ბაქომ იტალიური ადათი შეითვისა" />

გადახდილი ულუფა

ბაქომ იტალიური ადათი შეითვისა

ბაქოურ რესტორან „ანადოლუში“ სტუმარს უფულოდაც თავისუფლად უშვებენ. თუ ადამიანს  სიღატაკე გარეგნულადაც ემჩნევა,  აქაური ოფიციანტი მას მაინც თავაზიანად მიაცილებს მაგიდასთან და ზუსტად ისე მოემსახურება, როგორც  დანარჩენებს. 

 

 

ამ სასწაულს აქცია ‘გადახდილი ყავა’ ჰქვია. რესტორნის სტუმრები საჭმლის შეკვეთის შემდეგ კიდევ ერთი კერძის საფასურს იხდიან, და ეს ულუფა რესტორნის უფულო სტუმარს ხვდება.

„კაფე სოსპეზო“ ნეაპოლური ჩვეულებაა, სადაც კვების დაწესებულებებში, როგორც წესი, დამატებით კიდევ ერთი ფინჯანი ყავის საფასურს იხდიან უცნობი ადამიანისთვის. თავიდან ეს ერთგვარი სოციალური თამაში იყო _ ასე იმ ადამიანებს ამხნევებდნენ, ვისაც იმ მომენტში არც ფული ჰქონდა, და არც განწყობა.

მოგვიანებით „კაფე სოსპეზოს“ ტრადიცია  ქველმოქმედების ბევრად უფრო სრულყოფილ ფორმად იქცა. დღეს მთელ მსოფლიოში ღარიბ ადამიანებს არამხოლოდ მთელ სადილს, არამედ წამლებსა და საბავშვო წიგნებსაც უტოვებენ ხოლმე.

“ანადოლუს“ (რომელიც უკვე 20 წელია,  არსებობს) დირექტორი, ფიქრეთ ხალილოვი ამბობს, რომ მისი რესტორანი ღარიბებს ადრეც ეხმარებოდა. „არასდროს გვიცდია ამის „აფიშირება“, მაგრამ გაჭირვებულმა ადამიანებმა იცოდნენ, რომ ნებისმიერ დროს შეეძლოთ მოსულიყვნენ და რაიმე კერძი მაინც დახვდებოდათ _ ან დონიერი, ან სუპის ულუფა“.

 

 

ფიქრეთ ბეიმ დევალვაციის მეორე ტალღის დაწყებამდე შეამჩნია, რომ რესტორანს სულ უფრო მეტად უჭირდა ქველმოქმედება. სტუმრების რაოდენობამ იკლო და, შესაბამისად, შემოსავალიც შემცირდა. „ჰოდა გადავწყვიტე, საზოგადოებისთვის ფეისბუკის საშუალებით მიმემართა. განვაცხადე, რომ ჩვენს რესტორანში დაიწყო „კაფე სოსპეზოს“ კამპანია. ჩვენთან ღარიბი ადამიანებისთვის არამხოლოდ ყავის, ან ჩაის, არამედ ნებისმიერი კერძის გადანახვა შეიძლება. შესაძლებელია, აგრეთვე, ფულის დატოვებაც _ ამ შემთხვევაში, მიმღები თავად გადაწყვეტს, რა შეგვიკვეთოს“.

 

 

გამჭვირვალობისთვის ყველას, ვინც „კაფე სოსპეზოს“ აქციაში მონაწილეობს და ღარიბებისთვის წინასწარ უკვეთავს რაიმეს, ეძლევა ქვითარი, რომელზეც მითითებულია თანხა. ამას გარდა, რესტორნის შესასვლელთან კიდია დაფა, რომელზეც ყოველდღიურად აახლებენ როგორც ფულის შემწირავთა და ასევე ამ აქციით მოსარგებლე ადამიანების სიას. თანხა ყოველთვის განსხვავებულია _ ორიოდე დოლარიდან ას დოლარამდე. ზოგჯერ მეტიც გროვდება ხოლმე.

 

 

უცნაურია, მაგრამ ამ კამპანიას საწყის ეტაპზევე ბევრი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა. მათი არგუმენტები შეგვიძლია რამდენიმე სახასიათო კომენტარამდე დავიყვანოთ:

‘როგორ უნდა მივხვდეთ, რომ ადამიანი ღატაკია?’
‘საიდან გაიგებენ ღარიბები ამ პროექტის შესახებ, მათ ხომ ინტერნეტი არ აქვთ!’
‘უბრალოდ გაყიდვების გაზრდა უნდათ. ამ ყავას ხომ იმ ფასად უკვეთავ, რაც მენიუში უწერიათ’?!
‘ჯობს, პროდუქტები იყიდოთ და ღარიბებს დაურიგოთ’!
‘რომელი ღატაკი შევა ‘ანადოლუში’?

