აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია დაარსების 85 წლის იუბილეს უნიკალური ისტორიით და მწყობრიდან გამოსული ტელესკოპებით ხვდება" />

დედამიწის დარაჯები აბასთუმნიდან

აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია დაარსების 85 წლის იუბილეს უნიკალური ისტორიით და მწყობრიდან გამოსული ტელესკოპებით ხვდება

დაბა აბასთუმნიდან ხუთ კილომეტრში, ზღვის დონიდან 1700 მეტრ სიმაღლეზე, მთა ყანობილზე დიდი თეთრი შენობა დგას, მომრგვალებული გუმბათით. ყოველ ღამე, ამ გუმბათის კარი იღება, ნაპრალიდან თავს გამოყოფს რკინის დიდი, ალაგ-ალაგ ჟანგშერეული კონსტრუქცია, რომელის შუშის თვალი შორს, ვარკვლავებისკენაა მიმართული.

ეს აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიაა, მეოცე საუკუნის 30-იან წლებში აშენებული უნიკალური სამეცნიერო კერა, რომელიც თანდათან კარგავს თავის ფუნქცია. წელს ობსერვატორიას 85 წელი შეუსრულდა. იუბილეს ეს ისტორიული ობიექტი მდიდარი ისტორიითა და მოშლილი ინფრასტრუქტურით ხვდება.

„აბა, შენ იცი, უღრუბლო ცა!“– 42 წელია, ამ სიტყვებით აცილებს შოთა ინასარიძეს მეუღლე ყოველ დღე, უფრო სწორად, ყოველ საღამოს სამსახურში.  შოთა თბილად იცვამს, ქურთუკს საგულდაგულოდ იკრავს, სქელი შარფი და ხელთათმანებიც არ ავიწყდება და თოვლიან გზას სამსახურისკენ მიუყვება.

“დღეს მინუს 7 გრადუსი ყინვაა, მე კი მთელი ღამის ღია ცის ქვეშ გატარება მომიწევს,”- ამბობს ის. შოთა აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში უფროსი მკვლევარია. მისი სამუშაო დღე, საღამოს, 8 საათზე იწყება და გამთენიისას, 5-6 საათზე მთავრდება.

ამჟამად იგი ერთ-ერთ საშიშ ასტეროიდს აკვირდება, რომელიც დედამიწას საფრთხეს უქმნის. “ყოველ წუთს ოკულარში უნდა უყურებდე, ობიექტი ველიდან რომ არ გავიდეს, სხვაგვარად არაფერი გამოვა,” – გვიხსნის შოთა და აბასთუმნის ობსერვატორიაში ჩვენს გიდობასაც თანხმდება.

გირებიანი საათი, გასული საუკუნის სამეცნიერო პრესა და ერთადერთი მუშა ტელესკოპი

ობსერვატორიის ტერიტორია 33 ჰექტარზეა გაშლილი. ადრე აქაურობა ცალკე ქალაქს ჰგავდა – ათეულობით სამეცნიერო, საცხოვრებელ და ტექნიკურ შენობაში ადამიანები მუშაობდნენ, კვლევებს ატარებდნენ, ცხოვრობდნენ. აბასთუმნის სამთო ობსერვატორია პირველი სამთო ობსერვატორია იყო საბჭოთა კავშირში.

ეს შენობები დღესაც დგას, თუმცა მათი უმეტესობა დაკეტილია – კარზე ჟანგიანი ბოქლომებით, ჩამსხვრეული მინებით, ჭრიალა კარებით, საღებავგადასული კედლებითა და ჩამოცვენილი ბათქაშით.

მთავარ შენობაში შევდივართ, თავზე მომრგვალებული გუმბათით.

ყოველი ოთახის შესასვლელთან კედლებზე, ძველი აბრებია, ქართულ-რუსული წარწერებით. „70–სმ მენისკური ტელესკოპი“ – ვკითხულობთ. წარწერის ქართული შრიფტი ისეთი ძველია, გასული საუკუნის ჟურნალებში რომ შეგხვედრია.

