რა კავშირია აზერბაიჯანში ჩატარებულ სამხედრო წვრთნებსა და ამ სხდომას შორის, და რას ფიქრობენ ამის შესახებ ექსპერტები ბაქოსა და ერევანში" />

სომხეთის უშიშროების საბჭოს სხდომა მთიან ყარაბაღში პირველად ჩატარდა. ამან დიდი სკანდალი გამოიწვია

რა კავშირია აზერბაიჯანში ჩატარებულ სამხედრო წვრთნებსა და ამ სხდომას შორის, და რას ფიქრობენ ამის შესახებ ექსპერტები ბაქოსა და ერევანში

ინფორმაცია სომხეთიდან

უშიშროების საბჭოების ერთობლივი სხდომა ყარაბაღში

სომხეთის ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა მთიან ყარაბაღში პირველად ჩატარდა. თანაც ის ყარაბაღის უშიშროების საბჭოსთან ერთობლივად გაიმართა. სომხეთის ხელისუფლება ამ გადაწყვეტილების მიზეზებზე კომენტარს არ აკეთებს.

თუმცა, სომხეთის მთელმა მედიამ და ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ სომხეთის უშიშროების საბჭოს სხდომა აზერბაიჯანში ჩატარებული მსხვილმასშტაბიანი სამხედრო წვრთნების ფონზე გაიმართა. სომხეთში ბევრს მიაჩნია, რომ ერევანმა ამით ბაქოს პასუხი გასცა.

ფაშინიანისა და ალიევის შეხვედრა

სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის და აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის შეხვედრის შესახებ მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების განცხადებებიდან გახდა ცნობილი. ის ერევანსა და ბაქოში თებერვლის ვიზიტების შედეგების მიხედვით ეუთოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

 „ლიდერებმა მიიღეს ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების წინადადება უახლოეს ხანში მათი ეგიდით ჩატარებული შეხვედრის შესახებ“, – ნათქვამია განცხადებაში.

ნიკოლ ფაშინიანისა და ილჰამ ალიევის შეხვედრა, არსებითად, სახელმწიფოების მეთაურების დონეზე  სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკებების პროცესის განახლებას დააფიქსირებს. ეს  უშუალოდ თანათავმჯდომარეების მიერ ორგანიზებული მათი პირველი შეხვედრა იქნება.

მანამდე ქვეყნის ლიდერებმა მოასწრეს რამდენიმე არაფორმალური შეხვედრის გამართვა, რომლებზეც მოლაპარაკებების პროცესის შემდეგომ წარმართვაზე მსჯელობდნენ.

ერთ-ერთი ასეთი შეხვედრის დროს ალიევმა და ფაშინიანმა გამყოფ ზოლზე დაძაბულობის შემცირებასა და ოპერატიული კავშირის დამაყარების შესახებაც კი შეძლეს მოლაპარაკება. და თანათავმჯდომარეები გამყოფ ზოლზე მსხვერპლის არარსებობასა და მოსახლეობის მშვიდობისთვის მზადებასთან დაკავშირებით რეგიონში გარმართულ დისკუსიებს პოზიტიურად აფასებენ.

კიდევ რა არის ნათქვამი ეუთოს მინსკის ჯგუფის განცხადებაში

განცხადებამ სომხეთში მწვავე რეაქცია გამოიწვია, რადგან მასში ლაპარაკია მთიანი ყარაბაღის გარშემო არსებული ტერიტორიის აზერბაიჯანისთვის დაბრუნებაზე.

კონფლიქტის სამართლიანი და გრძელვადიანი მოგვრების შესახებ საუბრისას, თანათავმჯდომარეები შემდეგი მთავარი პრინციპების შესახებ მიუთითებენ:

 „ამას ასევე უნდა ახლდეს დამატებითი ელემენტები, რომლებიც 2009-2012 წლებში თანათავმჯდომარე ქვეყნების პრეზიდენტების მიერ იქნა შეთავაზებული: მთიანი ყარაბაღის გარშემო არსებული ტერიტორიების აზერბაიჯანისთვის დაბრუნება, დროებითი სტატუსის განსაზღვრა ყარაბაღში უსაფრთხოებისა და თვითმართველობის უზრუნველყოფით, სომხეთისა და მთიანი ყარაბაღის დამაკავშირებელი კორიდორის უზრუნველყოფა,  მთიანი ყარაბაღის საბოლოო სამართლებრივი სტატუსის განსაზღვრა“, –  ნათქვამია განცხადებაში.

