ინფორმაცია რეფერენდუმის ძირითადი კომპონენტების შესახებ და დაინტერესებულ მხარეთა კომენტარები" />

მთიან ყარაბაღში ახალ კონსტიტუციასა და ახალ სახელთან დაკავშირებით რეფერენდუმი ჩატარდება

ინფორმაცია რეფერენდუმის ძირითადი კომპონენტების შესახებ და დაინტერესებულ მხარეთა კომენტარები

ფოტო RIA-Novosti

გთავაზობთ ინფორმაციას ძირითადი ელემენტების შესახებ, კერძოდ:

  • მმართველობის ფორმის შეცვლა;
  • სახელწოდების შეცვლა;
  • შეფასება სომხეთისა და აზერბაიჯანის მხრიდან;
  • შეფასება საერთაშორისო სტრუქტურების მხრიდან.

მმართველობის ახალი ფორმა

ახალი კონსტიტუცია, რომელიც რეფერენდუმზე გააქვთ, ითვალისწინებს ცნტრალიზებული საპრეზიდენტო მმართველობის ფორმის შექმნას საკანონმდებლო ხელისუფლების ფართო უფლებამოსილებებით.

მოცემულ მომენტში მოქმედი, 2006 წელს მიღებული კონსტიტუციის თანახმად, არაღიარებულ რესპუბლიკაში მმართველობის ნახევრადსაპრეზიდენტო ფორმაა.

საპრეზიდენტო მმართველობის გაძლიერებაზე ყარაბაღში 2016 წლის დასაწყისში ალაპარაკდნენ – ბევრი ექსპერტის აზრით, 2015 წლის დეკემბერში სომხეთში ჩატარებული საკონსტიტუციო რეფერენდუმის უშუალო გავლენით.

სომხეთში მაშინ საპირისპირო პროცესი მიმდინარეობდა – ქვეყანა საპრეზიდენტო მმართველობიდან საპარლამენტო მმართველობაზე გადავიდა. თუმცა, შესაძლოა, ეს პროცესი მთლად საპირისპიროც არ იყო. სომხეთის ოპოზიცია ირწმუნებოდა, რომ სინამდვილეში, კონსტიტუციის შეცვლის მიზეზს წარმოადგენდა პრეზიდენტ სერჟ სარგსიანისთვის ხელისუფლებაში ყოფნის ვადის გასაზრდელად პირობების შექმნა, რომლის მეორე და საბოლოო ვადა ამ თანამდებობაზე 2018 წელს იწურება. ახალმა კონსტიტუციამ მას საშუალება მისცა, პარლამენტის თავმჯდომარის, პრემიერის ან სომხეთის მმართველი რესუბლიკური პარტიის ხელმძღვანელის რანგში შეენარჩუნებინა ძალაუფლება.

2016 წლის მაისში მთიან ყარაბაღში შეიქმნა კომისია, რომელსაც უნდა დაემუშავებინა ახალი კონსტიტუციის პროექტი საპარლამენტო მმართველობის ფორმაზე გადასასვლელად – სომხეთის მაგალითის მიხედვით.

თუმცა, მალე ყველაფერი შეიცვალა და კომისიამ საკონსტიტუციო რეფორმების სრულიად საპირისპირო კონცეფცია ჩამოაყალიბა – საპრეზიდენტო მმართველობის გასაძლიერებლად.

მაშინ ყარაბაღის რამდენიმე ოფიციალურმა პირმა და საზოგადოების ბევრმა წარმომადგენელმა განაცხადეს, რომ ეს გადაწყვეტილება ნაკარნახევი იყო 2016 წლის აპრილში დაპირისპირების ზოლზე მომხდარი ოთხდღიანი ომით, რომელმაც 200-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა ორივე მხრიდან. შედეგად, ყარაბაღში განაცხადეს, რომ მმართველობის საპარლამენტო ფორმა მიუღებელია „ფაქტობრივად საომარ მდგომარეობაში მყოფი ყარაბაღისთვის“.

თუმცა, ყარაბაღის ოპოზიციური ხმების მიხედვით, საკონსტიტუციო რეფორმა იმისთვის ტარდება, რომ რესპუბლიკის მოქმედ პრეზიდენტს ბაკო სააკიანს ხელისუფლებაში დარჩენის საშუალება მიეცეს.

მისი უფლებამოსილება 2017 წლის ივლისში იწურება.

ახალი კონსტიტუციის თანახმად, მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები მხოლოდ 2020 წელს ჩატარდება, ჯერ კი 2017 წელს პრეზიდენტს პარლამენტი ირჩევს. ამგვარად, ბაკო სააკიანს, რომელიც 2007 წლიდან პრეზიდენტის თანამდებობას იკავებს, თეორიულად საშუალება ეძლევა ხელისუფლებაში 2030 წლამდე დარჩეს.