 

როგორ დაიწყო აბასთუმნის ობსერვატორიის ისტორია

ობსერვატორიის დაარსების ისტორია რუსეთის იმპერატორის ალექსანდრე მესამის ვაჟის – გიორგი რომანოვის (1871-1899 წწ.) სახელს უკავშირდება.

მე-19 საუკუნის 90-იან წლებში ტუბერკულიოზით დაავადებული გიორგი რომანოვი აბასთუმანში გადმოვიდა საცხოვრებლად. ის და მისი ასტრონომი მეგობარი სერგეი გლაზენაპი, რომელიც მას სტუმრობდა, აბასთუმანში პატარა, 9,5-გოჯიანი რეფრაქტორით ვარსკვლავებს აკვირდებოდნენ.

მოგვიანებით, როცა გლაზენაპის ნაშრომები გამოქვეყნდა, აღმოჩნდა, რომ სუსტი აღჭურვილობის მიუხედავად, ეს მონაცემები იმ დროისთვის ერთ-ერთი საუკეთესო იყო, რაც აბასთუმნის გამჭვირვალე და სპეციფიკურმა კლიმანტმა განაპირობა.

სწორედ გლაზენაპის ეს დაკვირვებები გახდა აბასთუმანში ობსერვატორიის მოწყობის საფუძველი.

„დაკვირვებების პირობები აბასთუმანში იყო ისეთი ხელსაყრელი, რომ მე მთლიანად მივეცი სამუშაოს. ვაკვირდებოდი მთელ ღამეებს და დღისით ვითვლიდი ორმაგი ვარსკვლავების ორბიტის ელემენტებს. ამ მუშაობაში მთელმა წელმა შეუმჩნევლად გაიარა და მე ერთი წლის შემდეგ დავბრუნდი პეტერბურგში. გულისტკივილით ვტოვებდი აბასთუმანს, სადაც ასტრონომს შეუძლია ასე ნაყოფიერად იმუშაოს“, – წერდა გლაზენაპი , რომელიც იმ პერიოდში 610 ვარსკვლავს დაკვირვებია.

უკვე მოგვიანებით, საქართველოს სსრ სახკომსაბჭოს 1932 წლის 8 თებერვლის დადგენილებით, აბასთუმანში ასტროფიზიკური ობსერვატორია დაარსდა.

“ევროპელი ასტრონომები ხშირად გაოცებას ვერ მალავენ, როცა ჩვენს საოპერატორის ხედავენ – ამდენ ღილაკს როგორ უმკლავდებით, მაშინ როცა, თანამედროვე საოპერატოროებში ეს ყველაფერი რამდენიმე ღილაკმა ჩაანაცვლაო,” – ამბობს შოთა ინასარიძე და უზარმაზარ რკინის კონსტრუქციას გვაჩვენებს, მართლაც, მილიონი ღილაკით.

ოთახები აქ სავსეა ძველი ქრონომეტრებით; კედელზე მოსკოვის გამომცემლობა „განათლების“ 1979 წლის მთვარის რუკა და 1959 წლის, პრაღის გამომცემლობის, ჩრდილოეთის ცის რუკა კიდია; მაგიდებზე დამტვერილი სამეცნიერო ჟურნალები და ასტრონომის კალენდრებია მიმოფანტული. „1996 წ. სანკტ-პეტერბურგი“, – აწერია მთავარი ტელესკოპის საოპერატოროში მაგიდაზე დებისგან გაყვითლებულ ჟურნალს, რომელშიც, როგორც შოთა გვიხსნის, ვარსკვლავების კოორდინატები და პლანტების ტრაექტორიებია მოცემული: „ეს ფაქტობრივად, ასტრონომის გზამკვლევია. ადრე გამოწერილი გვქონდა და მოდიოდა. ახლა სამეცნიერო ლიტერატურას საერთოდ ვერ ვიწერთ“.

აბასთუმნის ობსერვატორია ერთ-ერთია იმ იშვიათ ობიექტებს შორის, რომელსაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 90-იან წლებშიც არ შეუწყვეტია ფუნქციონირება. აშკარაა, რომ შოთა ინასარიძე ამ ფაქტით ამაყობს.

