როგორ აღვზარდოთ იდეალური ბავშვი
იდეალური ბავშვის აღზრდა ძალიან მარტივია. ამისთვის თანმიმდევრულ ინსტრუქციას უნდა მივყვეთ.
აი, ის წესები, რომლებიც უნდა დავიცვათ
1.მუდამ დროულად ადექით – ანუ რაც შეიძლება ადრე და ერთსა და იმავე დროს;
2. მაშინვე გაასწორეთ საწოლი.
3. ადგებით თუ არა, ჩაიცვით, ჩაი დალიეთ და სპორტით დაკავდით. სირბილი ითვლება. უკიდურეს შემთხვევაში, უბრალო ვარჯიშების ჩატარებაც შეიძლება;
4.ისაუზმეთ სასარგებლო პროდუქტებით: რძე, კვერცხი, ხაჭო – თქვენი მეგობრები არიან. ყავა და ორცხობილები – თქვენი მტრები;
5. სამსახურში ყოველთვის დროულად მიდით. გზად რაიმე აუდიოწიგნს მოუსმინეთ, რომ დრო უქმად არ დაკარგოთ;
6. სამსახურში ლაყობობაში დროს ნუ დაკარგავთ – აქ სალაყბოდ ხომ არ დადიხართ. ლაყბობა შესვენებაზე შეგიძლიათ, სადილის დროს;
7.ყოველთვის თავაზიანად და პატივისცემით მოეპყარით კოლეგებს და უფროსობას.
8.ყოველდღიურად გადაივლეთ ცივი წყლის შხაპი – ასე სულ ჯანმრთელად იქნებით და სამსახურს არ გააცდენთ;
9. არ დაგავიწყდეთ მშობლებისადმი ყურადღების გამოვლენა – ხშირად დაურეკეთ და ესტუმრეთ მათ;
10. ნივთები იდეალურად მოწესრიგებული გქონდეთ – კარადის გამოღებისას ადამიანს თავზე არაფერი არ უნდა ეცემოდეს. ტანსაცმელი აკურატულად დაკეცეთ. წინდები კი ერთად გამოკარით;
11. არასდროს დატოვოთ ჭურჭელი ნიჟარაში. შეჭამე, და მაშინვე გარეცხე. და არ დაგავიწყდეთ საღამოს ნაგვის გადაყრა, თორემ დილამდე თაგვები და ტარაკნები გაჩნდებიან;
12. იმეგობრეთ ისეთ ადამიანებთან, ვინც ცხოვრებაში წარმატებას მიაღწია, და არა მაჩანჩალებთან, ალკოჰოლიკებთან და უსაქმურებთან;
13. საღამოობით სოციალურ ქსელებს ნუ ჩაუჯდებით. ჯობს, წიგნი წაიკითხოთ და დროულად დაწვეთ, რომ კარგად გამოიძინოთ;
14. ყოველთვის სიმართლე თქვით;
15.დროულად გააკეთეთ ყველა თქვენი საქმე, ნუ გადააცილებთ დედლაინებს, ხვალისთვის ნურაფერს გადადებთ.
მაშ ასე, მიჰყევით ყველა ამ წესს (რასაკვირველია, ბავშვის დაბადებამდე უნდა დაიწყოთ), და მაშინ თქვენს შვილებს სხვა რაღა დარჩებათ – თვალს აახელენ თუ არა და სამყაროს შეხედავენ, დაგინახავენ თქვენ – მათთვის ყველაზე მნიშვნელოვან და ახლობელ ადამიანებს, და უბრალოდ გადაიღებენ თქვენი ქცევის მაგალითს, როგორც ერთადერთ შესაძლოს! ჰო, მართლა – არის კიდევ ერთი პირობა. ცხოვრების ეს სწორი წესი თქვენ ბედნიერებას უნდა გგვრიდეთ. უბედური მშობლები – ეს იმის გარანტიაა, რომ ბავშვი ადრე თუ გვიან ყველაფრის პირიქით კეთებას დაიწყებს.
და თუ ეს საშუალება არ მოგწონთ, შემიძლია სხვები შემოგთავაზოთ. მაგალითად, საშუალება ნომერი ორი.