სახელწოდების შეცვლა

ახალი კონსტიტუციის პროექტში, რომლის ბედსაც ხვალ რეფერენდუმი გადაწყვეტს, პირველ პუნქტად ჩაწერილია რესპუბლიკა არცახი.

თუმცა ორივე კონსტიტუციაში – დღეს მოქმედშიც და ახალშიც – დასაშვებად არის მიჩნეული სახელწოდება მთიანი ყარაბაღისაც და არცახის გამოყენებაც.

არაღიარებული მთიანი ყარაბაღის პარლამენტის სპიკერი აშოტ გულიანი:

“ხორციელდება ის, რაზეც მრავალი წლის განმავლობაში ვლაპარაკობდით – რომ დადგა დრო ჩვენი ისტორიული, ჭეშმარიტად სომხური სახელწოდება დავიბრუნოთ. და ამან ახალი კონსტიტუციის პროექტის პირველ მუხლში ჰპოვა ასახვა“.

კომენტარები აზერბაიჯანიდან

აზერბაიჯანის საგარეო სქმეთა სამინისტრო, ოფიციალური განცხადება:

„უკანონო „რეფერენდუმი“, რომლის ჩატარებაც იგეგმება აზერბაიჯანის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე, აზერბაიჯანის კონსტიტუციის, ასევე საერთაშორისო სამართლის ნორმების აშკარა დარღვევას წარმოადგენს, და არ შეიძლება ჰქონდეს სამართლებრივი ძალა…

ეს პროვოკაციული ნაბიჯი, ასევე აზერბაიჯანის განუყოფელი ნაწილისთვის – მთიანი ყარაბაღის რეგიონისთვის სახელის შეცვლის მცდელობა, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სომხეთი არ არის დაინტერესებული ამ სამხედრო კონფლიქტის პოლიტიკურად მოგვარებით“.

აზერბაიჯანის ევროინტეგრაციის ეროვნულ-საზოგადოებრივი კომიტეტის წევრის ტორგულ ჯუვარლის კომენტარი “კავკაზსკი უზელ“-ისთვის:

„ნებისმიერი ცალმხრივად გადადგმული ნაბიჯი, რომელიც საფრხთეს უქმნის მინსკის ჯგუფის შუამავლობის ფორმატში მიმდინარე პროცესს, გადაჭრით მიუღებელია. მთიანი ყარაბაღი დე-იურე აზერბაიჯანის ტერიტორიად მიიჩნევა, და ეს ასახულია გაეროსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების დოკუმენტებში. მეორე მხრივ, საკუთრივ „რეფერენდუმის“ ჩატარებაც, აზერბაიჯანელი მოსახლეობის არარსებობის პირობებში, მის დემოკრატიულობას არყევს.    

ყარაბაღის კონფლიქტის დაწყებამდე რეგიონის მოსახლეობის მეოთხედზე მეტს აზერბაიჯანელები შეადგენდნენ.  

იმ პირობებში, როდესაც ისინი მშობლიური მიწებიდან განდევნილები და
ნების გამოხატვის საშუალებას მოკლებულნი არიან, კენჭისყრის ვერც ერთი შედეგი ვერ იქნება ლეგიტიმური. თანამედროვე ევროპული დემოკრატიის მთავარი პრინციპია – სახალხო მმართველობაში მონაწილეობის უფლების ყველასთვის მინიჭება. ამ შემთხვევაში ეს პრინციპი დარღვეულია“.

კომენტარები სომხეთიდან

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ შავარშ კოჩარიანმა თავის Twitter-ის გვერდზე დაწერა:

„საკონსტიტუციო რეფერენდუმი არ განსაზღვრავს მთიანი ყარაბაღის სტატუსს. მთიანი ყარაბაღის სტატუსი დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმით არის განსაზღვრული“.

 

Screen Shot 2017-02-18 at 6.26.47 PM

„სახელის შეცვლაში პრინციპულ სხვაობას ვერ ვხედავ. არცახი – როგორც რესპუბლიკის სახელი გამოიყენება როგორც ახალ პროექტში, ისე მოქმედ კონსტიტუციაში. ორივე კონსტიტუციაში დასაშვებად არის მიჩნეული ორივე დასახელების გამოყენება“, – განუცხადა ბი-ბი-სი-ს ანალიტიკური ცენტრი „მოდუს ვივენდის“ ხელმძღავანელმა არა პაიანმა.

