რატომ იზიდავს ტურისტებსა და მეწარმეებს საქართველოს შავი ზღვის სანაპირო " />

ბათუმი – საქართველოს საზაფხულო დედაქალაქი

რატომ იზიდავს ტურისტებსა და მეწარმეებს საქართველოს შავი ზღვის სანაპირო

ბათუმი, საქართველოს შავი ზღვისპირა კურორტი, სხვადასხვა ენაზე ლაპარაკსაა მიჩვეული. აქ ყოველთვის სტუმრიანობაა – უცხოელი მეზღვაურები, გავლით მყოფი საქმოსნები,  გასტროლებზე ჩამოსული მუსიკოსები თუ ჩვეულებრივი ტურისტები. წელს ბათუმი უფრო მეტ სტუმარს ელოდება, ვიდრე ოდესმე.

__________________

ბათუმი ყოველ წელს ცოტათი შეცვლილი დაგხვდებათ, თითქოს ოდნავ გაახალგაზრდავებული: და საქმე მხოლოდ ახალ კაფეებში, სასტუმროებსა და მაღაზიებში არ არის. ერთი შეხედვით თვალისთვის შეუმჩნეველ დეტალებსაც დააკვირდით: მაგალითად ახალ ფილებს ბულვარზე, ახალ ქოლგებს პლაჟზე, ანდა საღამოობით ქალაქის ახლებურად განათებულ  შენობებს. 

 ბათუმის ბულვარი – ქალაქური ცხოვრების ეპიცენტრია. აქ სეირნობა ადგილობრივებსაც მოსწონთ და ტურისტებსაც – აქ პაემნებზეც დადიან და საქმიან შეხვედრებზეც,  ყავას სვამენ ან სადილობენ,  ბავშვებს და ძაღლებს ასეირნებენ, ველოსიპედით სეირნობენ, ბურთს თამაშობენ ან კლუბებში ცეკვავენ – დაახლოებით 7 კილომეტრიან ბულვარზე გართობის ბევრი შესაძლებლობა არსებობს.  

ბულვარის  შენება 19-ე საუკუნეში დაიწყო. 2004 წელს უკვე არსებული პარკი, რომელიც ზღვას მიუყვებოდა, კიდევ 1200 მეტრით გააგრძელეს. ამ ახალ მიშენებას „ახალი ბულვარი“ დაარქვეს, ხოლო ირგვლივ წამოჭიმულ ახალ სახლებს – „ახალი ბათუმი“.

ქალაქის ეს ახალი ნაწილი თავის არსებობას საქართველოს წინა ხელისუფლებას უნდა უმადლოდეს, რომელმაც ამ საკურორტო ქალაქში უამრავი სიახლე შეიტანა. საქართველოს წინა პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მმართველობის წლებში ბათუმში ათეულობით ახალი ნაგებობა აშენდა. მათ შორის ბევრი სადაო არქიტექტურული ღირებულების. თუმცა,  ბევრი მათგანი, ექსტრავაგანტულობის მიუხედავად, ხალხმა მაინც შეიყვარა და უკვე ქალაქის სავიზიტო ბარათადაც კი იქცა. მაგალითად, „გადაბრუნებული“ რესტორანი, სასტუმრო კოლიზეუმი. 

არის, პირიქით,  არქიტექტურულად ძალიან დახვეწილი ნაგებობებიც. მაგალითად, რესტორანი „მაკდონალდსი“, რომელიც საინფორმაციო პორტალი ArchDaily-ს ვერსიით, 2013 წლის საუკეთესო კომერციულ შენობად არის მიჩნეული; იუსტიციის სახლი, რომელსაც უცნაური ფორმის გამო, ბათუმელებმა „ბოთლი“ შეარქვეს.

„ბუნება და ბიზნესის წარმართვის სიადვილე“

ბათუმის ერთ-ერთ ახლადაშენებულ მრავალსართულიან სახლში  უკრაინელმა ბიზნესმენმა ვლადიმირ ხოლმოგოროვმა სასტუმრო გახსნა. ვლადიმირი საქართველოში პირველად 2009 წელს ჩამოვიდა.