შოთას სამუშაო ოთახი ელექტროგამათბობლით თბება. თანამედროვე აქ მხოლოდ ლეპტოპია, რომელშიც მკვლევარი ღამით, ცაზე დაკვირვების შედეგად მიღებულ ინფორმაციას ამუშავებს და კიდევ ელექტროჩაიდანი – ცივი ღამეების ცხელი ჩაით გასათბობად.

მოპირდაპირე კედლიდან 60-იანი წლების ხის საათი ყოველ ნახევარ საათში რეკავს. შოთა მის ხმაზე ოდნავ კრთება, სქელჩარჩოიან სათვალეს იხსნის, წმენდს, მერე მოხერხებულად ირგებს და ცდილობს, ნახაზით აგვიხსნას, რას აკეთებენ ახლა ობსერვატორიაში.

კედელზე ჩამოკიდებული ამ გირებიანი საათის მოულოდნელი და საზეიმო რეკვა, ძველი ლამფა და ყვითელი ხის გადაცრეცილი მაგიდა კიდევ უფრო გვაშორებს კოსმოსს, და მე-19 საუკუნეში გადავყავართ, იმ დროში, როდესაც აბასთუმანს რუსეთის იმპერატორის ალექსანდრე მესამის ვაჟი – გიორგი სტუმრობდა.

MECევგენი ხარაძე - პირველი დირექტორი. ევგენი ხარაძე ობსერვატორიის დირექტორად 1932 წელს, მისი დაარსებისას დაინიშნა. მაშინ ახალგაზრდა ქართველი მეცნიერი 24 წლის იყო.  1990 წლებში ობსერვატორიას მისი სახელი ეწოდა. თუმცა, მოგვიანებით, როდესაც 2007 წელს ობსერვატორია თბილისის ილიას სახელობის უნივერსიტეტს გადაეცა, მისი ოფიციალური სახელწოდებიდან ხარაძის სახელი გაქრა და მას დღეს კვლავ აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია ეწოდება.

ევგენი ხარაძის კვალი ობსერვატორიაში ყველგანაა. მისი კაბინეტი, მისივე ნივთებით დახუნძლული, ობსერვატორიის მუზეუმში ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობაა:
xaradzis otazi

ობსერვატორიის ათი ტელესკოპიდან დღეს მხოლოდ ოთხი მუშაობს. დაკვირვებები ძირითადად, 1956 წელს დადგმული 75-სანტიმეტრიანი ტელესკოპით მიმდინერეობს.

70 სმ–იანი რეფრაქტორი (1)

„ამ ტელესკოპზე ვართ ჩამოკიდებული ყველა, ვისაც დაკვირვება გვინდა“, – გვიხსნის შოთა და ამ ძველი რკინის კონსტრუქციის ისტორიას გვიყვება.

“ეს ისტორიული ტელესკოპია. 1970 წელს როლანდ კილაძემ ამ ტელესკოპით ხელოვნურ თანამგზავრებზე დაკვირვების მეთოდიკა დაამუშავა. დღესაც მთელ მსოფლიოში ამ მეთოდით აკვირდებიან ხელოვნურ თანამგზავრებს,” – ამბობს მკვლევარი.

ობსერვატორიას უფრო დიდი 125-სანტიმეტრის დიამეტრის მქონე ტელესკოპიც აქვს, მაგრამ უკვე 6 წელია, გაფუჭებულია. შოთა ამბობს, რომ მის შეკეთებას 220 ათასი ევრო სჭირდება.

მთავარი, 125 სმ–იანი ტელესკოპის ოთახი (2)

“მის შესაკეთებლად სრულიად უსასყიდლოდ მზად არიან ჩეხი კოლეგები, მაგრამ სახელმწიფომ ნაწილების შესაძენად საჭირო თანხაც ვერ მოიძია. ეს თანხა არც სახელმწიფოს აქვს და არც ილიას უნივერსიტეტს,” – გვეუბნება შოთა.