გარდა ამისა, თანათავმჯდომარეებმა მოუწოდეს, რომ თავი შეეკავებინათ ცალმხრივი წესით მოთხოვნაზე – მეორე მხარის თანხმობის გარეშე მოლაპარაკებების ფორმატის შეცვლასთან დაკავშირებით. საუბარია სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის განცხადბაზე, რომელიც დაბეჯითებით მოითხოვს, რომ მთიანი ყარაბაღის წარმომადგენლები მოლაპარაკებათა მაგითასთან დაბრუნდნენ.

სომხეთის პრემიერ-მინისტრის განცხადება

სომხეთისა და მთიანი ყარაბაღის უშიშროების საბჭოს ერთობლივი  სხდომის დროს ნიკოლ ფაშინიანმა თანათავმჯდომარეების განცხადებაზე პასუხის გაცემისას საკუთარი მიდგომის უცვლელობა დაადასტურა:

„ჩვენ მაღალ შეფასებას ვაძლევთ იმ ძალისხმევას, რომელსაც ეუთოს ჯგუფის თანათავმჯდომარე-ქვეყნები დარეგულირების პროცესში იჩენენ. მაგრამ მთავარი საკითხი ისაა, თუ ვინ წარმოადგენს მოლაპარაკებების პროცესში არცახის ხალხს… საქმე ისაა, რომ დღეს მოლაპარაკებების მაგიდასთან  არცახის ლეგიტიმური, უფლებამოსილი წარმომადგენელი არ არის. იმიტომ, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან ყარაბაღელი ხალხის, ან როგორც ზოგიერთი ჩვენი კოლეგა ამჯობინებს  თქმას – ყარაბაღის სომხების – მიერ არჩეული სუბიექტი არ არის.

არაერთხელ მითქვამს, რომ სომხეთის პრემიერს მსგავსი უფლებამოსილებები არ გააჩნია… და ეს კაპრიზი არ არის, არც წინაპირობა, არამედ ლეგიტიმურობის საკითხია… ლეგიტიმურობა კი – თანამედროვე ურთიერთობების საკვანძო ფაქტორია – არამხოლოდ შიდაპოლიტიკურის, არამედ სახელმწიფოთაშორისი და ხალხთაშორისი ურთიერთობების. სხვათა შორის, აბსურდულია ყველა კომენტარი იმის შესახებ, რომ სომხეთის რესპუბლიკა ან პრემიერ-მინისტრი ამგვარად პასუხისმგებლობას იხსნიან და მას არცახის ხალხს აკისრებენ … აუცილებლად მიმაჩნია იმის აღნიშვნა, რომ სომხეთის რესპუბლიკა იყო, არის და იქნება არცახის უსაფრთხოების გარანტი და სამშვიდობო პროცესში მონაწილეობას გააგრძელებს“.

მოსაზრება მთიანი ყარაბაღიდან

მთიანი ყარაბაღის საგარეო საქმეთა სამინისტროში სომხეთის პრემიერის პოზიციას ეთანხმებიან.

 „უკვე 1993 წელს მინსკის პროცესის ფარგლებში განხილულ დოკუმენტებში მთიანი ყარაბაღი კონფლიქტის სრულფასოვან მხარედ არის მითითებული.  მოცემულ საკითხში საბოლოო სიცხადე 1994 წელს ბუდაპეშტში გამართულ ევროპის საბჭო/ ეუთოს სამიტზე შევიდა. ბუდაპეშტის სამიტის საბოლოო დოკუმენტის თანახმად, კონფლიქტის მხარეებს ის მხარეები წარმოადგენენ, რომლებიც 1994 წლის 12 მაისის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას ადასტურებენ. მოცემული შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტისა და სამხედრო მოქმედებების სრულად შეწყვეტის შესახებ მთიან ყარაბაღს, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის დაიდო“,  – განაცხადა მთიანი ყარაბაღის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციისა და კავშირების სამართველოს ხელმძღვანელმა არტაკ ნერსისიანმა.

