რატომ ხდება კვლავ ავარიები და რატომ იღუპება ხალხი ნავთობმოპოვებისას აზერბაიჯანში?" />

სანავთობო ქვეყნის ღარიბი მენავთობეები

რატომ ხდება კვლავ ავარიები და რატომ იღუპება ხალხი ნავთობმოპოვებისას აზერბაიჯანში?

როდესაც ალიათში ჩავედით, უკვე ბინდდებოდა. 10 დაკარგულ მენავთობიდან, რომლებიც ზღვაში ჩავარდნენ, 5 – ამ დასახლებაში ცხოვრობდა. ზამთრის სუსხიან საღამოს ეს ძველი სახლები კიდევ უფრო ნაღვლიანად გამოიყურებოდა. ნაღველი აღბეჭდვოდათ სახეებზე სახლების წინ შეკრებილ ადამიანებსაც. დილიდან, რაც ტრაგედიის შესახებ შეატყობინეს, მიცვალებულების ჩამოსვენებას ელოდნენ, მაგრამ დიდი იმედი არ ჰქონდათ. შარშან ერთ-ერთ სანავთობე პლატფორმაზე ხანძარი რომ გაჩნდა, კარგად ახსოვდათ, თუკი რამდენიმე საათში გვამს ვერ იპოვნიდნენ, მარჩენალის საფლავზე ქვის დადებაზე ფიქრიც აღარ ღირდა.

ტრაგედია

ოფიციალური ინფორმაციით, გასულ პარასკევს, კასპიის ზღვაზე ამოვარდნილი ძლიერი ქარის (41მ/წმ) გამო, საწარმოო გაერთიანება “აზნეფტის” (SOCAR-ის სტრუქტურული ერთეული) მესამე ნავთობმომპოვებელი პუნქტის ესტაკადის ნაწილი ზღვაში ჩავარდა. SOCAR-ის ინფორმაციით, ესტაკადის ნაწილთან ერთად, მისი მიმდებარე მოედანი და საცხოვრებელი ჯიხურიც წყალში აღმოჩნდა. უგზოუკვლოდ დაიკარგა ნავთობისა და გაზის მომპოვებელ სამმართველოს ხუთი მორიგე თანამშრომელი და ჯიხურში მყოფი ხუთი მუშა (სულ 10 ადამიანი).

ერთ-ერთი მენავთობის, ილჰამ გაფაროვის ცხედარი 16 დეკემბერს იპოვეს, ყველა დანარჩენი კი უგზოუკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა.

lent.az-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ილჰამ გაფაროვის ძმა, დავუდიც მენავთობეა. ისინი ერთად მუშაობენ. დავუდი ცოცხალი დარჩა, რადგან იმ ესტაკადაზე არ იმყოფებოდა.

იმ ღამით დავუდ გაფაროვმა ძმას დაურეკა და სთხოვა, ფრთხილად ყოფილიყო, რადგან შტორმი იყო დაწყებული. ილჰამმა უპასუხა: შენც ფრთხილად იყავიო, და დაამატა: “აქ ყველაფერი საქანელასავით ქანაობს. არ ვიცით, რა ვქნათ”.

ამის შემდეგ თავის ცოლს, რასმიას დაურეკა და ამბები გამოჰკითხა. თავისი ქალიშვილი ხუმარი და შვილიშვილები მოიკითხა. შემდეგ კი თქვა, რომ იქ, სადაც ის იმყოფებოდა, ძლიერი ქარი უბერავდა და იხუმრა კიდეც, – უკვე ვილოცეთ სიკვდილის წინო.

სამაშველო ოპერაცია

საგანგებო სიტუაციათა მინისტრი ქიამალედდინ ჰეიდაროვი და SOCAR-ის პრეზიდენტი როვნაგ აბდულაევი შემთხვევის ადგილზე მხოლოდ მეორე დღეს მივიდნენ.

2016 წლის 16 დეკემბერს ქვეყნის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა განკარგულებას “აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობის კომპანიის, საწარმოო გაერთიანება “აზნეფტის” კუთვნილებაში არსებულ ნავთობმომპოვებელ პუნქტზე მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით მისაღები ზოგიერთი ზომის შესახებ”. შეიქმნა სპეციალური შტაბი რომელშიც საგანგებო სიტუაციის სამინისტროს სპეციალისტები, თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები, SOCAR-ის წარმომადგენლები და რამდენიმე სხვა სახელმწიფო სტრუქტურის ფუნქციონერები გაერთიანდნენ. როგორც შტაბში აცხადებენ, დაკარგული მენავთობეების მოსაძებნად ამჟამად ზღვაზე 44 გემი და სხვა საზღვაო ტრანსპორტი, 6 ვერტმფრენი და 700 მაშველია მობილიზებული. ასევე, სანაპიროს გასწვრივ გრძელდება სამძებრო-სამაშველო სამუშაოები.

