სამშვიდობო თემაზე მომუშავე ათმა ორგანიზაციამ ე.წ. აგენტების რეესტრში რეგისტრაციის პროცესი დაიწყო. რა არგუმენტები აქვთ მათ
აგენტების რეესტრში რეგისტრაცია
საქართველოში სამშვიდობო თემაზე მომუშავე ათმა არასამთავრობო ორგანიზაციამ გაავრცელა განცხადება, სადაც ისინი აღნიშნავენ, რომ ე.წ. აგენტების რეესტრში რეგისტრაციის პროცესი დაიწყეს.
როგორც წერილშია ნათქვამი, მათ ჯერ პროცესი ბოლომდე არ მიუყვანიათ – ჯერ დოკუმენტაცია არ წარუდგენიათ, რადგან იმედი აქვთ, რომ დროს მოიგებენ და უახლოესი ათი დღის განმავლობაში საკონსტიტუციო სასამართლო კანონის მოქმედებას შეაჩერებს. რეგისტრაცია ხანგრძლივი პროცედურაა. ის სრულდება მაშინ, როდესაც, ორგანიზაცია რეესტრის მიერ მოთხოვნილ ყველა დოკუმენტს წარადგენს.
ეს ათი ორგანიზაცია შედის არასამთავრობო ორგანიზაციების იმ უმნიშვნელო რაოდენობაში (1,6 პროცენტში), რომელთაც ე.წ. აგენტების რეგისტრში ნებაყოფლობით რეგისტრაცია აირჩიეს.
ნებაყოფლობით რეგისტრაციის ვადა 2 სექტემბერს ამოიწურა. საბოლოოდ, რეესტრში საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების მხოლოდ 1,6% დარეგისტრირდა ( 469 ორგანიზაცია 30 ათასამდე ორგანიზაციიდან). JAMnews-ი კატეგორიულად ემიჯნება ამ პროცესს და ე.წ. უცხოური აგენტების რეესტრში დარეგისტრირებაზე უარს ამბობს.
სამშვიდობო ორგანიზაციები, რომლებიც განცხადებას ხელს აწერენ და რეესტრში დარეგისტრირების პროცედურა დაიწყეს არიან:
- სტუდია რე
- ჰელსინკისმოქალაქეთა ასამბლეის საქართველოს ეროვნული კომიტეტი
- ლევან მიქელაძის სახელობის ფონდი
- ასოციაცია „მშვიდობიანი და საქმიანი კავკასია“
- კოალიცია დევნილთა უფლებებისთვის
- პედაგოგთა კავშირი „განათლება და სამყარო“
- მეწარმე ქალთა ფონდი
- კავშირი „მომავლის ცხინვალი“
- ასოციაცია „იმედი“ დევნილ ქალთა მოძრაობა მშვიდობისათვის
- ფონდი „აფხაზინტერკონტი“
- 2 სექტემბერი ბოლო ვადაა “აგენტების რეესტრში” დასარეგისტრირებლად. ვინ რას აპირებს?
- საკონსტიტუციო სასამართლოს ისტორიული გადაწყვეტილების მოლოდინში
- რუსული კანონი უკვე რეალობაა. როდის დაიწყებს ის მოქმედებას და ვის შეეხება
“განცხადებაზე ხელისმომწერი ორგანიზაციები საჯაროდ ვაცხადებთ, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება სრულიად დაუმსახურებლად და შეურაცხმყოფელი ფორმით იწვევს ჩვენ სტიგმატიზებას. რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, კანონი და მის მიღებასთან დაკავშირებული ვითარება აზიანებს ჭეშმარიტ სახელმწიფო ინტერესებს.
ასე, კანონის მიღების შედეგად სახეზეა, ერთი მხრივ, საზოგადოებრივი მღელვარება და პოლიტიკური სიტუაციის დაძაბვის რეალური პერსპექტივა, მეორე მხრივ, საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობების არნახული გაუარესება, რაც უარყოფითად უკვე აისახება საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრულ ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივაზე, მთელ რიგ თანამშრომლობით და დახმარების პროგრამებზე. გვაშფოთებს ყოველივე ამის შედეგად მოსალოდნელი პრობლემები, რაც ქვეყანას დაუდგება საყოველთაო სოციალური აპათიის, გაზრდილი ემიგრაციისა თუ დაქვეითებული კეთილდღეობის სახით.