“აჭარაში ყველაფერი მომწონდა. განვითარებადი ინფრასტრუქტურაც, ბუნებაც, და ბიზნესის აწყობის სიმარტივეც. ვიცოდი, რომ საქართველოში კარგი საგადასახადო კანონმდებლობაა და ბიზნესის კეთება ადვილია, განსაკუთრებით, უკრაინასთან შედარებით. ჩემს სამშობლოში საკუთარი საქმის წამოსაწყებად ბრძოლა მიწევდა, საქართველოში კი, პირიქით, ხელს გიწყობდნენ, რომ საქმე დამეწყო. და ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინა ეკონომიკურად უფრო განვითარებული იყო და მსყიდველობითუნარიანობა იქ  ასევე ბევრად მაღალი იყო, ბევრმა, და მათ შორის მეც, საქართველოში გადაწყვიტა საქმის დაწყება“.  

 2014 წელს ვლადიმირი საბოლოოდ გადმოსახლდა საქართველოში. იმ დროისთვის მან რამდენიმე თავისი მეგობარი დაარწმუნა, რომ ბათუმის ახალაშენებულ სახლებში ბინების ყიდვა ფულის სარფიანად დაბანდებაა. მან 24 ბინა შეისყიდა, სამვარსკვლავიანი სასტუმრო მოაწყო და სახელად „ორბი“ დაარქვა. 

“უძრავი ქონების ყიდვა სარფიანიც არის და მოსახერხებელიც – თავადაც როდესაც გინდა, ზღვაზე ისვენებ,  მეგობრებსაც იწვევ, და ბინებსაც აქირავებ, და ამით შემოსავალი გაქვს. რაც არ უნდა ატრიალო, მაინც მოგებული ხარ. ჩვენი 24 ბინა ერთ სართულს იკავებს. ეს სამვარსკვლავიანი სასტუმროა –  ძვირად ღირებულების კატეგორიაში არ ვართ. ყველაზე ძვირიანი სეზონი აგვისტოში გვაქვს, როდესაც უბრალო ნომრის საფასური 80-დან 160 დოლარამდე მერყეობს. ზამთარში იგივე ნომრის 20 დოლარად დაქირავება შეიძლება. ზაფხულობით ჩვენთან დაბინავების მსურველი იმდენად ბევრია, რომ თავისუფალი ნომრები ხშირად არ გვაქვს. უკრაინის, ბელარუსის, რუსეთის, ყაზახეთის ტუსრისტულ სააგენტოებთან ვმუშაობთ. წელს ირანელი პარტნიორებიც დაგვემატნენ.

ვლადიმირი ამბობს, რომ ინვესტიციების შემოდინება ხელისუფლების შეცვლის შემდეგაც შეინიშნება – აჭარაში შენება გრძელდება.

შეკითხვას, თუ რა უშლის ხელს აჭარაში ტურიზმის განვითარებას, ვლადიმირმა ასე უპასუხა:

“ევროპულ ქალაქებში 40 დოლარად შეიძლება ჩაფრენა, საქართველოში მოგზაურობა კი 200 დოლარი ჯდება. ბევრ ჩემს მეგობარს უნდა საქართველოში მოხვედრა, მაგრამ სწორედ ბილეთების სიძვირის გამო ვერ ჩამოდიან“.

ვლადიმირის თქმით, ბათუმის აეროპორტი იშვიათად იღებს იაფფასიან რეისებს უკრაინიდან და ევროპიდან. ლოუკოსტერები, ძირითადად, ქუთაისიდან დაფრინავენ, ეს კი ბათუმიდან რამდენიმე საათის სავალზეა.

ჰოსტელის მეპატრონე

ბათუმი პატარა ქალაქია, მაგრამ ძალიან მრავალფეროვანი. ახალი ქალაქის ცათამბჯენებმა შესაძლოა, მაიამი ან თელ-ავივი გაგახსენოთ, მაგრამ ცენტრალურ უბნებს თუ დაუბრუნდები, ისევ საქართველოში ამოყოფ თავს. დაბალსართულიანი სახლები, ხმაურიანი ეზოები, ვაზის ჩრდილში ნარდის თამაში, და თოკზე გაბმული სარეცხი. ბათუმის ბევრ ძველ სახლში დღეს ჰოსტელებია გახსნილი.

