მზად იყო თუ არა საქართველოს ხელისუფლება თეოკრატიისკენ ნაბიჯის გადასადგმელად? " />

“ემოციური სოლიდარობა” თუ “პოლიტიკური კორუფცია”?

მზად იყო თუ არა საქართველოს ხელისუფლება თეოკრატიისკენ ნაბიჯის გადასადგმელად? 

საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე და პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი
საქართველოში მწვავე დებატები გამოიწვია კათალიკოს-პატრიარქის ინიციატივამ, რომელმაც გასულ კვირას გამოთქვა სურვილი, რომ პრეზიდენტის მსგავსად, მასაც ჰქონდეს პატიმრების შეწყალების უფლებამოსილება.

საქართველოს კონსტიტუციით, პატიმრების შეწყალების უფლება მხოლოდ ქვეყნის პირველ პირს – პრეზიდენტს აქვს.

‘ვფიქრობ, რომ პატრიარქს უნდა ჰქონდეს უფლება, შეიწყალოს პატიმრები და ბრალდებულები. ამაზე ვისაუბრეთ პრემიერ-მინისტრთან და ალბათ პრემიერი დააყენებს ამ საკითხს’, – ეს განცხადება, რომელსაც დიდი ხმაური მოჰყვა, ილია მეორემ 5 დეკემბერს, ქვეყნის მთავარ თეატრალურ სცენაზე – რუსთაველის თეატრში გააკეთა, მას შემდეგ, რაც პატიმარი ქალების მიერ დადგმული სპექტაკლი ნახა.
განცხადება ტელეკამერების წინ, რუსთაველის თეატრის დარბაზში გაკეთდა. პატრიარქის გვერდით იმ დროს საქართველო პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც იმყოფებოდა. 



კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს საკუთარი გულის ჯვარი გადასცა. 5 დეკემბერი 2015 წელი. რუსთაველის თეატრი

მმართველი გუნდის მაღალ ეშელონებში პატრიარქის ეს განზრახვა წარმოუდგენელი ოპერატიულობით აიტაცეს.
პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ‘უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ქართველი ერის სულიერი წინამძღვარია და მისი რჩევა ყველა ადამიანისთვის მნიშვნელოვანი და ღირებულია.’ ასევე, მან მოუწოდა საქართველოს პრეზიდენტს და პარლამენსტს, რომ დაიწყონ ამ საკითხზე მსჯელობა.

სასულიერო პირისთვის პოლიტიკური ფუნქციის გადაცემაში პრობლემა ვერ დაინახა ვერც სასჯელაღსრულების მინისტრმა კახი კახიშვილმა, რომელმაც შემდეგი განცხადება გააკეთა: ‘ადამიანი, რომელიც მთელი თავის ცხოვრება სხვის ცოდვებს იღებს საკუთარ თავზე, ითხოვს, რომ მეც მომეცით შეწყალების საშუალებაო… არ მესმის, როგორ შეიძლება პატრიარქის ეს წინადადება არ განიხილო?’
უფრო შორს წავიდა პარლამენტარი, ფრაქცია ‘ქართული ოცნების’ თავმჯდომარის მოადგილე, ელისო ჩაფიძე, რომელიც იმაზეც კი იყო თანახმა, ჩატარებულიყო რეფერენდუმი, რომელიც გადაწყვეტდა ‘სეკულარულ სახელმწიფოში გვინდა ცხოვრება, თუ თეოკრატიულში.’

მმართველ გუნდში მხოლოდ ‘რესპუბლიკელებმა’ უწოდეს იმთავითვე ‘გაუგებრობა’  პატრიარქის ინიციატივას და განაცხადეს, რომ პატრიარქისთვის შეწყალების უფლების მინიჭება არაკონსტიტუციურია.

პატრიარქის ინიციატივის თაობაზე ხელისუფლების რეაქციამ, საზოგადოების ნაწილის მწვავე კრიტიკა დაიმსახურა. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, ჟურნალისტებმა, ანალიტიკოსებმა თუ ბლოგერებმა ხელისუფლების რეაქცია ანტიკოსტიტუციური გადაწყვეტილებების მიღების მზაობად აღიქვეს.

მწვავე რეაქცია მოჰყვა ამ საკითხს სოციალურ ქსელებშიც.

წერტილი ამ ‘გაუგებრობას’ თავად საპატრიარქომ დაუსვა. მეორე დღესვე საგანგებო განცხადება გავრცელდა, სადაც უარყოფილი იყო ის, რომ პატრიარქი საკანონმდებლო ცვლილებებს ითხოვდა. საპატრიარქო აღნიშნავდა, რომ ილია მეორეს განცხადება არასწორად გაიგეს და იგი სხვა არაფერი იყო, თუ არა უბრალოდ პატიმრების მიმართ გამოხატული ემოციური სოლიდარობა და არავითარ საკანონმდებლო ცვლილებებს არ გულისხმობდა.

ამ განცხადების შემდეგ, როგორც ჩანს, საკითხი მართლაც დაიხურა და შეწყალების არსებულ პრაქტიკაში ცვლილებები არ შევა, თუმცა, როგორც ქართველი ექსპერტები ამბობდნენ, ეს სკანდალი ლაკმუსის ქაღალდი აღმოჩნდა, რომელმაც ეკლესიასა და პოლიტიკოსებს შორის ურთიერთობის მანკიერი მხარეები კიდევ უფრო გამოააშკარავა.