ყველა, ვისაც ვინაობის გამჟღავნების ეშინია

“20 წლის ვიყავი “ნავთობის ქვებზე” რომ დავიწყე მუშაობა [ზღვის საბადო, რომელზეც ჭაბურღილები ესტაკადებით ებმის ერთმანეთს და მის გვერდით არის მენავთობეების დასახლებაც, რომელიც ოჩოფეხებზე დგას]. საბჭოთა პერიოდში მენავთობეები მართლაც ძალიან კარგად ცხოვრობდნენ. მაღალ ხელფასებს იღებდნენ. სახიფათო მეტეოროლოგიური პირობების დროს, მუშაობა ჩერდებოდა და თანამშრომლების ევაკუაცია ხდებოდა. კატარღები, ჟილეტები, მორიგე გემები – ყველაფერი მზად იყო იმითვის, რომ ავარიის შემთხვევაში ადამიანები არ დახოცილიყვნენ. თვალყურს ადევნებდნენ ესტაკადების მდგომარეობას და დროულად არემონტებდნენ. ამჟამად ესტაკადები სრულიად გამოსულია მწყობრიდან. მათზე მუშაობა აღარ შეიძლება. უსაფრთხოების სხვა ზომებსაც არასერიოზულად ეკიდებიან”, – ამბობს პენსიაზე გასული მენავთობე.

ახლა მისი შვილი კასპიის ზღვაში მუშაობს, სადაც ნავთობის მოპოვებით არის დაკავებული. ვინაობას არ ამხელს, რადგანაც დარწმუნებულია, რომ სახელის გამჟღავნების შემთხვევაში, მის შვილს სამსახურიდან გააგდებენ.

“მე რა მიჭირს – თავის დროზე ვიმუშავე და ახლა ჩემი პატარა პენსიით, ასე თუ ისე, მაინც გამაქვს თავი. მაგრამ ჩემი ვაჟის ბედი მაღელვებს. ბევრი ადამიანი სრულიად უმიზეზოდ ჰყავთ გაგდებული. ალბათ მკითხავთ, – თუ ასეთი სახიფათო საქმეა, როგორ ურიგდები იმას, რომ შენი შვილი ზღვაში მუშაობსო. დიახ, ის ყოველდღიურად საფრთხეში იგდებს თავს, მაგრამ პურის ფულს მაინც შოულობს. რა ეშველება, რომ გააგდონ და რაიმე სამსახურის პოვნა ვერ შეძლოს?! კარგ სამსახურზე არ ვამბობ, უბრალოდ სამსახურს ვგულისხმობ”, – ამბობს ყოფილი მენავთობე.

ზღვაში მომუშავე მენავთობეების ხელფასი ძირითადი ნაწილისა და პრემიებისგან შედგება. ბონუსების რაოდენობა სამუშაოს სირთულეზეა დამოკიდებული. მთლიანობაში, მენავთობეების ხელფასი, საუკეთესო შემთხვევაში, 1000 მანათს ($700) არ აჭარბებს.

ისტორია

ყოველწლიურად, სულ ცოტა 2-3 ავარია მაინც ხდება. საბედნიეროდ, მათი უმრავლესობა მსხვერპლის გარეშე სრულდება. უკანასკნელი ავარია, რომელსაც ადამიანები ემსხვერპლნენ, ამ შემთხვევამდე ერთი წლითა და 10 დღით ადრე მოხდა. მაშინ “გიუნეშლის” საბადოს მე-10 ღრმაწყლიან პლატფორმაზე მომხდარი აფეთქებისა და მისი თანმდევი ხანძრის შედეგად 63 ადამიანი ჩავარდა ზღვაში, რომელთაგან 32-ის გადარჩენა მოხერხდა. მაშველებმა 12 ცხედარი იპოვეს, დანარჩენი 19 ადამიანი კი დღემდე დაკარგულად მიიჩნევა.

მაშინ აზერბაიჯანის პრეზიდენტის განკარგულებით, თითოეული დაღუპული, ან უგზოუკვლოდ დაკარგული ადამიანის ოჯახს 15 000 ($8500) მანათი გადაეცა.

“გიუნეშლიზე” მომხდარი ტრაგედიის დროს დაკარგული მენავთობის მეუღლე ქიფაიათ იბრაჰიმოვა მიიჩნევს, რომ მისი მეუღლე და სხვა გარდაცვლილები არამხოლოდ სტიქიური უბედურებას, არამედ უპასუხისმგებლობას შეეწირნენ:

“გვესმის რომ ზღვაა. იქ მუშაობა ყოველთვის სახიფათოდ მიიჩნეოდა. მაგრამ უსაფრთხოების ზომები დაცული იყო?  ჩვენი შემთხვევის შემდეგ მრავალჯერ ვუთხარით, ვთხოვეთ, რომ სხვა მენავთობეების ოჯახები არ დაზარალებულიყვნენ. შეუქმენით ნორმალური პირობები. ისე ქენით, რომ ასეთი რამ აღარ განმეორდეს. ჩვენთან ხომ ყოველთვის ტრაგედიის შემდეგ იღებენ ზომებს. და დღეს მრავალი ოჯახი ისევ დაღუპულებს გლოვობს”.