რუსუდან ჭიჭინაძემ თავისი ჰოსტელი ხუთი წლის წინათ გახსნა. მას „გლობუსი“ ჰქვია და ბათუმის ძველ უბანში, მაზნიაშვილის ქუჩაზე მდებარეობს.

რუსუდანი პროფესიით ეკონომისტია. როდესაც გადაწყვიტა, რომ ტურიზმით დაკავებულიყო,  ამ პროფილით სამთვიანი კურსები გაიარა.  

„ჩვენთან, ძირითადად ევროპელი ტურისტები სახლდებიან – ველოსიპედებითა და მოტოციკლეტებით ჩამოსული ადამიანები, რომლებიც ბინაში ძვირის გადახდას მიჩვეულები არ არიან. როგორც წესი, ეს ის ხალხია, რომლებსაც ცხოვრებაში იმდენი ღირსშესანიშნაობა უნახავთ, რომ მათ ვეღარაფრით გააკვირვებ. ჩვენი მკვიდრები ამბობენ, რომ ჰოსტელებში ისინი ურთიერთობებს ეძებენ – სხვა მაცხოვრებლებთანაც და მასპინძლებთანაც. მათ მოსწონთ პატარა ეზო, სადაც ყავის დასალევად და ვრცელი საუბრებისთვის ვიკრიბებით ხოლმე. ერთ-ერთ ჩამოსულს ჩვენთან ყოფნა იმდენად მოეწონა, რომ ჩვენს ადმინისტრატორს თავისთან, პოლონეთში სასტუმროს საქმის ადმინისტრირების კურსებზე გამგზავრების ორგანიზება მოუხერხა“.

როდესაც ჰოსტელი მთელი ძალით ამუშავდა, რუსუდანი აჭარის კურორტებისა და ტურიზმის დეპარტამენტში მრჩევლად მიიწვიეს; მართალია, იქ დიდხანს არ გაჩერებულა – მალევე წამოვიდა, როდესაც ამ სტრუქტურის უსარგებლობაში დარწმუნდა; ვინაიდან ის პრობლემები, რომლებსაც საბჭოს წევრები წამოწევდნენ ხოლმე, გადაუწყვეტელი რჩებოდა. რუსუდანის თქმით, აჭარის ტურიზმის სფეროში არც ისე ცოტა პრობლემაა, ხოლო კომუნალური გადასახადების რაოდენობა მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანია.  

“ძალიან მინდა ჩვენთან პირველად ჩამომსვლელებისთვის ფასი შევამცირო. მაგრამ არ შემიძლია – ელექტროენერგია, ბუნებრივი აირი, წყალი – ეს ყველაფერი ძვირი ჯდება. ჩემი აზრით, ამ საკითხით სახელმწიფო უნდა დაინტერესდეს. მაგალითად, მეზობელ თურქეთში ცდილობენ, მცირე ბიზნესს ხელი შეუწყონ. ჰოსტელების მეპატრონეებს შეიძლება, რომ ბინის გადასახადი შეუმცირონ – მაგალითად, წყლის გადასახადი ოდნავ ნაკლები გადაახდევინონ. ეს ჩვენთვის დიდი შეღავათი იქნებოდა“.

ცეკვები გემბანზე

ბათუმში მზის, ზღვის და შთაბეჭდილებების გამო ჩადიან. აბა, რა შეედრება იმას, როდესაც ღია ზღვაში გემბანზე მდგომი დელფინების ყურებით ტკბები? ხვიჩა თანთავამ სასეირნო გემი ექვსი წლის წინათ შეიძინა. “1997 წლიანია. გემისთვის ეს საბავშვო ასაკია, – განმარტავს ხვიჩა, თუ გონივრულად მოიხმარ, შეიძლება ას წელიწადსაც გემსახუროს”.