სოციალური ქსელის აზერბაიჯანელი მომხმარებლები ისეთი მონდომებით ილაშქრებდნენ ამ აქციის წინააღმდეგ, რომ მედიასაშუალებებმა რამდენიმე სტატიაც კი გამოაქვეყნეს, რომლებშიც ავტორები ცინიკოსების გადარწმუნებას შეეცადნენ.

 

 

აქცია წარმატებული გამოდგა. კერძებისათვის წინასწარ გადახდილი ფულის ოდენობამ იმ თანხასაც კი გადააჭარბა, რასაც რესტორანი ქველმოქმედებაში ხარჯავს. ახლა ‘ანადოლუს’ ადამიანთა მთელი ჯგუფის (მაგალითად, ბავშვთა სახლის აღსაზრდელების) დაპატიჟებაც შეუძლია, რომლებსაც სრულყოფილი მენიუს შესთავაზებენ, და არა უბრალოდ სუპის ულუფას.
ანადოლუს“ მაგალითი კვების სხვა ობიექტებისთვის მისაბაძი გახდა. მაგალითად, საკონდიტროში სახელწოდებით Bon appetit დილის საათებში ყველა პენსიონერს შეუძლია უფასოდ მიიღოს ფუნთუშა.

 

 

‘ძვირფასო ვეტერანებო და პენსიონერებო! ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 9:00-დან 12:00-მდე თქვენთვის მაღაზიაში უფასო ფუნთუშები გვექნება. მთელი გულითა და სულით გიხდით მადლობას, რომ არსებობთ! გაამოთ!’

საქმე ისაა, რომ აზერბაიჯანში პენსიის ოდენობა 100 დოლარიდან 200 დოლარამდე მერყეობს. ეს რამდენია, უკეთესად რომ აგიხსნათ,გეტყვით,რომ ბაქო-თბილისის რეისის ერთი ბილეთი დაახლოებით 100 დოლარი ღირს. რომელიმე ენის კურსის ერთი თვის გადასახადიც დაახლოებით ას დოლარს შეადგენს. თუ კარიესი გაწუხებთ, 100 დოლარად სტომატოლოგთან ორჯერ შეძლებთ მისვლას. ამიტომ პენსიონერები (თუკი მათ შვილები არ ინახავენ) იმთავითვე ღარიბები არიან.

კომერციული ორგანიზაციების კეთილი ნება მხოლოდ აისბერგის  თავია. „საქველმოქმედო“ კაპიტალი ძირითადად მაინც სოციალურ ქსელებშია თავმოყრილი და მრავალი მცირე და კერძო ინიციატივისგან შედგება.

სამოქალაქო აქტივისტი ფარვინა გულიევა, დიდი ხანია, ღარიბების პრობლემებითაა დაკავებული. მან ფეისბუკში შექმნა ჯგუფი, სახელწოდებით „დააპურე ერთი ოჯახი“, და მოუწოდებს ყველას, ვისაც პროდუქტების ყიდვა, ან რამდენიმე ზედმეტი ულუფის მომზადება შეუძლია, საჭმელი ღარიბ ადამიანებს გაუნაწილონ.

 

 

ამ კამპანიამ იმუშავა, რადგან ადამიანები დახმარების გაწევის აუცილებლობას ასე უფრო გრძნობენ: როდესაც ფულს გასცემ, არ იცი, რაში დახარჯავენ. საჭმელი კი სხვა საქმეა. ის ადამიანები, რომლებიც საჭმელს არიგებენ, განსაკუთრებული სიმდიდრით არც თავად გამოირჩევიან. ამაზე დასტურად ჯგუფში დატოვებული კომენტარებიც მეტყველებს: ‘ჩვენ თვითონაც… დღეს და ხვალ შეიძლება გვქონდეს საჭმელი,  ზეგ _ აღარ ვიცი; მაგრამ, ფლავის რამდენიმე ზედმეტი ულუფა მაინც მოვამზადე’.

აუქციონები და საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვები ბაქოსთვის ჩვეული მოვლენაა. მაგალითად, თებერვლის დასაწყისში გაიმართა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა სახელწოდებით ‘სიყვარულის ისტორია’. ‘ჩვენი გამოფენიდან მიღებული თანხა მთლიანად ლეიკოზით დაავადებული ორი წლის მურად შამილოვის მკურნალობას მოხმარდება ‘, _ ამბობს ღონისძიების ორგანიზატორი ელა ბაგიროვა.

