არმავირის მლაშე მიწაზე მხოლოდ ეკალი იზრდება" />

არარატის „უდაბნო“

არმავირის მლაშე მიწაზე მხოლოდ ეკალი იზრდება

ვის ეძახიან ზარტონკში იღბლიანს

სოფელ ზარტონკის ნაყოფიერი მიწა თანდათან მლაშე, უსიცოცხლო უდაბნო ხდება.ოდესღაც სახნავ-სათესი მიწის 1700 ჰექტრიდან დღეს მიწათმოქმედებისთვის მხოლოდ 320 ჰექტარი თუ გამოდგება.

ნაზირიანების ოჯახს ნახევარი ჰექტარის ფართობის ნაკვეთი ეკუთვნით, თუმცა ამჟამად კუთვნილი მიწის მხოლოდ მეხუთედს ამუშავებენ. ნიადაგის ზედაპირი მარილითაა დაფარული და მასზე არაფერი იზრდება. ოჯახის წევრები აღნიშნავენ, რომ მიწას ნაყოფიერება სულ უფრო აკლდება და მალე მის დამუშავებას აზრიც არ ექნება.

სოფლის ბევრი მკვიდრი საგანგებოდ ეზიდება ნაყოფიერ მიწას საკუთარი ნაკვეთების ზედაპირის დასაფარად,რომ ზედ რაიმე მაინც მოიყვანონ _ მათ ხომ სხვა საარსებო საშუალება არ გააჩნიათ.ზარტონკის მცხოვრები ერთ-ერთი ქალბატონი, აღათიონი გვიყვება, თუ როგორ მოზიდეს  მეზობელი სოფლიდან ასობით სატვირთოს საბარგულით გრუნტი, ნაკვეთებში ნაყოფიერი ნიადაგის ოცდაათსანტიმეტრიანი ფენა მაინც რომ შეექმნათ.თუმცა,ასეთი სიღრმის ნიადაგი მხოლოდ ბაღჩეულისთვის გამოდგება.

ზარტონკის მოსახლეობა ორ ბანაკად გაიყო _ იღბლიანებად და უიღბლოებად. სოფლის მაცხოვრებლებს ერთმანეთის შურთ; იმ გლეხებს, ვისაც მიწა არ დაუმლაშდა, დანარჩენები იღბლიანებს ეძახიან.

მაგალითად, თამარ ათოიანს სულ არ აინტერესებს, ვინ ამუშავებს ზარტონკში მიწას. მან მხოლოდ ის იცის, რომ მისი მიწა სახნავ-სათესად უვარგისი გახდა.და ეს ამბავი ძალიან აშფოთებს. ოჯახის გამოსაკვებად მან მეზობელი მასისის რაიონში 2 ჰექტარის ფართობის მიწის ნაკვეთი იქირავა და ახლა ნერგებს აშენებს, რომ იჯარით აღებულ მიწაზე გადარგას. მასისში ის საზამთროს მოყვანას აპირებს. თამარივით ზარტონკის ბევრი მცხოვრები იქცევა.

რა ამლაშებს ნიადაგს

არარატის ველის ზოგიერთ დაბლობზე გრუნტის წყლები ზოგჯერ მიწის ზედაპირზე ამოდის და ამ სითხის შემადგენელი მარილი მიწაზე ილექება. ეს მოვლენა პერიოდულად მეორდება,რაც ნიადაგში მარილის შემცველობას იმდენად ზრდის, რომ მცენარეული საფარი მთლიანად ქრება. ამ მოვლენასთან ბრძოლის ერთადერთი საშუალებაა გრუნტის წყლების დონის შემცირება და მარილის გასაცლელად ნიადაგის გადარეცხვა.

საბჭოთა კავშირის დანგრევასთან ერთად მიწის დამლაშების წინააღმდეგ ბრძოლისა და პროფილაქტიკის სიტემაც  დაინგრა.

საბჭოთა წლებში ამ მოვლენას სერიოზულად ებრძოდნენ. პირველ რიგში, გრუნტის წყლების დონეს ამცირებდნენ, შემდეგ კი, ქიმიური საშუალებებით, ან გადარეცხვის გზით, ნიადაგს მარილს აცლიდნენ.

90-იანი წლების დასაწყისში ამ პრობლემის მოგვარებით აღარავინ იყო დაკავებული და 1750 ჰექტარის ფართობის მარილგამოცლილმა ნიადაგმა ისევ დამლაშება დაიწყო.  ყოველწლიურად სოფლის მოსახლეებს 50 ჰექტარის ფართობის ვარგისი მიწა აკლდებოდათ.წყობიდან გამოვიდა გრუნტის წყლების დონის შესამცირებელი ღია და დახურული სადრენაჟო სისტემებიც, რომლებიც სომხეთს თავის დროზე საბჭოთა კავშირისგან ერგო მემკვიდრეობით.

რა პრობლემებს წყვეტს დრენაჟი  

სადრენაჟო სისტემის საშუალებით გრუნტის წყლების დონე მცირდება. სომხეთში ღია და დახურული სადრენაჟო სისტემები არსებობდა.

დახურული სადრენაჟო სისტემა წარმოადგენს მიწის ზედაპირიდან 3-4 მეტრის სიღრმეზე ჩაფლულ ხვრელიან ლითონის მილებს,რომლებშიც გრუნტის წყლები გროვდება, შემდეგ წყალსაქაჩ სადგურში მიედინება და  სარწყავად გამოიყენება.

ღია სადრენაჟო სისტემით ეს პრობლემა მიწაში ჩაფლული მილების გარეშე გვარდება. ამგვარი დრენაჟის მოსაწყობად უბრალოდ 4 მეტრის სიღრმის თხრილი გაჰყავთ, რომლიდანაც გრუნტის წყლები წყალსაქაჩ სადგურში გაედინება.