სომხურ კვლევათა ფონდ “Ани”- ს კოორდინატორის, თათულ აკოპიანის თქმით, სახელის შეცვლით არაფერი იცვლება.

„როგორც აქამდე გამოიყენებოდა ორივე სახელწოდება, ისევ ისე გაგრძელდება. შესაძლოა, ჩვენი სომხური განხილვების დროს უფრო სწორი იყოს სახელწოდება არცახის გამოყენება. მაგრამ ჩვენ რა სახელიც უნდა მივანიჭოთ, საერთაშორისო სტრუქტურებში ყარაბაღი ყარაბაღადვე დარჩება“.

ყარაბაღის დამარეგულირებელი ეუთოს მინსკის ჯგუფის კომენტარი

„მიუხედავად იმისა, რომ, თანათავმჯდომარეების თქმით, ყარაბაღის დე-ფაქტო ხელისუფლება ამგვარ პროცედურას საკუთარი მოსახლეობისთვის საზოგადოებრივი ცხოვრების მოგვარების მიზნით მიმართავს, ისინი კიდევ ერთხელ ცხადად აღნიშნავენ, რომ არც ერთი ქვეყანა, მათ შორის არც სომხეთი და აზერბაიჯანი, მთიან ყარაბაღს დამოუკიდებელ და სუვერენულ სახელმწიფოდ არ აღიარებს.

შესაბამისად, თანათავმჯდომარეებს არ მიაჩნიათ, რომ 20 თებერვლის რეფერენდუმის შედეგები მთიანი ყარაბაღის სამართლებრივი სტატუსის განსაზღვრაზე გავლენას ახდენს“, – ნათქვამია ეუთოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ შუამავლების განცხადებაში.

რუსეთის კომენტარები

„ჩვენ არ ვაღიარებთ მთიან ყარაბაღს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ; რადგან მიგვაჩნია, რომ მისი სტატუსი პოლიტიკური მოლაპარაკებების გზით, მინსკის პროცესის ფარგლებში უნდა განისაზღვროს …

ამავდროულად, არ ვფიქრობთ, რომ მშვიდობიანი დარეგულირების მსვლელობა შეიძლება ხსენებული „საკონტიტუციო რეფერენდუმის“ ჩატარებაზე იყოს დამოკიდებული“, – იტყობიანება „რია ნოვოსტი“ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციისა და ბეჭვდითი სიტყვის დეპარტამენტზე დაყრდნობით.

  • წინასწარი მონაცემებით, კენჭისყრის სიაში შეყვანილი ამომრჩევლების რაოდენობა 102 000 ადამიანს შეადგენს. დაახლოებით 280 საარჩევნო პუნქტი გაიხსნება რესპუბლიკის ყველა რაიონში და ასევე მთიანაი ყარაბაღის სომხეთის წარმომადგენლობაში.
  • ახალი კონსტიტუციის პროექტი, როგორც წინა, 12 თავისგან შედგება, თუმცა, 146 მუხლის ნაცვლად, მასში 175 მუხლი იქნება. ჟურნალისტებისთვის განკუთვნილი საკონსტიტუციო რეფორმების კომისიის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ახალი მუხლების ძირითადი ნაწილი ადამიანის უფლებებს შეეხება.
  • მთიანი ყარაბაღის გამო, შეიარაღებული კონფლიქტი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის 1991–1994 წლებში მიმდინარეობდა. ზავის დადების შემდეგ მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა არსებობს როგორც დე-ფაქტო დამოუკიდებელი რესპუბლიკა, რომელიც არც ერთ ქვეყანას არ უღიარებია, მათ შორის -არც სომხეთს. აზერბაიჯანი ყარაბაღსა და ომის დროს დაპყრობილ მის მიმდებარე ტერიტორიებს ოკუპირებულად მიიჩნევს და მათ დაბრუნებას მოითხოვს.
  • ეუთოს მინსკი ჯგუფი – ეუთოს წევრი ქვეყნების ჯგუფია, რომელიც 1992 წელს შეიქმნა და სათავეში უდგას ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების გზების ძიებას. თანათავმჯდომარეები არიან – რუსეთის ფედრაციის, საფრანგეთისა და აშშ-ს წარმომადგენლები. მინკის ჯგუფის შემადგენლობაში შედიან – ბელარუსი, გერმანია, იტალია, შვედეთი, ფინეთი და თურქეთი, ასევე სომხეთი და აზერბაიჯანი.
სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები, ტერმინები და პოზიცია მთლიანად ავტორს ეკუთვნის და, შესაძლოა, რედაქციის აზრს არ ემთხვეოდეს
Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