‘რადიო თავისუფლების’ ბლოგერი გიორგი ცხადაია: ‘ერთ დღეში დღის წესრიგში დადგა ის, გვინდა თუ არა ვიცხოვროთ სახელმწიფოში, სადაც რელიგიური პირი მიიღებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს. ცხადია, ამის ნიშნები აქამდეც არსებობდა, მაგრამ პირველად ქვეყნის მმართველმა ძალამ სერიოზულად დააყენა საკითხი, გვინდა თუ არა სეკულარული სახელმწიფო. პარადოქსულია, მაგრამ ქვეყანა, რომლის მმართველი პოლიტიკური ძალა და მთავარი ოპოზიციური პარტია იწოდებიან პროევროპულებად (ყოველ შემთხვევაში, თავად ასე აცხადებენ), უეცრად დადგა სეკულარიზმის კრიზისის სერიოზული საფრთხის წინაშე.’

ხელოვნებათმცოდნე თეო ხატიაშვილი: ‘ეს არ არის მხოლოდ ემოციურ ფონზე წარმოთქმული სურვილი პატრიარქის და პოლიტიკოსების მხრიდან. ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემის ინიდიკატორი, თუ რამდენად ძლიერია საპატრიარქოს ძალაუფლება და როგორ იხრიან ქედს მოქმედი პოლიტიკოსები მის წინაშე; ვერ ეწინააღმდეგებიან საპატრიარქოს, მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუცია უმაგრებთ ზურგს.’

გიორგი მაისურაძე, ფილოსოფოსი: ‘ეს იყო ერთგვარი ლაკმუსის ქაღალდი, რომელმაც კიდევ ერთხელ გვაჩვენა, როგორი პოლიტიკოსების ხელში ვართ – ადამიანების, რომლებსაც არც სახელმწიფოებრივი ცნობიერება გააჩნიათ, არც კონსტიტუციას იცნობენ… ხოლო, რაც შეეხება საპატრიარქოს – თუ ტექსტის ანალიზი შეგვიძლია, მივხვდებით, რომ პატრიარქის განცხადება არ იყო მხოლოდ ემოციებზე დაფუძნებული. პატრიარქი ბევრად უფრო ჭკვიანი პოლიტიკოსია, ვიდრე დღევანდელი მთავრობის წევრები. ცხადია, პატრიარქმა იცოდა, რომ მთავრობა მის თხოვნას ვერ შეასრულებდა და კონსტიტუციას ვერ შეცვლიდა, მაგრამ მაინც მოითხოვა ეს. წინა წლების პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ თუ საპატრიარქო რაღაცას მოითხოვს, რაც არარეალიზებადია, სამაგიეროდ, მთავრობა, რომელსაც ეშინია საპატრიარქოს ავტორიტეტის, მას ძვირფასი საჩუქრებით ასაჩუქრებს – რეზიდენციებით, მიწებით და ა.შ. ანუ ეროვნული ქონებით.’

‘ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის’ იურისტი გიორგი გოცირიძე: ‘პატრიარქისთვის შეწყალების უფლების გადაცემის თემამ საზოგადოებას დაანახა, რომ დღევანდელი ხელისუფლება მზად არის, უარი თქვას დემოკრატიულ წყობაზე და გადავიდეს თეოკრატიულზე.’

‘ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის’ დირექტორი, ეკა ჭითანავა: ‘საპატრიარქომ ძალაუფლების დემონსტრირება მოახდინა – რომ ის ფლობს პოლიტიკურ ძალაუფლებას და პრეტენზია აქვს, გახდეს პოლიტიკური მოთამაშე. თავის მხრივ საქართველოს ხელისუფლება, რომელსაც რეიტინგი დაუვარდა, ცდილობს, გამოიყენოს ეკლესია. ამას აკეთებდნენ წინა ხელისუფლებებიც. ჩვენი ორგანიზაციის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ სახელმწიფო ყველაზე მეტ თანხას ეკლესიას წინასაარჩევნოდ გადასცემს, რაც ‘პოლიტიკური კორუფციაა.’ 

‘ნაციონალური მოძრაობის’ აღმასრულებელი მდივანი, სერგო რატიანი: ‘უმრავლესობის წევრებს არ ესმით მკაფიო პრინციპი, რომ სახელმწიფო და ეკლესია უნდა იყოს გამიჯნული. არ ესმით, რომ ეს გამიჯვნა კონსტიტუციაში კი არ წერია, ეს არის ფუძემდებლური პრინციპი, რის საფუძველზეც კონსტიტუცია იწერება. გამიჯვნას აღიქვამენ დაპირისპირებად. სასულიერო და საერო – ეს ორი სფერო გამიჯნული არის იმიტომ, რომ, როდესაც ეკლესიაზე ვსაუბრობთ, ვსაუბრობთ საკრალურობაზე, სიმწინდესა და რწმენაზე. მაგრამ პოლიტიკაში საკრალურობა არ უნდა იყოს.’

‘თავისუფალი დემოკრატების’ ლიდერი, ალექსი პეტრიაშვილი: ‘კატასტროფასთან გვაქვს რეალურად საქმე. ფაქტი სახეზეა, რომ ეს ხელისუფლება მოწყვეტილია საკუთარ მოქალაქეებს, მათ პრობლემებზე არ და ვერ საუბრობს, არ აქვს კონტაქტი ხალხთან. სამწუხაროდ, საფუძვლებიც კი არ აქვს გათვითცნობიერებული, რასთან გვაქვს საქმე, როდესაც ასეთი განცხადებები კეთდება; თანაც საპატრიარქოს განმარტების შემდეგ ყველაფერიც ცხადზე ცხადი გახდა. ჩვენი, თავისუფალი დემოკრატების პოზიცია ამ შემთხვევაში ძალიან პრინციპულია. ეს საპატრიარქოს განცხადებამაც ცხადყო – რომ ეკლესიას აქვს თავისი ფუნქცია, ხელისუფლებას კი თავისი.’


ასევე წაიკითხეთ