 

 

კრიზისის პერიოდში სოციალურ ქსელებში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს მიმზიდველი დასახელების ჯგუფები _ მაგალითად, „გავაჩუქებ/ვიჩუქებ“, „უფასო ურთიერთდახმარება“ და ა.შ. ცნობილ ბაქოურ ფორუმზე disput.az სპეციალური ფაილიც შეიქმნა სახელწოდებით „დისპუტელების“ უფასო ურთიერთდახმარება“, რომელშიც მომხმარებლის „ნიკი“ და ის სამსახურია მითითებული, რითაც მას შეუძლია სხვებს დაეხმაროს. მაგალითად, დახმარება კომპიუტერების შეერთებაში, ან IT სფეროში. აქვეა მათი ‘ნიკებიც’, რომლებიც დანარჩენ ფორუმელებს ელექტრიკოსის მომსახურებას, მძღოლის სერვისს, ექიმის კონსულტაციას, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთებას და სხვა მომსახურებებს სთავაზობენ. რუბრიკაში „გაგიზიარებთ სიკეთეს“ ფორუმის ზოგიერთი მომხმარებელი აღნიშნავს, რომ შეუძლია ვინმეს სახლის დალაგებაში მიეშველოს, ან მოხუცებს დაეხმაროს. ამ რუბრიკაში ასეთ მნიშვნელოვან განცხადებასაც წააწყდებით: „თუკი ვინმე მარტოდ გრძნობს თავს, შემიძლია მოვუსმინო, ვუთანაგრძნო და რჩევა მივცე“.

აზერბაიჯანში ქველმოქმედება მხოლოდ რიგითი მოქალაქეების პირად სურვილზე და თავისუფალი დროისა თუ სახსრების ქონაზეა დამოკიდებული. ამ საქმიანობას სახელმწიფო საერთოდ არ არეგულირებს. ქველმოქმედების ორგანიზების ერთადერთ შესაძლო ფორმა ჯგუფებში გაწევრიანებაა, რომლებიც, მოხალისეთა გაერთიანებების მსგავსად, უმეტესწილად სოციალურ ქსელებში იქმნება.
შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის არარსებობის გამო, საქველმოქმედო ორგანიზაციების ოფიციალური რეგისტრაცია ფაქტობრივად შეუძლებელია,არადა ეს მუშაობას ბევრად უფრო გაამარტივებდა. სოციალური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, მუსა გულიევის თქმით, მისი კომიტეტი ჯერ კიდევ 2013 წელს აპირებდა მილი მეჯლისში (პარლამენტში) შეეტანა კანონპროპროექტი ქველმოქმედებისა და სპონსორობის შესახებ, მაგრამ მოგვიანებით ეს გეგმა ყველამ დაივიწყა.
საბინა ყულიევა მოხალისეა და, დიდი ხანია,  ქველმოქმედებითაა დაკავებული. მან ამ რთული საქმის ყველა ასპექტი შეისწავლა.

 

 

მისი თქმით, ჰეიდარ ალიევის ფონდის გარდა, აზერბაიჯანში არც ერთი საქველმოქმედო ორგანიზაცია  არ არის რეგისტრირებული. ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ამ ფონდის საქმიანობა და მიზნებიც მრავალფეროვანია. „ ეროვნული ლიდერის, ჰეიდარ ალიევის მდიდარი მემკვიდრეობის გამოყენებით, აზერბაიჯანის აღირძინებისა და ხალხის კეთილდღეობის ამაღლების მიზნით დაწყებული ფართომასშტაბიანი პროგრამებისა და პროექტების მხარდაჭერა, კულტურის, განათლების, მეცნიერების, ჯანდაცვის, სპორტისა და ეკოლოგიის სფეროებში სათანადო პროექტების შემუშავება და განხორციელება“ და, ამას გარდა, „ლოკალური სოციალური პრობლემების გადაწყვეტა და იმ ადამიანების დახმარება, რომლებიც განსაკუთრებულ ზრუნვას საჭიროებენ“.