„ჩვენ მივმართეთ წერილით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, რომ ობსერვატორიის ტექნიკა მოძველებულია, გვჭირდება მოდერნიზაცია და მოვითხოვეთ 125-სმ-იანი ტელესკოპის შეკეთება ან ახალი, თანამედროვე, რობოტიზირებული ტელესკოპის შეძენა. მოვიპოვეთ უცხოელი კოლეგების მხარდამჭერაც. იმედი გვაქვს, რომ მივაღწევთ შედეგს“, – სატელეფონო ინტერევიუში გვიდასტურებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ობსერვატორიის დირექტორი, მაია თოდუა.

შენობაში, სადაც ეს ტელესკოპი დგას, ყველაფერი მტვრითაა დაფარული. ერთ მხარეს ძირზე თასები აწყვია, –სახურავიდან ჩამოსული წყლის დასაგროვებლად. მეორე მხარეს ცელოფანში გახვეული რაღაც მოწყობილობებია, ერთი შეხედვით ეტყობა, დიდი ხანია, არავის ჩაურთავს. ოთახში ისე ცივა, რომ ხუთი წუთით გაჩერებაც კი საუბრის უნარს გიკარგავს.

“ზოგჯერ მინუს 17- გრადუსიან ყინვაში გვიწევს ტელესკოპთან მთელი ღამის გატარება. თან, არც სპეცტანსაცმელი გვაქვს, რომ ამ ყინვებს გავუძლოთ. ერთხელ ფეხები მომეყინა,” – ამბობს შოთა.

საშიში ასტეროიდები

„მსოფლიო ქსელის წევრები ვართ და 2012 წლიდან დედამიწასთან მოახლოებულ ასტეროიდებს ვაკვირდებით. ამ ასტეროიდებზე დაკვირვება, გაერთიანებული ერების პროექტის ფარგლებში, მსოფლიოს ყველა ობსერვატორიაში 1992 წლიდან დაიწყო”, – გვიყვება შოთა.

მკვლევარი თავის აღმოჩენებსაც გვაცნობს – თურმე ასტეროიდმა აპოფისმა, რომელზეც ამბობდნენ, რომ 2029 წელს დედამიწას მიუახლოვდებაო, უკუსვლა დაიწყო:

„2014 წლის 13,14, 15 თებერვალს დავინახეთ, რომ მარყუჟი გააკეთა, დატრიალდა და წავიდა. კი არ დაგვიახლოვდა, გვშორდება. 50 წელი გარანტირებული ვართ, რომ აღარ შეგვეჯახება. მონაცემები პარიზში გავაგზავნეთ და დადგინდა, რომ აპოფისი საშიში აღარ არის“.

თუმცა, საშიში სხეულები ცაზე ისევ რჩებიან:

„დედამიწის გარშემო უამრავი ისეთი ასტეროიდია, რომელთა მოძრაობის ტრაექტორია უნდა იცოდე. ახლა ერთ კილომეტრზე მეტი დიამეტრის ასტეროიდებს ვაკვირდებით, მათი 96% დაფიქსირებული გვაქვს. გაგიჩნდებათ კითხვა – კი მაგრამ, რისი გაკეთება შეგვიძლია?! საქმე ისაა, რომ მოსალოდნელი შეჯახება სამი თვით ადრე ვიცით. თუ დადგინდება, რომ გვეჯახება, უნდა გაუშვა რაკეტები, – ან მათზე უნდა დაჯდეს, ან უნდა დაიდგას რეაქტიული ძრავები, რომ დარტყმის ტალღამ გასწიოს – უნდა ავიცილოთ. ანუ, ჩვენ დედამიწას ვდარაჯობთ.“

 

აბასთუმანში ვარსკვლავები არ ციმციმებენ

იმ ადგილის კლიმატს, სადაც ობსერვატორია უნდა აშენდეს, წინასწარ იკვლევენ. რამდენიმე მთავარი პირობაა საჭირო – წლის განმავლობაში რაც შეიძლება მეტი მოწმენდილი ღამე; დიდი ქალაქებიდან დაშორება, რადგან გამონაბოლქვი და ქუჩის განათება ცას აფუჭებს; წყნარი, უქარო ატმოსფერო, ცის გამჭვირვალობა და რაც მთავარია, ვარსკვლავები არ უნდა ციმციმებდნენ. აბასთუმანი ყველა ამ პირობას აკმაყოფილებს. მაგალითად, თბილისის ცა დაბურულია – მთელი გამონაბოლქვი მაღლა ადის და ვარსკვლავიდან წამოსულ სინათლის სხივს დაბკოლებები ხვდება, რაც ციმციმს იწვევს.