მიმდინარე წლის 11 აპრილის განცხადებაში, რომელსაც ჩვენი ჩათვლით ხელს აწერდა 32 სუბიექტი, სხვასთან ერთად, აღნიშნული იყო, რომ, კანონის ძალაში შესვლის შემთხვევაში საფრთხის ქვეშ დადგებოდა სახალხო დიპლომატიის ფარგლებში მიმდინარე აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის საზოგადოებებთან კომუნიკაციის მრავალწლიანი და ფაქიზი პროცესი. ასევე, ხაზი გაესვა იმას, რომ გართულდებოდა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ექსპერტების აქტიური თანამშრომლობა საქართველოს პარლამენტთან და სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან.
იმედს გამოვთქვამთ, რომ ადრე თუ გვიან ხელისუფლება გაიზიარებს ჩვენს შეშფოთებას და გააუქმებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს. მანამდე, იმედით დაველოდებით საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ კანონის მოქმედების შეჩერებას.
თუ ეს დროულად არ მოხდა, იძულებული ვიქნებით ვიხელმძღვანელოთ კანონით გათვალისწინებული ნორმებით და დავასრულოთ ჩვენი ნების საწინააღმდეგოდ მოთხოვნილი რეგისტრირება შესაბამის რეესტრში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ფინანსური, პოლიტიკური, ლოგისტიკური თუ სამართლებრივი ბარიერების და რისკების გაცნობიერებით, მივიჩნევთ, რომ სერიოზული ზიანი მიადგება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში ნდობის აღდგენისა და მშვიდობის მშენებლობის პროცესს, რაშიც აქტიურად არიან ჩართული ჩვენი ორგანიზაციები”, – ნათქვამია ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
რატომ მოუწიათ სამშვიდობო თემაზე მომუშავე ორგანიზაციების რეგისტრაციის დაწყება
2 სექტემბერი იყო ბოლო ვადა იმისათვის, რომ ორგანიზაციები, რომელთაც ე.წ. “აგენტების შესახებ” კანონის ფარგლებში, სპეციალურ რეესტრში რეგისტრაცია უწევდათ, საკუთარი ნებით დარეგისტრირებულიყვნენ. 3 სექტემბრიდან, იურიდიულად, იუსტიციის სამინისტროს უკვე შეუძლია რომ კანონის აღსრულება დაიწყოს – ორგანიზაციების შემოწმება და მათუ დაჯარიმება. პირველადი ჯარიმა რეგისტრაციის არ გავლის გამო 25 ათასი ლარია.
- NATO-ს ახალ დეკლარაციაში საქართველო მხოლოდ ერთხელაა ნახსენები
- ევროკავშირმა შეაჩერა 30 მლნ ევროს დახმარება საქართველოსთვის. ჰერჩინსკის თქმით, იქნება სხვა ზომებიც
- აშშ-მა საქართველოსთან სამხედრო სწავლება განუსაზღვრელი ვადით გადადო
საბოლოოდ, რეესტრში საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების მხოლოდ 1,6% დარეგისტრირდა ( 469 ორგანიზაცია 30 ათასამდე ორგანიზაციიდან). რიგები იუსტიციის სახლებთან, რისი მოლოდინიც იუსტიციის სამინისტროს ჰქონდა, არ დამდგარა.
არასამთავრობო ორგანიზაციების უდიდესი უმრავლესობა აგენტების შესახებ რუსულ კანონს დაუმორჩილებლობას უცხადებს და რეგისტრაციას არ აპირებს. ეს ორგანიზაციებმა არაერთხელ განაცხადეს ღიად და საჯაროდ.