პრეზიდენტი ბაკო სააკიანი  უშიშროების საბჭოს სხდომაზე მოლაპარაკებების პროცესში მთიანი ყარაბაღის მონაწილეობის საკითხს შეეხო და განაცხადა:

 „არცახი მზადაა მოლაპარაკებების პროცესში თავისი კონსტრუქციული წვლილის შესატანად, რაც რეგიონში ხანგრძლივი და მყარი მშვიდობის დამყარებისკენ არის მიმართული“.

ექსპერტის მოსაზრება

პოლიტიკური მიმომხილველი აკოპ ბადალიანი, ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეთა განცხადების კომენტირებისას, აცხადებს:

 „ ეს ჯგუფი, უკვე დიდი ხანია, დარეგულირებისთვის გამიზნულ შუამავლის მისიას კი არ ასრულებს, არამედ ერთგვარი არბიტრაჟის და ცდილობს პოლიტიკური პროცესი მართოს. და ამ განცხადებაში ჩვენთვის კიდევ ერთხელ შეიძლება ის იყოს საინტერესო, რაც სტრიქონებს შორის იკითხება: თავად საკითხი, სამხედრო-პოლიტიკურ სფეროსა და ეკონომიკური შესაძლებლობების თვალსაზრისით, სომხეთისა და აზერბაიჯანის კონკურენტუნარიანობით წყდება..

და მინსკის ჯგუფი, დიდი ანგარიშით, იმ სტატუს-კვოს აღიარებს, რომელიც ამ კონკურენციის შედეგად ყალიბდება… და ჩვენი, როგორც სახელმწიფოსა და საზოგადოების, მიზანია, რომ ეს ეს კონკურენტუნარიანობა უზრუნველვყოთ. არ მივცეთ აზერბაიჯანს უფლება, რომ გვაჯობოს, რის უფლებასაც ბოლო ოცი წლის განმავლობაში ვაძლევდით. არ შეიძლება ბალანსის დარღვევის დაშვება – როგორც სამხედრო-ტექნიკური შესაძლებლობების, ისე ეკონომიკურის, ასევე ძალოვან ცენტრებთან პოლიტიკური და დიპლომატიური თვალსაზრისით“.

აკოპ ბანდალიანმა კომენტარი გააკეთა სომხეთისა და მთიანი ყარაბაღის უშიშროების საბჭოების ერთობლივი სხდომის ფაქტთან დაკავშირებითაც, რომელიც მთიანი ყარაბაღის საზღვრებთან აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ფართომასშტაბიანი და შემტევი წვრთნების ფონზე გაიმართა :

 „ფორმალურად პირველად ცხადდება, რომ სომხეთის უშიშროების საბჭოს სხდომა მთიან ყარაბაღში გაიმართება… რასაკვირველია, სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა აქ პირველად არ იკრიბება და საკითხებს განიხილავს. მაგრამ სომხეთის უშიშროების საბჭოს გასვლითი სხდომის შესახებ პირველად ცხადდება.

 ეს პოლიტიკური ნაბიჯია და სიგნალი, რომელიც იმაზე მეტყველებს, რომ სომხეთთან შანტაჟის ენაზე საუბარი არ გამოვა. და ეს სწორი სტრატეგიაა. ბაქო შანტაჟის ენით საუბრობდა და უპასუხოდ რჩებოდა. ამას კი ის მოჰყვა, რომ აზერბაიჯანმა ომის უფლება მიიღო, თუმცა ბლიც-ომის[ ლაპარაკია 2016 წლის 4-დღიან ომზე -JAMnews]-], და ფაქტობრივად მას ეს შერჩა. საბედნიეროდ, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა და საზოგადოებრივმა მოხალისეთა მოძრაობამ აზერბაიჯანს საშუალება არ მისცა, რომ ეს უფლება შედეგად ექცია.

ინფორმაცია აზერბაიჯანიდან

წვრთნების შესახებ

11 მარტს აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა გამყოფ ზოლთან ახლოს ფართომასშტაბიანი წვრთნები დაიწყეს. წვრთნები ოთხ დღეს გაგრძელდება.

წვრთნებში ჩართულია 10 000-მდე პირადი შემადგენლობის სამხედრო მოსამსახურე, 500 ერთეულამდე ტანკი, ჯავშანტექნიკა, მათ შორის საავტომობილო და სპეციალური ტექნიკა, 300-მდე სხვადასხვა კალიბრის სარაკეტო-საარტილერიო დანადგარი, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა და ნაღმმტყორცნები, სხვადასხვა დანიშნულების 20 ერთეულამდე საჯარისო და ფრონტის ავიაცია   – ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს შეტყობინებაში.