დედამიწის სადარაჯოზე, შოთა ინასარიძემ გასულ წელს, 252 ღამე გაათენა:

„მოწმენდილი ღამე იყოს და სახლში ვიყო, არ არსებობს. ასტრონომებს სხვადასხვა დოზით რაღაც გვაკლია, – ნორმალური ადამიანი ღამე წვება, ჩვენ ვდგებით და გავდივართ. ეს უნდა გიყვარდეს, თუ არ გიყვარს, ვერ გააკეთებ, ვერ გაძლებ“.

შოთას სახელს ჯერ მხოლოდ ერთი, ახალგზარდობის დროინდელი აღმოჩენა უკავშირდება – 1980 წელს მან ცაზე ზეახალი ვარსკვლავი იპოვა, რომელიც დღეს მის სახელს ატარებს. შოთა ამბობს, რომ გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრი აქვს.

ანდრანიკი

ოპტიკისა და ტექნიკის ლაბორატორია – ანდრანიკ ამბარცუმიანი მუშაობის დროს

ექსკურსიას ოპტიკისა და ტექნიკის ლაბორატორიაში ვაგრძელებთ. ახალშეღებილი, წითელი რკინის კარის მიღმაც გასული საუკუნე გხვდება.

ანდრანიკ ამბარცუმიანი ლაბორატორიაში 1965 წლიდან მუშაობს. მას ტელესკოპების ნაწილების შეკეთება, ფილტრებისა და სარკეების განახლება და დამზადება ევალება. მის გარეშე მკვლევარები ვერ იმუშავებენ.

ანდრანიკი ამაყობს, რომ ალექსანდრე მაიერის კაბინეტში მუშაობს. მაიერი ოპტიკისა და ზუსტი მექანიკის ლაბორატორის პირველი ხელმძღვანელი იყო.
მექანიკოს-ოპტიკოსის სამუშაო ოთახში შესვლისთანავე თვალში შავ-თეთრი კუთხე გხვდება – საბჭოთა ტელეფონი, ტელესკოპების მაკეტები, ტემპერატურის საზომი, დაზგები და ათასი სხვა წვრილმანი – ყველაფერი, რაც ტელესკოპების შესაკეთებლად სჭირდება. კედელზე დაკიდებული აფიშა რუსულად იუწყება, რომ 27 სექტემბერს კინოთეატრში „Великолепная семерка“ უნდა აჩვენონ.

“ეს ფოტო 1980 წელს, ციმბირში, მზის დაბნელების ექსპედიციაში მონაწილეობის დროსაა გადაღებული,” – გვიჩვენებს ანდრანიკი. ექსპედიციაში ის ტელესკოპის ოპტიკა–მექანიკოსის სტატუსით მონაწილეობდა.

მაშინ ციმბირის კლიმატს გაუძლო, მაგრამ, ახლა აბასთუმნის ყინვიან ღამეებს რომ გაუძლოს, ოთახს შეშის ღუმელით ათბობს. სპეცტანსაცმელი არც მას აქვს, ღუმელი კი საკმარისი არ არის და მუშაობა ქურთუკით უწევს. შესვენებაზე ფანჯრებზე ჩამორიგებულ ოთახის ყვავილებს უვლის, – ნაცრისფერ ლაბორატორიაში ერთადერთი, რაც ფერადია, მექანიკოსის კაბინეტში აყვავილებული „დეკემბერაა“ .

