ეს ნიშნავს იმას, რომ ქალებს მამაკაცებთან შედარებით უფრო ნაკლები უფლებები აქვთ ჯანმრთელობის, განათლებისა და პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის კუთხით" />

გენდერული უთანასწორობის მაჩვენებლის მიხედვით აზერბაიჯანი 98-ე ადგილს იკავებს

ეს ნიშნავს იმას, რომ ქალებს მამაკაცებთან შედარებით უფრო ნაკლები უფლებები აქვთ ჯანმრთელობის, განათლებისა და პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის კუთხით

საერთაშორისო ეკონომიკურმა ფორუმმა (სეფ)  მორიგი ყოველწლიური კვლევა ჩაატარა და წარმოადგინა ქვეყნების რეიტინგი, რომელიც გენდერული უთანასწორობის მაჩვენებლის მიხედვითაა შედგენილი. აღნიშნული სია იმისთვის შეიქმნა, რათა შეფასდეს, თუ რამდენად ახერხებს ესა თუ ის ქვეყანა ქალებისა და მამაკაცებისთვის თანაბარი უფლებების უზრუნველყოფას. აზერბაიჯანი 98-ე ადგილზეა და სულ ოდნავ ჩამორჩება სომხეთსა და საქართველოს, რომლებიც, შესაბამისად, 97-ე და 94-ე ადგილებს იკავებენ.

რეიტინგი  144 ქვეყანაში ჩატარებული კვლევების შედეგად შეადგინეს. სამუშაოები ოთხი მიმართულებით ჩატარდა, ესენია: ჯანდაცვა, განათლება, ეკონომიკური შესაძლებლობები და პოლიტიკური მოღვაწეობა. თითოეული მიმართულების რეიტინგი ცალკეა გამოყვანილი და, ამავდროულად, არსებობს ერთი საერთო რეიტინგიც, სადაც თითოეული ქვეყნის  ოთხივე სფეროს მონაცემებია გაერთიანებული.

მკვლევარებმა საზოგადოდ ხელმისაწვდომი მონაცემები შეაფასეს. საუბარია ისეთ მაჩვენებლებზე, როგორიცაა დასაქმებული ქალებისა და მამაკაცების რაოდენობა, თანხა, რომელსაც ქალები და მამაკაცები ერთი და იმავე სამუშაოს შესრულებისას იღებენ, ხელმძღვანელების პოზიციებზე მომუშავე ქალების საერთო რიცხვი, მოსწავლე და სტუდენტი გოგონების რიცხვის შეფარდება მათ საერთო რაოდენობასთან, ერთ წელიწადში დაბადებული გოგონებისა და ვაჟების თანაფარდობა და ა.შ.

აღმოჩნდა, რომ აზერბაიჯანში ყველაზე კარგი მდგომარეობა ეკონომიკური შესაძლებლობისა და განათლების ხელმისაწვდომობის კუთხით ფიქსირდება (ამ მხრივ ქვეყანა შესაბამისად 144-დან 45-ე და 91-ე ადგილებს იკავებს), პოლიტიკური თანამონაწილეობის კატეგორიაში აზერბაიჯანი 131-ე ადგილს იკავებს, ყველაზე ცუდი სიტუაცია კი ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის კომპონენტში ფიქსირდება. ამ შემთხვევაში აზერბაიჯანი 142-ე ადგილს იკავებს და მხოლოდ სომხეთსა და ჩინეთს უსწრებს.

მთლიანობაში, მსოფლიოს მასშტაბით, გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფის რეიტინგი 68,3%-დან  68%-მდე შემცირდა. ზემოაღნიშნული ინდექსის გამოთვლის ისტორიაში (ანუ 2006 წლიდან) ესაა პირველი შემთხვევა, როდესაც ამ მაჩვენებელმა დაიკლო. ექსპერტების ვარაუდით, სრული გენდერული თანასწორობის მისაღწევად კაცობრიობას დაახლოებით ასი წელი დასჭირდება..

აზერბაიჯანის კონსტიტუციაში აღნიშნულია, რომ ქალებსა და მამაკაცებს თანაბარი უფლებები აქვთ.


ასევე წაიკითხეთ