„ჩვენ არ დავემორჩილებით რუსულ კანონს! გავაგრძელებთ ბრძოლას რუსული კანონის წინააღმდეგ, გავაგრძელებთ ერთმანეთის გაძლიერებას, საქართველოს მოქალაქეების დახმარებას და კიდევ ერთხელ ვაჩვენებთ მთელს მსოფლიოს, რომ ჩვენ არ გავრუსდებით“, – ნათქვამია სამოქალაქო საზოგადოების ფონდის განცხადებაში, რომელიც ერთ-ერთია ამ დღეებში, სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებებიდან..
რეგისტრაციას არ აპირებენ არც საქართველოში მოქმედი დამოუკიდებელი მედიაორგანიზაციები.
ზოგმა ორგანიზაციამ მუშაობის შეწყვეტის გადაწყვეტილებაც კი მიიღო, იმისათვის, რომ ღირსებისშემლახავ რეესტრში არ დარეგისტრირებულიყო.
მაგალითად, რუსული კანონის გამო მუშაობის შეწყვეტა მოუხდა ფონდს „სიკეთის რევოლუცია“. ეს ფონდი ადამიანების შეწირულებით არსებობდა და გაჭირვებულ ოჯახებს ეხმარებოდა. რეგისტრაცია კი უწევდა იმიტომ, რომ მას შემწირველები, ფიზიკური პირები, ევროპის ქვეყნებიდანაც ჰყავდა.
ასევე, მუშაობა შეწყვიტა მიუსაფარ ცხოველებზე მზრუნველმა ორგანიზაციამ „ Animal Project • პროექტი ცხოველებისთვის. ეს ორგანიზაცია ოთხი წლის წინ რამდენიმე აქტივისტმა დააფუძნა და ისინი უსახლკარო ცხოველების დაცვას და გადარჩენას ცდილობდნენ.
დარეგისტრირების გადაწყვეტილების გამო საზოგადოების დიდი აღშფოთება დაიმსახურა აქტივისტურმა მოძრაობა “სირცხვილიამ”, რომელიც ამ კანონის საწინააღმდეგო, 50-დღიანი, მრავალათასიანი აქციების მთავარი მედროშე იყო.
“სირცხვიალიამ” 30 აგვისტოს თქვა, რომ რეგისტრაციის გადაწყვეტილება მიიღო. ისინი ძალიან გააკრიტიკეს, მიუხედავად იმისა, რომ ეცადნენ აეხსნათ, რომ ეს გადაწყვეტილება საზოგადოების ინტერესებს ემსახურებოდა. ამბობდნენ, რომ არ სურდათ არჩევნებამდე მუშაობის შეწყვეტა და ამომრჩევლების მარტო დატოვება „ქართული ოცნების“ პროპაგანდის პირისპირ, არ სურდათ ხელისუფლებისთვის ჯარიმის გადახდა ა.შ.
ამ კრიტიკის გამო, 31 აგვისტოს „სირცხვილიამ“ ბოდიში მოიხადა და გადაწყვეტილება შეცვალა.
ახლა ყველა, არასამთავრობო სექტორიც და მედიაორგანიზაციებიც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება.
საკონსტიტუციო სასამართლოს ჯერ არ გადაუწყვეტია, შეაჩერებს თუ არა დროებით რუსული კანონის მოქმედებას. ეს მოხდება მაშინ, თუ სასამართლო წარმოებაში მიიღებს პრეზიდენტის, საპარლამენტო ოპოზიციისა და არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების გაერთიანებულ სარჩელს და ჩათვლის, რომ იქამდე სანამ საბოლოო განაჩენს გამოიტანს, აუცილებელია კანონის დროებითი შეჩერებაც.
გამწესრიგებელი სხდომა 29, 30 და 31 აგვისტოს გაიმართა. ზუსტად როდის იქნება სასამართლოს გადაწყვეტილება არ ვიცით. სავარაუდოდ, გადაწყვეტილება რამდენიმე დღეში უნდა გახდეს ცნობილი.
აგენტების რეესტრში რეგისტრაცია