„ობსერვატორია ჩემი ოჯახი და ჩემი სახლია. მთელი ცხოვრებაა აქ ვარ“, – გვეუბნება ანდრანიკი, გამადიდებელ ლინზას უჯდება და მუშაობას იწყებს. იქვე ერთ-ერთი მუშა ტელესკოპის შეკეთებული დეტალი დევს, რომელიც მწყობრიდან რამდენიმე დღის წინ გამოვიდა, ორ დღეში ამ დეტალს ტელესკოპს მიამაგრებენ და შოთაც მუშაობას გააგძელებს.

ვინ და როგორ სწავლობს საქართველოში ასტრონომიას?

„ჩემს სტუდენტებს, მაგალითად, ურჩევნიათ ბანკში იმუშაონ, 800-1000- ლარიან ხელფასზე, ვიდრე აქ ობსერვატორიაში, სადაც ხელფასები 300 ლარიდან იწყება. ყველაზე მაღალი ხელფასი მე მაქვს – 900 ლარი“, – გვეუბნება შოთა. ობსერვატორიის პარალელურად, ის სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში მუშაობს:

“ასტრონომიით დღეს არც თუ ისე ბევრი ახალგაზრდა ინტერესდება. თუ ასე გაგრძელდა, 10 წლის შემდეგ ობსერვატორია შეიძლება აღარც არსებობდეს”.

სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტი ერთ-ერთია იმ სასწავლებლებიდან, სადაც ასტრონომიის მიმართულებით მაგისტრატურა და დოქტურანტურა არსებობს. სტუდენტები კი არიან, მაგრამ ბევრი მათგანი ასტრონომიას სერიოზულად არ განიხილავს:

“ასტრონომია კი იმ მიმართულებებს შორისაა, რომელიც პრიორიტეტად გამოცხადდა და მასზე სწავლას სახელმწიფო აფინანსებს. ხშირად სტუდენტები ამის გამო ირჩევენ მას. აბარებენ ეკონომიურზე, გადიან მაგისტრატურას ასტრონომიაში და შემდეგ მუშაობენ ბანკში. რატომ ახარჯინებ ფულს სახელმწიფოს, თუ ეს საქმე არ გაინტერესებს? თუმცა, სტუდენტებისაც მესმის, რა ქნან”.

მკვლევარი ფიქრობს, რომ მთავარი პრობლემა მაინც სახელმწიფოს მიდგომებშია. მისი აზრით, ქვეყანაში ობსერვატორიის მნიშვნელობა სათანადოდ გააზრებული არ აქვთ, დარგის ხელშეწყობა ნაკლებია და ეს ახალგაზრდებზეც მოქმედებს.

“ასტრონომია დღეს აღარც სკოლებში ისწავლება და არც უნივერსიტეტების უმრავლესობაში. ჩვენ ობსერვატორიასაც რომ შეხედავ, მიხვდები, თუ რა დამოკიდებულება აქვს ამ დარგის მიმართ სახელმწიფოს. ეს ახალგაზრდებზეც მოქმედებს, რა თქმა უნდა”.

„მქონდა შანსი, მაგისტრატურის დიპლომი ამეღო და თან უფასოდ გამევლო საინტერესო პროფესია, რომელსაც მომავალში პერსპექტივა აქვს“, – გვეუბნება თიკო ყულჯანიშვილი, რომელმაც სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტში მაგისტრატურა 2014 წელს დაასრულა.

მისი ათი ჯგუფელიდან უმეტესობა, სამსახურის გამო, ლექციებზე არ დადიოდა.

თავად არასამთავრობო სექტორში მუშაობს, ასტრონომობა ჯერ არ უცდია.

“მიფიქრია ობსერვატორიაში მუშაობაზე, მაგრამ იცით, იქ რა ცუდი პირობები აქვთ? არადა, ვარსკვლავებზე დაკვირვება საინტერესო იქნებოდა“.

საქართველოს 194 უმაღლესი სასწავლებლიდან, ასტრონომიის მიმართულება მხოლოდ სამ სასწავლებელშია – ილიაუნი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თსუ) და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი (სჯსუ). ბაკალავრიატი და მაგისტრატურა (ფიზიკისა და ასტრონომიის მიმართულებით) არის მხოლოდ ილიას უნივერსიტეტში, დოქტურანტურა კი სამივე სასწავლებელში. ამ ეტაპზე, ილიაუნში 15 დოქტორანტია, თსუ-ში – 2, სჯსუ-ში კი – 7.