 

 

საბინა ხანუმის თქმით, ფონდი კონკრეტულ ადამიანებს მხოლოდ იმ შემთხვევაში ეხმარება, როდესაც რეალურად კრიტიკული ვითარება დგება _ მაგალითად, ასეთი მდგომარეობა შეიქმნა იმრან ჯაფარზადეს შემთხვევაში. პატარა იმრანმა საზაფხულო აუზზე ყოფნისას კინაღამ ორივე ფეხი დაკარგა. აღსანიშნავია ონკოლოგიური დაავადების მქონე ზაურ რაშიდოვის შემთხვევაც. ზაურს სოციალურ ქსელებში ათეულობით ათასი მხარდამჭერი ჰყავს. ორივე შემთხვევა საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა. თუკი ფონდი ვინმეს დახმარებას გადაწყვეტს, ყველა ხარჯს თავად იღებს. „თუმცა, დიდხანს და დაჟინებით უნდა ითხოვოთ მათგან დახმარება, ზოგჯერ კი მათთვის რაიმეს თხოვნას საერთოდ აზრი არ აქვს “, _ ამბობს საბინა ყულიევა.

 

 

საქველმოქმედო საქმიანობაში ყველაზე დიდ პრობლემად საბინა ყულიევა თავშესაფრების არარსებობას ასახელებს. მოხალისეებს ხშირად უპოვიათ ქუჩებში მახსოვრობის პრობლემის მქონე მოხუცი ადამიანები, რომლებსაც საკუთარი სახელებიც კი არ ახსოვთ. ასეთ მოხუცებს ზოგჯერ ბაქოდან არც ისე შორს არსებული დაბა მაშთაღის ფსიქონევროლოგიურ დისპანსერში ათავსებენ. თუმცა, ამ დისპანსერის გერონტოლოგიის ცენტრში მხოლოდ სამოცი ადამიანის ადგილია განსაზღვრული (არადა,ამჟამად ამ დაწესებულებაში 86 მოხუცი იმყოფება). ძალიან ცოტაა ისეთი დაწესებულება, სადაც მოხუცებს რეალურ დახმარებას აღმოუჩენენ.

 

 

ზოგჯერ უსახლკაროები კათოლიკურ ეკლესიასთან არსებულ თავშესაფარს ეხიზნებიან. ეს დაწესებულება წმინდა ტერეზას სახელს ატარებს. თავშესაფარში ადამიანებს უფასო სამედიცინო დახმარებას უწევენ. უსახლკაროებს შეუძლიათ მიიღონ საჭმელი, იბანაონ და გარეცხონ პირადი ნივთები; თუმცა, ეს დაწესებულება მხოლოდ 20-25 ადამიანს იტევს.

საბინა კულიევას თქმით, ბავშვების მდგომარეობა ბევრად უკეთესია; თუმცა, ეს მხოლოდ ბაქოს ეხება. მდგომარეობა გაუმჯობესდა მას შემდეგ, რაც დედაქალაქის ინტერნატები და ბავშვთა სახლები განათლების სამინისტროს დაექვემდებარა. „ადრე ბავშვთა სახლებისთვის ტანსაცმელს ვაგროვებდით, _ ამბობს საბინა ხანუმი, _ ახლა კი მორიგი სტუმრობისას მივხვდით, რომ ამის საჭიროება აღარ არის. ბავშვებს ყველაფერი აქვთ, რაც სჭირდებათ. რა თქმა უნდა, ტკბილეული უყვართ, მაგრამ საჭმელს უკვე გამგელებულები არ ეცემიან. იგივეს ვერ ვიტყვი რეგიონების ბავშვთა სახლებში მცხოვრებ აღსაზრდელებზე. ამასწინათ გეიჩაის რაიონის ბავშვთა სახლს ვსტუმრობდით, სადაც ბავშვებმა ლამის კარი შემოამტვრიეს,საჭმლს და სათამაშოებს კი მაგიდებიდან იტაცებდნენ. რეგიონებში ბავშვთა სახლებსა და ინტერნატებს ჯერ კიდევ აღმასრულებელი ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოები მართავენ. როგორც ჩანს, მათი ასეთი ყოფის მიზეზიც სწორედ ესაა.

საბინამ ბევრჯერ სცადა, თავისი საქმიანობა იურიდიულად გაემყარებინა. “სამჯერ მივმართე იუსტიციის სამინისტროს იმისთვის, რაომ არასამთავრობო ორგანიზაცია დამერეგისტრირებინა. თუმცა, სამივეჯერ უაზრო პასუხი მვიღე. ერთხელ მითხრეს, რომ ჩემი ორგანიზაციის სახელწოდება უკვე არსებულის სახელს ემთხვეოდა, მეორედ არ მოეწონათ ის, რომ ნოტარიუსის ოფისი, სადაც საბუთები დავამოწმეთ, ქალაქის სხვა უბანში მდებარეობს. მოკლედ… არაფერი გამოვიდა“.


ასევე წაიკითხეთ