რა დაემართა საფრანგეთს იმ პერიოდში, რომელიც ღირსსახსოვარი ტერაქტის შემდეგ გავიდა " />

«Je suis Charlie» სამი წლის შემდეგ

რა დაემართა საფრანგეთს იმ პერიოდში, რომელიც ღირსსახსოვარი ტერაქტის შემდეგ გავიდა

მხატვარმა კრისტიან გიუემიმ (ფსევდონიმი, რომელსაც არტისტი 2015 წლის შემდეგ იყენებს) იმ ოფისის გვერდზე, რომელშიც ადრე გამომცემლობის რედაქცია მდებარეობდა, Charlie-ს დაღუპული წევრები გამოსახა. ფოტო: იური საფრონოვი/“ნოვაია გაზეტა“:

ნოვაია გაზეტას“ მასალების მიხედვით  

7-9 იანვარს სამი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საფრანგეთის ისტორიაში ყველაზე სისხლიანი ტერაქტების პერიოდი დაიწყო. 2015 წლის 7 იანვარს, დილის საათებში, პარიზში სატირული გაზეთის, Charlie Hebdo-ს რედაქციას დაესხნენ თავს და თორმეტი ადამიანი მოკლეს. მომდევნო დღეს ტერორისტების ქმედებებს პოლიციის თანამშრომელი ემსხვერპლა, ცხრა იანვარს კი ქოშერულ მაღაზია Hyper Cacher-ზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა. შვიდ იანვარს,  Charlie Hebdo-ს შემთხვევიდან სამი წლის თავზე, პარიზის რესპუბლიკის მოედანზე დაღუპულთა ხსოვნისათვის პატივის მისაგებად თითქმის არავინ მოსულა.

სამი წლის წინ ამავე მოედანსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთ-ნახევარი მილიონი ადამიანი იდგა პლაკატებით, რომლებზეც «Je suis Charlie» ეწერა. ასეთი მასობრივი შეკრება აღარ გამართულა. ტერაქტები საზარელ რუტინად იქცა და პლაკატებით სიარული არც ისე ბევრ ადამიანს აღაფრთოვანებდა. ამასთან, მასობრივი შეკრების მოწყობის იდეა არც ხელისუფლებას ახარებდა, იმიტომ რომ ასეთი მანიფესტაციის დროს ახალი შეტევების განხორციელების საფრთხე იზრდება.

              Charlie Hebdo-ში მომხდარი ტერაქტების გამოძიება დასასრულს უახლოვდება

გაზეთ Le Monde-ის წყაროების მიხედვით, Charlie Hebdo-სა Hyper Cacher-ში მომხდარი ტერაქტების გამოძიება მიმდინარე წლის გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში უნდა დასრულდეს. ამასთან, გამოძიებაში დღემდე არაერთი „თეთრი ლაქა“ რჩება. სულ თოთხმეტ ადამიანს წაუყენეს ბრალი და განსასჯელთა შორის იარაღით მოვაჭრე ორი დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებიც არიან.

ერთ-ერთ დაჯგუფებას კლოდ ერმანი ხელმძღვანელობდა – ულტრამემარჯვენე „მოღვაწე“ ქალაქ ლილიდან, გადამდგარი სამხედრო მოსამსახურე, რომელიც ოქტომბერში დამოუკიდებლად გაასამართლეს და აღმოსავლეთი ევროპიდან იარაღის არალეგალურად შემოტანისათვის შვიდწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. სასამართლოზე იგი ამტკიცებდა, რომ არამხოლოდ პირადი, არამედ ფრანგული ჟანდარმერიისა და საბაჟოს ინტერესებისთვისაც მუშაობდა და ზემოაღნიშნული უწყებების ინფორმატორი იყო. როგორც ჩანს, თავის დროზე თავად ერმანმა სწორედ „ძალოვანებთან“ კავშირის წყალობით აირიდა პატიმრობა – მანამ, ვიდრე არ გაირკვა, რომ ტერორისტმა კულიბალიმ, რომელმაც პოლიციის თანამშრომელი და მაღაზია Hyper Cacher-ში აყვანილი მძევლები დახოცა, მისგან ექვსი ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი შეიძინა. კულიბალი „მჭიდროდ თანამშრომლობდა“ ძმებ კუაშიებთან, რომლებმაც Charlie Hebdo-ს ტერაქტი მოუწყვეს.

ამ შემთხვევაში – ისევე, როგორც ყველა სხვა ეპიზოდში – „ძალოვანებს“ – ისევე, როგორც თავად ერმანს, რომელსაც „ძალოვანები“ მფარველობდნენ – სავარაუდოდ, სულაც არ სურდათ, ტერორისტების სახეიროდ ემუშავათ. უბრალოდ ფანატიკოსები „ურჯულოების“ ანგარებითა და დოყლაპიობით სარგებლობენ. და, რა თქმა უნდა, მათ უპრინციპობასაც იყენებენ.