ასტრონომია, როგორც სავალდებულო საგანი, საჯარო სკოლებშიც გაუქმდა. განთლების სამინისტროში გვიხსნიან, რომ 2011–2016 წლების ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, ასტრონომია, არჩევითი საგანია და მე-10 კლასში მხოლოდ იმ შემთხვევაში სწავლობენ, თუ მოსწავლეების უმრავლესობას სურს: „თუმცა, ვერ ვიტყვით, რომ საერთოდ არ სწავლობენ, ასტრონომიას სხვადასხვა დოზით მოიცავს ფიზიკა და გეოგრაფია, რომელიც უფრო ადრეულ კლასებში ისწავლება“. საქართველოს 2085 სკოლიდან რამდენ სკოლაში აქვთ მოსწავლეებს არჩეული ასტრონომია, უცნობია. სამინისტროში ამბობენ, რომ ამას მოკვლევა სჭირდება.

ასტრომოყვარულები

თემო კუჭაძე პროფესიით ისტორიკოსია, მაგრამ ბოლო წლებში ასტრონომიითაა გატაცებული. იგი თავს მოყვარულ ასტრონომს უწოდებს.

15 წლის იყო, როდესაც ბიძამისმა საბავშვო ენციკლოპედია „კოსმოსი“ აჩუქა და სამოყვარულო ტელესკოპით ცას ერთად აკვირდებოდნენ. და მერე  ამ სფეროს ვეღარ მოშორდა.

2014 წელს ფეისბუქზე ასტრონომიის მოყვარულთა კლუბი დააარსა. ამ კლუბს დღეს 8 ათას 748 წევრი ჰყავს, მათგან 1000 აქტიურია:

„ჩვენთან არიან მოყვარულებიც და პროფესიონალებიც. ჯგუფში იმართება დისკუსიები, ვსვამთ კითხვებს, ვაზიარებთ საინტერესო მასალებს. ჯგუფი ასტრონომიის პოპულარიზებას ემსახურება“.

ჯგუფის წევრებს სამოყვარულო ტელესკოპებით პერიოდულად მცირე პრაქტიკული გასვლებიც აქვთ.

გასულ წელს თბილისში, ვაკის პარკში მასშტაბური ღონისძიებაც მოაწყვეს: „რამდენიმე ტელესკოპი გავიტანეთ და ხალხს სრულიად უსასყიდლოდ შეეძლო ტელესკოპში ჩახედვა. 300-მდე ადამიანი მოვიდა. დაინტერესება არის, მაგრამ სამოყვარულო დონეზე. პროფესიად ასტრონომიის არჩევას საქართველოში ვერავინ ბედავს – არაპერსპექტიულია”.

თემოს მიერ დაარსებული ასტრონომიის მოყვარულთა კლუბი ფეისბუქში ერთადერთი არ არის. სოციალურ ქსელში რამდენიმე ასეთი სამოყვარულო ჯგუფია.

ასტრო-ტურიზმი?

ექსკურსია აბასთუმნის მუზეუმში (1) ექსკურსია აბასთუმნის ობსერვატორიაში

რამ შეიძლება გააცოცხლოს გამქრალი ინტერესი კოსმოსისადმი?

ამაზე ყველას, პროფესიონალსაც და მოყვარულსაც, ერთი პასუხი აქვს – სახელმწიფოს ხელშეწყობამ, რაც რამდენიმე მიმართულებას გულისხმობს და მხოლოდ ობსერვატორიის რეაბილიტაცია საკმარისი არ არის.

2017 წელს რეგიონული განვითარების მე-3 პროექტის (RDP 3) ფარგლებში, ობსერვატორიის რეაბილიტაცია იგეგმება.

პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდმა უნდა განახორციელოს.

