვნით, სტატიაში არაა ნახსენები.

“ადრე მახსოვს ჩემი კლასელი ბიჭები მენსტრუაციით დაინტერესდნენ და გოგოებს გვკითხეს, რა არისო, რამდენ ხანში ერთხელ ხდებაო. ზოგმა იცოდა, ძირითადად იმ ბიჭებმა, ვისაც დები ყავთ”, – ჰყვება ნინო.

სახალხო დამცველის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ქართველ მოზარდებს ბევრი კითხვა აქვთ აივ ინფექციაზე, სქესობრივი გზით გადამდებ სხვა დაავადებებზე, კონტრაცეპტივებზე, მენსტრუაციასა და მასთან დაკავშირებულ მოვლენებზე.

ინფორმაციულ ვაკუუმს მოზარდებისთვის ვერც ქართულენოვანი ინტერნეტი ავსებს. სქესობრივ განათლებაზე სანდო, კომპეტენტური და მოზარდებისთვის გასაგებად შექმნილი ქართულენოვანი წყარო, როგორიცაა მაგალითად, ინგლისში – Brook.org.uk, არ არსებობს.  თუ ქართველი მოზარდი ინფორმაციას ქართულად ეძებს, გადამოწმებულ და მარტივად ახსნილ ინფორმაციას ვერ იპოვის.

მარიამ ჭაჭია 14 წლის გოგონას დედაა და ყურადღებით აკვირდება შვილის სასწავლო პროცესს. მისი თქმით, საქართველოში ჯერჯერობით არ მოხდა სიტყვა “სექსისთვის” ტაბუს მოხსნა.

“ამ სიტყვის გამოყენებას უფროსებიც ერიდებიან. არადა, მოზარდებისთვის ამ სიტყვის თავისუფლად გამოყენების სწავლება მნიშვნელოვანი უნდა იყოს და ეს, ჩემი აზრით, მე-6 მე-7 კლასიდან უნდა დაიწყოს”, – ამბობს მარიამი. – “ბავშვსაც უნდა ასწავლო, რომ სექსი არ არის მხოლოდ გამრავლების საშუალება, არამედ პარტნიორთან ფიზიკური და ემოციური ურთიერთობის ძალიან მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი.”


ასევე წაიკითხეთ