როდესაც ერთ-ერთ უდიდესი ფრანგული კომპანია (ყოველ შემთხვევაში, ამჟამად სწორედ ამ კომპანიაზე ეჭვობენ) ტერორისტებს ფულს უხდიდა იმისთვის, რათა ამ ფირმის მფლობელობაში არსებული ცემენტის ქარხანა (რომელიც სირიაში მდებარეობს) არ დაენგრიათ, Charlie Hebdo-სა და Hyper Cacher-ის ტერაქტებამდე სამ თვეზე ცოტა მეტი იყო დარჩენილი. კომპანიის ის თანამშრომლები, რომლებსაც ბრალი წაუყენეს, საკუთარ ქმედებების გასამართლებლად აცხადებენ, რომ მაშინ საფრანგეთში ტერაქტებს არ აწყობდნენ. და საერთოდაც… ტერორისტებისათვის „მფარველობის“ მიზნით თანხის გადახდის გადაწყვეტილების მიღებისას ისინი გულმოდგინედ თანამშრომლობდნენ ფრანგ დიპლომატებთან.

 

რატომ «Je suis Charlie»

ალბათ რამდენიმე თვის შემდეგ რომელიმე მათგანი რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილ მილიონიან კოლონაში იდგა და მიაბიჯებდა ბანერით «Je suis Charlie».

ცხადია, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ზემოაღნიშნულ დიპლომატებსა და ცემენტის ქარხნის ტოპმენეჯერებს პირდაპირ – ან ირიბად – მიუძღვით ბრალი რომელიმე ტერაქტის მოწყობაში. ისინი არა ტერაქტებს, არამედ საკუთარი ქარხნის უსაფრთხოებას აფინანსებდნენ და ქვეყნის ფინანსურ კეთილდღეობაზე ფიქრობდნენ.

და ისიც, ვინც სიამაყით ამბობს, რომ „შარლი არაა“ და მკვლელობას „მოციქულის შეურაცხყოფის გამო შურისძიებით“, ან „შეგინებული რჯულის დაცვის“ მოტივით ამართლებს, ნამდვილად არაა დამნაშავე ყოველ მომდევნო ტერორისტულ აქტში. ტერაქტებს ხომ მეტწილად მაღალი ინტელექტის მქონე ადამიანები აწყობენ – ის პირები, რომლებიც სხვების ზეგავლენის ქვეშ მოქცევისკენ არ არიან მიდრეკილნი.

  და ძალიან სამწუხაროა, რომ 2018 წელს ფრანგების 61 პროცენტი(გასულ წელთან შედარებით 10 პროცენტით ნაკლები) ამბობს: „ მე კვლავაც Charlie ვარ“. ქვეყანას უარი არ უნდა ეთქვა ამ ლოზუნგზე, იმიტომ რომ მისი არსი იმ თავისუფალი სიტყვის მხარდაჭერაა, რომლის წარმოთქმის დროსაც ადამიანს არ უნდა ეშინოდეს, რომ მოკლავენ.

2015 წლის 11 იანვარს საფრანგეთის ქალაქებში ოთხი მილიონი ადამიანი გამოვიდა პლაკატებით, რომლებსაც «Je suis Charlie» ეწერა.

ფილიპ ლანსონმა, Libération-ისა და Charlie Hebdo-ს ჟურნალისტმა, რომელიც რედაქციაში მომხდარი ტერაქტის დროს მძიმედ დაიჭრა, სამი წლის შემდეგ  თავის სვეტში გამოაქვეყნა სტატია, რომელიც ამ სლოგანს მიუძღვნა:

«Je suis Charlie» — მაშინ სლოგანს დაახლოებით  ასეთი მნიშვნელობა ჰქონდა: „შეიძლება ითქვას, რომ მე პირადად Charlie-ს თითქმის არ ვკითხულობ, მაინცდამაინც არ მეხატება გულზე Charlie, მაგრამ მე წინააღმდეგი ვარ იმის, რომ „შარლის“ წარმომადგენლებს მათი საქმიანობის გამო კლავდნენ ყველა აღდგა. პრინციპის გამო. სიცოცხლისათვის აღდგა. სიცოცლის პრინციპის ზეიმისათვის აღდგა…».

რა თქმა უნდა, მოგვიანებით ეს სლოგანი პოლიტიკოსებმა და სიძლვილის მთესავმა ადამიანებმა გაცვითეს და „ათრიეს“, რის გამოც ამ ფრაზამ დამაჯერებლობა დაკარგა, მაგრამ მოდით ნუ დავივიწყებთ მის პირვანდელ მნიშვნელობას.

«ჩემთვის სლოგანს «Je suis Charlie» კვლავაც ძველი მნიშვნელობა აქვას  უბრალოდ მინდა, თავისუფლად ვგრძნობდე თავს, იმას ვწერდე და ვკითხულობდე, რაც მსურს და მსგავსი თავისუფლება სხვებსაც ჰქონდეთ», — წერს ლანსონი, რომელიც Charlie Hebdo-ში მუშაობას აგრძელებს. ეს კი საკმაოდ მძიმე ტვირთია.  


ასევე წაიკითხეთ