ამ დარღვევების შესახებ ყველამ იცის, თუმცა მათ ყველა არ ებრძვის." />

სომხეთში შრომის კოდექსის დარღვევის 5 გავრცელებული მაგალითი

ამ დარღვევების შესახებ ყველამ იცის, თუმცა მათ ყველა არ ებრძვის.

ანტიკორუფციული ცენტრის, „ტრანსფერენსი ინტერნეიშენალის“ იურიდიული კონსულტანტი, ერიკნაზ ტიგრანიანი აღნიშნავს, რომ სომხეთში შრომის სამართალთან დაკავშირებით რაიმე გამოკვლევა არასდროს ჩატარებულა და არ არსებობს სტატისტიკური მონაცემები იმის შესახებ, თუ რამდენად ვითარდება ქვეყანაში შრომის კანონონმდებლობა.

არ გვაქვს ზუსტი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ტიპის დარღვევებთან გვაქვს საქმე. იურისტი შრომის კოდექსის იმ ხუთ დარღვევაზე გვესაუბრა, რომლებსაც ყველაზე ხშირად ვაწყდებით სომხეთში. ექსპერტი ჩვენთან საუბრისას ანტიკორუფციული ცენტრის მონაცემებს ეყრდნობოდა.

1. არაოფიციალურად დაქირავებული თანამშრომლები

როგორც წესი, ასეთ შემთხვევებში, დამსაქმებელი და დასაქმებული სიტყვიერად თანხმდებიან. შედეგად, დამსაქმებელი თანამშრომელს არ „აფორმებს“ და ამ გზით საგადასახადო ვალდებულებებს არიდებს თავს. ასეთი პირობით დასაქმებული  ადამიანი დამსაქმებლის ორგანიზაციაში მუშაობით დროს კარგავს, იმ თვალსაზრისით, რომ მისი ნამუშევარი სადაზღვევო სტაჟად არ ითვლება.

დამსაქმებელთან ნებისმიერი ტიპის უთანხმოების (მაგალითად, ხელფასის გადახდისას წარმოქმნილი პრობლემები) შემთხვევაში კი, რაიმე სახის შრომითი დამოკიდებულების დამტკიცება ძნელდება.

სომხეთში არკვევენ, რის ხარჯზე გაჩნდა რევოლუციის შემდეგ 50 ათასი სამუშაო ადგილი

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა ფაშინიანის გუნდსაც შეეხო

2. შრომით ხელშეკრულებაში აღუნიშნავი ხელფასის ზუსტი ოდენობა

ჩვეულებისამებრ, დასაქმების მსურველი დამსაქმებლის ამ პირობას ეთანხმება ხოლმე, რადგან სამსახურის ქონა მას უკვე აკმაყოფილებს.

ფაქტობრივად, ის მაღალ ხელფასს იღებს, მაგრამ ხელშეკრულებაში ხშირად რეალურზე ბევრად მცირე თანხაა მითითებული. დამსაქმებელი ამ გზით ახერხებს, რომ ნაკლები გადასახადი გადაიხადოს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუკი ის თანამშრომელს ხელფასს არ გადაუხდის, ან უმიზეზოდ გაათავისუფლებს, დასაქმებული სასამართლო პროცესზე ვერ შეძლებს იმის დამტკიცებას, რომ რეალურად მაღალ ხელფასს იღებდა. ამდენად, ეს გარემოება დასაქმებულისთვის მეტად არახელსაყრელ პირობებს ქმნის.

3.  მოკლევადიანი, საფუძველს მოკლებული შრომითი ხელშეკრულება

დამსაქმებლები ხშირად მოკლევადიანი  შრომითი ხელშეკრულებების გაფორმებას ანიჭებენ უპირატესობას. ასეთი კონტრაქტები მათ საშუალებას აძლევთ, ადვილად დაითხოვონ არასასურველი თანამშრომელი. ამ დროს არგუმენტად ისიც საკმარისია, რომ ხელშეკრულებას ვადა გაუვიდა  და დამსაქმებელს დამატებითი ახსნა-განმარტება არ უწევს.

4.  გამონაკლისების გარეშე, გამოსაცდელი ვადის დაწესება 

სომხეთის შრომის კოდექსის მიხედვით,  გამოსაცდელი ვადის დაწესება იკრძალება _ იმ პირებისთვის, ვისაც ჩვიდმეტი წელი არ შესრულებია, ასევე იმ თანამშრომლებისთვის, ვისაც კვალიფიკაციის დამადასტურებელი გამოცდა აქვს ჩაბარებული და იმ სპეციალისტებისთვისაც,რომლებიც დამსაქმებლებს შორის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე იცვლიან სამუშაო ადგილს.

ამ კატეგორიის ადამიანებს შრომითი ხელშეკრულების დადებისას უფლება აქვთ, მოითხოვონ კონტრაქტიდან გამოსაცდელი ვადის შესახებ დებულებების ამოღება; მეტიც, მათ შეუძლიათ, თავად დააწესონ გამოსაცდელი ვადა იმის შესამოწმებლად, თუ რამდენად შეესაბამება მოცემული პოზიცია მათ სურვილებსა და ინტერესებს.

სამწუხაროდ, ამ პრაქტიკას ჯერჯერობით არავინ იყენებს, იმიტომ, რომ სამუშაო ბაზარი ამის ფუფუნებას არ იძლევა.

5. ანაზღაურების გარეშე, არასამუშაო დროს შესასრულებელი დავალებები

დამსაქმებლები ხშირად,  ყოველგვარი იურიდიული საფუძვლისა და წინასწარი გაფრთხილების გარეშე, ნებისმიერი მიზეზით იბარებენ თანამშრომლებს და სხვადასხვა სამუშაოს შესრულებას ავალებენ.

შრომის კოდექსის მიხედვით, არასამუშაო დროს მუშაობის მაქსიმალური ზღვარი წელიწადში 180 საათით განისაზღვრება. თავს იჩენს შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების პრობლემაც.

სომხეთის რესპუბლიკის შრომის კოდექსის მიხედვით, არასამუშაო დროს მუშაობისთვის დამსაქმებელმა მომუშავეს 50 %-იანი დანამატიც უნდა გადაუხადოს (ანუ არასამუშაო დროს შესრულებული სამუშაოსთვის  ერთ საათში  თანამშრომელმა ჩვეულებრივი ერთი საათის სარგოზე 50%-ით მეტი უნდა მიიღოს).

თუმცა, თუკი არასამუშაო დროს გაწეული შრომა დოკუმენტურად არაა ასახული, დანამატის მოთხოვნა გაჭირდება.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