ვიდრე გემბანზე ხვიჩას ვესაუბრებით, ნავმისადგომთან გემის წინ ბავშვების ჯგუფი და რამდენიმე ქალი გროვდება – სასკოლო ექსკურსიას ჰგავს. უფროსები ფასზე შესათანხმებლად დიალოგს მართავენ. კატერით ნახევარსაათიანი გასეირნება ბავშვებისთვის 5 ლარი ღირს (2 დოლარი), უფროსებისთვის 10 (4 დოლარი). უფროსებს შორის ხანმოკლე ვაჭრობის შემდეგ გემი ბავშვებით ივსება. ბიჭები ზედა გემბანისკენ მიიწევენ. გაისმის საყვირის ხმა, და კატერი ნელა შორდება ნაპირს. რამდენიმე ხანში მუსიკა ირთვება და საკმაოდ მოულოდნელი სანახაობა იწყება – გოგონების ჯგუფი აღმოსავლურ ცეკვებს ასრულებს. პორტში მკაცრი კონკურენციაა და თითოეული კლიენტისთვის ბრძოლაა გაჩაღებული. ამიტომაც, ყველა აქაური გემს ტურისტების მისაზიდად თავისი „სატყუარა“ აქვს. ხვიჩამ საამისოდ  საცეკვაო კოლექტივი აირჩია.

„თუკი გასულ წელს პორტში დგომისთვის კვადრატულ მეტრში 70 თეთრს ვიხდიდით  (დაახლოებით 30 ცენტს), წელს გადასახადი 2 ლარამდე გაიზარდა (დაახლოებით 80 ცენტი) – ჩივის ხვიჩა. წყლისა და შუქის გადასახადთან ერთად სეზონებს შორის პერიოდში თვიური თანხა 1200 ლარს აღწევს (500 დოლარი)“.

“ვითომ შეიძლება იმის თქმა, რომ სახელმწიფო ტურიზმის განვითარებას ხელს უწყობს? ზაფხულში – დიახ, ბევრი ტურისტია, მაგრამ რატომ არავინ მეკითხება, ზამთრის თვეებში, როდესაც გემი გაჩერებულია, რით ვარსებობ? ჩვენ ხომ მთელი სამი თვის განმავლობაში გადასახდს ვიხდით, შეღავათს არავინ  გვიწევს. პირიქით, ეკონომიკის სამინისტროდან გვემუქრებიან კიდეც, რომ თუ ტარიფის მიხედვით არ გადავიხდით, ჩვენი გემების ნაცვლად, სხვებს შემოიყვანენ“, – ჩივის კატერის მფლობელი.

“ეს მხოლოდ გარედან ჩანს ასე – 30-ჯერ ზღვაში გავიდა, ესე იგი გამდიდრდა, და შეიძლება კარგად გადაახდევინო. გარდა ამისა, ყოველწლიურად  გავდივართ ტექდათვალიერებას და აუცილებელ რემონტს ვატარებთ. ყველა ხარჯი ერთად რომ შევკრიბოთ, წელიწადში 20 ათას ლარს (8300 დოლარი) აღწევს! მუშაობის სეზონი კი მოკლეა – 15 ივლისიდან 25 აგვისტომდე. არადა, მფლობელს პორტში ადგილის საფასური უნდა გადაუხადო, ეკიპაჟი შეინახო, გემი გაარემონტო, რომელში უკვე ისედაც ჩადებული გაქვს თანხა. ნაპირზე თუ გაივლით და კატერების მფლობელებს დაელაპარაკებით, გაიგებთ, რომ თითოეულ მათგანს დიდი საბანკო ვალი აქვს“.

ხვიჩას თქმით, ყველა სასეირნო გემი იახტ-კლუბში შედის. მაგრამ კლუბს არც სათვალთვალო კამერები აქვს, და არც დაცვა  ჰყავს. თავიანთ გემებზე მფლობელები თავადვე ზრუნავენ. ერთი რამ მართლაც დამაიმედებელია – ტურისტი მართლაც ბევრია, და მათი რიცხვი ყოველწლიურად მატულობს.   

სულ უფრო მეტი ტურისტი

ოფიციალური მონაცემებით, აჭარაში ჩამოსული ტურისტების რიცხვი ყოველწლიურად მატულობს: 2016 წელს  ამ რეგიონში მილიონ ნახევარი ტურისტი ჩამოვიდა. აქ ძირითადად  თურქეთიდან, რუსეთიდან, უკრაინიდან, ისრაელიდან და აზერბაიჯანიდან ჩამოდიან. გაიზარდა ირანიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან და საუდის არაბეთიდან  ჩამოსულების რაოდენობაც. 2015 წლის  იანვარ- აგვისტოში, 2014 წლის ამავე პერიოდთან შედარებით, ტურისტების რაოდენობა 2%-ით გაიზარდა; ხოლო, 2016 წელს, წინა წელთან შედარებით, 11,34% პროცენტით. წელს აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში მოელიან, რომ ეს მაჩვენებლები კიდევ უფრო მოიმატებს.