დიდი ხნის მანძილზე უმოქმედოდ დარჩენილი დახურული სადრენაჟო სისტემა ვეღარ აღადგინეს,სამაგიეროდ ამოქმედება დაიწყო ღია სადრენაჟო სისტემებმა.

არმავირის ოლქის მიწები დამლაშებას გადაურჩა, თუმცა გაურკვეველია,რა ბედი ეწევა თითქმის 5 ათასი ჰექტარის ფართობის მლაშობს.

ნაზარიანებმა გადაწყვიტეს, საკუთარი ნაკვეთის ნახევარი მაინც გადაერჩინათ, თუმცა, დაწყებული საქმე ბოლომდე ვერ მიიყვანეს. ერთი წლის რწყვის შემდეგ მიხვდნენ, რომ  წყალზე დაწესებული მაღალი ტარიფები საკუთარი ნაკვეთის დამოუკიდებელად მორწყვას თითქმის შეუძლებელს ხდის, რადგან ამ პროცედურას, სულ ცოტა, 3-4 წელიწადი სჭირდება.

იმავე სცენარით მოქმედებდა ზარტონკის სოფლის ადმინისტრაციაც. სოფლის ბიუჯეტის სახსრებით მიწის სარეზერვო ფონდიდან 3 ჰექტარის ფართობის ნაკვეთი გადარეცხეს. შედეგი დამაკმაყოფილებელი აღმოჩნდა, მაგრამ სოფლის თემის ბიუჯეტით, რომელიც მხოლოდ 35 მილიონ დრამს (70 ათასზე ოდნავ მეტს) შეადგენს, 1380 ჰექტარისთვის საკმარის შედეგს ვერ მიაღწევ. სოფლის მამასახლისის, პარუირ სარგსიანის თქმით, მიწის მარილისგან გასაწმენდად უკვე შეიქმნა სათანადო პირობები და რეალური შედეგის მიღწევაც შესაძლებელია, ოღონდ თუკი სახელმწიფო სარწყავი წყლის საფასურის გადახდას ითავებს.

ზარტონკის სოფლის ადმინისტრაციის მდივნის, ზარტონკა აჯოიანის თქმით, სახელმწიფოს სადრენაჟო სისტემების მომსახურება ძვირი უჯდება, მიუხედავად იმისა, რომ დრენაჟები საერთოდ არ მუშაობს. თუ ეს სახსრები სარწყავი სისტემების სუბსიდირებას მოხმარდება, ეფექტი თვალსაჩინო იქნება.

დამლაშებული მიწების მარილისგან გაწმენდის აუცილებლობაზე მთავარი აგრონომი არტურ აივაზიანიც ამახვილებს ყურადღებას. ამ საკითხს არმავირის ოლქის ადმინისტრაცია ცენტრალურ ხელისუფლებას ყოველ წელს ახსენებს. აივაზიანი ამბობს,რომ მარილისგან ერთდროულად რამდენიმე ნაკვეთი უნდა გასუფთავდეს, რადგან გასუფთავებული მცირე ნაკვეთები ძალიან მალე ისევ დამლაშდება. იგივე პრობლემები აქვთ არმავირის ოლქის სხვა სოფლებსაც _ ეგეგნუტს, არტაშატს, არაზაპსა და არევიკს.

მინისტრმა კარგად იცის, რაც ხდება

ბუნების დაცვის მინისტრმა, არამაის გრიგორიანმა 2015 წელს რეგიონი პირადად მოინახულა და შექმნილ მდგომარეობას გაეცნო. იგი თემების ხელმძღვანელებს შეხვდა და დაარწმუნა, რომ მიწის მარილისგან გაწმენდის პრობლემას ხელისუფლება ძალიან საჭირბოროტოდ მიიჩნევს. მანვე აღნიშნა, რომ ამ საკითხის მოსაგვარებლად სპეციალური პროგრამის შემუშავებაა საჭირო. უკვე თითქმის ერთი წელი გავიდა, მაგრამ პროგრამის შესახებ არაფერი ისმის.

გლეხებს სახელმწიფოსგან  დახმარების მიღების იმედი სრულიად გაუქრათ და მეზობელ სოფლებში მიწების იჯარით აღება დაიწყეს. ზარტონკის ერთადერთი ტრაქტორისტი კი საგაზაფხულო სამუშაოების დაწყებამდე ტრაქტორის შეკეთებას არც აპირებს, რადგან სახნავ-სათესი მიწები, ფაქტობრივად, აღარ არის.

ტრაქტორისტი გრაჩია იხსენებს, რომ წინათ წელიწადის ამ დროს მისი მომსახურების მსურველთა სახელების ჩამოწერას ვერ აუდიოდა, ახლა კი მისი ტექნიკა აღარავის სჭირდება _ სოფლის მოსახლეობის ერთ ნაწილს ნაკვეთებზე საგანგებოდ მოტანილი მიწა აქვს მოყრილი მოხვნა არ სჭირდებათ, სხვებს კი ნაკვეთები, მარილის გამო, უდაბნოდ ექცათ.

აღათიონის აზრით, ზარტონკში სოფლის მეურნეობა ერთგვარ ჰობის ჰგავს, და არა _ შემოსავლის წყაროს; რადგან აქ მხოლოდ მარილისადმი მდგრადი კულტურები მოჰყავთ _ სორგო, სიმინდი და იონჯა. ეს პროდუქტები ბაზარზე განსაკუთრებული მოთხოვნით არ სარგებლობს, და არც შემოსავალი  მოაქვს _ ანუ ამ ნათესებით ოჯახს ვერ არჩენ.

გამოქვეყნდა 2016 წლის 15 მარტს


ასევე წაიკითხეთ