მიზეზები

მენავთობეების უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, მირვარი გაჰრამანლი ამბობს, რომ “დაუსჯელობის სინდრომი დანაშაულის ზრდას იწვევს”. უფლებადამცველის თქმით, 2011 წლიდან ბოლო შემთხვევამდე სანავთობო სფეროში 8 ავარია მოხდა, რომლებსაც 43 ადამიანი ემსხვერპლა (თუმცა, ზოგიერთი მათგანი დღემდე უგზოუკვლოდ დაკარგულად მიაჩნიათ).
კომიტეტის ინფორმაციით, 2010-2015 წლებში ქვეყნის სანავთობე სექტორში 108 ადამიანი დაიღუპა – მ.შ. SOCAR-ის 94 თანამშრომელი.

მირვარი გაჰრამანლი მიიჩნევს, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობის კომპანიის თანამშრომლებთან მიმართებით “შრომის კოდექსის” რამდენიმე რეგულაცია დაირღვა.

“ესტაკადა, რომელიც ზღვამ წაიღო, 1970 წელს აშენდა და მისი ექსპლუატაციის ვადად 30 წელია განსაზღვრული. “კოსმეტიკურ” სამუშაოებს თუ არ ჩავთვლით, მას რეალური სარემონტო სამუშაოები არ ჩატარებია. ბალანსში ამ ნაგებობას “ავარიულის” კლასიფიკაცია ჰქონდა მინიჭებული. ნგრევისას კონსტრუქციამ მისი მიმდებარე სამუშაო მოედნის ნაწილიც “ჩაითრია” ახალ ჯიხურთან ერთად, რომელშიც მენავთობეები იმყოფებოდნენ.

მაინტერესებს, რა ზომები გატარდება იმ ადამიანებთან მიმართებით, რომლებმაც ვერ გააცნობიერეს, თუ რამდენად სახიფათო იყო ჯიხურის დადგმა იმ მოედანზე, რომელიც ავარიულ ესტაკადას ესაზღვრება. რატომ არ მოხდა იმ ესტაკადის დროული დემონტაჟი?” – კითხულობს უფლებდამცველი.

იგი აღნიშნავს, რომ ავარიები, სავარაუდოდ, კიდევ მოხდება, რადგან “სოკარის” თითქმის ყველა ესტაკადას ვადა აქვს გასული: “ზღვის თავზე ფრენისას წყლიდან ამოშვერილი, გამოუყენებელი, დაჟანგებული ლითონის დიდი გროვები ჩანს. ძველი ესტაკადები უნდა მოიხსნას და პლატფორმებზე უნდა გადავიდეთ – მსოფლიო სტანდარტების შესაბამისად”.

ოჯახი, რომელსაც გაუმართლა

ზღვაში დაკარგული 10 მენავთობიდან ხუთი ალიათის დასახლებაში, ერთმანეთის მეზობლად ცხოვრობდა. ორი მათგანი, გიულიოღლან და აზაი ზულფუგაროვები, ძმები იყვნენ. 51 წლის გიულიოღლანს 8 შვილი დარჩა, მის უმცროს ძმას, აზაის კი – ორი.

მათი ძმა, ჩინგიზ ზულფუგაროვი ზღვას გასცქერის და ნერვიულად ეწევა. ნელა საუბრობს, ფრაზებს შორის პაუზებით. დიდი ოჯახის რჩენა მთლიანად მას დააწვა. “გიულიოღლანმა ზღვაზე 25 წელი იმუშავა, აზაიმ – 15. გიულიოღლანის რვა შვილიდან მხოლოდ ერთია დაოჯახებული. ყველა დანარჩენი არასრულწლოვანია. უმცროსი, 13 წლის ქალიშვილი ინვალიდია. მამამისის ხელფასის თითქმის ნახევარი მის მკურნალობას ხმარდებოდა. წარმოდგენა არ მაქვს, ახლა რაღა ეშველება ამ ბავშვს.

აზაის საკუთარი ბინაც კი არ ჰქონდა. მშობლებთან ცხოვრობდნენ. ვერაფრით ახერხებდა თავისი სახლის მშენებლობის დასრულებას და გადასვლას. ყველა მის ხელფასზე ცხოვრობდა. ასე თუ ისე, მაინც გაჰქონდა თავი. ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა. ერთი სამი წლისაა, მეორე – ორის, – ამბობს ჩინგიზი და აღნიშნავს: “ნეტა გვამები მაინც ვიპოვოთ, რომ გარდაცვლილებს საფლავები ჰქონდეთ”.

ამ თემაზე არ საუბრობენ, მაგრამ მეზობლების აზრით, ყველაზე მეტად გაფაროვებს გაუმართლათ, რადგან ილჰამ გაფაროვს საფლავი მაინც ექნება.

99

 


ასევე წაიკითხეთ