2018 წელს გასულ წლებთან შედარებით, აჭარა უცხოელი ტურისტების რაოდენობის 15-20%-ით ზრდას ელოდება.

                                                       როგორ იცვლებოდა ბათუმი 

ბათუმი ზაფხულობით ყოველთვის საყვარელი დასასვენებელი ადგილი იყო, თუმცა 2000-იანი წლების შუაში ის არ იყო განებივრებული უცხოელი ტურისტების ყურადღებით. მათ მოსაზიდად ხელისუფლებას საკმაო გარჯა მოუხდა. მაგალითად, საჭირო იყო კრიმინალების დამარცხება, არაკეთილმოსურნეების სკეპსის გადალახვა და ინვესტიციების მოზიდვა. პოლიციის ეფექტური რეფორმის შედეგად, საქართველოში დანაშაულის დონემ საგრძნობლად იკლო და, 2012 წელს, სააკაშვილის გუნდის ნაცვლად მოსული ახალი ხელისუფლების მიმართ სკეპტიკური განწყობის მიუხედავად,  უსაფრთხოების თვალსაზრისით, საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში ისევ მაღალ საფეხურს ინარჩუნებს.

მაგალითად, 2017 წელს ის მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ადგილად აღიარეს Numbeo Crime Index for Country-ს საერთაშორისო რეიტინგში, რომლის თანახმადაც, საქართველომ 125 -ე ადგილიდან 119-ე ადგილზე გადაინაცვლა ( ქვეყნები ნაკლებად უსაფრთხოდან უფრო უსაფრთხომდეა განლაგებული). საქართველოს პოზიცია მისი დანაშაულის ინდექსით ( 20.83) და უსაფრთხოების ინდექსით (79.17)  არის განპირობებული. ამავე რესურსის თანახმად, უშუალოდ ბათუმში დანაშაულის ინდექსი 22.92-ს შეადგენს, და დაბალ მაჩვენებლად მიიჩნევა.

რეგიონში ინვესტიციები გაჩნდა საგადასახადო კანონმდებლობის გამარტივების შემდეგ, რომლის რეფორმაც 2000-იანი წლების პირველ ნახევარში მოხდა. ბათუმში აშენდა სასტუმროები –  Sheraton, Radisson, Hyatt, Kempinsky, Mandarin oriental, Hilton; „ ანბანის კოშკი“, ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის კორპუსი და სხვა შენობები.

სტრატეგიულ კვლევათა კავკასიის ინსტიტუტის პოლიტიკური ანალიტიკოსი გელა ვასაძე, თავად ბათუმის მკვიდრი, მიიჩნევს, რომ აჭარის განვითარება უფრო სწრაფადაც შეიძლებოდა.

„ახლანდელი ხელისუფლება ამ რეგიონში იმდენივეს რომ დებდეს, რასაც წინა, ის უფრო სწრაფად განვითარდებოდა. განვითარებისთვის მეორე აუცილებელი ვარიანტია – უფრო თავისუფალი ბაზარი, ადმინისტრაციული რეგულირების შემცირება, გადასახადების დაწევა“, – მიაჩნია ანალიტიკოსს.

ექსპერტის აზრით, ტურიზმის განვითარებისთვის რეგიონში აუცილებელია ინფრასტრუქტურის მუდმივად განვითარება, რათა ის „მსოფლიოს საუკეთესო ნიმუშებს გაუტოლდეს“:

„და კიდევ,  საჭიროა რეგიონში ინვესტორების მოზიდვა, რომლებიც  ახალ ტურისტულ პროდუქტებს შექმნიან, ასევე ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ მეწარმეებს აჭარაში მუშაობის კომფორტული პირობები შეექმნათ“.    

___

მასალა პირველად გამოქვეყნებულია: 09.08.2017
ფოტო ყდაზე: REUTERS/დავით მძინარიშვილი

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