ექსპერტის მოსაზრება

 „ბაქომ კიდევ ერთხელ გადაწყვიტა  დანიშნული მოლაპარაკებების წინ კუნთების ჩვენება, თანაც ამჯერად წვრთნების მასშტაბები წინას აჭარბებს. ალბათ ეს სომხეთის საზოგადოებაზე ზეწოლისთვისაა გამიზნული.

ბოლო დროს უფრო ხშირად გაისმის ლოზუნგები, რომ „არც ერთ გოჯ მიწას არ დავუთმობთ აზერბაიჯანს“, საგულისხმოა, რომ ამგვარი ლოზუნგები ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ, მთელი ამ 25 წლის განმავლობაში არ გაისმოდა. ალბათ, ის მშობლები, ვისი შვილებიც ფრონტის ხაზზე მსახურობენ, აზერებაიჯანული მხარის მონაცემებით კი, სომხეთის რამდენიმე ათასი მოქალაქე აზერბაიჯანის საერთაშორისოდ აღიარებულ ტერიტორიაზე მსახურობს, (მათ შორის პრემიერ-მინისტრის ვჟიც), და ახლი ომი მათ ინტერესებში არ შედის.

 „საინტერესოა იმის ყურება, რომ ზოგიერთი გუშინდელი აზერბაიჯანელი „მშვიდობისმყოფელი“  ბოლო დროს რადიკალურ მოწოდებებს აჟღერებს“,  – თქვა JAMnews-ის პოლიტიკურმა მიმომხილველმა შაჰინ რზაევმა.

„თავად მოლაპარაკებების გამართვის ფაქტი მხოლოდ მისასალმებელია. თუმცა, იმ სიმსუბუქემ, რომლითაც ფაშინიანმა სერჟ სარგსიანის რეჟიმის დამხობა შეძლო და თავად ხელისუფლების მწვერვალზე დამკვიდრდა, როგორც ჩანს, სომხეთის ახლანდელ პრემიერ-მინისტრს საკუთარი შესაძლებლობებსა და პოლიტიკაში შესაძლებლობათა საზღვრებზე  მცდარი აზრები შთააგონა.

ბაქოდან ყველა დონეზე ერთმნიშვნელოვნად განაცხადეს, რომ მოლპარაკებათა მაგიდასთან მარიონეტული სეპარატისტული რეჟიმის წარმომადგენლებს ვერ აიტანენ. მოსკოვმა საგარეო საქმეთა სამინისტროს პირით დიპლომატიურად განაცხადა, რომ საწინააღმდეგო არაფერი აქვს, თუმცა აუცილებელია აზერბაიჯანის თანხმობა, რომელიც, როგორც ცნობილია, არ იქნება. ბრიუსელში ფაშინიანს, ევროკავშირის პრეზიდენტი ტუსკის, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელის მოგერინის და ევროკომისარის ჰანის დონეზე უთხრეს, რომ ფაშინიანის მიერ შეთავაზებული მოლაპარაკებათა ფორმატის ცვლილებები სამშვიდობო მოლაპარაკებებს განზე სწევს, და მხარდაჭერა არ ექნება.

 რაც შეეხება ფაშინიანის დემაგოგიურ განცხადებებს იმის შესახებ, რომ საჭიროა მთიანი ყარაბაღის ხმის გაგონება, მას უნდა შევახსენოთ, რომ მისი მოსახლეობა მხოლოდ სომხებისგან შედგება, ხოლო თითქმის 50 ათასი აზერბაიჯანელი საკუთარი სახლებიდან განდევნილია და საკუთარ მიწაზე მშვიდობიანად და უსაფრთხოდ ცხოვრების შესაძლებლობას მოკლებული. მომავალში ყარაბაღის ორივე თემმა დიალოგით უნდა განსაზღვროს ტერიტორიის სტატუსი, რაც მოლაპარაკებათა ფორმატით გათვალსიწინებულია“, – თქვა აზერბაიჯანის მილი მეჯლისისი დეპუტატმა რასიმ მუსაბეკოვმა (Rasim Musabayov).


ასევე წაიკითხეთ