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, ობსერვატორიაში დაგეგმილია: დიდი ტელესკოპის შენობის რეაბილიტაცია; მთავარი საპროექტო შენობის მიმდებარე და დასახლების ცენტრალური ტერიტორიის კეთილმოწყობა; საბაგირო გზის რეაბილიტაცია; ავტოსადგომის და საერთო სარგებლობის საპირფარეშოს მოწყობა. როგორც ფონდში აცხადებენ, რა თანხა დაიხარჯება რეაბილიტაციაზე, ამ ეტაპზე დეტალები ცნობილი არ არის. ცნობილია ის, რომ სამუშაოები წელს უნდა დაიწყოს და 2018 წლის თებერვალში დასრულდეს.

საქართველოს მთავრობისა და მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული ამ პროექტის მიზანი არა იმდენად სამეცნიერო კვლევების წახალისებაა, რამდენადაც ტურიზმის განვითარება.

„პროექტში თავად ტელესკოპის მოდერნიზაცია არ შედის, რადგანაც მსოფლიო ბანკი აფინანსებს მხოლოდ ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას და სამეცნიერო ხელსაწყოებზე მათი დაფინანსება არ ვრცელდება. ამ მხრივ, გვჭირდება დაფინანსება სახელმწიფოს მხრიდან“, – გვეუბნება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ობსერვატორიის დირექტორი, მაია თოდუა.

ასტრო-ტურიზმი აბასთუმანში დღესაც პოპულარულია. ობსერვატორიას ჰყავს გიდი, რომელიც ტურისტებს შენობას ათვალიერებინებს. აქვე შეგიძლიათ ტელესკოპშიც ჩაიხედოთ და ვარსკვლავებს დააკვირდეთ. თუ რუსულად ან ინგლისურად აბასთუმნის ობსერვატორიას დაგუგლავთ, უამრავ ტურისტულ ბლოგს ამოგიგდებთ, სადაც აბასთუმანში წასვლას გირჩევენ და დაგაკვალიანებენ კიდეც.

შოთას ახალი პროექტი არ მოსწონს.

„ტურიზმი კი კარგია, მაგრამ ობსერვატორია ხომ არ არის ტურისტული კერა?! ობსერვატორია სამეცნიერო ადგილია. აქ რომ ტერასები გაკეთდეს, დისკოთეკები და ცეკვა-თამაში გაიმართოს, დაკვირვებებს როგორღა ჩავატარებთ? ამას ვერ ხვდებიან. მეცნიერების წახალისებასთან ამ პროექტს არაფერი აქვს საერთო“, – გვეუბნება ის.

მისი თქმით, ამ ბოლო დროს ახალციხეში რესტავრირებული რაბათის ციხის კაშკაშა განათება და აბასთუმნის თავზე მომრავლებული საჰაერო ტრასები, ისედაც აფერხებს მუშაობას, ახალი პროექტის ამუშავების შემთხვევაში კი, ფიქრობს, რომ მკვლევარების საქმე კიდევ უფრო გაფუჭდება.

ახალი პროექტით სახელმწიფო ტურისტების ნაკადის მოზიდვას ფიქრობს, რაც რეგიონს დამატებით შემოსავალს მოუტანს.

„ერთი, 3-მეტრიანი დიამეტრის ტელესკოპი რომ მქონდეს, საქართველოს სახელს მსოფლიოში ყოველ ღამე გავიტანდი, უამრავ რამეს შევძლებდი და ეს უფრო მეტ ცნობადობასა და ფულს მოუტანდა ჩვენს ქვეყანას. ესაა ჩემი ოცნება“, – ამბობს შოთა.

უკვე ბნელდება. შოთა სამუშაო კაბინეტს კეტავს, ჩვენ გვაცილებს და მიხვეულ-მოხვეული კიბით 75-სანტიმეტრიანი ტელესკოპის შენობაში, სადარაჯოზე ადის მორიგი ცოვი ღამის გასათევად.

*მასალის ავტორი – ნინო ნარიმანიშვილი გაზეთ “სამხრეთის კარიბჭის” თანამშრომელია.


ასევე წაიკითხეთ