ამ 15-პუნქტიანი ჩამონათვალიდან აღნიშნავთ იმ პუნქტებს, რასაც ბავშვებისგან მოითხოვთ. მაგალითად – დროულად ადგომა და დაწოლა, ლოგონის ალაგება და ასე შემდეგ. შემდეგ აღნიშნავთ იმ წესებს, რასაც თავად მისდევთ. მაგალითად, მე არასდროს გავდივარ სახლიდან სასარგებლო და ნოყიერი საუზმის გარეშე. ახლა კი ნახეთ, რომელი პუნქტები შედის ორივე სიაში? ამოიწერეთ ისინი ფურცელზე. აი, სწორედ ეს შეგიძლიათ მოსთხოვოთ ბავშვებსაც. სხვა დანარჩენი კი უბრალოდ დაივიწყეთ.
“მე არ ვარ სპორტით დაკავებული, მაგრამ შენ ივარჯიშე, ჩემს შეცდომებს ნუ გაიმეორებ” – ეს არ ჭრის. არსებობს აღზრდის ერთადერთი მეთოდი – მაგალითი. სხვა დანარჩენი – ეშმაკის გამოგონილია, განსაკუთრებით ნოტაციები და დასჯა. “დედაჩემი ვარჯიშობს, ამიტომ ლამაზია, მხიარული და შეუძლია მთელ დღეს იაროს და არ დაიღალოს” – ეს არის ერთადერთი, რისი იმედიც შეიძლება გქონდეთ, თავად ბავშვის კეთილი ნების გარდა.
ამით იმის თქმა კი არ მინდა, რომ პროფესორების შვილები ყოველთვის პროფესორები გამოდიან, მეეზოვის შვილები კი – მეეზოვეები. მაგრამ წიგნების, საქმის დაგეგმვის, კვებისა და ფიზიკური აქტივობისადმი დამოკიდებულებას ბავშვები ზუსტად თქვენგან იღებენ. ბანალურად ჟღერს, მაგრამ ეს გვეხმარება გავიგოთ და გამოვიყენოთ უმნიშვნელოვანესი პრინციპი: იმას ვერ მოითხოვთ, რასაც თავად არ აკეთებთ.
ცხოვრების სწორი წესი შეიძლება მხოლოდ დაანახოთ. მისი “თავში ძალით ჩატენვა”, “ჩაგონება” შეუძლებელია.
ამის გაკეთებას ყოველდღიურად ვცდილობ, როდესაც ჩემს მოზარდ ქალიშვილს საღამოობით დაწოლაზე ვეჩიჩინები. ორი წლის რომ იყო, დაბანდი, და ლოგინში ჩააწვენდი, ახლა კი 12 წლისაა, და საამისოდ საკმაოდ დიდი ზომისაა. ჰოდა, პრინციპში შუაღამემდე არასდროს წვება. იმიტომ, რომ დედამისი ღამის სამ საათზე ადრე არ იძინებს. მე უფროსი ვარ და ანგარიშს არავის ვაბარებ, და მაქვს ასეთი თავის გასამართლებელი მიზეზიც, რომ “მომწონს მუშაობა, როდესაც ყველას ძინავს არავინ ხელს არ მიშლის”. თავისი მიზეზები ბავშვებსაც აქვთ საიმისოდ, რომ იდეალურები არ იყვნენ.
იქნებ ჩვენ თვითონ უნდა შევეგუოთ იმას, რომ ბავშვი “ფეხსაცმელს ისევ ბოლო წუთს წმენდს” ან “ისევ რაღაც საძაგლობას ჭამს”.
შეეგუეთ, თუ კვირა დღეს გვიანობამდე გიყვართ ძილი, რთული სამუშაო დღის შემდეგ კი – ტახტზე ლუდით და ჩიპსებით ხელში წოლა. და თუკი ყოველმხრივი წესრიგის მომხრე ხართ – რა გაეწყობა, მაშინ თანმიმდევრულ ინსტრუქციას დავუბრუნდეთ. და ახლავე შეუდექით!
გამოქვეყნებულია 15.12.2016